რატომ ეძებდა ჰიტლერი რუკაზე ჭიათურასა და ზესტაფონს?
რატომ ეძებდა ჰიტლერი რუკაზე ჭიათურასა და ზესტაფონს?
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან სამოცდათექვსმეტი წელი გავიდა, თუმცა იმ წლებში მეომარი მხარეების სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ოპერაციების ანალიზი კვლავ საინტერესოა. დღეს გერმანიის სპეცსამსახურების ანალიტიკური დანაყოფების საქმიანობის ამსახველ ერთ საინტერესო ეპიზოდს გავეცნოთ, რომელიც საქართველოს ეხება. ომი და საომარი ვითარება ის ექსტრემალური გარემოებაა, როდესაც ყველაზე კარგად ჩანს სპეცსამსახურების სიძლიერე და სისუსტე, მარცხი და გამარჯვება. ოდითგან კამათის საგანი იყო და არის ოპერატიული და ანალიტიკური დანაყოფების მუშაობის შედარება. რომელია ძირითადი და უფრო მნიშვნელოვანი? ოპერატიული დანაყოფების
მუშაობა უფრო ჩანს და სახეზეა, ვიდრე - ანალიტიკურის. რომელი უნდა იყოს პრიორიტეტული სამსახურისთვის: "კაბინეტში ჩაკეტილი" ინტელექტუალი ანალიტიკოსები, რომლებიც ღია და ფარული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ოპერაციას გეგმავენ თუ "რემბო"-"ოპერატივნიკი", რომელმაც "ანალიტიკურისთვის" საიდუმლო ინფორმაციაც უნდა მოიპოვოს და ინტელექტუალების დაგეგმილი ოპერაციაც არ უნდა ჩააგდოს?

ეს თემა მესი-რონალდუს შედარებას
წააგავს: რომელია უფრო ძლიერი? ყველას თავის არგუმენტი აქვს... მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნებიდან ეკონომიკის საომარ ყაიდაზე გადაყვანის პრობლემა ყველაზე მეტად დემოკრატიული ქვეყნების - აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის წინაშე დადგა, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთის ტერიტორიაზე უშუალოდ საბრძოლო-სახმელეთო ოპერაციები არ მიმდინარეობდა. ფაშისტურ-ბოლშევიკური ქვეყნები კი, რომელთა ეკონომიკა ცენტრალიზებულად მართვადია, როგორც წესი, ყოველთვის კარგად მომზადებული ხვდებიან ომს. ალბათ, იმიტომაც, რომ ომი, გარეშე "მტრის ხატი" და ახალი ტერიტორიების დაპყრობა, ამ რეჟიმების არსებობისთვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. ფაშისტურ-ბოლშევიკური დიქტატორული რეჟიმების ეკონომიკა თავიდანვე მიმართულია ომების საწარმოებლად. დემოკრატიულმა ქვეყანამ კი უნდა შეასრულოს ძალზე რთული გადასვლა: თავისუფალი საბაზრო ეკონომიკიდან - ცენტრალიზებულად რეგულირებად ეკონომიკამდე. საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები პრობლემა ჰქონდათ სხვა მეომარ ქვეყნებს: გერმანიას, საბჭოთა კავშირს, იაპონიასა და იტალიას. ამ ქვეყნებს, სახელმწიფო მართვის დიქტატორულ-ტოტალიტარული ფორმის გამო, ათწლეულების მანძილზე ეკონომიკის ცენტრალიზებული მართვა (რაც ხანგრძლივი და გლობალური ომის დროს გამარჯვების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა) ადრევე დანერგილი და აპრობირებული ჰქონდათ. ირკვევა, რომ გერმანიის ეკონომიკა სრულად შეესაბამებოდა მის სამხედრო დოქტრინა "ბლიცკრიგს".

კერძოდ: გერმანია, სხვა მეომარ ქვეყნებთან შედარებით, იარაღის მცირე რაოდენობას აწარმოებდა, ავსებდა შეიარაღების გარკვეულ მოცულობას, რომელსაც სრულად იყენებდა მოულოდნელი შეტევის დროს და მომავალ შეტევით ოპერაციამდე "სულს ითქვამდა". შემდეგ კვლავ ავსებდა იარაღის და ტყვია-წამლის გარკვეულ მოცულობას და ა.შ. თუ შეტევითი ოპერაცია წარმატებით ვითარდება და იარაღის მარაგების შესავსებად პაუზაც საკმაოა, მაშინ რა აუცილებელია მთელი ეკონომიკის სამხედრო პროდუქციის წარმოებით ძალზე გადატვირთვა? ამგვარი ტაქტიკა, პარალელურად, ფართო მოხმარების პროდუქციის სტაბილურად წარმოების საშუალებასაც იძლევა. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე. შემდეგ კი გამოჩნდა, რომ გერმანიის ეკონომიკა ლოკალურ ომზე და სწრაფ გამარჯვებაზე იყო "მომართული" და არ იყო მზად ტოტალური და ხანგრძლივი ომისთვის. საინტერესოა, რომ საბჭოთა კავშირთან ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ ანუ 1943 წელს გერმანიამ, მოელოდა რა ომის სწრაფ დასრულებას, შეიარაღების წარმოება შეამცირა კიდეც. ასევე, საინტერესოა, რომ გერმანიაში სამუშაო ძალის რესურსების შესავსებად ქალების მობილიზაციაც კი არ მოახდინეს. ადოლფ ჰიტლერის დოქტრინა ითვალისწინებდა, რომ გერმანელი ქალის მთავარი საქმიანობა სამზარეულო, ეკლესია და ბავშვების აღზრდა ყოფილიყო. ამავე დროს, ძალზე მცირე იყო სამხედრო საწარმოები, სადაც ღამის ცვლა მუშაობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიკოსები საყოველთაოდ დამტკიცებულ ფაქტად თვლიდნენ, რომ 1942 წელს გერმანელების კავკასიაზე შეტევა, ძირითადად, ბაქოს ნავთობის ხელში ჩაგდების მიზნით განხორციელდა. მაგრამ დოკუმენტური წყაროებით ირკვევა, რომ მთლად ასეც არ იყო და გერმანელთა შეტევის მიზანი საქართველოს სტრატეგიული ობიექტების განეიტრალებაც ყოფილა.

გერმანელებისთვის აგენტურული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა კავშირმა მოასწრო ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის რეგიონებში ნავთობის იმდენი მარაგის შექმნა, რაც 1943 წლის ჩათვლით ეყოფოდა. ამას ადასტურებს ფაშისტური გერმანიის გენერლის, შემდგომში დასავლეთ გერმანიის დაზვერვის დამაარსებლის და 1946-1968 წლებში მისი ხელმძღვანელის - რიჰარდ გელენის მემუარები. ომის პერიოდში გელენი III რეიხის გენშტაბის სამხედრო დაზვერვის იმ განყოფილების უფროსი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალს შეისწავლიდა და კონკრეტულ რეკომენდაციებს ადგენდა. 1942 წლის დასაწყისში გელენმა ადოლფ ჰიტლერს წარუდგინა მოხსენება: "საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოტენციალი", სადაც, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, გაანალიზებული იყო საბჭოთა კავშირის სტრატეგიული რესურსებით უზრუნველყოფის არსებული მდგომარეობა (საბადოების მდებარეობა, მოპოვების მოცულობა, ტრანსპორტირების გზები, რეალური მოთხოვნა და ა.შ.).

გერმანიის დაზვერვის ამ მოხსენებიდან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის ნაწილი, სადაც განხილულია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და მისი მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომში. გელენი მემუარებში აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით საბჭოთა კავშირის მეტალურგიული მრეწველობა დიდად იყო დამოკიდებული ჭიათურიდან კავკასიური მანგანუმის მიწოდებაზე. ამასთან დაკავშირებით კავკასიის დაკარგვა გამოიწვევდა სსრკ-ში ფოლადის გამოდნობის მნიშვნელოვან შემცირებას. ხოლო მოლიბდენი-ვოლფრამის კონცენტრატის გადამუშავება ხდებოდა კავკასიის რეგიონში, უფრო ზუსტად - საქართველოში, ზესტაფონის მეტალურგიულ კომბინატში. გერმანელების გათვლებით ამ კომბინატის მწყობრიდან გამოყვანა (დაბომბვა ან დივერსია) გამოიწვევდა სამხედრო მრეწველობისათვის ძალზე საჭირო ლეგირებული ფოლადის გამოდნობის შემცირებას სულ მცირე 30 %-ით. ასე რომ, გერმანიის სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსებმა კი გათვალეს საბჭოთა კავშირის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დასუსტების გზები, თუმცა დივერსიულმა დანაყოფებმა მათი განეიტრალება ვერ მოახერხეს. გერმანელებს სამხრეთ კავკასია ხელში რომ ჩაეგდოთ, საბჭოთა კავშირის მიერ თვითმფრინავების, ტანკების და საბრძოლო მასალის წარმოება მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, რაც ომის ბედს საბოლოოდ გადაწყვეტდა. შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ გელენის ამ მოხსენების გაცნობის შემდეგ ადოლფ ჰიტლერი დიდხანს ეძებდა რუკებზე მისთვის ეგზომ ეგზოტიკურ ჭიათურასა და ზესტაფონს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
v
16 აგვისტო 2021 09:47
ჟორიას ედზებდა
ზესტაფონი
12 ივლისი 2021 17:02
ჰოჯესმა, ინგლისელმა მოგზაურმა და მწერალმა გამოაქვეყნა მემუარები, სადაც კრისტალის თავისქალაზე განსაკუთრებული მოწიწებით საუბრობდა.

მისი თქმით, კრისტალის თავისქალა ძველი ქართველტა პერიოდის რელიკვია იყო – სახელად “განკითხვის თავისქალა”. რამოდენიმე ადამიანი, რომელიც თავისქალის მიმართ ცინიკურად საუბრობდა, უეცრად გარდაიცვალა დანარჩენები კი დაავადნენ. ჰოჯესი მის მემუარებში თავისქალის აღმოჩენის ისტორიას არ გვიყვება, მხოლოდ ერთ წინადადებას ამბობს: ზესტაფონი, ჭიათურა ..)))))))
11 ივლისი 2021 21:27
რაი ბიჯო. ამბავი რომ მიუტანეს Თურმე გაზის კამერაᲨი ფეროის მუᲨები არიანო და გაზი არ გუდავსო ე მერე დოუწყია ზესტაფონის რუქაზე Ძებნაი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები