საქართველოს მთავარი პრობლემა მტრის აგენტურა იყო, არის და... კვლავ იქნება? - კვირის პალიტრა

საქართველოს მთავარი პრობლემა მტრის აგენტურა იყო, არის და... კვლავ იქნება?

იხილეთ წინა ნაწილი

დაპატიმრებული ბოლშევიკების აგენტების - პოლკოვნიკ ნიკოლაი ივანოვისა და პოდპოლკოვნიკ ვიტალი გოხის შესახებ ქართველი ემიგრანტი და ყოფილი სამხედრო მზვერავი -  რომან მკურნალი წერს (სტილი დაცულია): "თუმცა ყოველთვის ყოველ ქვეყანაში მტრის ჯაშუშები ომის დროს უდიდესი სასჯელით ისჯებიან ხოლმე, მაგრამ ეტყობოდა, რომ ქართველი კაცის ბუნებრივი რბილი ხასიათის გამო, სასამართლოს წევრები თვითონ ეძებდნენ ჯაშუშების დანაშაულობის შესამსუბუქებელ პირობებს, და რომ ვერ ნახეს, ბოლოს წინადადება მისცეს მათ, ორივეს მიეცა თხოვნა პატიებისათვის. პოლკოვნიკი ივანოვი სრულიად გამოტყდა და ითხოვა პატიება. მას მიესაჯა 3 წელი კატორღა. პოდპოლკოვნიკმა გოხმა ამაყად უარყო თხოვნა პატიებისათვის და დახვრეტილ იქმნა. ორივე ჯაშუშის გასამართლება ხდებოდა ტფილისის კართან ბრძოლის დროს".

ბოლშევიკების სამხედრო შენაერთები თანდათან წინ მოიწევდნენ და საქართველოს მთავრობა იძლებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა და ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი - ბათუმში გახიზნულიყო. პოლკოვნიკი ნიკოლაი ივანოვი, სხვა პატიმრებთან ერთად, ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, სამწუხაროდ, მხოლოდ საბჭოთა ოფიციალურ წყაროებს (გაზეთი "კომუნისტი", "ქართული საბჭოთა ენციკლოპედია" და სხვ.) უნდა დავეყრდნოთ, ისინი კი ძალზე კრიტიკულ ანალიზს საჭიროებენ. საბჭოთა "პროპაგანდისტულმა მანქანამ" 1921 წლის 9 მარტს ქუთაისის ციხეში მომხდარის ამგვარი ვერსია შექმნა (რომელსაც, სამწუხაროდ, დღესაც უკრიტიკოდ იღებენ): მილიციონერებმა - გაბილაიამ, ფიჩხაიამ, თოფურიძემ, გოგორიშვილმა და სხვ. ციხიდან გამოიყვანეს ნიკოლაი ივანოვი, პავლე მარდალეიშვილი (ცნობილი ბოლშევიკ-ტერორისტი) და დავით უკლება (კრიმინალი), წაიყვანეს საფიჩხიას ტყეში და დახვრიტეს. შემდეგ ცხედრებს გადაასხეს ნავთი და დაწვეს. "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" მე-6 ტომში ცალკე სტატია ეთმობა პავლე მარდალეიშვილს, სადაც ვკითხულობთ: "პავლე მარდალეიშვილი (1884-1921) დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, ქუთაისის მაზრა. 1905 წლიდან მონაწილეობდა ხონის ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში. რეაქციის წლებში პარტიულ დავალებებს ასრულებდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. იგი არაერთხელ ყოფილა დაპატიმრებული და გადასახლებული. 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ შლისელბურგის ციხეში მიუსწრო. 1917 წლის გაზაფხულზე საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო რევოლუციური მოღვაწეობა. 1919 წლის 13 სექტემბერს ა. ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელ გენერალ ნ. ბარათოვზე თავდასხმაში, რისთვისაც დააპატიმრეს. 1920 წლის 14 მაისს გაათავისუფლეს, ივლისში კვლავ დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც შემდეგ ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს. 1921 წლის 10 მარტს ყოფილი მენშევიკური მთავრობა ქუთაისიდან ბათუმში გაიქცა. წასვლისას იგი და მისი მეგობარი ნ. ივანოვი საშინლად აწამეს და ქუთაისის მახლობლად ტყეში დაწვეს."

არავინ იცის, ჩატარდა თუ არა ცხედრების იდენტიფიცირება და დადგინდა თუ არა გარდაცვლილების ვინაობა. ქართველმა ბოლშევიკებმა მთელ საქართველოს მოსდეს ორი დამწვარი გვამის (თუმცა მათივე ინფორმაციით, დახვრეტილი, დამწვარი სამი პატიმარი იყო) ფოტოები, როგორც მენშევიკების სისასტიკის მაჩვენებელი. 1924 წლის თებერვლის ბოლოს გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამო (სიმონ ტერ-პეტროსიანი), არკადი ელბაქიძე, სანდრო მახარაძე, თომა ჩუბინიძე, მიშა გეგეჭკორი, შალვა ასკურავა, აკაკი ოჩიგავა, თედორე შოშიაშვილი, მინა ვარუაშვილი, პავლე მარდალეიშვილი და ნიკოლოზ ივანოვი სიკვდილის შემდეგ მაშინ არსებული უმაღლესი ჯილდოთი, წითელი დროშის ორდენებით დააჯილდოვეს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ 1930-იანი წლების შუახანებში დაბეჭდილ რომან მკურნალის წერილში "მიზეზნი ჩვენი დამარცხებისა" ნიკოლაი ივანოვის მძიმე ხვედრის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რ. მკურნალი გაცნობილი იქნებოდა ქართველი ბოლშევიკების ოფიციალურ ვერსიას (ემიგრაციაში მყოფი ყოფილი ხელისუფლების წევრები ყურადღებით ეცნობოდნენ საბჭოთა პრესას), თუმცა გარკვეული მოსაზრებით ნ. ივანოვის გარდაცვალების საკითხი ღიად დატოვა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების შესახებ წერილები კონტრდაზვერვის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების მცირე ანალიზით მინდა დავასრულო. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თბილისში ბოლშევიკების სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, გენერალ სიტინის ის მოხსენებები, სადაც საქართველოსა და, კერძოდ, თბილისში ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის პერსპექტივებზეა ყურადღება გამახვილებული. #91-ე მოხსენებაში სიტინი კომპლიმენტებს არ იშურებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურების მიმართ: "ქართველები, ისევე, როგორც ყველა აღმოსავლელი ელემენტი, ძალზე ეჭვიანები არიან, დაზვერვა და გამოძიება მათ შესანიშნავად აქვთ მოწყობილი და სულ კუდში დაგვდევენ". ჩემი აზრით, გენერალ სიტინის ეს გადაჭარბებული ქება მისი მუშაობის სირთულის ხაზგასმას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე საქართველოს სპეცსამსახურების რეალური შესაძლებლობების ობიექტურ შეფასებას. იმ პერიოდში ქვეყანაში კონტრდაზვერვის დანაყოფის ფუნქციებს "საგანგებო რაზმი" ასრულებდა, რომლის 1920 წლის მუშაობის ანგარიში ასე გამოიყურება: დააპატიმრეს არალეგალურად მომუშავე 513 ბოლშევიკი და მათი აგენტები; ქვეყნიდან გააძევეს დენიკინის მომხრე, არასაიმედო 179 პირი; დააპატიმრეს ყალბი ფულის და საბუთების დამამზადებელი 33 პირი; დააპატიმრეს სამსახურეობრივ დანაშაულში ბრალდებული 54 პირი; დაიჭირეს 56 სპეკულიანტი; ქვეყნიდან გააძევეს უცხოეთიდან ჩამოსული 8749 არაკეთილსაიმედო პირი.

თუმცა ეს ნამდვილად არასაკმარისი იყო: 1921 წლის დასაწყისისთვის უცხო ქვეყნების მტრული აგენტურა ხელისუფლების ყველა სტრუქტურაში მოქმედებდა. ამაზე შემდეგი ფაქტიც მეტყველებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ოდიშელიძემ (რომელსაც საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ალმაცერად უყურებდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაღალ თანამდებობებზე ნიშნავდა) 1921 წლის 15 თებერვალს საქართველოში თურქეთის (ანგორის სახელმწიფოს) სამხედრო წარმომადგენელს - ყაზიმ-ბეისა და მის ადიუტანტს ნება დართო, გენერალური შტაბის შიფრაპარატით ესარგებლა და სააპარატო ოთახიდან თურქულ ენაზე დაშიფრული დეპეშები გაეგზავნა თავის ხელისუფლებასთან. ყაზიმ-ბეი მოსკოვსაც ხშირად უკავშირდებოდა. ახალდანიშნულმა მთავარსარდალმა კვინიტაძემ თურქებს მოსთხოვა, ერთ საათში დაეტოვებინათ შენობა. ამ შემთხვევას სხვადასხვა ინტერპრეტაციით იხსენებენ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, გენერლები გიორგი კვინიტაძე და გიორგი მაზნიაშვილი, ასევე, ემიგრაციაში მყოფი საქართველოს სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილი ოფიცერი, პოდპოლკოვნიკი რომან მკურნალი.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მემუარულ ლიტერატურას ყოველთვის ეტყობა სუბიექტურობის დაღი. ასეა ამჯერადაც. ნოე ჟორდანია 1953 წელს პარიზში გამოცემულ მოგონებებში "ჩემი წარსული" აღნიშნავს (ავტორის სტილი უცვლელია. - ბ.ა.): "კიაზიმმა გვთხოვა, მისთვისაც მიგვეცა საშუალება პირდაპირი კავშირისა ანგორასთან და მოსკოვთან. ეს უკანასკნელი წინადადება არ მომეწონა, მაგრამ რაკი დაპირებები იყო დიდი, დანაშაულობა იქნებოდა ის ჩამენგრია ტექნიკური საკითხებისთვის. კიაზიმი ხშირად ელაპარაკებოდა შტაბიდან (აქ ნ. ჟორდანიას მხედველობაში აქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი. - ბ.ა.) ანგორას და მოსკოვს. ერთხელაც ვერ გავიგეთ, როგორ და რაზე. უეჭველია, იმ დროს იყიდეს ოსმალოს ნეიტრალობა მოსკოველებმა არტაანისა და ართვინის დათმობით, რაიცა დამტკიცდა ჩვენზე ზურგიდან თავს დასხმით". საინტერესოა, რა დაპირებებით გააბრუა ანკარის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ყაზიმ-ბეიმ საქართველოს მთავრობის მეთაური, რომ გენერალურ შტაბში (ყველა მზვერავისთვის საოცნებო სამხედრო სტრუქტურაში) თავისუფლად პარპაშის საშუალება მისცა? 1921 წლის თებერვლის დასაწყისში, უკვე მე-11 არმიის შემოჭრის შემდეგ, ანკარა თბილისს ბოლშევიკების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას ჰპირდებოდა. ძნელად დასაჯერებელია, თუმცა, ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ენდო თურქების ამ სატყუარას. თავად ნოე ჟორდანია მოგონებებში ასე აღწერს ამ შემთხვევას (სტილი დაცულია. - ბ.ა.): "ომის დაწყებისთანავე ვაწარმოებდით პოლიტიკურ მუშაობასაც. ყველა წარმომადგენელნი უცხო სახელმწიფოსი ჩვენ თანაგვიგრძნობდა. ეჭვს მიბადებდა მხოლოდ ერთი - ოსმალეთის ელჩი კიაზიმ ბეი. ის გამოცხადდა ჩემთან მეორე დღესვე და გამიცხადა სრულიად კატეგორიულად: ჩვენი ინტერესია საქართველოს დამოუკიდებლობა და ამ მიზნის მისაღწევათ არ დავერიდებით ომსაც ბოლშევიკების წინააღმდეგო. ასეთია ჩვენი მთავრობის აზრიო". ამ დაპირების სანაცვლოდ თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენელს (რომელიც მზვერავის ფუნქციებსაც ითავსებდა და ეს საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცოდა) ნება დართეს, გენშტაბის მშიფრავების ოთახიდან პირდაპირი კავშირი ჰქონოდა ანკარასა და მოსკოვთან, ფაქტობრივად, უწყვეტ რეჟიმში ფარულად ეწარმოებინა მოლაპარაკება ბოლშევიკებთან თურქეთის სახელით.

საფრანგეთში, ემიგრაციაში მყოფი გენერალი გიორგი კვინიტაძე 1954 წელს პარიზში გამოცემულ პუბლიკაციაში "ჩემი პასუხი" (რომელიც ნოე ჟორდანიას მოგონებების წიგნის კრიტიკულ გარჩევას წარმოადგენს) აღნიშნავს (ავტორის სტილი უცვლელია. - ბ.ა.): "როცა დამნიშნეს მთავარსარდლად 16 თებერვალს, შტაბში ვნახე ოსმალოს ორი ოფიცერი, კიაზიმ-ბეი და მისი თანაშემწე ტალაათ-ბეი, ორივენი თურმე ელაპარაკებოდნენ ანგორას და მოსკოვსაც პირდაპირი მავთულით... ეს ლაპარაკი შევაწყვეტინე. კ. საბახტარაშვილი (საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი, ანუ მოადგილე - ბ.ა.), ჟორდანიას თანხმობით მაჯერებდა, რომ ოსმალოები არიან ჩვენი მეგობრები და იმათი ჯარი ყარაბექირ ფაშის მეთაურობით გამოდის ბოლშევიკების (რუსები) წინააღმდეგ. დილით მეუბნებოდა, რომ ისინი იწყებენ ომს საღამოს, და საღამოს მეუბნებოდა, რომ დილითო". გენერალი კვინიტაძე ვარაუდობს, რომ 18-19 თებერვლის ღამეს დაზვერვის გარეშე ბოლშევიკების თბილისზე თავდასხმა "ყაზიმ-ბეი-ანგორის" ხაზის მეშვეობით მოსკოვისთვის მიწოდებული ცნობების გამო მოხდა. ამის შესახებ გენერალი მაზნიაშვილი წერს: "ყაზიმ-ბეიმ იცოდა ჩვენი მოქმედებების საიდუმლოებანი გაცილებით უკეთესად, ვიდრე ჩვენ ვიცოდით". პოდპოლკოვნიკ რომან მკურნალის წერილიდან მცირე ამონარიდით გვინდა დავასრულოთ (სტილი დაცულია): "მტრის ჯაშუშობის საწინააღმდეგოდ ჩვენ გვყავდა კონტრდაზვერვა, რომლის სათავეშიც იდგა ძლიერ გამოცდილი ოფიცერი, მაგრამ, სამწუხაროდ, მის თანამშრომელთა უმეტესობას კონტრდაზვერვაზედ არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდა, ჩვენი კონტრდაზვერვის უფროსს შეძლება არა ჰქონდა, თავისუფლად დაერჩია თანამშრომლები, და კონტრდაზვერვისათვის ისე ცოტა ფული იყო გადადებული, რომ იმათ არა თუ კარგი დამზვერავების, არამედ უბრალო გამოცდილი ჯაშუშების შენახვაც შეუძლებელი იყო. ბოლოს კონტრდაზვერვას ჩვენში ყველა აწარმოებდა - განსაკუთრებული რაზმი, მილიცია, გვარდიის შტაბი, რომელთაც არავითარი ურთიერთთან კონტაქტი და საჭირო კონსპირაცია არ ჰქონდათ". სამწუხარო და ნაცნობი სურათია, ათწლეულები გადის, მდგომარეობა კი უცვლელია. დღესაც ანალოგიური პრობლემებია საქართველოს სპეცსამსახურების წინაშე. სადამდე გაგრძელდება ასე?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს