რა მიზეზის გამო შეიძლება ვერ გავხდეთ ნატოს წევრი? - კვირის პალიტრა

რა მიზეზის გამო შეიძლება ვერ გავხდეთ ნატოს წევრი?

ჩვენი ქვეყნის ბედია თუ უბედობა, რომ მრავალი საუკუნეების მანძილზე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა სხვა ქვეყნების დედაქალაქებში წყდებოდა და წყდება. საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფეები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების "ქოლგის" ქვეშ ამაოდ ეძებდნენ ხსნას. "ცივი ომის" პერიოდის დამთავრების და საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც, ძალზე დიდხანს საქართველო აშშ-ისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების მხოლოდ პერიფერიული ყურადღების ობიექტად რჩებოდა. საქართველოში ერთადერთი საკითხი, რასზეც "ერი და ბერი" ერთსულოვანია, ნატოს სრულფასოვანი წევრობაა. მართალია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის დამსახურებით აშშ-ნატოს კავშირი შესუსტდა, მაგრამ მარკ ტვენის ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს: ხმები ნატოს გარდაცვალების შესახებ ოდნავ გაზვიადებულია. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ორგანიზაციის წევრობა უპირობოდ რჩება სასიცოცხლო ამოცანად. თუმცა არსებობს ნატოს ერთი მოთხოვნა, რომელსაც შეღავათები ნამდვილად არ შეეხება - ესაა ალიანსის საიდუმლო სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და ა.შ. ინფორმაციის გაჟონვის თავიდან აცილება. ეს პრობლემა კი უკავშირდება საქართველოსთვის ურთულეს საკითხს - უცხო სპეცსამსახურების გალაღებულ ოპერატიულ-აგენტურულ საქმიანობას ჩვენს ქვეყანაში.

"მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, შეიძლება ნელი ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ", - აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ერთ-ერთ ინტერვიუში. ჩემი აზრით, ძალზე ოპტიმისტური განცხადებაა. რუსეთი ყოველივეს იღონებს, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრება შეაფერხოს. რა კონტრდაზვერვით ღონისძიებებს დაუპირისპირებენ ჩვენი სპეცსამსახურები იმ მოწინააღმდეგეს, რომელსაც ნატოს საიდუმლეობებზე ნადირობის (ხშირად ძალზე წარმატებული) ორმოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს? "ცივი ომის" პერიოდში ნატო წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მთავარ სამიზნეს. განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ კა-გე-ბესა და გე-ერ-უს პარიზისა და ბრიუსელის რეზიდენტურები, სადაც ნატოს შტაბ-ბინა იყო და ამჟამად არის. ამავე დროს, აღმოსავლეთ გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის სატელიტი სპეცსამსახურები, რომლებიც კა-გე-ბესა და გე-ერ-უს მიერ იყვნენ "გამოზრდილნი", აქტიურად მონაწილეობდნენ ნატოს დანაყოფებში აგენტურული და ფიზიკური (ანუ ფარულად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით) შეღწევის მოსკოვის მიერ დაგეგმილ, ოპერატიულ ღონისძიებებში და მოპოვებულ მონაცემებს "უფროს კოლეგებს" გადასცემდნენ.

ნატოში ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭოთა აგენტების მოკლე სია ასეთია: ჯონ კერნკროსი (1913-1995) - შოტლანდიელი, კა-გე-ბეს აგენტი 1937 წლიდან, ე.წ. კემბრიჯის ხუთეულის წევრი, ოპერატიული ფსევდონიმი "კარელი". ნატოს დაარსების დღიდან, რამდენიმე წლის მანძილზე იგი საბჭოთა კავშირს აწვდიდა ალიანსის საიდუმლო სამხედრო დოკუმენტებს. ჟორჟ პაკი, ფრანგი, 1943-1963 წლებში იყო კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვა) აგენტი. 1958 წელს დაინიშნა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე, შემდეგ, საბჭოთა დაზვერვის ხელშეწყობით მალევე, გადაიყვანეს ნატოს პრესსამსახურის უფროსად, რაც აძლევდა საშუალებას, მოსკოვისთვის გადაეცა ალიანსის სრულიად საიდუმლო, სამხედრო და პოლიტიკური ინფორმაცია. პაკი იყო საფრანგეთში მოქმედი საბჭოთა აგენტურული ქსელის (კოდური სახელწოდება "საფირი") ერთ-ერთი წევრი. დააპატიმრეს და გაასამართლეს 1963 წელს. მიუსაჯეს შვიდი წელი. ჰიუ ჯორჯ ჰემბლტონი, დაიბადა 1922 წელს კანადაში. გადაბირებული იყო კა-გე-ბეს პარიზის რეზიდენტურის მიერ 1950-იანი წლების დასაწყისში. საბჭოთა დაზვერვის დახმარებით, სორბონაში მიიღო უმაღლესი განათლება და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ეკონომიკის განხრით. ნატოს შტაბ-ბინაში მუშაობდა სპეციალობით. ხუთი წლის მანძილზე საბჭოთა დაზვერვას გადასცა რამდენიმე ათასი საიდუმლო დოკუმენტი გრიფით - "კოსმიკი", რაც ნატოს სტანდარტებით საიდუმლეობის ერთ-ერთ უმაღლეს გრიფს მიეკუთვნება. მის მიერ გამოტანილი დოკუმენტაციის სწრაფი დამუშავების მიზნით, კა-გე-ბეს პარიზის რეზიდენტურამ ერთი, საკმაოდ ეფექტიანი ხერხი მოიფიქრა. ჰემბლტონის სამსახურთან ახლოს, პარიზის ერთ-ერთ ქუჩაში მდგომი შავი ფერის მიკროავტობუსი გარეგნულად ყურადღებას არ იქცევდა, შიგნით კი ტექნიკის უახლეს დონეზე აღჭურვილ ფოტოლაბორატორიაში ნატოს საიდუმლო დოკუმენტების ასლის გადაღება ხდებოდა. ამოსუნთქვის დროც არ იყო, რადგან საბჭოთა აგენტს შესვენების დამთავრებამდე სეიფში უნდა დაებრუნებინა ნატოს საიდუმლო სამხედრო გეგმები და ეკონომიკური პროგნოზები. ჰემბლტონის, როგორც საბჭოთა აგენტის, დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს ის უნიკალური ფაქტიც, რომ 1970-იანი წლების შუა პერიოდში ის სპეციალურად ჩაიყვანეს მოსკოვში, კა-გე-ბეს თავმჯდომარე იური ანდროპოვთან შესახვედრად. ჰემბლტონი ლონდონში დააპატიმრეს და გაასამართლეს 1982 წელს. მიესაჯა ათი წელი. რაინერ რუპი, გერმანელი. ოპერატიული ფსევდონიმი "ტოპაზი". გადაბირებული იყო დიუსელდორფის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში. მეუღლესთან (ოპერატიული ფსევდონიმი "ტიურკისი") ერთად 1970-1989 წწ. მუშაობდა აღმოსავლეთ გერმანიის დაზვერვაზე (შტაზი). მათ წლების მანძილზე ნატოს შტაბ-ბინიდან გამოიტანეს, დაახლოებით, 10 000 საიდუმლო დოკუმენტის ასლები (მათ შორის - სპეციალური გამოკვლევა, სადაც გაანალიზებული იყო საბჭოთა ბლოკის სამხედრო პოტენციალი, ნაჩვენები იყო მისი ძლიერი და სუსტი მხარეები). ამ დოკუმენტების მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ნატოს ექსპერტთა განცხადებით, იმ პერიოდში სამხედრო დაპირისპირება რომ მომხდარიყო, ალიანსი დამარცხებისათვის წინასწარ იყო განწირული. რუპი გაასამართლეს 1994 წელს და მიუსაჯეს თორმეტწლიანი პატიმრობა. ნატოს სამხედრო და პოლიტიკური საიდუმლოებების მოპოვება ამჟამადაც რუსეთის სპეცსამსახურების მთავარი მიზანია. ნატოს სტანდარტებით, საიდუმლო ინფორმაცია ოთხ კატეგორიად იყოფა: სამსახურებრივი; საიდუმლო; მკაცრად საიდუმლო (ე.წ. კოსმიკი) და სრულიად საიდუმლო. ნატო თავს იზღვევს და პირველ ეტაპზე, როგორც წესი, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ახალ წევრებს მხოლოდ სამსახურებრივი და საიდუმლო კატეგორიის ინფორმაცია გადაეცემათ.

ანალოგიურ პრობლემებს წააწყდნენ ალიანსში გაწევრების სხვა მსურველებიც: ლატვია, ბულგარეთი, სლოვენია და სხვ. ნატომ მათ წაუყენა სპეცსამსახურების სტრუქტურული და ფუნქციონალური რეორგანიზაციის, აგრეთვე, სახელმწიფო საიდუმლეობის დაცვის გამკაცრების მოთხოვნა. ნატოში გაწევრების შემდეგ ამ ქვეყნებში ძალზე აქტიურად დაიწყო რუსეთის აგენტურისაგან თავდაცვის სამინისტროს, საგარეო უწყების და სპეცსამსახურების წმენდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნების სპეცსამსახურებში გაცილებით დიდი ყურადღება ექცევა სანდო და კვალიფიციური კადრების ობიექტურ შერჩევას, ვიდრე - საქართველოში, მაშინ ნათელი გახდება, თუ რა ურთულესი დღეები გველის. რუსეთის სპეცსამსახურებს კარგა ხანია, უკვე მონიშნული აქვთ ის ოპერატიული მიზნები, საიდანაც ნატოს საიდუმლო დოკუმენტები უნდა მოიპოვონ (თუ უკვე ხელთ არ აქვთ!), შერჩეული იქნებიან და შესაბამის დამუშავებასაც გადიან კონკრეტული შემსრულებლებიც. ასე რომ, დანარჩენი, როგორც იტყვიან, დროისა და ტექნიკის საქმეა. ხომ არ გახდება საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გაღრმავება ალიანსის სამხედრო-პოლიტიკური საიდუმლოებების გადინების ახალ არხად? – ესაა ნატოს ხელმძღვანელობის თავის ტკივილი. მხედველობაში თუ მივიღებთ საკითხის სირთულეს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნატოსთან ურთიერთობების ეს მხარე შეიძლება გადაულახავი ზღუდეც კი გახდეს ჩვენი ქვეყნისთვის. კრემლსაც ეს უნდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს