"სახალხო გვარდია": საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმედი თუ...? - კვირის პალიტრა

"სახალხო გვარდია": საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმედი თუ...?

1918-1921 წლების ისტორიულად ხანმოკლე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდი, სხვადასხვა მიზეზთა გამო, ძალზე შეუსწავლელია. სახელმწიფოს განვითარებისთვის აუცილებელ სხვა ინსტიტუტებს რომ არ შევეხოთ, იმ წლებში საქართველოს სპეცსამსახურების შექმნის და ფუნქციონირების შესახებ ფაქტების მოპოვება უღრან ტყეში სიარულს ჰგავს. ამ საკითხის გასარკვევად აუცილებელია იმ პერიოდის დოკუმენტური მასალების და მემუარული ლიტერატურის დაწვრილებითი ანალიზი. იმ წლებში მოღვაწე ცნობილი ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მოწღვაწეების (ნოე ჟორდანია, გიორგი კვინიტაძე, გიორგი მაზნიაშვილი, შალვა მაღლაკელიძე და სხვ.) მოგონებებში ცალკე არსებული საქართველოს სპეცსამსახურების, კერძოდ კი - საგარეო-პოლიტიკური დაზვერვის რამე სტრუქტურის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდიან.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია თავის მოგონებებში "სახალხო გვარდიის" საქებარ სიტყვებს არ იშურებს, ეროვნული სპეცსამსახურების შექმნის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე კი, სიტყვასაც არ ძრავს. 1918-1921 წლებში საგარეო-პოლიტიკური დაზვერვის რამე სტრუქტურის არ არსებობის პირობებში საქართველოს ხელისუფლების მიერ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვება წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაციის შედეგი კი არ იყო, არამედ - უფრო სპონტანურ და შემთხვევით ხასიათს ატარებდა. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების პირად კონტაქტებს ენიჭებოდა. მაგალითად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიის შტაბის წევრის, ცნობილი სოციალ-დემოკრატის - დავით საღირაშვილის მოგონებებიდან ირკვევა, რომ რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე მას ინფორმაციას "მეგობრულად" აწვდიდა ძველი ნაცნობი, ცნობილი "ბოლშევიკის" - ლევ კამენევის (როზენფელდის) მეუღლე და ლევ ტროცკის (ბრონშტეინის) და - ოლღა კამენევა (ბრონშტეინი). ნოე ჟორდანია მემუარებში ერთ საინტერესო ფაქტს ეხება, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის საელჩოში აგენტი ჰყავდა, თანაც - არა უბრალო ჩინოვნიკი, არამედ - მშიფრავი, რომლის ხელშიც უნდა გაევლო ყველა საიდუმლო დოკუმენტს. ამ აგენტის ვინაობა უცნობია, დღეისთვის მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ 1921 წლის თებერვალში, "ბოლშევიკების" შეტევის დაწყებამდე, მან საქართველოს ხელისუფლებას აცნობა: "მოსკოვიდან რუსეთის საელჩომ საიდუმლო დეპეშა მიიღო - ხვალ დილიდან გადავდივართ შეტევაზე ფოლიოს ხიდიდანო". თუმცა მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერც ეს ინფორმაცია გამოიყენა სათანადოდ. გარდა ამისა, ჟორდანია წერს: "მე მაძლევდა ინფორმაციას ლებედინსკი (საუბარია ამიერკავკასიის ფრონტის ყოფილ სარდალ ლებედინსკის შესახებ, რომელიც იმ პერიოდში თბილისში იმყოფებოდა - ბ.ა.). ერთხელ მან მითხრა: მოდის სამი ათასი კაცისგან შემდგარი კავალერია ჟლობას მეთაურობით, ეს ვაცნობე კვინიტაძეს, სასაცილოთ აიღო, ალბათ ვინმე ჟლობას ბიძაშვილია, ვიღაც გატყუებსო. ასევე რუსეთის ფრონტების მდგომარეობაზე ჩემი ცნობები იყო მისთვის ყალბი და სხ.".

მართლაც, რომ სასაცილოა, სატირელი, რომ არ იყოს - სახელმწიფოს პირველი პირი თავად ასრულებდა დაზვერვის რეზიდენტის ფუნქციებს - აგენტები ჰყავდა კავშირზე და მიღებულ სამხედრო-პოლიტიკურ ინფორმაციას პირადად გადასცემდა სამხედრო ხელმძღვანელობას. იქ კი, ჟორდანიას სასაცილოდ იგდებდნენ! ჯერ ერთი, საუბრის ამგვარი ტონი ქვეყნის პირველ პირსა და მთავარსარდალს შორის სცილდება ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს, მეორეც, ამ ინფორმაციას სათანადო გადამოწმება ხომ სჭირდებოდა? საინტერესოა, რომ გენერალი კვინიტაძე საკმაოდ კარგად იცნობდა ლებედინსკის, კადეტთა სასწავლებელი ერთად ჰქონდათ დამთავრებული, შემდეგ კი - ამიერკავკასიის ფრონტის გენერალურ შტაბშიც ერთად მსახურობდნენ, თუმცა 1918 წლის მაისში მათი დაპირისპირება ლამის დუელამდე მივიდა. ამიტომ ძნელია იმის მტკიცება, ლებედინსკის ინფორმაციას საქართველოს მთავარსარდალი პიროვნული დაპირისპირების გამო არ ენდო თუ სხვა, უფრო სანდო ინფორმატორები ჰყავდა. გენერალი კვინიტაძე ფიქრობდა, რომ მენშევიკების ხელისუფლებამ ძალზე ბევრი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა (როგორც საგარეო-პოლიტიკური, ასევე, სამხედრო თვალსაზრისით) და ორაზროვნად მიანიშნებდა: "გამაოგნებელი და გაუგებარია ჩვენი მთავრობის საქციელი, როგორ შეიძლება, სახელმწიფოს მართავდე და ასეთი შეცდომები მოგდიოდეს? თუმცა ვინ იცის, ვითომ შეცდომები იყო?". ვალიკო ჯუღელი

საქართველოს ჯარსა და "სახალხო გვარდიას" შორის არსებულ სერიოზულ პოლიტიკურ და პიროვნულ დაპირისპირებაზე მრავლადაა მოთხრობილი, როგორც დოკუმენტურ წყაროებში, ასევე - მემუარულ ლიტერატურაში. ერთი კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი დაპირიპირება და ძალების დაქსაქსვა, შეზღუდული ფინანსური და საკადრო რესურსების პირობებში, მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევდა ხელს, რაც მათ 1921 წლის თებერვალში წარმატებით გამოიყენეს კიდეც. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, რასაც რუსეთის იმპერიის დაშლა მოჰყვა, ქაოსმა და განუკითხაობამ მოიცვა იმპერიის ყოფილი ტერიტორიები. თბილისშიც დიდი არეულობა და ძარცვა-ყაჩაღობა იყო - რეგულარული ჯარი ყაზარმებიდან არ გამოდიოდა, პოლიცია კი, რევოლუციონერების შიშით, აღარ ასრულებდა თავის მოვალეობას. ამ ვითარებაში თბილისის რევოლუციური მუშათა საბჭოს აღმასკომმა დაადგინა, რომ სასწრაფოდ შეექმნათ საკუთარი პოლიციური რაზმები. ინიციატივა "აღმასკომის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა - ნოე ჟორდანიამ აიღო და გურულ "მენშევიკებს" შეიარაღებული ხალხის გამოგზავნა დაავალა. გურულებსაც მეტი რა უნდოდათ: იარაღი ექნებოდათ მოსაძებნი თუ ცხენები? თბილისში უმალ ჩამოვიდა კარგად შეიარაღებული რაზმი ძმები იმნაძეების მეთაურობით. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ეს რაზმი პოლიციურზე უფრო მეტად ჟორდანიას პირადი გვარდიის ფუნქციებს ასრულებდა. საერთოდ, ნოე ჟორდანია რეგულარი ქართული ჯარის შექმნას თავიდანვე ძალზე სკეპტიკურად უყურებდა. მას მიაჩნდა, რომ ქართული ეროვნული სამხედრო ნაწილები "ბოლშევიკების" გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული. ამიტომ ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის და "მენშევიკთა" სხვა ლიდერების გადაწყვეტილებით, მათი მხარდამჭერი მუშებისაგან დაიწყეს საკუთარი შეიარაღებული ძალის შექმნა. ნოე ჟორდანია ასე იხსენებს ამ მოვლენებს: "ამის მთავარი მოციქული გახდა ჯუღელი და მასვე მივანდევით ჭიაბერაშვილთან ერთად მისი დაწყება. გატარება ადვილი იყო, ვინაიდან პარტიული ცენ. კომიტეტი (საოციალ-დემოკრატიული პარტიის - ბ.ა.) და ორგანიზაციები ამას მხარს უჭერდნენ. გვარდია შედგა. იარაღი კი არ იყო". თუმცა იარაღი იყო, თანაც - საკმაოზე მეტი. საჭირო იყო მხოლოდ მისი ამოღება. რუსეთის იმპერიის კავკასიის ფრონტის ცენტრალური საწყობი თბილისში მდებარეობდა, აქვე იყო განლაგებული სამხედრო გარნიზონი (ე.წ. არსენალი), რომლის პირადი შემადგენლობა თავის დროზე 30 000-ზე მეტ ოფიცერსა და ჯარისკაცს ითვლიდა. ჟორდანიას საამაყო "სახალხო გვარდიას" კვინიტაძე "ანომალიურ შეიარაღებულ ორგანიზაციას" უწოდებდა. გენერალი მკაცრად აკრიტიკებდა "სახალხო გვარდიას": "გვარდიის, როგორც სამხედრო ორგანიზაციის შექმნა, იყო უმთავრესი თუ არა ერთ-ერთი მთვარი მიზეზი ჩვენი კატასტროფისა. ბრძოლის ველზე გვარდია ან უარს ამბობდა ომზე, ან იქაურობას ტოვებდა, მაშინაც კი, თუ ბრძოლას ვიგებდით. ასე მოხდა 1918 წელს - სომხურ-ქართული ომის დროს, 1919 წლის ახალციხის ლაშქრობაში, 1920 წელს - პირველ ომში ბოლშევიკების წინააღმდეგ - ხაშურის ბრძოლაში, როცა ჩვენი წარმატებული შეტევის მიუხედავად, გვარდია თვითნებურად აიყარა ბრძოლის ველიდან. გვარდია პრივილეგირებული ორგანიზაციიდან სწრაფად გადაიქცა პრეტორიანულ ორგანიზაციად, რომელიც ქვეყანას ზიანს აყენებდა... მორიგ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად, თავისი ნაწილები რომ დაეთანხმებინა, გვარდიის შტაბი იძულებული იყო სხვადასხვა ხერხისთვის მიემართა, მაგალითად, ოპერაციის დასრულების შემდეგ შინ გაშვებას ჰპირდებოდა". ამავე დროს, კვინიტაძე გვარდიის გარკვეულ დამსახურებასაც არ უარყოფს, ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვის და ბოლშევიკებთან ბრძოლის კუთხით. ნოე ჟორდანია და ვალიკო ჯუღელი სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრებთან ერთად

"სახალხო გვარდიის" შესახებ კანონპროექტის განხილვისას ჟორდანია და კვინიტაძე ცხარედ შეკამათდნენ. მთავრობის თავმჯდომარე ფეხზე წამომხტარა და კვინიტაძისთვის მიუხლია: "მე ვაცხადებ, . . . რომ შეუძლებლია სამხედრო სამინისტროს სათავეში იყოს გვარდიისადმი ასე მტრულად განწყობილი პიროვნებაო". ერთი კვირის შემდეგ კვინიტაძე გაათავისუფლეს. "გვარდიის" ამ ფორმით არსებობა მხოლოდ კვინიტაძის გაღიზიანებას არ იწვევდა. "სახალხო გვარდიის" ერთ-ერთი დაუღალავი კრიტიკოსი, გენერალი მაზნიაშვილი მოგონებებში წერს: "გვარდია შესდგებოდა დეზერტირი ჯარისკაცებისგან, რომლებიც მსახურობდნენ დღეს ერთ ლეგიონში, ხვალ მეორეში, ზეგ მესამეში. სამი-ოთხი ლეგიონიდან გატაცებული ჰქონდათ სამხედრო ტანისამოსი, ფეხსაცმელი და სხვა მასალა, და თავი რომ გადაერჩინათ სასჯელისგან, ეწერებოდნენ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში (ეს ხომ მეტად ადვილი საქმე იყო!) და შემდეგ გადადიოდნენ სახალხო გვარიდაში". შემდეგ გ. მაზნიაშვილი ასკვნის: "რისთვის და ვისთვის იყო საჭირო ეს გვარდია, რაკი ის ვერ გამოდგებოდა გარეშე მტერთან ბრძოლაში? ვფიქრობ, მენშევიკებს ამოქმედებდა ამ საკითხში ერთგვარი აზრი: ჯარი საჭიროა გარეშე მტერთან ბრძოლისთვის, ხოლო ჯართან საბრძოლველად (ვინ იცის, რა შემთხვევა იყვეს!") საჭიროა სახალხო გვარდია". 1921 წლის 15 თებერვალს გენერალ კვინიტაძეს სახლში "სახალხო გვარდიის" სარდალი ვალიკო ჯუღელი ესტუმრა და ჯარში დაბრუნება შესთავაზა. ეს რეალურად მთავრობის მეთაურის, ნ. ჟორდანიას თხოვნა იყო. გ. კვინიტაძემ შემდეგი პასუხი გასცა: "ომი წაგებულია, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ" და სათავეში ჩაუდგა გმირულ წინააღმდეგობას რიცხობრივად ჭარბი და უკეთესად ორგანიზებული მტრის წინააღმდეგ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს