რამდენადაა დაცული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და მეცნიერება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან?
რამდენადაა დაცული საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა და მეცნიერება უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან?
ფოტო:პირველ ფოტოზე: ანატოლი სობჩაკი და ვლადიმირ პუტინი მეორე ფოტოზე: პუტინი ანატოლი სობჩაკის ქალიშვილთან, ქსენია სობჩაკთან ერთად
(იხილეთ წინა ნაწილი)

1960-იანი წლების ბოლოდან საბჭოთა კავშირის მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების "ოპერატიულ მომსახურებას" ახორციელებდა კა-გე-ბეს მე-5 ("იდეოლოგიური") მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილება, რომლის სტრუქტურულ ერთეულებსაც რესპუბლიკებში შესაბამისი ქვეგანყოფილებები წარმოადგენდნენ. მათ ოპერატიული დამუშავების ობიექტის თვალთვალისთვის გამოყოფილი ჰქონდათ კონსპირაციული ბინა (ე.წ. ბაზა) კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის (მაგ. თსუ, პოლიტექნიკური ინსტიტუტი, პედაგოგიური ინსტიტუტი და სხვ.) სიახლოვეს, საიდანაც ხორციელდებოდა მიმდინარე ოპერაციის ხელმძღვანელობა. ისევე, როგორც "სახალხო მეურნეობის" სხვა
დარგებში, უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში ოპერატიულ
-აგენტურულ მუშაობას აწარმოებდნენ კა-გე-ბეს თანამშრომლები - "მოქმედი რეზერვის ოფიცრები" ე.წ. ო-დე-ერები, რომლებიც საკმაოდ მაღალ და საკვანძო პოსტებზე (რექტორის ან პრორექტორის თანაშემწე, საგარეო ურთიერთობების ან კადრების განყო-ფილების უფროსი ან მოადგილე და ა.შ.) ინიშნებოდნენ, რაც საშუალებას აძლევდა ღრმა კონსპირაციულ საფარქვეშ მოქმედ საბჭოთა "პოლიტიკურ პოლიციას" გაეკონტროლებინა, თუ რა ხდებოდა განათლების სისტემის "მაღლა ცაში და დაბლა მიწისქვეშ".

კა-გე-ბე, პირველ რიგში, ხელისუფლებისადმი ლოიალობას აკონტროლებდა, თუმცა, ამავე დროს, მკაცრი კონტროლის ქვეშ იყვნენ უცხოელი სტუდენტები და, მით უფრო - ლექტორები. განათლების სისტემაში კა-გე-ბეს მუშაობის პრაქტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც შენარჩუნდა. მაგალითად, რუსეთსა და ზოგიერთ ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკაში კვლავ ძველი მეთოდებით აწარმოებენ ოპერატიულ-აგენტურულ საქმიანობას განათლების სისტემაში. კავშირზე ჰყავთ ძველი აგენტურაც და ძალზე შედეგიანად მუშაობენ ახლების გადასაბირებლად. ამის თვალსაჩინო მაგალითია კა-გე-ბეს ის აგენტურა, რომელიც "დავერბოვკებული" იყო უცხოელი მოქალაქეების საბჭოთა კავშირში სწავლის პერიოდში. 1960-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა უმაღლეს სასწავლებლებში 600 000-მდე უცხოელი (სტუდენტი, სტაჟიორი და ასპირანტი) სწავლობდა. ისინი, ძირითადად, განვითარებადი ქვეყნებიდან იყვნენ. მათგან 70%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციაში, 20%-მდე უკრაინაში, ხოლო ძალზე უმნიშვნელო ნაწილი სხვა რესპუბლიკებში სწავლობდა - მხოლოდ რუსული ენის შესწავლა და მხოლოდ რუსული კულტურის გაცნობა საბჭოთა "ნაციონალური" პოლიტიკის ნაწილი იყო, რომლის მთავარი მიზანი უცხოელთათვის საბჭოთა კავშირის და რუსეთის ცნებების სინონიმებად ჩანერგვა იყო.

საბჭოთა განათლებამიღებულთაგან შემდეგ წლებში მრავალი თავის ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და "უბრალო" მინისტრი გახდა. არ შეიძლება დანამდვილებით იმის მტკიცება, რომ ისინი - ყველანი კა-გე-ბეს აგენტები იყვნენ, მაგრამ საბჭოთა (შემდეგ რუსეთის) სპეცსამსახურებს, რომ მათი დიდი უმრავლესობა ოპერატიულ კავშირზე ჰყავდა და ამჟამადაც ჰყავს, ეს კი ფაქტია. სსრკ-ის დაშლის შემდეგ "ნაციონალური კადრები" რუსეთის სპეცსამსახურებმა გადმოიბირეს და დღესაც თვალისჩინივით უფრთხილდებიან. ამის დასტურია, თუნდაც, მოსკოვში სისტემატურად გამართული "რუსეთის (საბჭოთა კავშირის) უმაღლესი სასწავლებლების უცხოელ კურსდამთავრებულთა მსოფლიო ფორუმები". ამ პომპეზურ და თეატრალურად დადგმულ შეხვედრაზე 120 ქვეყნის 800-ზე მეტ დელეგატს, როგორც წესი, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ხვდება. რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში მუდმივად იზრდება უცხოელი სტუდენტების უფასო სწავლაზე გაწეული ხარჯები. ამის პარალელურად, იზრდება რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უცხოელთა გადმობირებაზე დასახარჯი თანხების მოცულობაც.

ვინ-ვინ და რუსეთის პრეზიდენტმა კარგად უწყის უმაღლესი განათლების სისტემაში სპეცსამსახურების მუშაობის მნიშვნელობა. გავიხსენოთ: 1990 წელს ჯერ ლენინგრადის უნივერსიტეტის პრორექტორის, ხოლო შემდეგ - "ლენსოვეტის" თავმჯდომარის, ანატოლი სობჩაკის თანაშემწედ დაინიშნა კა-გე-ბეს "ყოფილი" პოდპოლკოვნიკი, მაშინ ყველასთვის უცნობი ვლადიმერ პუტინი, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი. მხოლოდ მიამიტმა და საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება დაიჯეროს, რომ ზემაღნიშნული კა-გე-ბეს ნომენკლატურული პოსტები ბატონ პუტინს, ვითომდა ოცდათვრამეტი წლის ასაკში, "პენსიაზე გასვლის" შემდეგ, მისი ყოფილი ლექტორის, ანატოლი სობჩაკის პროტექციით შესთავაზეს. საქმე უფრო მარტივად იყო - "ბერლინის კედლის" ნანგრევებს გადარჩენილ მომავალ პრეზიდენტს კვლავ ოპერატიული საქმიანობა დაევალა, ოღონდ საგარეო დაზვერვასთან შედარებით უფრო არაპრესტიჟულ უბანზე - უმაღლეს სასწავლებელში "ოდეერად".

ასე რომ, ნებისმიერი ქვეყნის განათლების სისტემა სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიული დაინტერესების ობიექტია. გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა. "უნდა იმუშაონ თუ არა საქართველოს სპეცსამსახურებმა უმაღლესი განათლების დაწესებულებებში? " - რამდენიმე წლის წინ ეს კითხვა ძალზე აქტუალური იყო და დღესაც ბევრ პოლიტიკოსს, ჟურნალისტს, სტუდენტს, პროფესორს და ქვეყნის რიგით მოქალაქეს აღელვებს.
დღეისათვის საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემასა და სამეცნიერო სფეროში წყდება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის ორი უმნიშვნელოვანესი საკითხი (ბუნებრივია, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა და პატრიოტების მომზადების გარდა):

1. დაზვერვისა და კონტრდაზვერვისათვის ახალგაზრდა კადრების შერჩევა მაღალკურსელებს, კურსდამთავრებულებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს შორის, რაც მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა;
2. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვა უცხო ქვეყნების სპეცსამსამხურების განათლების სისტემაში და სამეცნიერო სფეროში ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებისაგან.

წარმოიდგინეთ, თუ მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებში საკმაოდ იოლად ხერხდება სტუდენტური ენერგიის "ვიღაცისათვის" საჭირო მიმართულებით წარმართვა, მაშინ რა მარტივი იქნება იმავეს გაკეთება ეკონომიკური და სოციალური პრობლემებით ჯერ კიდევ "დახუნძლულ" საქართველოში, სადაც ოდითგანვე "ორი კაცი სამი პარტია" იყო და, სამწუხაროდ - კვლავ არის. ამიტომ საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესები ბევრ საფიქრალსა და სამუშაოს უჩენს, როგორც უცხოეთის სპეცსამსახურებს, ასევე - მათ ქართველ კოლეგებს. დღეს საზოგადოებაც და მასმედიაც ხშირად ამ თემატიკისგან შორს დგას და დილეტანტიზმიც სახეზეა. ზოგიერთი პოლიტიკოსის აზრი, რომ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს "ჩვენთვის არ სცხელათ", რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლებით (ლექტორებით და სტუდენტებით) არ ინტერესდებიან და მათ გადაბირებაზე არ მუშაობენ, ისეთივე თავის მოტყუებაა, როგორც მარწყვი - ზამთარში. რამდენიმე წლის წინ თბილისის ერთ-ერთ უნივერსიტეტში "ოდეერად" უშიშროების თანამშრომლის შესაძლო მუშაობას სტუდენტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების აღშფოთება მოჰყვა: "რა უნდოდათ უნივერსიტეტის აუდიტორიებსა და თუნდაც - დერეფნებში? ისინი განსხვავებულ აზრს აკონტროლებენ! ოპოზიციურად განწყობილი სტუდენტების ოპერატიული დამუშავება დაიწყეს! უზარმაზარი მანქანა ამუშავდა განსხვავებული აზრის საწინააღმდეგოდ" და ა.შ. ამ დროს იმასაც კი ივიწყებდნენ, რომ საკუთარი ქვეყნის უშიშროების სამსახურს ესხმოდნენ თავს.

იმ სამსახურს, რომლის წარმომადგენლებსაც ვიზუალურად იცნობდნენ (ეს ცალკე საკითხია - უნდა იცოდნენ თუ არა სპეცსამსახურის ოპერატიული თანამშრომლების ვინაობა პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და საერთოდ - გარეშე პირებმა), ხოლო იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რომ გაცილებით საშიში სწორედ უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტურაა, რომელთაც ბუნებრივია სახეზე ვერ ცნობენ და რომლებიც წლების მანძილზე სხვადასხვა ("ენების შემსწავლელი კურსები", "საქართველო-X მეგობრობის საზოგადება" და სხვ.) "ქოლგას" შეფარებული თავისუფლად მოქმედებდნენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, უმაღლესი განათლების სისტემაში. ასე რომ, ჩვენი უნივერსიტეტები (სახელმწიფოც და კერძოც) უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სერიოზული სამიზნეა. აქედან ხდება აგენტურის გადაბირება, გაზრდა, დაწინაურება. ამაში დიდი ინვესტიციები იდება. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ტერორიზმის რეალური პრობლემების წინაშეა. უნივერსიტეტის დეკანსა და ადმინისტრაციას ნუ მოვთხოვთ პასუხს კითხვაზე, ხომ არ ატარებს იქ ვინმე, ვთქვათ, "ისლამური სახელმწიფოს" აგიტაციას და პროპაგანდას. ამიტომ ზემოთ დასმულ კითხვაზე, უნდა იმუშაონ თუ არა საქართველოს სპეცსამსახურებმა განათლების სისტემაში, პასუხი ერთია - უნდა იმუშაონ, იმიტომ, რომ ყველა უცხო სპეცსამსახური აგენტურის ყველაზე "მსუყე ლუკმას" - გავლენის აგენტებს სწორედ განათლების სისტემაში, უმთავრესად ჰუმანიტარულ სპეციალობებზე (განსაკუთრებით, მომავალ ჟურნალისტებს, იურისტებსა და დიპლომატებს აქვთ დიდი ფასი) ეძებენ და პოულობენ. გარდა ამისა, საქართველოს სპეცსამსახურებს კანონი პირდაპირ ავალებს აქტიურ და, რაც მთავარია, შედეგიან კონტრდაზვერვით საქმიანობას უცხო ქვეყნების აგენტურული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის აღსაკვეთად. ხოლო რაც შეეხება დაშვებულ შეცდომებს და კაზუსებს - დასახვეწი ჯერ კიდევ ძალზე ბევრია - ისეთ ფაქიზ სფეროში, როგორიც განათლების სისტემაა, საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედება განსაკუთრებულ ტაქტსა და მაღალ პროფესიონალიზმს მოითხოვს. ისე არ უნდა მოხდეს, რომ: "ვაის გავეყაროთ და უის შევეყაროთ".

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო და დღესაც გრძელდება ქართული სპეცსამსახურებისგან მტრის ხატის შექმნის სამწუხარო ტრადიცია. ეს მაშინ, როდესაც უმრავლეს ქვეყანაში ამაყობენ საკუთარი სპეცსამსახურებით. არ შეიძლება, ხელაღებით მტრად გამოცხადება იმ ხალხის, ვისაც სპეცსამსახურებში ან სამართალდამცავ სტრუქტურებში უმუშავია ან მუშაობს. ასეთ პირობებში როგორ უნდა მოვიზიდოთ ახალგაზრდა კადრები?! ამიტომ გვაქვს სპეცსამსახურებში ახალგაზრდა, პატრიოტი კადრების სერიოზული ნაკლებობა. ვსაუბრობთ ეროვნულ ინტერესებზე და გვავიწყდება, რომ სწორედ მტრის ინტერესებშია ჩვენი საზოგადოება თავისი ქვეყნის სპეცსამსახურებს გაემიჯნოს. უკვე ისეთი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც მარგინალიზებული გახდა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახური. საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სპეცსამსახური არ შეიძლება პოპულარული იყოს და საზოგადოებას უყვარდეს, მაგრამ მისი ხალხს კი არ უნდა ეშინოდეს, არამედ - იმედი უნდა ჰქონდეს და პატივს სცემდეს. ეს ურთიერთდამოკიდებულება კი ათწლეულების მანძილზე ყალიბდება. საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები საკუთარ მოქალაქეებს, უმთავრესად, კომპრომატების გამოყენებითა და დაშინებით აიძულებდნენ თანამშრომლობას.

სამწუხაროდ, ადრეც და ამჟამადაც საქართველოს სპეცსამსახურები ძველი საბჭოთა მემკვიდრეობის ტყვეობაში იყვნენ და არიან. დიახ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით ჩვენს სპეცსამსახურებს აკლიათ პროფესიონალიზმი, ამას ემატება თანამდებობებზე დანიშნვის და დაწიანაურების გაუგებარი კრიტერიუმები. ჯერ კიდევ გაუგებარია, როგორ არჩევენ, ათავისუფლებენ, ტოვებენ ან იღებენ ახლებს. სწორედ ეს მიდგომებია შესაცვლელი! ამიტომ უმნიშვნელოვანესია ნდობის მიღწევა სპეცსამსახურებსა და საზოგადოებას შორის, მით უფრო - შექმნილ ვითარებაში. საჭიროა მეტი კომუნიკაცია, საზოგადოებასთან მეტი კონტაქტი, თუნდაც იგივე სტუდენტურ და სამეცნიერო წრეებთან. საქართველოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელები არ უნდა ჩაიკეტონ გრილ და კომფორტულ კაბინეტებში - მათ უნდა ჩამოიარონ უნივერსიტეტები, შეხვდნენ სტუდენტებსა და პროფესორებს, აუხსნან ქვეყნის სპეცსამსახურების მიზნები და ამოცანები, პირდაპირ უპასუხონ მათ შეკითხვებს და პატრიოტ ახალგაზრდებს მისცენ სამშობლოსთვის სამსახურის მოტივაცია!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
კაკო
20 ივლისი 2021 19:35
და სადაა განათლების სისტემა, რომელიც დასაცავია??? თუკი ვინმეს აზროვნება დაუფიქსირდება, მაშინვე აშშ-ევროპაში ჰყავთ გაყვანილი და თქვენ აქ რუსეთზე დარდობთ?? კვლევითი ინსტიტუტი არ დარჩა, ჯართშია ჩაბარებული, ლუგარის ლაბორატორიას კი იცავს ცსს და რაღაა სანერვიულო???
დათო
26 ივნისი 2021 14:00
ბესო მას, გამარჯობა ! :) მადლობა საინტერესო სტატიისთვის. გეთანხმებით, აშკარად მოსაფიქრებელია, თუ რა ფორმით ვიმუშავებთ ამ კუთხით. მე, ასევე, არ მსიამოვნებს და მაფიქრებს სხვა მიმართულებაც, ესეც ახალგაზრდებს და განათლებას ეხება. რამდენად უსაფრთხოა საქართველოში მოქმედი რუსული კომპანია "ბილაინი", ამ შემთხვევაში არა კავშირგაბმულობის კუთხით (ეს კიდევ ცალკე დიდი თემაა), არამედ, ტექნოლოგიების განვითარებაში აქტიური მონაწილეობით, რაც გულისხმობს ახალგაზრდულ ჰაკათონებს, ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერას ტექნოლოგიებში (თუნდაც იგივე თანამშრომლების) და შესაბამის დახმარებას. რამდენად "გულწრფელი" შეიძლება იყოს მათი ეს აქტიურობა ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები