ინტრიგანი, ამბიციურ-პოპულისტი, გამოუცდელი - ვის "ამკობდა" ამ ეპითეტებით ბოლშევიკების სამხედრო დაზვერვის რეზიდენტი?
ინტრიგანი, ამბიციურ-პოპულისტი, გამოუცდელი - ვის "ამკობდა" ამ ეპითეტებით ბოლშევიკების სამხედრო დაზვერვის რეზიდენტი?
ფოტო:იოსებ გედევანიშვილი, პავლე სიტინი
ბოლშევიკებს ნამდვილად ვერ წავართმევთ მზაკვრობასა და შეუპოვრობას: დასახული გეგმის მისაღწევად ისინი არანაირი ხერხის გამოყენებას არ თაკილობდნენ. მათთვის საქართველოს "გაწითლების" გეგმა დღის წესრიგიდან არც 1920 წლის 20 მაისს, ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ მოხსნილა. ბოლშევიკების
რუსეთის ცალკე საგარეო დაზვერვის დანაყოფი (ე.წ. ინო) 1920 წლის დეკემბერში შეიქმნა "ვჩკ"-ას განსაკუთრებული განყოფილების სტრუქტურაში, ამიტომ საქართველოში რუსეთის დაზვერვას 1920 წლის ივნისის შუა რიცხვებიდან 1921 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა რუსეთის სამხედრო წარმომადგელი, გენერალ-მაიორი პავლე სიტინი. მას შემდეგ, რაც რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოში - კიროვი შეინმანმა შეცვალა, კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთის საელჩოს პირადი შემადგენლობა, რომელთა შორის სხვადასხვა ეროვნების ბოლშევიკი აგენტები სჭარბობდნენ. მათი მთავარი მიზანი საქართველოს ძალოვან სამინისტროებსა და უწყებებში დასაყრდენის მოძებნა გახლდათ, რისთვისაც ისინი სხვადასხვა მეთოდებსა და ხერხებს იყენებდნენ.

ამ პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ ბოლშევიკების
მიერ წარმოებული ფარული ბრძოლის ფორპოსტი რუსეთის საელჩო გახდა, სადაც ბოლშევიკების სპეცსამსახურების (ვე-ჩე-კა და "სარეგისტრაციო სამმართველო") მრავალი თანამშრომელი იყო შეფარებული. ამჟამად ერთ-ერთ მათგანზე, კერძოდ - საქართველოში რუსეთის სამხედრო დაზვერვის რეზიდენტზე (ფორმალურად, რუსეთის დიპლომატიური მისიის სამხედრო წარმომადგენლობის ხელმძღვანელზე), ყოფილი მეფის არმიის გენერალ-მაიორ პავლე სიტინზე (1870-1938) მსურს, თქვენი ყურადღება შევაჩერო. მისი თითქმის ერთწლიანი, ღია და ფარული მოღვაწეობა საქართველოში ბოლშევიკების დიქტატურის დამყარებას და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი ურჩი, ევროპისკენ გეზაღებული კოლონიის დამორჩილებას ისახავდა მიზნად. სიტინმა საქართველოში ყოფნის პერიოდში (1920 წლის ივნისიდან 1921 წლის აპრილამდე) მოამზადა და ხელმძღვანელობას (მოსკოვსა და ბაქოში) 300 საიდუმლო მოხსენებაზე მეტი გაუგზავნა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სავარაუდოდ, 1921 წლის იანვარ-თებერვალში პავლე სიტინი დაპატიმრებული იყო და ჯერ ქუთაისის, შემდეგ კი - ბათუმის ციხეში იმყოფებოდა. გენერალი სიტინის მიერ მოსკოვში გაგზავნილი საიდულო მოხსენებების საერთო რაოდენობა ადასტურებს, რომ ის ყოველდღიურად საშუალოდ ერთ დოკუმენტს მაინც აგზავნიდა "ცენტრში". ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ პავლე სიტინი 1921 წლის აპრილის ბოლომდე ასრულებდა სამხედრო დაზვერვის რეზიდენტის ფუნქციებს და ამ პერიოდში "ცენტრში" გაგზავნილი 30-მდე საიდუმლო მოხსენება კვლავ ანტიქართული, ცალმხრივი და არაობიექტური იყო.
1920 წლის 15 ივლისით დათარიღებულ საიდუმლო მოხსენებაში სიტინმა ცენტრს წარუდგინა საქართველოში სადაზვერვო მუშაობის ძირითადი მიმართულებები. კერძოდ, მისი აზრით, რეზიდენტურას შემდეგი სამი მთავარი ამოცანა უნდა გადაეჭრა:

ა) ინფორმაციის მოპოვება ყირიმში, თურქეთში, სომხეთსა და სპარსეთში არსებულ ვითარებაზე;
ბ) ინფორმაციის მოპოვება ჩრდილოეთ კავკასიაში ბოლშევიკების საწინააღმდეგო გამოსვლების მზადების შესახებ;
გ) მესამე ამოცანად სიტინი ასახელებს: "თქვენ მიერ მოცემულ ინსტრუქციაში მითითებული მონაცემების შეგროვებას".

ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო უშუალოდ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციების მომზადება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გენერალ სიტინის ის მოხსენებები, სადაც საქართველოსა და, კერძოდ - თბილისში ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის პერსპექტივებზეა ყურადღება გამახვილებული. სიტინი "ცენტრს" სწერდა: "ტიფლისში ყოფნის ხანმოკლე პერიოდის მიუხედავად, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აქ ფულით ყველაფრის გაკეთება და ყველა ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი - საკითხი მხოლოდ თანხის ოდენობაა. შესაძლებელია არა მარტო თვითონ გყავდეს ინფორმატორი, არამედ - საქართველოში საპასუხისმგებლო პოსტებზე მომუშავენიც გახდნენ შენი ინფორმატორები". გენერალი სიტინი საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაურების ფსიქოლოგიურ პორტრეტებსაც ადგენდა და "ცენტრს" უგზავნიდა (მაგ. საიდუმლო მოხსენებები #147, 06.11.1920. და #217, 07.12.1920.). ინტრიგანი, ამბიციურ-პოპულისტი, გამოუცდელი - ამგვარი ეპითეტებით ახასიათებდა სიტინი ჩვენ სამხედრო მოღვაწეებს.

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ამ ინფორმაციას იყენებდნენ როგორც საქართველოში მყოფი სიტინი და მოსკოვი, ასევე, ათწლეულების შემდეგ, საბჭოთა საგარეო დაზვერვა, უკვე ემიგრაციაში მყოფი ქართველი ოფიცრების გადასაბირებლად ან მათი კომპრომეტირებისთვის.

ქვემოთ გავეცნოთ სიტინის შედგენილი, 1920 წლის 6 ნოემბრის #147 საიდუმლო მოხსენებიდან მცირე ამონარიდებს, რომელიც ქართველი ოფიცრების პიროვნულ და პროფესიონალურ დახასიათებას ეხება.
"ფორმირების განყოფილების უფროსი გენერალი ჯიჯიხია გენშტაბის ოფიცერია, თუმცა მისი მთელი სამხედრო გამოცდილება შემოიფარგლება ომში 1914 წლის პირველ თვეებში მონაწილეობით, რადგან ის ტყვედ ჩავარდა... რუსეთიდან 1918 წელს კაპიტნის წოდებით ჩამოვიდა. გახდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, ჩაირიცხა ეროვნულ გვარდიაში და მალე მიაღწია გენერლის წოდებას. სომხებთან და აზერბაიჯანელებთან ომებში ქართული გვარდიის ნაწილებს მეთაურობდა. განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი არ გამოუვლენია. თუმცა გვარდიის მეთაურთა შორის ყველაზე მცოდნე ოფიცერი იყო. თანამდებობაზე დანიშვნისას პირადი და არა საქმის ინტერესებით ხელმძღვანელობს. მოხერხებული (როგორც ყველა მეგრელი) და დიდი ინტრიგანია..." .

ქართველ სამხედრო მოღვაწეთა დახასიათება გვხვდება სხვა მოხსენებებშიც: "გენერალმა იოსებ გედევანიშვილმა გენერალური შტაბის აკადემია დაასრულა მე-2 კატეგორიით, 1905 წლამდე მსახურობდა დივიზიის შტაბში. 1906 წელს მონაწილეობდა დუშეთის მაზრის ხაზინის ძარცვაში (ვითომდა პოლიტიკური მიზნების გამო). იყო ნასამართლევი, სამსახურიდან დათხოვნილი. ჩართული იყო პოლიტიკურ და ლიტერატურულ საქმიანობებში. სოციალ-ფედერალისტების პარტიის გამოჩენილი ფიგურა. რუსები არ უყვარს. რევოლუციის შემდეგ კვლავ ჩაირიცხა არმიაში და მალე კაპიტნის წოდებიდან იღებს გენერლის წოდებას. არანაირი მნიშვნელოვანი სამხედრო მომზადება არა აქვს, ასეულის მეთაურიც კი არ ყოფილა. როგორც ფრონტის მეთაური იყო სრულიად უნიჭო, თუმცა დიდი პრეტენზიებით. ჟორდანია, როგორც ჩანს, მას კარგად მიუხვდა და ახლა არ სწყალობს".

ერთ-ერთ, სხვა მოხსენებაში სიტინი წერდა: "გედევანოვი, როგორც გენშტაბის ოფიცრები ამტკიცებენ, თითქმის ყოველდღე აგებს 100-200 ათას მანეთს კლუბებში, თუმცა, ჯერჯერობით, ახერხებს გამამართლებელი დოკუმენტების წარდგენას". გაურკვეველია, ამ შემთხვევაში რომელ გედევანიშვილს გულისხმობდა სიტინი: იოსებს თუ ალექსანდრეს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, ეს ფაქტი მნიშვნელოვანი კომპრომატი იქნებოდა ბოლშევიკების ხელში. შემდეგ სიტინი აღნიშნავს:
"პოლკოვნიკი ძაგანია (ფრონტის შტაბის უფროსი) უნარიანი, თუმცა გამოუცდელი გენერალური შტაბის ოფიცერია, 1918 წლის აკადემიის დაჩქარებული კურსის კურსდამთავრებული. დიდი ოპერაციებისთვის სრულიად მოუმზადებელია".

წითელი (შემდგომ სახალხო) გვარდიის მთავარი შტაბის ხელმძღვანელს ვალიკო ჯუღელს სიტინი ამგვარად ახასიათებს: "ცნობილი ნაციონალისტი, სტრატეგიული მომზადება არა აქვს. პატივმოყვარე და პოპულისტია, თუმცა მამაცი და შეუპოვარი ადამიანი და შესანიშნავი ბელადია".
1920 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ #217 საიდუმლო მოხსენებაში სიტინი წერდა: "სამხედრო სამინისტრო (გედევანოვი, ოდიშელიძე) და უმაღლეს მეთაურთა შემადგენლობა ძველი რუსული ტრადიციებისაა... ყველა დამოუკიდებელი საქართველოს მომხრეა".

იშვიათი გამონაკლისი იყო გენერალი ვასილ კარგარეთელი, რომელმაც სიტინისგან შექება დაიმსახურა: "საარტილერიო ბრიგადის მეთაური კარგარეთელი ომამდელი დროის შესანიშნავი ოფიცერი, კარგი მეურნე, საქმის კაცია. პოლიტიკური თვალსაზრისით ლიბერალური, თუმცა არა სოციალისტური შეხედულებებისაა".

სიტინი, როგორც გამოცდილი ოფიცერი, კარგად ხედავდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო არსებულ პრობლემებს. ის ერთ-ერთ საიდუმლო მოხსენებაში წერდა: "ჯარების ოფიცრებით დაკომპლექტებისას პარტიულ (იგულისხმება მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია - ბ.ა.)... ოფიცრებს აქვთ გაცილებით დიდი უპირატესობა უპარტიოებთან შედარებით. ამის გამო სამხედრო ნაწილები შევსებულია 1914-1917 წლების გამოშვების ახალგაზრდებით, ხოლო ძველი არმიის კადრის ოფიცრები, რომლებიც ფლობენ მაღალ საერთო განათლებას და საუკეთესო სამხედრო მომზადებას, ვერ პოულობენ სათანადო ადგილს მშობლიურ არმიაში ან მათ საკმაოდ მოკრძალებულ თანამდებობებზე ნიშნავენ".

ბოლშევიკების მზვერავმა ის გარემოებაც შენიშნა, რომ ქართველი ოფიცრები სამხედრო პოსტებზე ხშირად მათი განათლების, პროფესიონალიზმისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინების გარეშე ინიშნებოდნენ. სიტინი წერდა: "ქართული არმიის ერთადერთ ცხენოსანთა პოლკს ფეხოსანთა ოფიცერი მეთაურობს. არსენალის უფროსი დიდი ხნის მანძილზე იყო ყოფილი ბატალიონის მეთაური (პოლკ. კორინთელი) - ქვეითი, რომელიც ბოლოს შეცვალა არტილერიის ოფიცერმა (პოლკ. თუმანოვი)... მთავარი საინჟინრო საწყობის მეთაური (მაიორი ბაგრატიონ-დავიდოვი), ასევე ყოფილი ქვეითთა ოფიცერია, რომელმაც 1909 წელს დაამთავრა ტიფლისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი", - აღნიშნავდა სიტინი.

სიტინი კიდევ ერთ მწვავე, წმინდა "ქართულ სენს" ეხება: "ოფიცერთა წოდების მინიჭება არანაირად არ არის დამოკიდებული მათ მომზადებასა და გამოცდილებაზე. ყველაფერი დამოკიდებულია მეთაურის შეფასებაზე, ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხშირად უპირატესობა ენიჭება ისეთ პირებს, რომლებთაც აქვთ ნათესაური ან სხვა ურთიერთობები მეთაურთან". მას კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს: "უფროსმა ლეიტენანტმა ფარეზაშვილმა (ტექსტში გვარი ამგვარად იკითხება - ბ.ა.) კაპიტნის წოდება და მე-7 პოლკის, მე-7 ასეულის მეთაურობა მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ამ პოლკის მეთაურის, პოლკ. ვაჩნაძის ქალიშვილი ჰყავს ცოლად, მაშინ როცა პოლკში არიან უფრო გამოცდილი და ღირსეული ოფიცრები".

მკითხველს უთუოდ ენიშნა ზემოაღნიშნული საკითხები. იმ მოვლენებიდან თითქმის ასი წლის შემდეგაც ანალოგიური პრობლემები საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სპეცსამსახურებში კვლავაც აქტუალურია.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ მოყვანილი დაწვრილებითი პიროვნულ-ფსიქოლოგიური პორტრეტების უშუალო ავტორი სიტინის რომელიმე აგენტი იყო, რომელიც საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში მოქმედებდა. ვინ აწვდიდა ბოლშევიკების სამხედრო დაზვერვის რეზიდენტს ამ, ძალზე მნიშვნელოვან ინფორმაციას? ამის შესახებ შემდეგ ვისაუბროთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
გფიცავ
15 ივნისი 2021 07:52
არაა გამოსავალი.პარლამენტში და მთავრობაში ერთმანეთის შესაჭმწლად მიდიან,და არ საქმისთვის,საქართველო ყველა პარტიის "ლიდერს" ფეხებზე კიდია საკუთარ ანგარიშსწორებაეა ყველა, მომავალი ჟორდანიებია ყველა
გიორგი
09 ივნისი 2021 13:03
გული მწყდება ძალიან....ერთი ერთში მეორდება ყველაფერი. სად არის გამოსავალი, სად?

რუბრიკის სხვა სიახლეები