რა წვლილი შეიტანეს ჯორებმა ავღანეთში "წითელი არმიის" დამარცხებაში
რა წვლილი შეიტანეს ჯორებმა ავღანეთში "წითელი არმიის" დამარცხებაში
მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ავღანეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისში ყოფილა აქტუალური. ამ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის მოპოვებას ჯერ დიდი ბრიტანეთი ცდილობდა: სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობდა 1838- 1842; 1878-1880 და 1919 წლებში. სამივეჯერ ბრიტანელებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწიეს და, ფაქტობრივად, დამარცხებულებმა დატოვეს ავღანეთი.

რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ მათ ავღანეთში საკუთარი "თამაში" დაიწყეს. ამას შემდეგი დოკუმენტიც ადასტურებს სტალინის არქივი
დან. 1921 წლის 2 ნოემბერს სტალინი საიდუმლო წერილს უგზავნის საბჭოთა რუსეთის სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარს, ლევ ტროცკის.: "ამხ. ტროცკი, გუშინ ჩემთ
ან იყო ჯემალ-ფაშა (სურიციც ესწრებოდა). საუბრიდან, რომელიც სამი საათი გრძელდებოდა, გაირკვა (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში) შემდეგი: 1) ჩვენ უნდა დავეხმაროთ, თუმცა, ჯემალის მოთხოვნები ორჯერ, ხოლო აჯანყებულთა მოთხოვნები 80 პროცენტით უნდა შევამციროთ.
2) ქაბულში ჯემალს უნდა მივცეთ 10 ან 5 გამოცდილი სამხედრო ინსტრუქტორი-მუსლიმანი (ასეთები გვყავს), ფორმალურად, ვითომ, ჯემალის დასახმარებლად, ფაქტობრივად კი, სამხედრო მომარაგებისა და ფულის ხარჯვის კონტროლისათვის (ჯემალი წინააღმდეგი არ არის). ჩემთვის ნათელია, რომ მუსლიმანური ტომების სახით, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ ინდოზეგანზე და პენჯაბის რაიონში, რომელთა შორისაც ჯემალს დიდი გავლენა აქვს, ჩვენ გვაქვს ერთგვარი ბაზა, საიდანაც შეიძლება სერიოზულად დავარტყათ ინგლისს, თუ ეს უკანასკნელი ჩვენ დაგვარტყამს 1922 წლის გაზაფხულზე ან ზაფხულში. გარდა ამისა, ჩვენ მივცემთ ჯემალს საშუალებას, ჰყავდეს ავღანეთში სულ მცირე ბრიგადა (კარგად აღჭურვილი) ჩვენი და თურქი ინსტრუქტორებით, რითაც ავღანეთში შევქმნით რეალურ ბაზას ანტიინგლისური გავლენისათვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ამის გარეშე მეორე ამოცანა (ინდოეთში ამბოხებულთა მოძრაობაზე პირდაპირი ზეგავლენა) ვერ შესრულდება. ყველაფერი ეს დაგვიჯდება 100,000 ოქროს მანეთი, ამბოხებულთა ბელადებისთვის ერთჯერადად გადასაცემად, დამატებით კიდევ, 100,000 ოქროს მანეთი წელიწადში თურქი და რუსი-მუსლიმანი ინსტრუქტორებისათვის. დამატებით, 6000 შაშხანა (ინგლისური ან გერმანული), რამდენიმე მილიონი ინგლისური ტყვია, 12 ტყვიამფრქვევი "მაქსიმა", 12 ან 8 ნაღმსატყორცნი და ბოლოს, ერთი მუსლიმანური ტიპოგრაფია. მე ვფიქრობ, რომ დაყოვნება უკვე აღარ შეიძლება და ხვალ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ პოლიტბიუროზე. სტალინი 2/11.1921".

მკითხველს არ გაუჭირდება ბევრი მსგავსების მოძებნა სტალინის მიერ დასახელებულ პოლიტიკურ და სამხედრო მეთოდებსა და 1979 წელს საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში შეჭრისას გამოყენებულ მეთოდებს შორის.
"ავღანეთის ხაფანგი" ბოლო და ყველაზე მძიმე დარტყმა აღმოჩნდა საბჭოთა იმპერიისთვის. მაშინ აშშ-ის ხელისუფლებამ ძალზე ოსტატურად "მოქსოვა" ავღანური "ბადე" და კრემლს საშუალება მისცა, უფრო და უფრო ღრმად "ჩახვეულიყო" საგარეო და საშინაო პოლიტიკურ და ფინანსურ პრობლემებში.

თავის მხრივ, აშშ-ის ადმინისტრაცია სისტემატურად უზრდიდა ავღანელ მოჯაჰედებს სამხედრო დახმარებას, რაც წელიწადში, დაახლოებით, 60 ათას ტონა შეიარაღებას აღწევდა. შეიარაღებისა და სამხედრო ტვირთის გადაცემის ოპერაციას პირადად უწევდა კოორდინაციას იმ პეროდში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) რეზიდენტი ავღანეთში - მილტონ ბირდენი. მისი აღიარებით, უმთავრესი პრობლემა შემდეგი იყო: ტვირთი ურთულესი მარშრუტებით პაკისტანიდან ავღანეთში, 5-6 ათასი მეტრის სიმაღლეზე იყო გადასატანი და, დაახლოებით, 250-300 საიდუმლო ბაზაზე მისატანი. ამ ამოცანის შესრულებისას ავტოტექნიკის გამოყენება მხოლოდ ნაწილობრივ იყო შესაძლებელი. ამიტომ მოჯაჰედებმა ისევ მამა-პაპურ ხერხს მიმართეს.

აქ ცოტა გადავუხვევ სათქმელს და შეგახსენებთ, რომ თუ კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაა, მაშინ ცხენსაც, ამ კეთილშობილ და ლამაზ ცხოველსაც, უნდა დავუფასოთ საუკუნეების მანძილზე გაწეული შრომა. იმიტომ რომ, ომი ცხენის გარეშე, დაახლოებით იგივე იყო, რაც "უპატარძლო ქორწილი" (იმედია, პატარძლები და საპატარძლოები არ გვიწყენენ ამ შედარებას). თუმცა არსებობს ისეთი რელიეფური და კლიმატური სიძნელეები, მიუდგომელი მთებისა და უღელტეხილების სახით, სადაც ცხენიც კი უძლურია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ავღანეთია, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყოველთვის იპყრობდა დიდი იმპერიების ყურადღებას.

აი, ამ დროს გამოდის "საომარ სცენაზე" ბუნების ბიოლოგიური საოცრება - ჯორი, რომელსაც უცხოელები "მულს" ეძახიან. საინტერესოა ჯორის "გენეტიკური საიდუმლო" - ის "ბიჭი" ვირისა და "გოგონა" ცხენის "დიდი სიყვარულის" ნაყოფია და, როგორც წესი, შთამომავლობას არ ტოვებს. საუკუნეების მანძილზე საქართველოდან ცხენი და ჯორი მრავლად გაჰყავდათ გასაყიდად უცხოეთში, რადგანაც ისინი განსაკუთრებული გამძლეობით გამოირჩეოდნენ. მაღალ მთებში ომის დროს, დაახლოებით, 5-6 ათასი მეტრის სიმაღლეზე, ჯორი შეუცვლელი სატრანსპორტო საშუალებაა და სადაც ცხენიც კი მალე იღლება, რომ არაფერი ვთქვათ "ტოიოტას" მარკის ჯიპებზე, ერთადერთი ჯორია, რომელსაც ძალუძს მძიმე ტვირთის დაუღლელი ზიდვა...

ურთულესი სატრანსპორტო ამოცანა შემდეგნაირად წყდებოდა: ტრაილერებიდან და სატვირთო ავტომობილებიდან ტყვია-წამალი და შეიარაღება იტვირთებოდა მსუბუქ პიკაპებზე და "ჯიპებზე", შემდეგ, 3-4 ათას მეტრ სიმაღლეზე კი - ჯორებზე. აბა, ჯორების გარეშე 60 ათასს ტონა შეიარაღებას როგორ მიაწვდიდნენ მიუვალ მთებში დაბანაკებულ ავღანელ მოჯაჰედებს? იარაღისა და ტყვია-წამლის მიწოდების გარეშე კი ისინი მალევე დამარცხდებოდნენ. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აშშ-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას - მოჯაჰედებისთვის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "სტინგერის" მიწოდებას, რაც 1986 წლის შემოდგომიდან დაიწყო. მხოლოდ იმ წელს "სტინგერებით" მოჯაჰედებმა 23 ერთეული საბჭოთა თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს. . . .
ცსს-ს ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ჯორი სჭირდებოდა, რომელთაც, ძირითადად, ჩინეთში ყიდულობდნენ და პაკისტანში განლაგებულ სამხედრო-საწვრთნელ ბაზებზე გადაჰყავდათ. პარალელურად, ავღანეთიდან ახალგაზრდა პარტიზანები - მომავალი მეჯორეები, ანუ "მძღოლები" ჩამოჰყავდათ, რომლებიც ჯორებს წვრთნიდნენ. ორივე ეჩვეოდა ერთმანეთს. ჯორი სწავლობდა ბრძანების შესრულებას. მთავარი იყო, რომ სროლის და აფეთქებების ხმაზე ჯორი ცხენივით არ დამფრთხალიყო. მეტად საინტერესო იყო ჯორების შესყიდვის პროცესი. დაზვერვის რეზიდენტი მილტონ ბირდენი ცსს-ს მთავარ ოფისში, ლენგლიში აგზავნიდა "განსაკუთრებით საიდუმლო" შიფრ-დეპეშას, სადაც მოცემული იყო "განაცხადი ჯორების შეძენაზე". თავის მხრივ, ცსს-ს შტაბ-ბინა ძალღონეს არ იშურებდა, რათა სასწრაფოდ მიეწოდებინა ბირდენისთვის საჭირო რაოდენობის ჯანმრთელი ჯორები.

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ, ერთი შეხედვით კურიოზულმა "საიდუმლო ოპერაციამ" დიდად გადაწყვიტა ავღანეთის ომის ბედი და საბჭოთა იმპერიის დანგრევაში თავისი წვლილი ჯორებმაც შეიტანეს...
ორიოდე კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: ამერიკამ ავღანეთში თავისი მისია შეასრულა, სამხედრო ნაწილების ეტაპობრივ გამოყვანას პირველი მაისიდან დავიწყებთ და შემოდგომამდე დავასრულებთო. სავარაუდოდ, ამით დამთავრდება აშშ-ის ყველაზე ხანგრძლივი, ოცწლიანი ომი, რომლის დროსაც დაიღუპა 2,4 ათასზე მეტი ამერიკელი სამხედრო და დაიხარჯა ტრილიონობით დოლარი. სამწუხაროდ, 2009 წლიდან ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისას რამდენიმე ათეული ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ხოლო სამასამდე - დაიჭრა. ასე რომ, აშშ მესამე დიდი სახელმწიფოა, რომელიც მრავალწლიანი ბრძოლების შემდეგ რეალურად დამარცხებული სტოვებს ავღანეთს, იმიტომ, რომ მთავარი მიზანი: საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "თალიბანის" განეიტრალება, მიუღწეველი დარჩა. პრეზიდენტი ბაიდენი ავღანეთის ხელისუფლებას დახმარებას დაჰპირდა ტერორისტულ ორგანიზაცია "თალიბანთან" მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესში და ამისკენ მოუწოდა პაკისტანსა და რუსეთს.

ჩვენ კი ვიმედოვნოთ, რომ ეს ქვეყანები ავღანეთის ხელისუფლებასა და "თალიბანს" შორის მოლაპარაკებების პროცესს არ ჩაშლიან. თუმცა ძალზე მეეჭვება, უმთავრესად, რუსეთის ხელისუფლების იმპერიული მიზნებიდან გამომდინარე: ავღანეთი, შესაძლოა, მეორე სირია გახდეს, სადაც რუსეთი შეეცდება, სამოქალაქო ომითა და "სახელისუფლებო ვაკუუმით" ისარგებლოს, საკუთარი სამხედრო ბაზები გახსნას და ავღანეთში გაიდგას ფესვები - ეს ხომ რუსეთის ისტორიული ოცნებაა. არც ჩინეთის ხელისუფლება იქნება გულხელდაკრეფილი და არაა გამორიცხული, აშშ-ის წასვლის შემდეგ ავღანეთიც "გავლენის ზონებად" გაიყონ რუსეთმა, ჩინეთმა და პაკისტანმა. შემდეგ კი, სამწუხაროდ, ყველაფერი თავიდან დაიწყება.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ზურაბი
23 აპრილი 2021 14:35
როგორც ყოველთვის, ბესოს სტატია ძალიან საინტერესოა.
კაკო
23 აპრილი 2021 14:18
იგივე გააკეთეს სახედრებმა კავკასიაში 1942 წელს

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები