რატომ უფრთხოდა რონალდ რეიგანი ჰამერს? - კვირის პალიტრა

რატომ უფრთხოდა რონალდ რეიგანი ჰამერს?

სპეცსამსახურების ისტორიაში ბევრი მაგალითია იმისა, თუ როგორ ხდებოდნენ მდიდარი და ცნობილი პიროვნებები "გავლენის აგენტები". ზოგი მხოლოდ ერთი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებდა, ზოგი კი -  მრავალი ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში იყო მიღებული და კულუარულ ინფორმაციას, საკუთარი ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობის რეჟიმზე "ცვლიდა". ბევრ მათგანზე არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ისინი საბჭოთა დაზვერვის "გავლენის აგენტები" იყვნენ და სანაცვლოდ ანაზღაურებას - მილიონობით დოლარს განსაკუთრებით ხელსაყრელი და ექსკლუზიური კონტრაქტებიდან იღებდნენ. რობერტ მაქსველი და არმანდ ჰამერი არიან გამორჩეულნი მულტიმილიონრების და მილიონრების იმ დიდი სიიდან, რომელთა ბიზნესი საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ლიდერებთან და სპეცსამსახურებთან კარგი კონტაქტების შედეგად აყვავდა. სანაცვლოდ ისინიც თავს არ ზოგავდნენ კომუნისტური იმპერიისთვის დადებითი იმიჯის შესაქმნელად.

"ერიდეთ ჰამერს"! - ამ სიტყვებით მიმართა 1980 წელს, აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, საფრანგეთის დაზვერვის გამოცდილმა და ეშმაკმა შეფმა ალექსანდრ დე მარანშმა. თავიდანვე უნდა განვმარტოთ, რომ მას მხედველობაში არ ჰქონია ამერიკის არმიის სიამაყე, ყველგანმავალი ავტომობილი "ჰამერი". ვეტერანი ფრანგი მზვერავი გულისხმობდა არანაკლებ ცნობილ ჰამერს - მილიარდერს, კომპანია "ოქსიდენტალ პეტროლეუმის" მფლობელს, საბჭოთა ლიდერების - ლენინის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევისა და გორბაჩოვის მეგობარს, ოთხმოცდაორი წლის არმანდ ჰამერს (1898-1990). გაკვირვებულმა რეიგანმა "ჰოლივუდურად" აზიდა წარბები და ჩაეკითხა:

- "ჰამერს? ის ხომ ყოველკვირა მხვდება? ისიც იმ საპარიკმახეროში დადის, სადაც მე".

- "აი ხომ ხედავთ!" - გაუხარდა ფრანგს.

ვინ იყო ჰამერი და რატომ უნდა მორიდებოდა რეიგანი მასთან კონტაქტებს?

არმანდ ჰამერი 1898 წელს ამერიკაში, ოდესელი ებრაელის ოჯახში დაიბადა. 1921 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯი. არმანდის მამას, იულიუსს ჰამერს, რამდენიმე ფარმაცევტული ფირმა ჰქონდა და ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკას სამოქალაქო ომის დროს წამლებით ამარაგებდა. ბოლშევიკებმა მიღებული მედიკამენტების ღირებულება არ გადაიხადეს და სწორედ ვალის (იმ დროისათვის ასტრონომიური თანხის - 150 ათასი დოლარის) დასაბრუნებლად ჩავიდა ახალგაზრდა არმანდ ჰამერი 1921 წელს მოსკოვში. ლენინთან შეხვედრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ვალის დაბრუნებაზე უარი მიიღო, ჰამერი კმაყოფილი იყო. მათ ერთმანეთს, როგორც ორმა ბიზნესმენმა, კარგად გაუგეს. ლენინმა ახალგაზრდა ამერიკელს, ვალის სანაცვლოდ, ძალზე ხელსაყრელი, დღევანდელი სიტყვებით "ბიზნეს პროექტები" შესთავაზა. ჰამერმა კარგად აუღო ალღო ლენინის "ახალ ეკონომიკურ პოლიტიკას" (ნეპს) და საბჭოთა კავშირში ფანქრების მწარმოებელი ფაბრიკა გახსნა, რომელიც მალე ფანქრის მონოპოლისტი გახდა. არმანდ ჰამერი და ნიკიტა ხრუშჩოვი თუმცა ჰამერისთვის განსაკუთრებული, მართლაც რომ ციდან მოვლენილი საჩუქარივით იყო საბჭოთა კავშირიდან ოქროს, ხე-ტყის, ხიზილალის და ბეწვეულის შეუფერხებელი ექსპორტის უფლება. ახალგაზრდა, მოხერხებული ბიზნესმენისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება რუსეთის უკანასკნელი მეფის, ნიკოლოზ II-ის ოჯახისა და რომანოვების დინასტიის ნახატებისა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციის ჩალის ფასად ხელში ჩაგდება აღმოჩნდა. ამ გზით 1921-1930 და 1961-1987 წლებში ჰამერმა მოახერხა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი კოლექციის შექმნა, რომელიც დრო და დრო გამოიფენებოდა სხვადასხვა ქვეყნებში (სხვათა შორის, 1980-იანი წლების შუა პერიოდში ისინი თბილისშიც იყო წარმოდგენილი. პირველად კი ჰამერი თბილისში 1922 წელს, ლენინის რჩევით ჩამოსულა). 1924 წელს ჰამერის მონაწილეობით აშშ-ში შეიქმნა "ამტორგი" - ერთობლივი საბჭოთა-ამერიკული სავაჭრო ორგანიზაცია. საბჭოთა კავშირში ბიზნესის წარმოებაში მას დიდ დახმარებას უწევდა... ოგეპეუს თავმჯდომარე ფელიქს ძერჟინსკი. საფიქრებელია, რომ სწორედ მაშინ დაიწყო ჰამერის ოპერატიული დამუშავება. სარწმუნო ვერსიით, ახალგაზრდა ამერიკელს "ჩეკისტებმა" ბოშური სიმღერების შემსრულებელი, ულამაზესი რუსი ქალბატონი ოლგა ვადინა მიუგზავნეს. 1927 წელს ისინი დაქორწინდნენ. ამერიკაში დაბრუნების შემდეგაც მრავალი წელი ჰამერი მეუღლის აშკარა გავლენის ქვეშ იყო. არმანდ ჰამერი და მიხეილ გორბაჩოვი

იმ პერიოდში აშშ არ ცნობდა საბჭოთა კავშირს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ამიტომ "ამტორგს" უნდა შეესრულებინა როგორც სავაჭრო, ასევე - დიპლომატიური წარმომადგენლობის ფუნქციები. ამავე დროს, ეს ორგანიზაცია იყო ამერიკაში საბჭოთა დაზვერვის ერთადერთი ლეგალური "სახურავი", სადაც, საელჩოს გახსნამდე, თავს აფარებდნენ საბჭოთა მზვერავები და ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებს გეგმავდნენ.

თავის მხრივ არმანდ ჰამერი მოსვენებას არ აძლევდა აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტს და საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას სთხოვდა. მართლაც, 1933 წელს აშშ-მა საბჭოთა კავშირი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, აღიარა. არმანდ ჰამერი და ლეონიდ ბრეჟნევი

1930 წელს ჰამერის ფანქრების მწარმოებელი ფაბრიკა კომუნისტებმა "გამოისყიდეს" (ფაქტობრივად კი, ჩამოართვეს), ამის შემდეგ ამერიკელ "ოსტაპ ბენდერს" ურთიერთობა ვერ აეწყო "დიდ ბელადთან" - სტალინთან, რის გამო თითქმის ოცდაათი წელი ის მოსკოვში არ ჩასულა. სამაგიეროდ, შორიდან არ აკლებდა ქება-დიდებას საბჭოთა იმპერიას. ამიტომაც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარული "ყურადღება" არ მოკლებია. ხრუშჩოვის ე.წ. დათბობის წლებში არმანდ ჰამერს "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ახალი ენერგიით შეუდგა "კრემლის" ლობირებას მთელ მსოფლიოში და არც საკუთარი მილიონების "კეთებას" ივიწყებდა. ბრეჟნევის პერიოდში მოსკოვი ცდილობდა, ჰამერის შესაძლებლობები ახალი საბჭოთა ინიციატივის - "განაიარაღების პროგრამის" შესასრულებლად, კრედიტების მისაღებად და აშშ-ში საბჭოთა ექსპორტის გასაფართოებლად გამოეყენებინა. 1978 წელს "ამხანაგი მილიარდერი", ასე ეძახდნენ ჰამერს საბჭოთა პარტიული ბოსები, დიდი ზარ-ზეიმით დააჯილდოვეს "ხალხთა მეგობრობის" ორდენით. შემდგომ წლებშიც, განსაკუთრებით კი - გორბაჩოვოს დროს, ჰამერი დაუღალავად ასრულებდა "მთავარი საბჭოთა ლობისტის" ფუნქციებს. ის 1990 წლის 10 დეკემბერს, ოთხმოცდათორმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. მემკვიდრეები მოუთმენლად ელოდნენ ანდერძის გახსნას. მათდა გასაკვირად, ჰამერის ვალები ბევრად აჭარბებდა მის ქონებას. იმედგაცრუებული უახლოესი ნათესავები დაკრძალვის პროცესსაც კი არ დასწრებიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს