რატომ დააპატიმრა ნოე რამიშვილმა "საბჭოთა დიპლომატი ლაკერბაია"? - კვირის პალიტრა

რატომ დააპატიმრა ნოე რამიშვილმა "საბჭოთა დიპლომატი ლაკერბაია"?

26 მაისი სევდანარევი სიხარულის დღეა... ას სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო თავისუფლების მძიმე გზას დაადგა, თუმცა ბოროტი ძალა ყოველი მხრიდან გვიტევდა და დავმარცხდით... საუკუნეზე მეტია გასული იმ მოვლენებიდან, თუმცა ბევრი რამ დღესაც გასათვალისწინებელია.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის არასრული სამი წელი გარე და შიდა მტრებთან მუდმივი ბრძოლის ისტორიაა. ჩრდილოეთიდან - ბოლშევიკები, აღმოსავლეთიდან ჯერ აზერბაიჯანის რესპუბლიკა (ოსმალოებისგან შეგულიანებული) გვედავებოდა ისტორიულ მიწებს, შემდეგ კი - ბაქო გახდა ბოლშევიკების საქართველოზე შეტევის ფორპოსტი. 1918 წლის ბოლოს სომხებმა სამხრეთიდან ჩაგვცეს ზურგში მახვილი, ოსმალოს კი - ტაო-კლარჯეთისა და ბათუმის მისაკუთრება სურდა და ხან ჯარით, ხან კი მოსყიდული ჯაშუშებით საქართველოს ძირძველი მიწების მიტაცებას ცდილობდა.

არც დასავლეთის სივრცე და შავი ზღვის სანაპირო იყო საიმედო. 1918 წლის დასაწყისიდან ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი (თუმცა ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იმპერიის აღდგენის მომხრე) "თეთრები" ღიად და ფარულად უტევდნენ საქართველოს სანაპიროებს: გაგრას, სოხუმს, ფოთსა და ბათუმს. ყოველივე ამას, თუ ქვეყანაში ფარულად მოქმედ უსამშობლო კომუნისტების დივერსიებსა და ტერაქტებს დავამატებთ, სრული წარმოდგენა შეგვექმნება საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარ სამხედრო-პოლიტიკურ პრობლემებზე. ამიტომ ობიექტურობა მოითხოვს, რომ თავი შევიკავოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელების ხელაღებული კრიტიკისგან.

1920 წლის ივნისის ბოლოს თბილისში გახსნილი საბჭოთა რუსეთის საელჩო საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო პროვოკაციული მოქმედებების შტაბი გახდა. იქ თავს იყრიდნენ დიპლომატიურ მანდატს ამოფარებული ბოლშევიკები, რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ საბოტაჟს, ტერორისტულ ოპერაციებსა და დივერსიებს გეგმავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი "დიპლომატიური ფოსტის კურიერი", ოც წელს გადაცილებული, გამხდარი და საშუალო ტანის ჭაბუკი იყო, რომელიც მაღალი შუბლითა და გამჭვირვალე პენსნეთი გამოირჩეოდა. აბა, ვინ იცოდა მაშინ, რომ ეს ყმაწვილი, გვარად ლაკერბაია, მოკლე დროში საბჭოთა სპეცსამსახურების ხელმძღვანელი გახდებოდა და მსოფლიოს მეექვსედის ბედ-იღბალს გადაწყვეტდა. სინამდვილეში კი მისი ვინაობა ლავრენტი ბერია იყო.

საბჭოთა არქივებში შემორჩენილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთია ძალზე საინტერესო, რომელიც ლავრენტი ბერიას ეხება. ეს დოკუმენტი 1923 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს ჩეკას თავმჯდომარის მოადგილის და, იმავდროულად, საიდუმლო-ოპერატიული ნაწილის უფროსის, 24 წლის (!!!) ლავრენტი ბერიას ხელით დაწერილი ავტობიოგრაფიაა. ლ.ბერია წერს: "აზერბაიჯანში აპრილის გადატრიალების პირველივე დღეებიდან კომპარტიის (ბოლშევიკების) სამხარეო კომიტეტის და მე-11 არმიის სარეგისტრო დანაყოფის (ბოლშევიკების სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი დასახელებაა - ბ. ა.) მიერ არალეგალური მუშაობისთვის მივლინებული ვარ საქართველოში. ტიფლისში ვუკავშირდები სამხარეო კომიტეტს ამხ. ამაიაკ ნაზარეთიანის სახით, საქართველოსა და სომხეთში ვქმნი რეზიდენტურების ქსელს, ვამყარებ კავშირს საქართველოს არმიისა და გვარდიის შტაბებთან, რეგულარულად ვგზავნი კურიერებს ბაქოში. ტიფლისში საქართველოს ცენტრალურ კომიტეტთან ერთად მაპატიმრებენ, მაგრამ გიორგი სტურუასა და ნოე ჟორდანიას მოლაპარაკების თანახმად, მათავისუფლებენ იმ პირობით, რომ სამი დღის ვადაში დავტოვო საქართველო. თუმცა მე შევძელი ლაკერბაიას ფსევდონიმით დავრჩენილიყავი და სამსახური დამეწყო რსფსრ წარმომადგენლობაში ამხანაგ კიროვთან... 1920 წლის მაისში გავემგზავრე ბაქოში, სარეგისტრაციო დანაყოფში, დირექტივების მისაღებად... უკან დაბრუნებისას ნოე რამიშვილის დეპეშის საფუძველზე დამაპატიმრეს და... ამხანაგ კიროვის მონდომების მიუხედავად, გამგზავნეს ქუთაისის ციხეში. 1920 წლის ივნის-ივლისი ციხეში ვიმყოფებოდი და მხოლოდ ოთხ დღე-ნახევრის შიმშილობის შემდეგ... ეტაპით გამასახლეს აზერბაიჯანში". ბერიას, რომ დავუჯეროთ, იმ პერიოდში ის ყოფილა ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ბოლშევიკების დაზვერვაში, თუმცა არსებობს სხვა, კარდინალურად განსხვავებული ვერსიაც.

ნოე რამიშვილის დის შვილი, შალვა ბერიშვილი (ის საბჭოთა დაზვერვის აგენტი იყო ემიგრაციაში და 1943 წელს, საბჭოთა კავშირში მორიგი შემოსვლის დროს დააკავეს, უკან აღარ გაუშვეს და ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიუსაჯეს) 1953 წლის 25 აგვისტოს ამგვარ ჩვენებას აძლევს გამოძიებას:

"ერთხელ, 1928 თუ 1929 წელს, როდესაც მე და ჩემმა ბიძამ, ნოე რამიშვილმა, რომელიც მენშევიკების დროს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, თბილისის გაზეთ "კომუნისტში" (გაზეთი გამოწერილი გვქონდა) წავიკითხეთ ბერიას რომელიღაც თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. რამიშვილმა ჩემი თანდასწრებით გაიხსენა მენშევიკების მთავრობის მიერ 1920 წელს ბერიას დაპატიმრება. რამიშვილმა განაცხადა, რომ ბერია მისმა სამსახურმა, კერძოდ კი - "საგანგებო რაზმის" უფროსმა მექი კედიამ (ფაშისტი მიხეილ კედიას მამა) დააპატიმრა, როდესაც ბერია ბაქოდან საქართველოში ჩამოვიდა ბოლშევიკების დავალების შესასრულებლად. მაშინ რამიშვილმა მითხრა, რომ დაპატიმრების შემდეგ ბერიამ ყველაფერი მოყვა დავალებისა და კავშირების შესახებ. მე გამიკვირდა, რამიშვილმა კი მითხრა, რომ როცა მექი კედია მოვა, ამის შესახებ გამახსენეო... მექი კედია როცა მოვიდა, ვკითხეთ 1920 წელს ბერიას დაპატიმრებისა და დაკითხვების შესახებ. კედიამ გვიპასუხა, რომ ბერია ტიროდა და თავისი კავშირებისა და დავალების შესახებ ყველაფერს მოყვა. ამის შემდეგ ის გავათავისუფლეთო... არც მექი კედიას და არც რამიშვილს ჩემთვის არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა ბერიას დაზვერვასთან (იგულისხმება მენშევიკებთან - ბ.ა.) კავშირი დაპატიმრებამდე ან შემდეგ". საინტერესოა, რომ შ. ბერიშვილმა დაკითხვის დროს ბერიას ბედის შესახებ არაფერი იცოდა. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა მისი ჩვენება უფრო გულახდილი ყოფილიყო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი ძალზე მკაცრად და, რაც მთავარია, კანონიერად აღკვეთდა ბოლშევიკების მიერ ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების მცდელობებს. ზემოაღნიშნულიც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს ინციდენტი ნოე რამიშვილს ათი წლის შემდეგ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ცნობილია, რომ ლავრენტი ბერია არასდროს ივიწყებდა მტრობასა და წყენას. მიეცემოდა, თუ არა საშუალება, ასმაგად უხდიდა სამაგიეროს და 1924 წლიდან შეუდგა ნოე რამიშვილისთვის სამაგიეროს გადახდის დაგეგმვას. ნოე რამიშვილის ლიკვიდაციას ლავრენტი ბერია ჩვეული გულმოდგინებით ამზადებდა. ის უკვე ამიერკავკასიის "ოგეპეუს" თავმჯდომარის მოადგილე იყო და უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წინააღმდეგ სადაზვერვო ოპერაციებს.

აქ, გარდა პოლიტიკური და სამსახურებრივი მოტივებისა, პირადი ფაქტორიც თამაშობდა მნიშვნელოვან როლს. პარიზში, 1930 წლის 7 დეკემბერს, ემიგრანტი პარმენ ჭანუყვაძის მიერ გასროლილი ტყვიის უკან სწორედ "ლაკერბაია" - ბერია იდგა. ის ხუთი წელი იყო ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე და მხოლოდ 1931 წლის 17 აპრილს, ნოე რამიშვილის მკვლელობიდან სამ თვეში დანიშნეს თავმჯდომარედ და ამიერკავკასიის "პირველი ჩეკისტი" გახდა. ეს შემთხვევითი ნამდვილად არაა: სტალინმა ბერიას დაუფასა ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი ლიდერის (რომელთანაც მასაც ჰქონდა პიროვნული დაპირისპირება) მკვლელობის ორგანიზება. შემდეგ წლებშიც "ბელადის" მრავალი საიდუმლო დავალება შეასრულა ლ. ბერიამ, თუმცა სწრაფ აღზევებას, ასევე სწრაფი აღსასრული მოჰყვა. 1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ლ. ბერია დააპატიმრეს და გაასამართლეს (სხვა ვერსიით ის ადგილზე მოკლეს, ხოლო სასამართლოზე მისი ორეული გამოიყვანეს). საბჭოთა ხელისუფლება, ხრუშჩოვის მეთაურობით, გულმოდგინეთ ეძებდა კომპრომატებს ბერიაზე და 1920 წელს დაპატიმრება, ლავრენტი ბერიას 33 წლის შემდეგ, 1953 წლის 24 ივლისს, დაკითხვის დროს გაუხსენეს. მაშინ ბერიას ბრალს სდებდნენ, რომ ის იყო "მუსავატელების" (დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახელისუფლებო პარტია) აგენტი. თუმცა ესეც არ იკმარეს და ლ. ბერია დიდი ბრიტანეთის აგენტობასა და ჩერჩილთან ფარულ კავშირებში დაადანაშაულეს. ასე რომ, საბჭოთა ტოტალიტარულმა სისტემამ (რომლის შექმნაშიც მასაც დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი) არც ბერია დაინდო.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს