რამდენი ბოთლი არაყი სჭირდება სრულიად საიდუმლო ინფორმაციას? - კვირის პალიტრა

რამდენი ბოთლი არაყი სჭირდება სრულიად საიდუმლო ინფორმაციას?

ჩვენი ცხოვრება კურიოზებისგან შედგება: ჩართავ ტელევიზორს ან სოციალურ ქსელში შეხვალ და გაოცებული დარჩები ნორჩი "პოლიტიკური ლიდერის" ან "ერთკაციანი პარტიის" ხელმძღვანელის შეგონებებითა და მოწოდებებით. ზოგიერთს, ალბათ, ჰგონია, რომ "პოლიტიკოსად" აკვანშივე დაიბადა. ამიტომაცაა საქართველოში ყველაზე აქტუალური კითხვა: რა გვეშველება? დღეს მინდა ცოტა იუმორით შევხედოთ სერიოზულ მოვლენებს... კურიოზები არც სპეცსამსახურებისთვისაა უცხო, მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ ხშირად ათწლეულები უნდა გავიდეს, რათა თითქმის დაუჯერებელი ფაქტები ცნობილი გახდეს.

1960 წელს ნიუ-იორკში საბჭოთა სამხედრო დაზვერვის (გე-ერ-უ) რეზიდენტურაში ახალი ოპერატიულ-ტექნიკური თანამშრომელი ნიკოლოზ ჩერნოვი მიავლინეს. მისი ძირითადი მოვალეობა რეზიდენტურაში შემოსული დოკუმენტაციის დახარისხება და ასლების დამზადება იყო. ორი წლის შემდეგ ჩერნოვი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) მიერ დაგებულ მახეში გაება, როდესაც მათი ფარული ხელშეწყობით პატარა სპეკულაცია-ბიზნესი დაატრიალა: საელჩოში იაფად ნაყიდი არაყი და ხიზილალა (იმ წლებში უცხოეთში ყველაზე სასურველი და დეფიციტური საბჭოთა პროდუქტი) ერთ-ერთ ბარში გაყიდა და 200 დოლარი ჩაიჯიბა. გფბ-ს თანამშრომლებმა ეს "ბიზნეს-ოპერაცია" ფარულად ჩაიწერეს და ჩერნოვს ყველა გზა მოუჭრეს.

შანტაჟის შიშით, ჩერნოვი ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობას დათანხმდა. რეზიდენტურაში ის, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო თანამდებობაზე - ოპერატიულ ტექნიკოსად მსახურობდა და მის ფუნქციებს, როგორც უკვე ვთქვი, ფოსტის დამუშავება და დოკუმენტების ფოტოგრაფირება შეადგენდა. ამიტომაც ამერიკელებმა საქმე გაიიოლეს და მას ოპერატიულ ფსევდონიმად "ფოტოგრაფი" შეურჩიეს. გადაბირებიდან ორ კვირაში ჩერნოვმა ამერიკელებს საბჭოთა მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი ფარული წერის სპეცნივთიერება მიუცუნცულა, რისთვისაც ამერიკელებმა ფული არ დაიშურეს და 10 000 მანეთი გადაუხადეს. ამ ფულად მაშინ ორი, ყველა საბჭოთა მოქალაქის საოცნებო მანქანა "გაზ-21"-ის ყიდვა შეიძლებოდა. ჩერნოვმა ორიგინალური ფსევდონიმი - "ნიკ ნაიკი" თავად შეარჩია. 1963 წელს, ამერიკიდან დაბრუნებული, გე-ერ-უში, ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებაში ფოტოგრაფად დანიშნეს და, ფაქტობრივად ყველა საიდუმლო მასალაზე მიუწვდებოდა ხელი. ის დოკუმენტების შინაარსს არც კითხულობდა, მისთვის მთავარი იყო დოკუმენტს "სრულიად საიდუმლო" ან "განსაკუთრებული მნიშვნელობის" გრიფი ჰქონოდა. "ნიკ ნაიკი" ფოტოფირების ასლებს წლობით აგროვებდა და საზღვარგარეთ მივლინების დროს ამერიკელებს აძლევდა. საერთო ჯამში, ჩერნოვმა მათ სამი ათასი ფირი გადასცა.

1968 წელს ჩერნოვი დააწინაურეს და სკკპ ცკ-ში გადაიყვანეს საერთაშორისო განყოფილების უმცროს რეფერენტად. 1972 წლის აპრილში, ნიუ-იორკში მივლინებისას, ამერიკის დაზვერვის თანამშრომლებმა ჩერნოვს იმ დროისათვის საკმაოდ დიდი თანხა - 30 000 მანეთი და მინიატურული ფოტოაპარატი "მინოქსი" გადასცეს. კურიოზიც სწორედ ამ თანხის რაოდენობაა, რაც თავად ჩერნოვმა მოითხოვა. გფბ-ს თანამშრომლები კარგა ხანს თავს იტეხდნენ და ვერ გაეგოთ, რატომ მაინცდამაინც ეს თანხა? "საიდუმლო" კი ძალზე კურიოზული აღმოჩნდა: ჩერნოვი ყოველდღე ერთ ბოთლ არაყს სვამდა (ყველაზე იაფი არაყი მაშინ 3.62 მანეთი ღირდა) და ჯაშუშობის "ჰონორარიც" ისე იანგარიშა, რომ შემდგომი 23 წლის მანძილზე, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლომდე, დღეში ერთი ბოთლი არყის შესაძენად სამყოფი თანხა ჰქონოდა.

1991 წლის 18 აგვისტოს ჩერნოვი გაასამართლეს და რვა წელი მიუსაჯეს. ხუთი თვის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, რომელიც თავადაც ბახუსის დიდი მოყვარული გახლდათ, "კოლეგა" შეიწყალა. თუმცა ჩერნოვი მაშინ უკვე ქრონიკული ალკოჰოლიკი იყო და მალევე გარდაიცვალა. შემდეგი ფაქტიც "ოტო"-ს თანამშროლების "გმირობის" შესახებაა და არანაკლებ კურიოზულია. სპეცსამსახურების "შიდა სამზარეულოში" ჩაუხედავთათვის: "ოტო" ამ შემთხვევაში მამაკაცის სახელი არ არის და ოპერატიულ-ტექნიკურ განყოფილებას (ОТО) ნიშნავს, იქ ფარული კონტროლის მოწყობილობებს ("ჟუჩოკებსა" და კიდევ სხვა ათას "მამაძაღლობას") ამზადებენ, შემდეგ ფარულად ამონტაჟებენ და მერე ოპერატორი გოგო-ბიჭები დღედაღამ უსმენენ ან - "სექსს პატარა ოთახში" სრულიად უფასოდ უყურებენ.

სპეცსამსახურების საქმიანობაში "ოტო" ისეთივე აუცილებელი და შეუცვლელია, როგორც მეძებარი ძაღლისთვის ყნოსვა და სმენა. მისი მთავარი ფუნქციები იყო (და ამჟამადაც არის) ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ოპერატიული დამუშავების ობიექტის საცხოვრებელ სახლში ან სამუშაო კაბინეტში შეღწევა, ფარული მოსმენისა და თვალთვალის აპარატურის დამზადება, მისი შეუმჩნეველი მონტაჟი და ინფორმაციის "მოხსნა".

განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობდა "ოტო" საბჭოთა კავშირის შიგნით - გეგმიური კონტრდაზვერვითი ოპერაციების (სხვა ქვეყნების აგენტურის და ტურისტების) და "იდეოლოგიური პროფილაქტიკური" ღონისძიებების (დისიდენტების, ეროვნული უმცირესობების და, უბრალოდ, ყველა იმ საბჭოთა მოქალაქის წინააღმდეგ, ვინც ოდნავ კრიტიკულ შენიშვნას მაინც გამოთქვამდა "აყვავებულ საბჭოთა კავშირზე") ოპერატიული ტექნიკით უზრუნველყოფის დროს. საბჭოთა კავშირის ყველა იმ სასტუმროსა და რესტორანში, სადაც, ძირითადად, უცხოელები შედიოდნენ, გამოყოფილი იყო მოსასმენი და სათვალთვალო ტექნიკით აღჭურვილი (კა-გე-ბეს ტერმინოლოგიით - "პლიუსიანი") ნომრები და მაგიდები. ასე რომ, გულუბრყვილო უცხოელები ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი ყველა "შრიალი" ქუჩასა თუ სასტუმროს ნომერში საბჭოთა სპეცსამსახურების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამ ტოტალური თვალთვალის "ბადეში" თავად კა-გე-ბესა და გე-ერ-უს ოფიცრებიც გაბმულან, როცა შემთხვევით რესტორანში "პლიუსიან" მაგიდასთან, ორი ჭიქა არყის შემდეგ, გულიანად უგინებიათ ქვეყნის დაჩაჩანაკებული "ლიდერებიცა" და უშუალო უფროსებიც. მეორე დილას კი მათი საუბრის ჩანაწერი უკვე ხელმძღვანელების მაგიდაზე იდო და "განკითხვის დღეც" იწყებოდა.

ამჟამად მხოლოდ ერთ ანეკდოტურ, მაგრამ რეალურ ფაქტზე მოგითხრობთ, რომლის მთავარი გმირი ლამაზი ფისუნიაა.

სსრკ-ის კა-გე-ბეს ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელობამ ოპერატიული სიგნალის (უფრო გასაგებად: კოლეგებისგან "ჩაშვების") შესამოწმებლად გადაწყვიტა თავისი თანამშრომლის, უშიშროების ოფიცრის სახლში მოსასმენი აპარატურის დაყენება. არ იფიქროთ, რომ ეს ოფიცერი ქვეყნის ღალატში იყო ეჭვმიტანილი, უბრალოდ, სამსახურიდან დაბრუნებულს, სამზარეულოში არყის ბოთლთან "ღრმად ჩახუტების" შემდეგ ქვეყნის "ახალგაზრდა" და "გენიალური" პარტიული ხელმძღვანელობის, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკა უყვარდა.

ოპერაციის ჩასატარებლად სასკოლო არდადეგების ის პერიოდი შეარჩიეს, როცა ოჯახის უფროსის გარდა, ყველა აგარაკზე იყო წასული. შესაბამისი დავალების მიღების შემდეგ "ოტო"-ს ოპერები - ზოგი ეზოში, ზოგიც სახლის სადარბაზოში გადანაწილდნენ, ორმა კი ბინის გასაღების წინასწარ დამზადებული ასლის საშუალებით შეძლო კარის ჩუმად გაღება და... თითქოს კა-გე-ბეს ოპერებს ელოდაო, ოდნავ შეღებული კარიდან კატა გამოძვრა და კიბეებზე მოკურცხლა. "ოტოებს" სიმწრის ოფლმა დაასხა - "ხოჭოს" რა ფარულ მონტაჟზე იყო საუბარი, თუ სახლში დაბრუნებულ მათ კოლეგას კატა აღარ დახვდებოდა, ის ხომ უმალ მიხვდებოდა დაუპატიჟებელი სტუმრების ვინაობასა და მიზნებს. ამ გაოგნებამ სულ ერთ წუთს გასტანა და ორი, პიჯაკ-ჰალსტუხიანი სერიოზული "ბიძა" თავქუდმოგლეჯილი გაეკიდა კატას. ეზოში მათ დანარჩენი "ოტოებიც" შეუერთდნენ და ყველა ერთად, ეზოში მოთამაშე გაოცებული ბავშვების თვალწინ, საცოდავ ფისოს დაედევნენ. დევნამ შედეგი ვერ გამოიღო. კატა, რომელსაც გაცოფებული "ოტოები" დიდი სიამოვნებით მიუგდებდნენ რომელიმე ავ ქოფაკს, სადღაც მიიმალა. დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა. ამიტომ ერთი "გენიოსის" აზრს - "სხვა კატა დავიჭიროთ და ის დავტოვოთ ბინაშიო", ყველა უმალ დაეთანხმა. იქვე, რომელიღაც სახლის სარდაფში, "კატების ბირჟაზე", მაქსიმალურად მსგავსი ფისო დაიჭირეს, პარკში ჩასვეს და კვლავ ბინაში დაბრუნდნენ - საჭირო იყო მოსასმენი აპარატურის სასწრაფოდ დაყენება. ერთ-ერთმა მომცრო "დიპლომატის" პორტფელი გახსნა და რამდენიმე წუთში... ორფეხა კიბე ააწყო. საქმესაც შეუდგნენ. სამზარეულოსა და საძინებელი ოთახის ჭერსა და კედლებში რამდენიმე "ხოჭოს" ჩამონტაჟების შემდეგ "ოტოებმა", მხოლოდ ბინიდან გასვლისას ამოუშვეს უჰაერობისგან გაგუდვის პირას მყოფი კატა და სწრაფად მიიხურეს კარი. იმავე საღამოს კოლეგის სახლში დაბრუნებას იმდენად მოუთმენლად ელოდნენ, რომ ფარული მოსასმენების ოთახში ტევა აღარ იყო.

აპარატურა, რომ გამართულად მუშაობდა მალევე დარწმუნდნენ: დაღლილი კოლეგის სამზარეულოში შესვლის, მაცივარის გაღების და ბოთლიდან სასმელის დასხმის ხმა მკაფიოდ ისმოდა. ყველა სულგანაბული უცდიდა, თუ როდის მიიღებდა მათი კოლეგა საკმარის დოზას და კომუნისტების გინებას დაიწყებდა. უცბად ყვირილისა და გინების ხმა ისე მკაფიოდ გაისმა, რომ ნათელი იყო - მათი გამოცდილი "კაგებეშნიკი" კოლეგა პირდაპირ "ჟუჩოკში" ჩაჰყვიროდა: "თქვენი დედა... ყველა გასაყრელი ხართ სამსახურიდან, თქვე იდიოტებო, "ჟუჩოკის" დაყენება რომ არ შეგიძლიათ წესიერად, ეს დიდი ხანია ვიცი, მაგრამ ჩემი ვაჟკაცი "ბორკას" მაგივრად ვიღაცის დედალი კატა, რატომ შემომიგდეთო". გაწითლებულნი და დარცხვენილნი "ოტოები" (დიახ, ხანდახან ისინიც წითლდებოდნენ) ჩუმად გაიპარნენ ოთახიდან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს