პუტინი ებრძვის მსოფლიოს: როგორ დასრულდება რუსეთის "დიპლომატიური ომი"? - კვირის პალიტრა

პუტინი ებრძვის მსოფლიოს: როგორ დასრულდება რუსეთის "დიპლომატიური ომი"?

ერთი მხრივ, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებს, ხოლო, მეორე მხრივ - რუსეთს შორის ღია და ფარული "დიპლომატიური ომები" ორ ათეულ წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს. ხან ერთი მხარე აძევებს "დიპლომატის ფრაკს" შეფარებულ სპეცსამსახურების თანამშრომლებს, ხან მეორე. სპეცსამსახურებს შორის მიმდინარე ფარული ბრძოლა დღესაც გრძელდება. როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად აქტიურობენ რუსეთის სპეცსამსახურები.

ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ვერ გაურკვევია, საკუთარი იმპერიული ინტერესები და მიზნები  როგორ შენიღბოს სხვა ქვეყნებზე "ზრუნვითა და ფიქრით", ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ფუნქცია არ უნდა დავუკარგოთ. რუსეთის იმპერია, მეზობლებისადმი უხეში და აგრესიული საგარეო პოლიტიკის გამო, ყოველთვის იყო ერთგვარი გამომაფხიზლებელი და შემაკავშირებელი. "ჩრდილოელი დათვის" მოუხეშავი ქმედებები აფხიზლებდა მის მეზობლებს და შეკავშირებისაკენ უბიძგებდა. ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნის (სლოვაკეთი, იტალია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და სხვ.) ხელისუფლებამ ჩეხეთს სოლიდარობა გამოუცხადა და რუსი დიპლომატებს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რაც იმით იყო ახსნილი, რომ ეს "დიპლომატები" აქტიურად აწარმოებდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებას. ამის საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ქვეყნების დიპლომატები გამოაცხადა პერსონა ნონ-გრატად. მიზეზი ტრადიციული იყო: რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო და დიპლომატისთვის შეუფერებელი საქმიანობა.

საგარეო პოლიტიკაში რუსეთი ყოველთვის "სტაიერია" (მძლეოსანი, რომელიც გრძელ მანძილზე დარბის), ვიდრე "სპრინტერი" (მძლეოსანი, რომელიც მოკლე მანძილზე დარბის). ეს ქვეყანა ხანგრძლივ ისტორიულ პერიოდზე გათვლილ პოლიტიკას აწარმოებს, რაც არა მარტო მისი უზარმაზარი და უკიდეგანო ტერიტორიით, არამედ - მოსახლეობისა და ხელისუფლების მენტალიტეტით იყო და არის განპირობებული. საუკუნეების მანძილზე განვითარდა და ჩამოყალიბდა საკმაოდ საინტერესო ფენომენი: ერთი შეხედვით, მოუხეშავი და "ბუნჩულა დათვის" უკან დიდი ვერაგობა და ეშმაკობა იმალება. პუტინი ცდილობს, ნელა, მაგრამ მტკიცედ იმოძრაოს სტრატეგიული მიზნების მისაღწევად. ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი კი, რომელსაც ისინი არც მალავენ და "რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც" ასახელებენ, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებზე სრული პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი, ასევე, ყოფილი "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნების რუსეთის ეროვნული ინტერესების სფეროში ჩართვაა.

რუსეთის უმთავრესი პრობლემა, ისტორიულად და ამჟამადაც, მისი იმპერიული ამბიციებია. ეს ქვეყანა ყოველთვის ძნელად და "დიდი ტკივილებით" თმობს იმპერიულ აზროვნებას და მესიანურ როლზე პრეტენზიას. საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებელი ქვეყნების შექმნის შემდეგ რუსეთისა და ყოფილი რესპუბლიკების სპეცსამსახურებს შორის ფარული ბრძოლა დაიწყო. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნა და საბჭოთა კავშირის შენარჩუნება, ოდნავ ტრანსფორმირებული სახით, თავიდანვე რუსეთის ინტერესებში იყო და ე. წ. დსთ დღესაც ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში მისი ჰეგემონიის შენარჩუნება-აღდგენას ისახავს მიზნად. უკრაინისა და საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა რუსეთს აიძულებს, უფრო გააძლიეროს "მუშაობა" ამ ქვეყნების წინააღმდეგ. თუმცა 1992 წელს ალმათში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, დსთ-ის ქვეყნების სპეცსამსახურებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებები არ უნდა ჩაატარონ. ბუნებრივია, ამ სატყუარათი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება იტყუებდა თავს. ურჩი ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის სპეცსამსახურების დაგეგმილი და განხორციელებული სპეცოპერაციების ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანს, ამიტომ, საილუსტრაციო მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსეთის გე-ერ-უს, საგარეო დაზვერვის და ეფ-ეს-ბეს აქტიური ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის რამდენიმე, ყველაზე გახმაურებულ ადრინდელ ფაქტს შევეხები.

ჯერ კიდევ 2004 წლის 27 თებერვალს ლიტვის (ამჟამად ლიეტუვა) ხელისუფლებამ სამი რუსი დიპლომატი (ორი საელჩოს და ერთი სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელი) შპიონაჟისთვის გააძევა ქვეყნიდან. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამგვარად დააკონკრეტა ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა: კერძოდ, ოფიციალური განცხადებით ეს "დიპლომატები" ცდილობდნენ, ზეგავლენა მოეხდინათ ლიტვის სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პროცესზე და დიპლომატებისთვის შეუფერებელი, უკანონო გზებით აწარმოებდნენ ლიტვის პრეზიდენტის - როლანდას პასკასის იმპიჩმენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო მაინც ბოლო ფაქტია, როცა 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისში ლიტვის სპეცსამსახურებმა რუსი დიპლომატი შპიონაჟის გამო გააძევეს ქვეყნიდან. ლიტვის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსი მზვერავი ცდილობდა, გავლენა მოეხდინა ლიტვის პოლიტიკურ წრეებზე, რათა მათ რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებისას მხარი არ დაეჭირათ ჩვენი ქვეყნისთვის. მილოშ ზემანი და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის სპეცსამსახურების სტრატეგიული ამოცანა ჩეხეთის ნატოს საწინააღმდეგო პლაცდარმად გამოყენება იყო და კვლავ არის. რუსეთმა ჩეხეთში შექმნა სადაზვერვო ბაზა ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ სამუშაოდ. ამ ჯაშუშურ ქსელში გაერთიანებული არიან, როგორც დიპლომატის საფარქვეშ მოქმედი საგარეო დაზვერვის სამსახურის და გე-ერ-უს მზვერავები, ასევე - საელჩოს ტექნიკური პერსონალი და არალეგალური აგენტები. რუსი ჯაშუშები მჭიდრო კოორდინაციაში მოქმედებენ ჩეხეთში კარგად ფეხმოკიდებულ რუსულ მაფიასთან. ეს ფაქტები ჯერ კიდევ ათი წლის წინ იყო ცნობილი. ჩეხეთის კონტრდაზვერვის ოფიციალური ინფორმაცით, ჩეხეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლების თითქმის ნახევარი ანუ 30 ადამიანი, რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. მათი მთავარი ამოცანა რუსეთის ეკონომიკური ინტერესების ლობირებაა, პარალელურად, ისინი ცდილობენ, ჩეხეთის სტრატეგიული დარგების და საწარმოების ხელმძღვანელობაში რუსეთისთვის სანდო კადრების გაყვანას.

რუსი მზვერავების ერთ-ერთი ამოცანა ჩეხეთში (როგორც სხვა ქვეყნებში) რუსეთის დადებითი იმიჯის შექმნაა, ამიტომაც ისინი ფულს არ იშურებენ ათასგვარ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებების მოსაწყობად. ძნელი სათქმელია, თუ რას მიაღწევენ რუსი "მზვერავ-პიარშიკები" დროის ხანგრძლივ პერიოდში, თუმცა, თუ ამ ქვეყნების წარსულს გავიხსენებთ, მათთვის ძნელი იქნება ჩეხებს თავი შეაყვარონ, რადგანაც ყველას კარგად ახსოვს 1968 წლის "პრაღის გაზაფხული" და საბჭოთა (იგივე რუსული) ტანკებით სისხლში ჩახშობილი დემოკრატიული რეფორმების მცდელობა. არც საბჭოთა კავშირი-ჩეხოსლოვაკიის ჰოკეისტთა გუნდების დაპირისპირება (რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უფრო იყო, ვიდრე სპორტი) დავიწყნიათ ჩეხებს. დიდი ხნის მანძილზე ჩეხეთის ხელისუფლება რატომღაც საოცარი სიმშვიდით უყურებდა რუსი მზვერავების აქტიურ მოღვაწეობას. მართლაც, თუ 1991-1999 წლებში გერმანიიდან 150, საფრანგეთიდან - 82, დიდი ბრიტანეთიდან - 37, პოლონეთიდან კი - 11 რუსი ჯაშუში გააძევეს, ჩეხეთიდან მხოლოდ ერთი იყო. ამის მიზეზი ისაა, რომ პრაღას მოსკოვთან ურთიერთობების გართულება არ სურდა, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი.

დღეს რუსეთი ძალზე "ტექნიკურად" ახერხებს ჩეხეთის შიდა პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას და განხეთქილების შეტანას, ერთი მხრივ - ჩეხეთის პრეზიდენტ ზემანსა (რომელიც რუსეთისადმი სიმპატიას არ მალავს) და, მეორე მხრივ - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელების, ევროპული პოლიტიკური ორიენტაციის მილოშ ვისტრჩილ-ანდრე ბაბიშის კოალიციას შორის.

ჩეხეთის ხელისუფლების მცდელობამ, საკადრისი პასუხი გაეცა რუსეთის დივერსიულ-ჯაშუშური მოქმედებებისათვის (რომელთა შესახებაც დაწვრილებით შემდეგ მოგითხრობთ), ძალაუნებურად დიდი ქართველი კლასიკოსის სიტყვები: "ერთს ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ", - გაგვახსენა. ჩეხეთმა გაბედა და რუსეთის აგენტურასთან ბრძოლა დაიწყო, საინტერესოა, ჩვენს ხელისუფლებას როდის ექნება ამის პოლიტიკური ნება?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს