რატომ გახდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა "კამოს" სამიზნე?
რატომ გახდა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა "კამოს" სამიზნე?
1918-1921 წლებში მოსკოვის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ დაგეგმილ სადაზვერვო-ტერორისტულ ოპერაციებში აქტიურად მონაწილეობდა ბოლშევიკების ერთ-ერთი მთავარი ტერორისტი "კამო", იგივე - სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანი (1882-1922). მისი "ტერორისტული მოღვაწეობის" დაწყება და მისი გარდაცვალებაც საქართველოსთან არის დაკავშირებული.

"კამო" 1882 წლის მაისს, გორში დაიბადა და ბავშვობა იოსებ ჯუღაშვილთან ერთად გაატარა. სწორედ სოსომ შეარქვა მეტსახელი "კამო". ბავშვობაში მომავალი ტერორისტი რუსულთან ცოტა მწყრალად იყო და "კამუ, კამუს" ნაცვლად "კამო, კამოს" იძახდა და ენამოსწრებულმა სოსო ჯუღაშვილმაც
"კამო" შეარქვა. ასე შერჩა ეს მეტსახელი XX საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთ უპირველეს საერთაშორისო მასშტაბის ტერორისტს.
ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, "კამო" რუსი ბოლშევიკების იარაღით, ასაფეთქებელი ნივთიერებით და ფულით მომმარაგების მთავარ ორგანიზატორად და შემსრულებლად იქცა. 1906 წლის აპრილში ის მეტეხის ციხიდან პოლიტიკურ პატიმართა 32-კაციანი ჯგუფის გაქცევას ხელმძღვანელობს.

1907
წლის 13 ივნისს კამოს ხელმძღვანელობით განხორციელდა რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ექსპროპრიაცია"  ანუ მარტივად - დაყაჩაღება. თბილისში მაშინდელ ერევნის (დღევანდელ - თავისუფლების) მოედანზე "კამო", სხვა ათ ბოლშევიკ "ბოევიკთან" (ე. ლომინაძე, ა. ელბაქიძე, ს. დარახველიძე და სხვ.) ერთად, თავს დაესხა რუსეთის იმპერიის ბანკის ტიფლისის ფილიალის სახაზინო-საფოსტო ექსპედიციას, რომელიც 250 000 მანეთის გადაზიდვას ახორციელებდა. მათ ჟანდარმები და პოლიციელები დახოცეს და თანხა გაიტაცეს. იმ დროისთვის მართლაც რომ კოლოსალური თანხის დღისით-მზისით გატაცების ამბავი უმალ მოედო მთელ ევროპას. "კამომ" ეს თანხა იმავე წლის აგვისტოში, პირადად ჩაიტანა ფინეთში და ლენინს გადასცა.

ბოლშევიკების პარტიული სალაროს (ანუ პარტიის ბელადების ჯიბეების და პირადი ანგარიშების) შესავსებად ბანდიტურ თავდასხმებს "კამო" ევროპაში განაგრძობდა. 1907 წლის ნოემბრის დასაწყისში ის ბერლინის პოლიციამ დააპატიმრა. "კამოს" სიგიჟის სიმულაციის და მისი ბევრი, მართლაც რომ არანორმალური, ქმედების ჩადენით გაოგნებულმა გერმანელმა ფსიქიატრებმა ხელები გაასავსავეს: "ასეთი რამ ჩვენს პარქტიკაში არ შეგვხვედრიაო", და "კამო" უმძიმეს სულიერ ავადმყოფად აღიარეს.

გერმანიის ხელისუფლებამ "კამო" რუსეთის პოლიციას გადასცა და ამ "შეუდრეკელმა ბოლშევიკმა" 1909-1911 წლები თბილისში, მეტეხის ციხეში გაატარა, 1911 წლის 15 აგვისტოს კი გაქცევაც მოახერხა. 1917 წლის რევოლუციამდე "კამო" ახალგაზრდა ბოლშევიკებისგან რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ქმნის ე.წ. სამხედრო-ტექნიკურ ჯგუფებს და არალეგალურ ლაბორატორიებს ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ყუმბარების დასამზადებლად. პარალელურად, არც "ძველ ხელობას" ივიწყებს და ბანკებზე და საფოსტო დაწესებულებებზე თავდასხმებს განაგრძობს.

1918 წლის გაზაფხულზე "კამო", ლენინის დავალებით, საქართველოში ბრუნდება და არალეგალურ სადაზვერვო-ტერორისტულ ოპერაციებს გეგმავს და ახორციელებს. მის ფუნქციებში შედიოდა, აგრეთვე, ქართველი ბოლშევიკების ფულითა და იარაღით მომარაგება. "კამოს" თბილისში რამდენიმე კონსპირაციული ბინა ჰქონდა, სადაც ბოლშევიკები იკრიბებოდნენ და საქართველოში შეიარაღებული აჯანყების მოწყობას გეგმავდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს "განსაკუთრებულ რაზმს" ეს შეკრებები და "კამოს" აქტიური სადაზვერვო საქმიანობა დიდხანს რჩებოდა შეუმჩნეველი. მხოლოდ 1919 წლის ბოლოს შეძლეს "კამოს" დაპატიმრება და ის მეტეხის ციხეში მიაბრძანეს.
სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ერთი, ძალზე საინტერესო ისტორიული ეპიზოდი. მეტეხის ციხიდან "კამომ" წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას და დაემუქრა, თუ სასწრაფოდ ყველა ბოლშევიკს არ გაგვანთავისუფლებთ, თვით ნოე რამიშვილს და მის ოჯახს ავაფეთქებო.

1919 წლის 30 დეკემბერს, დამფუძნებელმა კრების ერთ-ერთ სხდომაზე (რომელიც "განსაკუთრებული რაზმის" მოქმედების გაგრძელების და "რაზმისთვის" დამატებითი შტატის გამოყოფის საკითხს იხილავდა) ცნობილმა "ესერმა" ლ. შენგელაიამ ნოე რამიშვილზე მწარედ იხუმრა: "შეიძლება რამიშვილი ძლიერ დავალებული იყოს რაზმის წინაშე. ამბობენ, როდესაც სოციალ-დემოკრატებს მიუღიათ კომუნისტებისგან მუქარის წერილი, რამიშვილი ერთი კვირა არ გამოსულა კაბინეტიდანო". მაშინ ნოე რამიშვილი ძლივს დააკავეს, რომ ლ.შენგელაიას ფიზიკურად არ გასწორებოდა.
ნოე ჟორდანია მემუარებში ამ ფაქტს ოდნავ სხვაგავარად იხსენებს (სტილი დაცულია - ბ.ა.): "...მოსკოვის აგენტ ბოლშევიკებს, როცა მათ ტერორი დაგვინიშნეს, განსაკუთრებით მე მახსენეს და ეს კიდევაც გამოაცხადეს, ჩვენ ვუპასუხეთ გადაწყვეტილებით - თითოეული მოკლული პირისთვის სიცოცხლით პასუხს აგებენ დატყვევებულნი ბოლშევიკები. ამის შემდეგ თავისი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს".

თავად ქართველი კომუნისტები კი წლების შემდეგ ტრაბახობდნენ: რამიშვილმა ვერ გაბედა ანგარიში არ გაეწია "კამოს" გაფრთხილებისთვის, რადგანაც იცოდნენ, მეტეხის ციხიდანაც ადვილად შეეძლო "კამოს" მუქარის შესრულებაო.
ასეა თუ ისე, "კამო" მალევე გაათავისუფლეს ციხიდან და ის ბაქოში გაემგზავრა, საიდანაც კვლავ განაგრძობდა ამიერკავკასიაში ბოლშევიკური სამხედრო ინტერვენციის მზადებას. თუმცა ჩანს, რომ "კამო" ბევრს არ ეხატებოდა გულზე და აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ, 1920 წლის აპრილში, ის მოსკოვში გადაიყვანეს და რუსეთის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარიატში გაამწესეს. "კამო" ვერ ისვენებდა და ლენინს სთხოვდა, ერთ-ერთ კაპიტალისტურ ქვეყანაში გაეშვათ არალეგალური რევოლუციური (ფაქტობრივად, ტერორისტული) მუშაობის საწარმოებლად. ამ მიზნით მან, ბოლშევიკების ბელადის ნებართვით, განსაკუთრებული დანიშნულების სპეცრაზმები შექმნა, რომლებსაც თავად ხელმძღვანელობდა. "კამომ" მებრძოლების "ფსიქოლოგიური ტესტირების" საკუთარი მეთოდები დანერგა, რასაც ბევრი მებრძოლის ჯანმრთელობა ემსხვერპლა.

სტალინის ცოლის ძმა თედორე ალილუევიც (1898-1955), გარკვეულწილად, "კამოს" ხუშტურების მსხვერპლი გახდა. მოსკოვთან ახლოს დაბანაკებულ "კამოს" სპეცრაზმებს "თეთრები" დაესხნენ თავს და დატყვევებულებს სასტიკი დაკითხვა მოუწყვეს, შემდეგ კი არჩევანი მისცეს: ან "თეთრების" მხარეს უნდა გადასულიყვნენ, ან დახვრეტა არ ასცდებოდათ. "კამოს" მებრძოლებიდან რამდენიმემ "თავდამსხმელების" პირობა მიიღო და ყველა საიდუმლო გასცა. დანარჩენები, მათ შორის - თედორე ალილუევიც, დასახვრეტად ჩაამწკრივეს. გაისმა სროლის ხმა, თუმცა არავინ წაქცეულა, რადგანაც "თეთრები", რატომღაც... ჰაერში ისროდნენ. ამგვარად ამოწმებდა "კამო" თავისი მებრძოლების ერთგულებას და ახდენდა პოტენციური მოღალატეების გამოვლენას. "თავდამსხმელები" "თეთრების" სამხედრო ფორმაში გადაცმული "კამოს" ყველაზე ერთგული "ბოევიკები" იყვნენ. "კამომ" დასახულ მიზანს მიაღწია: დაადგინა, ვინ იყო ერთგული და ვინ შეიძლება გადასულიყო მოწინააღმდეგის მხარეს. პოტენციური მოღალატეები იქვე დახვრიტეს. თუმცა ამ ექსტრემალური მეთოდებით შემოწმების შემდეგ ბოლშევიკების რამდენიმე ერთგულმა მებრძოლმა უძლიერესი ფსიქიკური ტრამვა მიიღო, მათ შორის იყო - სტალინის ცოლისძმაც. ამის შემდეგ 22 წლის თედორე ალილუევი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა და მთელი სიცოცხლე იქ გაატარა. "კამოს" ამგვარი "წარმატებების" შესახებ მალევე გახდა ცნობილი და ის თვალს მოაფარეს: ირანში გააგზავნეს არალეგალური მუშაობისთვის.
თუმცა "უდრეკ რევოლუციონერს" ბედისწერა მაინც თბილისში ელოდა. ცნობილია, რომ 1922 წლის 8 მაისს სტალინის წინადადებით "კამო" ამიერკავკასიის საბაჟოს საოლქო სამმართველოს უფროსად დანიშნეს. ორი თვის შემდეგ (1922 წლის 14 ივლისს) მომხდარი ავტოავარია კი, დღესაც იდუმალებითაა მოცული. ოფიციალური ცნობით, ელბაქიძის დაღმართზე ველოსიპედით მიმავალ "კამოს" სატვირთო ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე დაიღუპა. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ "კამო" თავიდან მოიცილეს, რადგანაც მან ძალზე ბევრი იცოდა ბოლშევიკების ბინძური საქმეების, პირველ რიგში კი, ბავშვობის მეგობრის - "კობას" წარსულის შესახებ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
დავითი
28 მაისი 2021 03:48
ერთი დიპლიპიტოა რაღა.
ზურაბი
27 მაისი 2021 21:43
ძალიან გამიხარდა, რომ ვახე ზუსტი კომენტარები ერევანის მოედნის შესახებ. უნდა დავიდეს ხალხამდე, რომ არავითარი ერევანის მოედანი თბილისში არ არსებობდა!!!!!!!!!!!
აბესალომ s
26 მაისი 2021 12:45
ქალაქელებში იმ დროს წნობილია როგორც ერევნის მოედანი ( არ გაგიტხდეს ) სწორია გრაფ პასკევიჩ-ერევანსკი .

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები