პოლიტიკური მკვლელობების საბჭოთა "ოსტატები" - კვირის პალიტრა

პოლიტიკური მკვლელობების საბჭოთა "ოსტატები"

აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ კუბის ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროზე თავდასხმის გეგმების გაცნობის შემდეგ ბევრ მკითხველს შეკითხვა გაუჩნდა: ანალოგიურ ოპერაციებს საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები თუ გეგმავდნენო? მინდა ვუპასუხო: გეგმავდნენ და, ამერიკელებისგან განსხვავებით, დაუნდობლად ბოლომდეც მიჰყავდათ. მოდი, ერთად გავეცნოთ იმ ლიკვიდაციის სპეცოპერაციების დიდი ჩამონათვალიდან მხოლოდ მცირე ნაწილს.

სპეციალური აქციები - ასე ნიღბავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები პოლიტიკური ოპონენტების, მოღალატეების ან, თუნდაც, უკვე ძალზე ბევრისმცოდნე კოლეგების ლიკვიდაციას. ეს პროცესი მათთვის ისეთივე ჩვეულებრივი და ყოველდღიური მოვლენა იყო, როგორიც მზის ამოსვლაა დილით. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ომი იყო თუ მშვიდობა (ან როდის ყოფილა საბჭოთა კავშირში მშვიდობა, ის ხომ შინ და გარეთ ყოველთვის მტრებს ეძებდა, პოულობდა, ებრძოდა და განადგურებას ცდილობდა - ეს ყველა ტოტალიტარული რეჟიმის თვითგადარჩენის პარადიგმაა), ლიკვიდაციის სპეცოპერაციები ყოველთვის იგეგმებოდა და სრულდებოდა. სიმართლე უნდა ითქვას, რომ საბჭოთა სპეცსამსახურები ისე "დაოსტატდნენ" ადამიანების ლიკვიდაციის საქმეში, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, უცხოელი ექიმების) თითქმის ყოველთვის "თვითმკვლელობას", "გულის შეტევით გარდაცვალებას" ან სხვა უბედურ შემთხვევას აფიქსირებდა.

დღეს გავეცნოთ საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთ ყველაზე გასაიდუმლოებულ და ფარულ საქმიანობას - პოლიტიკურ მკვლელობებს სპეცმედიკამენტების, ქიმიური შენაერთების და შხამების გამოყენებით. ლიკვიდაციის ამ მეთოდების, ხერხებისა და სპეციარაღის დამუშავებას და უშუალო შესრულებას ახორციელებდა ენ-კა-ვე-დე - კა-გე-ბეს ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო ოპერატიული დანაყოფი - ლაბორატორია "X". ასე მოიხსენიებდნენ ოფიციალურ დოკუმენტებში მოსკოვში, ლუბიანკის ციხის მიდამოებში მდებარე უფერულ, პატარა შენობას. ლაბორატორია აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას "კარგად" უთავსებდა სიკვდილმისჯილ პატიმრებზე ახალი ტოქსიკური ნივთიერებებისა და შხამების გამოცდას. ამ "ჰუმანური" მიზნებისათვის ლაბორატორიას სპეცკამერებიც ჰქონდა. ამ ლაბორატორიაში შესვლა, იქ მომუშავეთა გარდა, მხოლოდ სახალხო კომისარს (მინისტრს) და მის პირველ მოადგილეს (რომლის უშუალო საკურატორო სფეროშიც ლაბორატორია შედიოდა) შეეძლოთ.

ყველაფერი კი ძალზე ჩვეულებრივად დაიწყო: 1921 წელს "სოვნარკომის" თავმჯდომარის, ვ. ლენინის მითითებით ბიოქიმიის ინსტიტუტში შეიქმნა ტოქსიკოლოგიური ლაბორატორია "X". შეიძლება ითქვას, რომ აქედან იწყება სპეცსაშუალებებით საიდუმლო მკვლელობების სერიალი. ლაბორატორიის პირველი ხელმძღვანელი პროფ. კაზაკოვი, როგორც "უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ჯაშუში" და "კონტრრევოლუციონერ" ნ. ბუხარინის თანამოაზრე, 1938 წელს დახვრიტეს. მანამდე, ერთი წლით ადრე კი, მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც უკვე ახალი "შეფის", სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკის, პროფესორ გ. მაირანოვსკის ხელმძღვანელობით "ავთვისებიან სიმსივნეზე სხვადასხვა შხამის და ტოქსიკური აირების ზემოქმედების" თემატიკაზე მუშაობდა (ბუნებრივია, თან "ჩეკისტების" სპეციფიკურ შეკვეთებსაც ასრულებდა), სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს (შსსკ) გადაეცა და ფორმალურად ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებას (შემოკლებით "ოტო") დაექვემდებარა. 1937-1951 წლებში ლაბორატორია "X"-ს პროფ. გრიგორი მაირანოვსკი (1899-1964) ხელმძღვანელობდა (რომელიც ბათუმში დაიბადა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა). მასაც განგებამ წინამორბედივით ტრაგიკული ბედი არგუნა, რის შესახებაც შემდეგ გვექნება საუბარი.

ამ ლაბორატორიის შექმნის დღიდან მისმა თანამშრომლებმა მათ მიერვე დამზადებული ტოქსიკური ნივთიერებებით მრავალი ადამიანის ლიკვიდაცია მოახდინეს. მსხვერპლთა შესახებ ზუსტ ინფორმაციას, ალბათ, ვერასდროს გავიგებთ, მხოლოდ ყოფილი "ჩეკისტების", უპირველესად - გენერალ-ლეიტენანტ პავლე სუდოპლატოვის (14 წლის ასაკიდან ჩე-კას თანამშრომლის, პოლიტიკური მკვლელობების ჯერ შემრულებლის, ხოლო შემდეგ კი - ხელმძღვანელის, რომელიც "ბევრის ცოდნის" გამო 15 წლით ციხეში გამოამწყვდიეს) მემუარები გვაძლევს მწირ, მაგრამ ობიექტურ ინფორმაციას. ლიკვიდაციის გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირის ხელმძღვანლობის ძალზე ვიწრო წრე განიხილავდა და ამტკიცებდა.

სამხედრო ინჟინერი, წარმოშობით პოლონელი ებრაელი, აბრამ სამეტი, რომელიც 1939 წლიდან საბჭოთა კავშირში იყო ინტეგრირებული, წყალქვეშა ნავების აკუსტიკური მოწყობილობების შექმნაზე ლ. ბერიას ქვეშევრდომების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა. ომის შემდეგ სამეტმა მოინდომა ისტორიულ სამშობლოში - პალესტინაში დაბრუნება. ამის დაშვება კი საბჭოთა ბელადს არაფრით სურდა და როცა ყველა არგუმენტი ამოიწურა, მაგრამ სამეტი თავისას არ იშლიდა, სტალინმა მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ულიანოვსკის სამხედრო ქარხანაში მომუშავე სამეტთან უშიშროების აგენტი -ქარხნის პოლიკლინიკის ექიმი "ჩანერგეს", რომელიც მალე დაუმეგობრდა ინჟინერს. სულ მალე ულიანოვსკში თავად მაირანოვსკი ჩავიდა და "ექიმ-აგენტთან" ერთად ქარხნის პერსონალის გეგმური პროფილაქტიკური შემოწმების დროს "ანტიინფექციური ინიექციები" ჩაატარა. რამდენიმე დღის შემდეგ სამეტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ოფიციალური დიაგნოზი - "ინფარქტი". სუდოპლატოვის ინფორმაციით კი, სამეტი კურარეს შხამით მოწამლეს.

1946 წლის ზაფხულში უკრაინის სსრ ცკ-ს პირველი მდივნის - ნ. ხრუშჩოვის დაჟინებული მოთხოვნით, სტალინმა უკრაინის ნაციონალური მოძრაობის ლიდერის - შუმსკის ლიკვიდაციის სანქცია გასცა. უკრაინის დამოუკიდებ- ლობისთვის მებრძოლი შუმსკი პატიმრობიდან ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს და სარატოვში გადაასახლეს. მაგრამ იქაც არ ისვენებდა და სტალინს ულტიმატუმი წაუყენა: - თუ უკრაინაში დაბრუნების და ცხოვრების უფლებას არ მომცემთ, თავს მოვიკლავო. ბელადი, თურმე, ძალიან "შეწუხდა" და უშიშროების მინისტრ აბაკუმოვს დაავალა "დახმარებოდნენ" ავადმყოფ კაცს ჩანაფიქრის განხორციელებაში. სარატოვში პროფ. მაირანოვსკი გაემგზავრა. სპეცაქციას ადგილზე ხელმძღვანელობდნენ მინისტრის მოადგილე ოგოლცოვი და პოლიტბიუროს წევრი კაგანოვიჩი. ლაბორატორია "X"-ში დამზადებულმა შხამმა, როგორც ყოველთვის, თავისი საქმე გააკეთა და სამი დღის შემდეგ შუმსკი "გულის უკმარისობის" გამო გარდაიცვალა.

ლაბორატორია "X"-ის  მორიგი მსხვერპლი კომინტერისა და ჩე-კას ძველი აგენტი, აშშ-ის კომპარტიის ფარული წევრი ისაკ ოჰინსი იყო. ის 1938 წელს დააპატიმრეს "ორმაგი აგენტობის" ბრალდებით (ეჭვი ჰქონდათ, რომ აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროზე მუშაობდა) და ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა სპეცსამსახურებისათვის უკვე "უსარგებლო, მაგრამ ბევრის მცოდნე" ყოფილი აგენტი გახდა. ვ. აბაკუმოვის წინადადებით, სტალინის და მოლოტოვის თანხმობით, გადაწყდა ოჰინსის ლიკვიდაცია. თანაც ისე, რომ მაქსიმალურად ბუნებრივ სიკვდილს მსგავსებოდა. 1947 წელს მაირანოვსკიმ, ვითომდა მორიგი სამედიცინო გამოკვლევის დროს, სასიკვდილო ინიექცია გაუკეთა ყოფილ აგენტს. მისი კრემაცია და დაკრძალვა ქალაქ პენზის ებრაელთა სასაფლაოზე "ლიკვიდაციის ოსტატებმა" - პ. სუდოპლატოვმა და ნ. ეიტინგონმა განახორცილეს.

ამ ლაბორატორიაში დამზადებული შხამებისა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ყოველთვის სანქცირებული იყო სტალინის მიერ. თუმცა "ლიკვიდაციის კანდიდატების" შერჩევაში განსაკუთრებით აქტიურობდა ნ. ხრუშჩოვი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, იმ პერიოდში უკრაინის კომპარტიას ხელმძღვანელობდა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, რომელსაც შემდეგ სტალინიც დაეთანხმა, 1947 წელს უშიშროების სამინისტროს დაევალა უკრაინის არქიეპისკოპოსის - რომჟას ლიკვიდაცია. საქმეში ჯერ უკრაინელი "ლიკვიდატორები" ჩაერთვნენ, ადგილობრივი უშიშროების მინისტრის - სავჩენკოს ხელმძღვანელობით, მაგრამ სპეციალურად მოწყობილ ავტოკატასტროფაში რომჟა მხოლოდ მსუბუქად დაშავდა და უჟგოროდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გაწბილებულმა ხრუშჩოვმა დახმარებისათვის სტალინს მიმართა, რომლის პირადი მითითებით უჟგოროდში "ლიკვიდაციის პროფესიონალები" - გენერალი სუდოპლატოვი და პროფ. მაირანოვსკი გაემგზავრნენ. ისინი პირადად ხრუშჩოვმა მიიღო, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა (?!) და ოპერაციის სასწრაფო შესრულება მოსთხოვა. მეორე დღეს მაირანოვსკიმ კურარეს შხამიანი ამპულა გადასცა აგენტ-შემსრულებელს. ორი დღის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში მყოფ არქიეპისკოპოსს დილის შემოვლაზე მისული ახალგაზრდა, მომხიბლავი მედდა მიუახლოვდა, მდგომარეობა გამოჰკითხა და "ჩვეულებრივი" ინიექცია გაუკეთა, მეორე დღეს კი არქიეპისკოპოსი რომჟა "გულის უკმარისობის გამო" გარდაიცვალა. სამწუხაროდ, საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული პოლიტიკური მკვლელობების ისტორია ამით არ მთავრდება...

იხილეთ გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს