რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში: ვინ იყვნენ აგენტები ივანოვი და გოხი?
რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტურა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში: ვინ იყვნენ აგენტები ივანოვი და გოხი?
ფოტო:გაბრიელ ხუნდაძე, მეორე ფოტოზე: მარცხნიდან რომან მკურნალი, მისი მეუღლე და ლადო ახმეტელი
თანამედროვე რუსი ისტორიკოსები (ა. განინი და სხვები) დაუფარავი კმაყოფილებით აცხადებენ, რომ ბოლშევიკების სამხედრო დაზვერვის რეზიდენტ პავლე სიტინს საქართველოში 40-ზე მეტი აგენტი და ინფორმატორი ჰყავდა, მათ შორის - საქართველო დამფუძნებელთა კრებასა და სამხედრო სამინისტროში, ბრიტანულ, ფრანგულ და სომხურ დიპლომატიურ მისიებში და ა.შ. გენერალმა სიტინმა 1920 წლის 4 დეკემბერს "ცენტრს" საიდუმლო მოხსენება #210 (აგენტების სია) გაუგზავნა. სანამ ბოლშევიკების აგენტურის სიას შევეხებით, მინდა აღვნიშნო, რომ ეს გადაწყვეტილება ძალზე სარისკო იყო: საქართველოს ან სხვა
ქვეყნების სპეცსამსახურებს შეეძლოთ ამ დოკუმენტის ხელში ჩაგდება და მაშინ ბოლშევიკების დაზვერვას სრული ლიკვიდაცია მოელოდა. თუმცა საქართველოს კონტრდაზვერვამ და დაზვერვამ (მოსკოვში ქართველი მზვერავების ყოფნის შესაძლებლობა დასაშვები ხდება გენერალ სიტინის 1920 წლის 4 დეკემბრის #211 მოხსენების გაცნობის შემდეგ, სადაც ის წერს: "დაზვერვის ორგანიზებისთვის მოსკოვში საქართველოს მისიის შემადგენლობაში
"კოჭლი" დარჩა".
ჩემი ვარაუდით საქმე ეხება ჯერ კიდევ გაბრიელ ხუნდაძის (1877-1937) ხელმძღვანელობით რუსეთში საქართველოს კულტურულ-ჰუმანიტარული მისიის ერთ-ერთ ყოფილ წევრს, რომელიც ახალი, უკვე ოფიციალური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაში დატოვეს. ცნობილია, რომ 1920 წლის 10 ოქტომბერს მოსკოვში ჩავიდა ქართული დიპლომატიური მისია გერასიმე მახარაძის ხელმძღვანელობით. "კოჭლის" პიროვნების იდენტიფიცირება სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა) ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ გენერალ სიტინის მიერ შედგენილ ბოლშევიკ აგენტთა სიას (ჩემი აზრით დასაშვებია, რომ ეს ოპერატიული ფსევდონიმები იყოს და არა - რეალური გვარები): დამფუძნებელი კრება - ბელოუსოვი, იუჟნი, გეიკი; სამხედრო სამინისტრო - პეტროვი, ოსიპოვი, ოსტროვსკი, გეიკი; ეროვნული გვარდია - მე-7-ე ბატალიონის ოფიცერი (ეროვნებით სომეხი); თბილისი - მარკოვი, ვასილევი, ნორდმანი, იუმატოვი, ხომაკოვი, ჯიბაგიევი, პრჟებიტისკი, კოსივი, რედლიხი, ზაბელსკი, რამეზოვი, ვოლმანი, კოსტევი, სემიონი, კარცევი, სარიჩევი; ახალციხე - ბახრაძე (სავარაუდოდ - ბაქრაძე, - ბ.ა.); ქუთაისი და ონი - გაბუჩია; სოხუმი -კალე ბელოუსოვი, ილია; ფოთი - მიხაილოვი, ბორისოვი; ბათუმი - პეტროვი, პავჩინსკი, შვეცი; ახალქალაქი - გრიგორევი; გარდა ამისა, სიტინის რეზიდენტურის აგენტები ყოფილან: საფრანგეთის საელჩო (საქართველოში - ბ.ა.) - ჟურავლევი, ლევჩენკო, ივანოვი; ინგლისის მისია (საქართველოში - ბ.ა.) - პეტროვიჩი; სომხეთის მისია (საქართველოში - ბ.ა.) - ტაიროვი, ჩუიკოვი; კონსტანტინოპოლი - დოლინი; სომხეთი - პოგორელოვი, ლიტვინოვი.

გენერალი სიტინი ცდილობდა, საქართველო და თბილისი ბოლშევიკების სადაზვერვო ოპერაციების შტაბ-პლაცდარმად ექცია, ხოლო ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებით - სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მოეცვა. სიტინის ხელმძღვანელობით აგენტურა მოქმედებდა ჩვენი ქვეყნის უმთავრეს დაწესებულებებში: დამფუძნებელი კრების აპარატში (ბელოუსოვი, იუჟნი, გეიკი), სამხედრო სამინისტროში (პეტროვი, ოსიპოვი, ოსტროვსკი, გეიკი), ეროვნულ გვარდიაში (მე-7 ბატალიონის, ვინმე, ეროვნებით სომეხი ოფიცერი). ბოლშევიკების აგენტურა აქტიურობდა საქართველოს რეგიონებშიც. ჩამოთვლილი აგენტების უდიდესი უმრავლესობა არაქართული ეროვნებისა იყო. 1920 წლის შემოდგომის ბოლოს გენერალი სიტინი მოსკოვს ატყობინებდა: "ტიფლისში უკვე მიმდინარეობს თვალთვალი და ინფორმაციის მიღება დამფუძნებელი კრებიდან. ვიღებთ ზომებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში კავშირის დასამყარებლად".

ჩემი აზრით, საქართველოში გენერალ სიტინის აგენტურა შემდეგი კატეგორიისა იყო: ა) აგენტი-ინფორმატორები, რომლებიც რუსეთის სამხედრო დაზვერვის რეზიდენტურას შემთხვევით გაგებულ ინფორმაციას ერთჯერადად ან არასისტემატურად აწვდიდნენ; ბ) საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურაში ჩანერგილი აქტიური და ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტები, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ საიდუმლო დოკუმენტებზე. ეს კატეგორია რეზიდენტურისთვის ინფორმაციის გადაცემასთან ერთად ადგენდა ანალიტიკურ მოხსენებებს საქართველოს სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალზე, სოციალურ მდგომარეობაზე, ჯარისკაცებისა და ოფიცრების განწყობაზე და ა.შ. ისინი, ასევე, ადგენდნენ ქართველი გენერლებისა და ოფიცრების პროფესიონალურ და პიროვნულ ფსიქოპორტრეტებს; გ) აგენტი-შემსრულებლები - ბოლშევიკების რეზიდენტურა მათ, ძირითადად, საქართველოს რკინიგზასა თუ ხიდებზე დივერსიებისა და ტერაქტების დროს იყენებდა; დ) აგენტი-პროვოკატორები იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები და სხვადასხვა მიზეზით ჩამოსული ბოლშევიკების ღია და ფარული მხარდამჭერები. მათი ამოცანა სოციალურ-ეკონომიკური და ეთნიკური ნიშნებით შენიღბული სახალხო გამოსვლებისა და დემონსტრაციების ორგანიზება იყო.

1930-იანი წლების შუახანებში ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილმა ოფიცერმა, პოდპოლკოვნიკმა რომან მკურნალმა (1887-1947) საინტერესო და ვრცელი ანალიტიკური წერილი გამოაქვეყნა ბერლინში გამომავალ ქართველ ნაციონალისტთა ორგანო "კლდეში". ჩანს, რომ 43-გვერდიანი პუბლიკაცია, სახელწოდებით "მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა", რომან მკურნალის ხანგრძლივი კვლევის შედეგი იყო. თავად ავტორს სხვადასხვა წყარო გენშტაბის დაზვერვის განყოფილების თანამშრომლად მოიხსენიებს. ზემოაღნიშნულ პუბლიკაციაში ავტორი განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ უცხო ქვეყნების აგენტურის მოქმედებების განეიტრალების (ანუ კონტრდაზვერვით) ოპერაციებზე აკეთებს. რომან მკურნალი პუბლიკაციის VII თავში ("საბჭოთა ჯაშუშობა საქართველოში") აღნიშნავს (სტილი დაცულია): "თავისთავად ცხადია, რომ ბოლშევიკებმა, ემზადებოდნენ რა საქართველოზედ დასაცემად, მოაწყეს ძლიერი საჯაშუშო მოქმედება. ხალხის მასალა მათ ამისათვის დიდი ჰქონდათ. რუსები, რომლებიც ჩვენში ცხოვრობდნენ და ჩვენს დამოუკიდებლობას სიძულვილით უყურებდნენ, რუსის ოფიცრობა, რომლისთვისაც წითელი ჯარი მაინც რუსეთის ჯარი იყო და ამის გარდა ზოგი მათგანი ფიქრობდა ამ მოღვაწეობით ბოლშევიკების კეთილგანწყობილება მოეპოვებინა, ნაწილი სომხებისა, რომელიც საზოგადოდ რუსეთის ორიენტაციისა იყო, განურჩევლად "ფერისა", და ბოლოს, ჩვენი ქართველი კომუნისტები და გამყიდველი ელემენტები, რომელნიც ყოველ ქვეყანაში მოიპოვებიან, ყველა ჩვენი საქმეები - შეიარაღებისა, ოფიცერთა რიცხვისა, მარაგისა და საზოგადოდ ყველაფრისა, რაც სამხედრო საიდუმლოებას შეადგენს - ბოლშევიკებმა კარგად იცოდნენ". შემდეგ პოდპოლკოვნიკი რომან მკურნალი ბოლშევიკების აგენტურის მოქმედების ორ ფაქტს განიხილავს. რომან მკურნალი აღნიშნავს (სტილი უცვლელია): "ღენერალური შტაბის... პოლკოვნიკი ივანოვი იყო ჩვენს სახელმწიფო სამსახურში, სტატისტიკურ განყოფილებაში, პოდპოლკოვნიკ გოხს სამსახური არ ჰქონდა და ცხოვრობდა ტფილისის სადგურის ახლოს რკინისგზის რაიონში, სახელმწიფო შენობაში. მისი მამა მსახურობდა რკინისგზის მთავარ სახელოსნოში. ივანოვი და გოხი ორივენი მუშაობდნენ საბჭოთა მისიის სამხედრო ატაშე ღენერალ სიტინისათვის, რომელსაც აწვდიდნენ ცნობებს ჩვენი შეიარაღებული ძალების, მარაგისა და სამხედრო საწყობებისა, ჯარების დისლოკაციისა, ჯარების უფროსებისა და სხვ. შესახებ".

ბოლშევიკების ერთ-ერთი აგენტის, პოდპოლკოვნიკ გოხის შესახებ ქართველი ოფიცერი წერს (სტილი დაცულია): "პოდპოლკოვნიკი გოხი ხშირად დადიოდა ტფილისის სადგურზედ, თვალყურს ადევნებდა ჩვენი ეშელონების მოძრაობას, ჰგზავნიდა ერთგულ ხალხს ბორჩალოს მაზრაში, რათა გამოერკვია ჩვენი სამხედრო ძალები და მათ მიერ დაჭერილი პოზიციები. ისავე იღებდა მონაწილეობას ასი ერთგული კაცის მოკრებაში, რომელთაც საქართველოსთან ომის დროს უნდა აეფეთქებინათ სამხედრო საწყობები, რკინისგზის ხიდები, ტრანსპორტი და სხვა. დიდი ხნის დაზვერვის შემდეგ ორივენი დატუსაღებულნი იქმნენ, პოლკოვნიკი ივანოვი მისი დატუსაღების დროს სტატისტიკურ განყოფილებაში ადგენდა ქართული ჯარის უფროსების დახასიათებებს, და დაეხასიათებია რა ღენ. ოდიშელიძე და გედევანიშვილი, ამთავრებდა ღენერალ კვინიტაძის დახასიათებას. საგანგებო სამხედრო სასამართლოს წინაშე ორივენი გამოტყდნენ ჯაშუშობაში". მკითხველი უკვე გაეცნო სიტინის მიერ მოსკოვში გადაგზავნილი იმ საიდუმლო ცნობების შინაარსს, სადაც ქართველი გენერლების ფსიქოლოგიური პორტრეტები და პროფესიული თვისებები იყო გაანალიზებული. ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ანალიტიკური ინფორმაცია საქართველოს სამხედრო სამინისტროში მოქმედი ბოლშევიკების აგენტის, პოლკოვნიკ ივანოვის მიერ იყო შედგენილი. ის, საკუთარი ოპერატიული შესაძლებლობიდან გამომდინარე, გაცილებით მნიშვნელოვანი აგენტი იყო, ვიდრე პოდპოლკოვნიკი გოხი. ჩანს, რომ ივანოვი კარგად იცნობდა ქართველი ოფიცრების ძლიერ და სუსტ მხარეებს. 1920 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის ივანოვი ბოლშევიკების სასარგებლოდ მუშაობდა, რაც შემდეგი გარემოებით დასტურდება.

სიტინის მიერ მოსკოვში 1920 წლის 6 ნოემბერს გაგზავნილ #147 მოხსენებაში მოცემული იყო გენერალ ა. ჯიჯიხიას და ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბის მეთაურის -  ვ. ჯუღელის, ხოლო 1920 წლის 7 დეკემბრის #217 მოხსენებაში გენერლების - ოდიშელიძისა და გედევანიშვილის დახასიათებები. რაც შეეხება მეორე აგენტს, პოდპოლკოვნიკ გოხს. პოდპოლკოვნიკ რომან მკურნალის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გოხი ტერორისტული და დივერსიული ოპერაციების ჩატარების სპეციალისტი იყო. ბოლშევიკების დაზვერვას ყოველთვის ახასიათებდა ამგვარი დივერსიფიცირება, თუმცა, "ტერორისტები" ყოველთვის სჭარბობდნენ "ანალიტიკოსებს". პოლკოვნიკ ივანოვის, ისევე როგორც, პოდპოლკოვნიკ გოხის გვარები, პავლე სიტინის მიერ შედგენილ "აგენტთა სიაში" არ გვხვდება. რა მიზეზებით შეიძლება ყოფილიყო ეს გამოწვეული? ამ დროს კი ისინი ჯერ დაპატიმრებულნი არ იყვნენ (რ. მკურნალის ინფორმაციიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 1920 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით ივანოვი განეიტრალებული არ იყო). ჩემი აზრით, ეს შემდეგი გარემოებით იყო გამოწვეული. ორივე აგენტის დიდი მნიშვნელობიდან და კონსპირაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სიტინის მოხსენებაში ივანოვისა და გოხის გვარები ოპერატიული ფსევდონიმებით იყო შეცვლილი. თუნდაც ამ ჩამონათვალში: "სამხედრო სამინისტრო - პეტროვი, ოსიპოვი, ოსტროვსკი, გეიკი". რომან მკურნალი რუსეთის აგენტურის გამოვლენის სხვა შემთხვევასაც იხსენებს (სტილი დაცულია): "მეორე შემთხვევა სადგურ ფოილოში. განსაკუთრებული რაზმის აგენტებმა დაატუსაღეს ერთი ქართველი ქალი, სახელად "მარია", რომელსაც ორმაგძირიან კალათაში აღმოაჩნდა მეტად მნიშვნელოვანი საბუთები სამხედრო ხასიათისა: ქართული სამხედრო ძალებისა და შემადგენლობის შესახებ. მათი დისლოკაციისა, ოფიცერთა და უნტერ-ოფიცერთა შემადგენლობისა მათი გვარებით და სახელებით და სხვა.

ეს ყველაფერი არათუ შიფრით არ იყო დაწერილი, არამედ ძლიერ მკაფიოდ, რუსულ ენაზედ და ქვევით შემდეგი იყო მიწერილი: "გახურებული ვმუშაობ, მივდივარ სოჭის რაიონში, ფული გამომიგზავნეთ. ვანო". ამ ამბის გაზეთებში ნაადრევად გამოქვეყნებამ არ მოგვცა შეძლება გამოგვერკვია ჯაშუში ქალის თანამშრომლები". 1920 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" #278-ში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სადგურ სალოღლიში მატარებლის მგზავრების ჩხრეკის დროს საბაჟოს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ბოლშევიკების არალეგალური მუშაობის დამამტკიცებელი დოკუმენტები. ბოლშევიკების აგენტ "მარიას" ბედი კი უცნობია. სავარაუდოდ, საუბარია ბოლშევიკების ერთი და იმავე აგენტზე. თუ როგორ მუშაობდა ქართული კონტრდაზვერვა და რა ბედი ეწიათ ბოლშევიკების ჯაშუშებს ამას შემდეგ შევიტყობთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები