რატომ ჰგავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი სპეცსამსახური ბოლშევიკურ "ჩეკას"? - კვირის პალიტრა

რატომ ჰგავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავარი სპეცსამსახური ბოლშევიკურ "ჩეკას"?

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ხანმოკლე პერიოდში, ძირითადად, შინაგან საქმეთა სამინისტროს "საგანგებო რაზმს" (მაშინდელ დოკუმენტებში და პუბლიკაციებში "განსაკუთრებულ რაზმსაც" ხშირად უწოდებდნენ) უნდა შეესრულებინა საქართველოს უმთავრესი სპეცსამსახურის ფუნქციები. "საგანგებო რაზმის" შექმნის ისტორია ძალზე საინტერესოა და ჩანს, რომ ქართველ სოციალ-დემოკრატებს რუსი ბოლშევიკებისთვის მიუბაძავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული "საგანგებო რაზმი" 1918 წლის მეორე ნახევარში დროებით, ექვსი თვის ვადით შეიქმნა, რის შესახებაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ სათანადო კანონიც მიიღო. შემდეგ პერიოდში "საგანგებო რაზმს" ოთხჯერ (1919 წლის 28 იანვარს, 28 ივნისს და 30 დეკემბერს, ასევე, 1920 წლის ივნისში) დეკრეტით გაუგრძელდა მოქმედების ვადა. თუმცა ამ გადაწყვეტილებების მიღებას დიდი დაპირისპირება და კამათი უძღოდა ხელისუფლებასა (სოციალ-დემოკრატები) და ოპოზიციას (ძირითადად, სოციალისტ-რევოლუციონერები ანუ "ესერები") შორის, რასაც ნათლად ასახავს 1919 წლის 29 ივლისის საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომის სტენოგრამული ანგარიში.

დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხად შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული "საგანგებო რაზმის" მოქმედების ექვსი თვით გაგრძელების დეკრეტის მიღება იდგა. ამ საკითხმა დიდი პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. ძირითადმა მომხსენებელმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა იოსებ ირემაშვილმა ამ რაზმის შესახებ დეკრეტის მიღების აუცილებლობაზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. "საგანგებო რაზმის" შექმნის და მოქმედების გახანგრძლივების აუცილებლობას მაშინდელი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები ქვეყნის წინაშე შიდა და გარე საფრთხეების არსებობით ასაბუთებდნენ.

"საგანგებო რაზმის" მთავარი ფუნქციები უნდა ყოფილიყო: საბჭოთა რუსეთის, "თეთრგვარდიელების" და მეზობელი ქვეყნების აგენტურასთან ბრძოლა, საქართველოს კომუნისტების მიერ ორგანიზებული გამოსვლების ჩახშობა, სპეკულაციისა და კორუფციის აღმოფხვრა და სხვ. დასამალი არაა, რომ საქართველოს მენშევიკური ხელისუფლება პირველ ეტაპზე (ძირითადად, 1918-1919 წლებში), რუსეთის ბოლშევიკების მიბაძვით მსგავს გადაწყვეტილებებს იღებდა (წითელი დროშა, "წითელი გვარდია", რომელსაც მოგვიანებით "სახალხო გვარდია" უწოდეს, "ასევე - "საგანგებო რაზმი" და სხვ.). ეს კი დიდ აღშფოთებას იწვევდა ოპოზიციურ პარტიებში. უმრავლესობის გეგმების წინააღმდეგ განსაკუთრებით დამფუძნებელი კრების წევრი, ცნობილი "ესერი" - ლეო შენგელაია აქტიურობდა: "საგანგებო რაზმი ნამდვილად კონტრრევოლუციონერების ბუდეა... სადაც სოციალ-დემოკრატიამ თავი მოუყარა ყოფილ ბოქაულებს და "სიშჩიკებს"... გადაჭარბებული არ იქნება ვსთქვათ, რომ რუსეთის ოხრანკასა და რამიშვილის საგანგებო რაზმს შორის არავითარი განსხვავება არც შემადგენლობით, არც მოქმედების მეთოდებით არ არსებობს... საგანგებო რაზმს ხელმძღვანელობენ კედია და ფაჩულია, ესენი არიან ყოფილი ბოქაულები, რომლებიც მთელს თავის სიცოცხლე ებრძოდნენ რევოლუციონერებს".

ლ. შენგელაიამ ეს "რაზმი" პირდაპირ დაადანაშაულა მოქალაქეთა უკანონო დაპატიმრებასა და წამებაში, თავისუფალი სიტყვის დევნასა და გაზეთების უსაფუძვლო დახურვაში. მან, ფრაქციის სახელით, "საგანგებო რაზმის" დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა. საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ოპოზიციის მწვავე კრიტიკას შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნოე რამიშვილმა (რომლის დაქვემდებარებაშიც "საგანგებო რაზმი" შედიოდა) ასე უპასუხა: "ყოველთვის რევოლუციურ ხანაში დემოკრატია იძულებული იყო მიემართა არა ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ზომებისთვის. თუკი რევოლუცია ნიშნავს ძველი წესწყობილების დანგრევას, სანამ ნგრევა დამთავრებული არ არის, არასოდეს არ შეიძლება მთავრობამ არ მიიღოს არა ჩვეულებრივი ზომები და თუ ეს არა ჩვეულებრივი ზომები საჭირო და აუცილებელი არის სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, მაშასადამე საჭირო იქნება ეს არა ჩვეულებრივი განსაკუთრებული რაზმები, რომელნიც მიზანს ემსახურებიან, შეიძლება ავად შეიძლება კარგადაც ..."

შემდეგ ნოე რამიშვილმა "განსაკუთრებული რაზმის" დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშნა ამ რაზმის ეფექტიანი მუშაობა სომხებთან ომის დროს, ასევე, დენიკინელების, ყალბი ქართული ბონების (ანუ ფულის ნიშნების - ბანკნოტების) დამამზადებლების, სპეკულაციის და, ზოგადად, რესპუბლიკის შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ. დამფუძნებელ კრებაზე კენჭის ყრის შედეგად დაამტკიცეს ახალი დეკრეტი "საგანგებო რაზმის" მოქმედების კიდევ ექვსი თვით გაგრძელეების შესახებ. წინააღმდეგი მხოლოდ ორი "ესერი", შენგელაია და გობეჩია იყვნენ. 1919 წლის 30 დეკემბერს დამფუძნებელმა კრებამ კვლავ განიხილა " საგანგებო რაზმის" მოქმედების 6 თვით გაგრძელების და "რაზმისთვის" დამატებით 40 შტატის გამოყოფის საკითხი. თუ მანამდე "რაზმის" მოქმედება, ფაქტობრივად, ვრცელდებოდა მხოლოდ ქალაქ თბილისზე, დამატებითი შტატების დამტკიცების შემდეგ მისი საშტატო შემადგენლობა 60 კაცამდე იზრდებოდა (1921 წლის დასაწყისისთვის 200 კაცამდე მიაღწია) და მას მთელი რესპუბლიკის ტერიტორია უნდა მოეცვა.

ამ ახალმა წინადადებამ კვლავ დიდი დაპირისპირება გამოიწვია. ისევ შენგელაია აქტიურობდა, რომლის გამოსვლაც, ჩემი აზრით, დღესაც არ კარგავს აქტუალობას: "თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში ყოველგვარი საგანგებო და საეჭვო რაზმების არსებობა ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ელემენტარულ ცნებას. საგანგებო რაზმი, თავისი განსაკუთრებული უფლებებით და ახირებული ორგანიზაციით, კი არ უწყობს ხელს ჩვენი რესპუბლიკის განმტკიცებას, პირიქით, ის თავისი უკანონო მოღვაწეობით და თვითნებობით სცემს დემოკრატიის პრესტიჟს... არსად, ევროპის არც ერთ თავისუფალ სახელმწიფოში, ასეთი საგანგებო რაზმები არ არსებობენ... ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის საგანგებო რაზმი, არის რუსეთი... ეს საგანგებო რაზმი - თვითნება რაზმია... თვითონ შესდგება კონტრრევოლუციონერებისაგან და როგორ უნდა ებრძოლოს მათ? ...ვიდრე თქვენ ხართ სათავეში შეუძლებელია რევოლუციას საფრთხე არ მოელეოდეს". ოპოზიციას კვლავ შინაგან საქმეთა მინისტრმა ნ. რამიშვილმა უპასუხა, რომელმაც, პირველ რიგში, "საგანგებო რაზმის" წარმატებული კონტრდაზვერვითი ოპერაციები აღნიშნა: "ბოლო ხანებში ჩვენში ადგილი ჰქონდა ბოლშევიკების გამოსვლებს, რომლის მიზანია დამოუკიდებლობის მოსპობა და შეერთება საბჭოთა რუსეთთან... და თუ ჩვენ შევძელით უკანასკნელი გამოსვლის ჩაქრობა, ეს იმიტომ, რომ ვიცოდით მათ მიერ განზრახული ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაედგა საოლქო კომიტეტს, რომელიც თავის მხრივ ასრულებს საბჭოთა მთავრობის დირექტივებს... არსებობს ბოლშევიკების საფრთხე... დენიკინის საფრთხე... დენიკინს აქ მრავლად ჰყავს თავისი არაოფიციალური აგენტები... საგანგებო რაზმმა მოგვცა საშვალება გაგვეგო უმთავრესი ნაბიჯები ბოლშევიკების მოქმედებისა..."

ნამდვილად შემთხვევითი არ იყო, რომ საქართველოში "საგანგებო რაზმის" შექმნის დრო და ძირითადი ფუნქციები ძალზე ემთხვეოდა ბოლშევიკების მიერ 1917 წლის 20 დეკემბერს რუსეთში შექმნილ "ჩეკას" ანუ საგანგებო კომისიას. ეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის დამფუძნებელ კრებაზე გამოსვლისას კიდევ ერთხელ დადასტურდა: "რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთის შესახებ ერთი აშკარაა - თუ რუსეთის მთავრობას არ ეწვია ისეთი ბედი, როგორიც... მთავრობას კერენსკისას, ეს აიხსნება იმით ის არ იჯდა გულ-ხელდაკრეფილი და თავის მტრებს ყოველის საშუალებით ებრძოდა... სადაც თვალსაჩინო ადგილი უჭირავს იმ "ჩერეზვიჩაიკებს", რომლის მუშაობას არც ჩვენ ვამართლებთ... მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ არც ერთ მთავრობას გარდამავალ ხანაში არ შეუძლია ხელი აიღოს რეპრესიებზე და არ მიიღოს მკაცრი ზომები". ამგვარად ამართლებდა ნ. რამიშვილი "საგანგებო რაზმის" არსებობის აუცილებლობას. იმ პერიოდის ოფიციალური დოკუმენტებიდან ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას იჩენდა "საგანგებო რაზმის" დაფინანსების მხრივ.

1920-1921 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განსაკუთრებულ ინტერესს სამხედრო და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაფინანსება იწვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 450 მილიონი მანეთით იყო ნავარაუდევი, რაც წინა წლის მაჩვენებელს 284 მილიონი მანეთით აღემატებოდა. აქედან 10,4 მილიონი მანეთი შსს-სთან არსებული "სპეკულიაციასთან, კონტრრევოლუციასთან და მძარცველობასთან მებრძოლი "განსაკუთრებული რაზმის" დაფინანსებისთვის იყო განკუთვნილი. ეს თანხა 6,5 მილიონი მანეთით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს. სწორედ "რაზმის" დაფინანსების გრაფის 4.3. მუხლში ვნახავთ მთავარს და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის აუცილებელ "სააგენტურო ხარჯებს".

თუ 1919-1920 წლის ბიუჯეტით ამ მიზნებისთვის 1,65 მილიონი მანეთი იყო გამოყოფილი (ანუ მთელი ბიუჯეტის დაახლოებით 10%), მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი აგენტურისთვის თანხების თითქმის ოთხჯერ, 6 მილიონ მანეთამდე გაზრდას ითვალისწინებდა. ეს კი "საგანგებო რაზმის" დაფინანსების თითქმის 60% იყო. აქედან კარგად ჩანს, რომ შსს-ს მინისტრი ნოე რამიშვილი ცდილობდა აგენტურასთან მუშაობას დიდი ყურადღება მიქცეოდა. ზემოაღნიშნულ ფინანსურ დოკუმენტში, სადაც მუხლობრივად არის განხილული იმ პერიოდის საქართველოს ძალოვანი სამინისტროების და უწყებების ხარჯვითი ნაწილი, მხოლოდ "განსაკუთრებულ რაზმის" დაფინანსების პარაგრაფში ვხვდებით აგენტურისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს (ხშირად "სპეციალურ", უფრო გვიან ე.წ. 9 მუხლს, რომ უწოდებენ), სხვაგან კი მსგავსი მონაცემები არ ჩანს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს კონსპირაციის მიზნით გაკეთებულიყო. იმ პერიოდში "საგანგებო რაზმის" მიერ ჩატარებულ კონკრეტულ ოპერატიულ-აგენტურულ ოპერაციებზე შემდეგ ვისაუბროთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს