ვის უგზავნიდა 10 მაყუჩიან პისტოლეტს კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი? - კვირის პალიტრა

ვის უგზავნიდა 10 მაყუჩიან პისტოლეტს კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი?

საბჭოთა კავშირი, ღიად თუ ფარულად, ყოველთვის მონაწილეობდა ტერაქტების ორგანიზებაში. უფრო მეტიც, შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, საერთაშორისო ტერორიზმის სათავეებთან საბჭოთა სპეცსამსახურები იდგნენ.

"მსოფლიო რევოლუცია", "ინტერნაციონალური სოლიდარობა" და სხვა მრავალი ლოზუნგის უკან ჩვეულებრივი, სისხლიანი ტერაქტები იდგა. საბჭოთა კავშირი არსებობის მანძილზე სახელმწიფო ტერორიზმის ცენტრი იყო და თუ ტერაქტები "საზიზღარი კაპიტალისტების" წინააღმდეგ იყო მიმართული, მსოფლიოს თითქმის ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას უწევდა ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

სამხედრო-დივერსიული ჯგუფების მომზადებას კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვის) მე-8 განყოფილება (საზღვარგარეთ დივერსიების, მკვლელობებისა და ტერაქტების ძირითადი ორგანიზატორი) ახორციელებდა. ანალოგიური სტრუქტურა იყო შექმნილი სამხედრო დაზვერვაშიც. 1960-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, ფართომასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები და "სისხლიანი საქმეები" შეძლებისდაგვარად ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების ხელით ეკეთებინა და თვითონ ჩრდილში დარჩენილიყო.

1967 წელს არაბული ქვეყნების ისრაელისგან განცდილი სასტიკი მარცხის შემდეგ, რასაც მოსკოვში საკუთარ დამარცხებადაც მიიჩნევდნენ, საბჭოთა პოლიტბიურომ მიიღო საიდუმლო დადგენილება არაბი მებრძოლების  სამხედრო-დივერსიული მომზადების გაძლიერების შესახებ. ხუთ წელიწადში შვიდ ათასზე მეტმა პალესტინელმა, ეგვიპტელმა, სირიელმა და ერაყელმა "ბოევიკმა" გაიარა სამხედრო-დივერსიული მომზადების სრული კურსი საბჭოთა კავშირში - ბაქოს, ტაშკენტის, სიმფეროპოლისა და ოდესის სპეციალურ საიდუმლო სამხედრო ნაწილებში.

უცხოელი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების ძირითადი ცენტრი მდებარეობდა სიმფეროპოლსა და ალუშტას შორის, რომელსაც თვალისასახვევად D165-ე სასწავლო ცენტრი ერქვა. 1980 წლიდან ის უკვე სიმფეროპოლის გაერთიანებული სამხედრო სასწავლებელის სახელს ატარებდა. დაარსების დღიდან სსრკ-ს დაშლამდე, მხოლოდ ამ ცენტრში სადაზვერვო-დივერსიული მომზადება (ხიდების, რკინიგზების და ავტომობილების აფეთქება, თვითმფრინავების ჩამოგდება, მძევლების აყვანა და სხვა კიდევ ბევრი ტერორისტული "სიბრძნე") გაიარა განვითარებადი ქვეყნების 18-20 ათასმა "ბოევიკმა".

მომზადების პროცესში ძალზე ბევრი პალესტინელი იყო, როგორც იასერ არაფატის მეომრები, ასევე -  კონკურენტი დაჯგუფებების "ბოევიკები". პალესტინელი ტერორისტების მოქმედების არეალის მხოლოდ ჩამოთვლაც გვიჩვენებს, თუ ტერაქტების რაოდენ გრანდიოზული გეგმები ჰქონდათ მათ:

აშშ-ის, ევროპის, ისრაელის, საუდის არაბეთის, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნების სამხედრო ნაწილები, სამრეწველო ობიექტები და სამოქალაქო დაწესებულებები (კაფე-ბარები, კინოთეატრები, დისკოტეკები და ა.შ.) თავდასხმის ძირითადი ობიექტები იყო.

საბჭოთა სპეცსამსახურები ცდილობდნენ, მაქსიმალურად გაეკონტროლებინათ ტერორისტები და მათი ხელით თავისი საქმეებიც მოეგვარებინათ. ამ ტერორისტული ოპერაციებისათვის "ბოევიკებს" ხშირად თანამედროვე იარაღი და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებები გადაეცემოდათ. ეს ფინანსური, ტექნიკური და ორგანიზაციული დახმარებები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე  - პოლიტბიუროს სხდომაზე წყდებოდა.

საბჭოთა სპეცსამსახურები, პოლიტბიუროს დავალებით, ფარულად აწვდიდნენ ფულსა და იარაღს "ირლანდიის რევოლუციური არმიის" მებრძოლებს და "ეტას" ბასკ სეპარატისტებს. საბჭოთა ხელისუფლება ამ "უანგარო" დახმარებებით ორ მთავარ მიზანს აღწევდა: დაძაბულობას და ქაოსს იწვევდა ამ ქვეყნებში და მეორეც, საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სპეცმომზადება გავლილი სხვადასხვა ქვეყნების "ეროვნული მოძრაობის", კომპარტიის და სოცპარტიის აქტივისტების უმრავლესობა სამშობლოში კა-გე-ბეს ან გე-ერ-უს აგენტად ბრუნდებოდა.

ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებებია. ქვემოთ კა-გე-ბეს საიდუმლო არქივების მასალებს გაგაცნობთ და დასკვნა თავად გამოიტანეთ.

1974 წლის 23 აპრილს კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვი #1071-2/06 მოხსენებით ბარათს წერს სკკპ გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევს. ეს კორესპონდენცია იმდენად მნიშვნელოვანი და საიდუმლო იყო, რომ მას იმ დროისათვის საბჭოთა კავშირში მოქმედი ყველაზე საიდუმლო გრიფი: "სრულიად საიდუმლო", "განსაკუთრებული მნიშვნელობის", "განსაკუთრებული საქაღალდე" მიენიჭა. გავეცნოთ დოკუმენტს (მკითხველის საყურადღებოდ: ტექსტის გამუქებული ნაწილი ნაბეჭდ ტექსტში შემდეგ ხელითაა ჩაწერილი. კონსპირაციის ამგვარი წესი მოქმედებდა მაშინ საბჭოთა კავშირში. კა-გე-ბეს ხელმძღვანელობა თვით მრავალგზის შემოწმებულ ტექნიკურ პარსონალს - მბეჭდავებსაც არ ენდობოდა და ყველაზე საიდუმლო მონაცემებს დაბეჭდილი ტექსტის გამოტოვებულ ადგილებში შემდეგ ხელით თავად წერდა)

"1968 წლიდან კა-გებ-ეს კონსპირაციული კავშირი აქვს დამყარებული პალესტინის გამანთავისუფლებელი ფრონტის (შემდეგში პ გ ფ - ბ.ა.) პოლიტბიუროს წევრ, საგარეო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელ ჰადადთან. მიმდინარე წლის აპრილში ლიბანში, კა-გე-ბეს რეზიდენტთან შეხვედრისას, ჰადადმა მას დივერსიულ-ტერორისტული მოქმედებების პერსპექტიული პროგრამა და მთავრი მიმართულებები გააცნო. კერძოდ:

- არაბული ქვეყნების მიერ იმპერიალისტური ძალებისა და ისრაელის წინააღმდეგ "ნავთობის ომის" მხარდაჭერა განსაკუთრებული საშუალებებით;

- მესამე ქვეყნებში ამერიკის და ისრაელის პერსონალის წინააღმდეგ აქციების განხორციელება;

- ისრაელის ტერიტორიაზე დივერსიულ-ტერორისტული მოქმედებების განხორციელება;

- ალმასის ტრესტის (აქ ალმასის მოპოვებაში საბჭოთა კავშირის მთავარი კონკურენტი, სამხრეთ აფრიკული კომპანია "დე ბირსი" იგულისხმება - ბ.ა.) წინააღმდეგ დივერსიული აქტების მოწყობა.

ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პ გ ფ ამზადებს მთელ რიგ სპეცოპერაციებს, მათ შორის - სხვადასხვა ქვეყანაში, (საუდის არაბეთი, ჰონკონგი, სპარსეთის ყურე) ნავთობსაცავებზე დარტყმების მიყენება, ასევე ტანკერებისა და სუპერტანკერების განადგურება.

ჰადადმა მოგვმართა თხოვნით, რათა დახმარება აღმოვუჩინოთ მის ორგანიზაციას დივერსიული ოპერაციების ჩასატარებლად საჭირო ზოგიერთი სახის სპეციალური ტექნიკური საშუალების მიწოდებით.

ჰადადთან ურთიერთობის ხასიათი საშუალებას გვაძლევს, გარკვეულწილად ვაკონტროლოთ პ გ ფ -ს საგარეო ოპერაციები, განყოფილების საქმიანობა და მოვახდინოთ მასზე საბჭოთა კავშირისთვის სასარგებლო გავლენა. ასევე, აუცილებელი კონსპირაციის დაცვის პირობებში, მისი ორგანიზაციის ძალებით განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი ღონისძიებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ შემდეგ შეხვედრაზე მთლიანობაში დადებითად ვუპასუხოთ ჰადადის თხოვნას. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ი. ანდროპოვი".

ამ დოკუმენტს თავში ბრეჟნევის რეზოლუცია ადევს: "მოახსენეთ ამხ. მ.სუსლოვს". ხოლო ქვემოთ ხელით აქვს მინაწერი: "თანხმობის შესახებ სსრკ კა-გე-ბეს ეცნობა". 26.04.1974 წ. მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი და დაუნდობელი ტერორისტის - ვადი ჰადადის (1927-1978) თხოვნა უპრობლემოდ სრულდებოდა მომავალ წლებშიც. 1975 წლის 16 მაისს კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვი #1218-1/08 მოხსენებით ბარათს წერს სკკპ გენერალურ მდივან ლეონიდ ბრეჟნევს. ამ კორესპონდენციასაც კვლავ ყველაზე საიდუმლო გრიფი: "სრულიად საიდუმლო", "განსაკუთრებული მნიშვნელობის", "განსაკუთრებული საქაღალდე" მიენიჭა. გავეცნოთ ამ დოკუმენტის:

"სკკპ ცკ-ს გადაწყვეტილების შესაბამისად, 1974 წლის 14 მაისს კგბ-ს სანდო პირს - ჰადადს (პალესტინის განმათავისუფლებელი ფრონტის საგარეო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელს) გადასცა უცხოური წარმოების იარაღისა და ტყვიაწამლის პარტია (53 ავტომატი, 50 პისტოლეტი, მ.შ. 10 მაყუჩიანი და 34 000 ვაზნა.

იარაღის არალეგალური გადაცემა მოხდა ადენის ყურეს ნეიტრალურ წყლებში, ღამით, უკონტაქტო საშუალებით. კონსპირაციის სრული დაცვით. უცხოელებიდან მხოლოდ ჰადადისთვისაა ცნობილი, რომ ეს იარაღი ჩვენი გადაცემულია.

სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ი. ანდროპოვი".

პალესტინელი "ბოევიკებისთვის" მიწოდებული იარაღის ჩამონათვალიდან განსაკუთრებით საყურადღებოა ათი მაყუჩიანი პისტოლეტის გადაცემა.

პალესტინის განმათავისუფლებელი ფრონტის საგარეო ოპერაციების განყოფილების (რეალურად კი, ტერორისტული ოპერაციების) ხელმძღვანელისთვის. ტერორისტებისა და "კილერების" იარაღის გამოყენება კი ვადი ჰადადმა, რომელიც ტერაქტების ორგანიზებით, სამგზავრო თვითმფრინავების გატაცებითა და მძევლების აყვანით იყო ცნობილი, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცოდა. დღეს რუსეთი აგრძელებს საბჭოთა კავშირის საქმეს: ღიად და ფარულად უჭერს მხარს "ჰამასის" ტერორისტულ ოპერაციებს, როგორც ისრაელის, ასევე - სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს