ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი: ვითომ დასრულდება "სიყვარული გარიგებით"? - კვირის პალიტრა

ანგელა მერკელი და ვლადიმერ პუტინი: ვითომ დასრულდება "სიყვარული გარიგებით"?

ანგელა მერკელი 2021 წლის დასრულების შემდეგ ტოვებს გერმანიის კანცლერის პოსტს და - პოლიტიკასაც. ეს უკვე გადაწყვეტილია. სად აღმოჩნდება ქალბატონი ანგელა შემდეგ? - ეს საკითხი კი ჯერჯერობით უცნობია და ჩემი მოსაზრებები მინდა, გაგაცნოთ.

ერთი თვის წინ პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ძალიან მოენატრება ანგელა და კომპლიმენტები არ დაიშურა მის მიმართ: ძალიან ვაფასებ მას, ის ძალზე გამოცდილი პოლიტიკოსია, პირდაპირი და საიმედო ადამიანია. შეიძლება რაღაც მოგვწონს, შეიძლება რაღაც არ მოგვწონდეს, მაგრამ ის სტაბილური პარტნიორიაო. ისიც დაამატა: გერმანია რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია მსოფლიოში და ევროპაში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მისი მომავალი ლიდერიც მსგავსი პიროვნება იქნებაო.

ევროპის უპირველესი ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი, მართლაც რომ საინტერესო პიროვნებაა. თუმცა მის არაორდინარულ ბიოგრაფიაში ჯერ კიდევ ბევრი "შავი ლაქაა", რომლებიც ჯერ კიდევ მის მშობლებს უკავშირდება. ანგელა მერკელი (ქალიშვილობის გვარი კასნერი) 1954 წლის 17 ივლისს დაიბადა დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. მისი მამა ჰორსტ კასნერი ჰამბურგის ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში თეოლოგიას სწავლობდა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად, 1957 წელს (ზოგიერთი ცნობით 1954 წელს) კომუნისტურ-ათეისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში გადაბარგდა საცხოვრებლად. წლების მანძილზე ჰორსტ კასნერი ლუთერანული ეკლესიის ე.წ. პროგრესულ ძალებს ხელმძღვანელობდა და ყოველთვის ლოიალურად იყო განწყობილი კომუნისტური ხელისუფლებისადმი, რისთვისაც მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდა.

თავად ანგელა ახალგაზრდობაში საბჭოთა "კომკავშირის" გერმანული ანალოგის - "თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდობის კავშირის" რეგიონული ლიდერი იყო. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ახალგაზრდობის პერიოდში ანგელა საქართველოში იმყოფებოდა, სადაც, ვითომდა, მცირე ინციდენტიც კი შეემთხვა.

1989 წლის დეკემბრიდან ანგელა მერკელმა მუშაობა ცნობილი გერმანელი პოლიტიკოსის - ვოლფგანგ შნურის ოფისში დაიწყო, სადაც მალევე დაწინაურდა, თუმცა 1990 წლის გაზაფხულზე გაირკვა, რომ შნური წლების მანძილზე აღმოსავლეთ გერმანიის უშიშროების სამინისტროს აგენტი იყო! მერკელს სასწრაფოდ ახალი "პატრონის" მოძებნა მოუხდა. ეს კი გერმანიის მომავალი კანცლერი ჰელმუტ კოლი აღმოჩნდა. მისი დახმარებით 1991 წელს ანგელა გერმანიის ფედერალური მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი გახდა. ასე, თანდათანობით მიიწევდა ანგელა პოლიტიკურ ოლიმპზე და 2005 წლის 22 ნოემბერს გერმანიის ისტორიაში პირველი ქალი-კანცლერი გახდა.

ამის შემდეგ პროამერიკული განწყობის და რუსეთთან მკაცრი პოლიტიკის გატარების მომხრე პოლიტიკოსი რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ 2003 წელს ანგელა მერკელი მწვავედ აკრიტიკებდა მაშინდელ კანცლერს გერჰარდ შრიოდერს პუტინთან "გადამეტებული მეგობრობის" გამო. თუმცა გახდა რა კანცლერი, თავად უფრო მეტად "ჩაეხუტა" პუტინს. "ბოროტი ხმები" იმასაც ამბობენ, რომ მათი გზები ჯერ კიდევ 1985-1990 წლებში გადაიკვეთა, როდესაც ანგელა "კომკავშირელი აქტივისტი", ხოლო ვალოდია - მათზე მონადირე კა-გე-ბეს ოფიცერი იყო. ასე რომ, არავინ იცის, შესაძლოა პუტინს აქვს ძველ-ახალი კომპრომატები ანგელა მერკელზე და ამიტომაც "ანცობს"?

ფაქტია, რომ სწორედ მერკელის დახმარებით შეძლო რუსეთმა ჩრდილო-ატლანტიკური გაერთიანების წევრ ქვეყნებს შორის განხეთქილების შეტანა საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე გამოჩნდა, რომ საქართველოს მიღებას ამ ორგანიზაციაში, ღიად თუ ფარულად, რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგება. მთავარი მათ შორის გერმანია იყო და, სამწუხაროდ, დღესაც არის.

მინდა დავიჯერო, რომ ზოგიერთი ქვეყნის (გერმანია, საფრანგეთი და იტალია) ლიდერი, მათ შორის - ანგელა მერკელიც, მაშინ მართლაც ობიექტური კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდა და გულწრფელი იყო. თუმცა 2008 წლის "აგვისტოს ომს" და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას მათმა ორჭოფულმა პოზიციამაც შეუწყო ხელი. პუტინმა დაუსჯელობა იგრძნო და ყირიმის ოკუპაციასთან ერთად "ჰიბრიდული ომის" მეთოდებით მთელი უკრაინა "ააფეთქა". თუმცა დასავლეთი ჯერ კიდევ ვერ გამოფხიზლდა! ყველაზე კარგად ანგელა მერკელმა უწყის, 2003 წლიდან მოყოლებული, რამდენ დათმობებზე წავიდა გერმანიის ხელისუფლება რუსეთთან: ლიტვინენკოს მკვლელობა, ყირიმის ოკუპაცია, მამა-შვილი სკრიპალების მოწამლვა, ბერლინის ცენტრში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა, ნავალნის მოწამვლა, ჰაკერული შეტევები გერმანიის მთავრობისა და პარლამენტის საიტებზე, თავად მერკელის პირადი ელექტრონული ფოსტის გატეხვა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ჰაკერების მიერ და ა.შ. მეტი რა უნდა გააკეთოს პუტინმა, რომ ანგელას თვალები აეხილოს? თუმცა, როცა არ გინდა დაინახო, თვალებს ხუჭავ! ასეა მერკელიც.

საინტერესოა, სად აღმოჩნდება პენსიონერი ანგელა? პუტინი რომ არ მიატოვებს, ეს ცხადია. "გაზპრომში" და "როსნეფტში" ანგელა მერკელს მაღალანაზღაურებადი (წელიწადში ექვსნიშნაციფრიანი შემოსავალი როგორია?) "პენსია" გარანტირებული აქვს. თუნდაც გერმანიის ყოფილი კანცლერის - გერჰარდ შრიოდერის მაგალითი გავიხსენოთ, რომელიც არასდროს მალავდა, რომ პუტინის მეგობარი იყო და თანამდებობის დატოვების შემდეგ უმალ აღმოჩნდა მსოფლიო ენერგოგიგანტის - "გაზპრომის" ერთ-ერთი "შვილობილი" კომპანიის სათავეში.

სულ ახალი ფაქტიც მრავლისმეტყველია: 2021 წლის 2 ივნისს "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს ახალი წევრი, ავსტრიელი ქალბატონი კარინ კნაისლი შეემატა. ამ სიახლეში არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რომ არა ერთი "პატარა" ნიუანსი: კარინ კნაისლი ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია. ამ ქალბატონის ქორწილში ვლადიმერ პუტინმა კარგად მოილხინა და პატარძალსაც ეცეკვა. ვის ინტერესებს, ატარებდა ეს ქალბატონი მინისტრობის დროს, მგონი, საეჭვო უკვე აღარაა.

რაც შეეხება ქალბატონ ანგელას, არაა გამორიცხული, ის რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის სათავეშიც ვიხილოთ, სამწუხაროდ, მას მაშინაც არ ექნება მკვეთრი რეაქცია რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებების საპასუხოდ - ამაზე ბატონი ვლადიმერი იზრუნებს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს