საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო: როგორ ცდილობდა კა-გე-ბე ქართული "ემიგრაციის არქივის" ხელში ჩაგდებას - კვირის პალიტრა

საქართველოს ისტორიის კიდევ ერთი საიდუმლო: როგორ ცდილობდა კა-გე-ბე ქართული "ემიგრაციის არქივის" ხელში ჩაგდებას

მრავალი ათეული წლის წინ მომხდარი ისტორიული მოვლენების კონსტრუირება, ზოგადად, ურთულესი და ძნელად მისაღწევი ამოცანაა, რადგანაც მიზანს ყოველთვის ართულებს სანდო საარქივო დოკუმენტების ნაკლებობა. სწორედ ამგვარი ურთულესი ამოცანა და რთული ისტორიული თავსატეხია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არქივის, შემდგომში - "ემიგრაციის არქივის" (ამ დეფინიციით განვსაზღვროთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის, სოციალ-დემოკრატიული და სხვა პოლიტიკური პარტიების არქივები) დაბრუნების მრავალწლიან საიდუმლო ქრონიკებში გარკვევა. დასახულ მიზანს განსაკუთრებით ართულებს ის გარემოება, რომ "ემიგრაციის არქივის" დაბრუნების პროცესი საბჭოთა კავშირის უმთავრესი სპეცსამსახურის - სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და საქართველოში მისი "ფილიალის", საქართველოს სსრ სუკის, უშუალო მონაწილეობით იგეგმებოდა და პირველ ეტაპზე (1988 წელს) "ემიგრაციის არქივის" ე.წ. ჰარვარდული ნაწილის საბჭოთა კავშირში ჩამოტანა სწორედ საბჭოთა სუკის დიდი მონდომების შედეგად განხორციელდა.

სუკის ყველა მოქმედება მაქსიმალურად გასაიდუმლოებული იყო და "სამეცნიერო მივლინებებითა" და "ემიგრაციის არქივის" "მეცნიერული შესწავლის სურვილით" ინიღბებოდა. ათწლეულები გავიდა, საბჭოთა კავშირი გაქრა მსოფლიოს პოლიტიკური რუკიდან, თუმცა "ემიგრაციის არქივის" დაბრუნების სპეცოპერაციების ამსახველი დოკუმენტები კვლავ ხელმიუწვდომელია საზოგადოებისთვის. "ემიგრაციის არქივის" დასაბრუნებლად საბჭოთა სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების გამოძახილი, ჩემი აზრით, ორი ათეული წლის შემდეგ ტრაგიკულად აისახა უშუალო მონაწილეთა ბედზე.

დღემდე საიდუმლოა 1990-2000-იან წლებში მომხდარი ბევრი მოვლენა და ფაქტი, ტრაგიკული შემთხვევითობა იყო თუ სპეცსამსახურების ფარული ოპერაციების შედეგი. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო "ემიგრაციის არქივის" საქართველოში დაბრუნების ბევრი გარემოება ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ეს თემა, გასაგები მიზეზების გამო, საზოგადოებისათვის დახურული იყო. დღეს კი არანაირი გამართლება არა აქვს ქვიშაში თავჩარგული სირაქლემის პოზაში ყოფნას. უკვე დროა, საზოგადოებამ იცოდეს, ვინ ვინ იყო და არის! ქართული "ემიგრაციის არქივის" ხელში ჩაგდებით საბჭოთა სპეცსამსახურები იყვნენ დაინტერესებული და საამისოდ საიდუმლო ოპერატიულ-აგენტურულ ღონისძიებებსაც გეგმავდნენ. "ეროვნული არქივის" საფრანგეთში გატანის პირველივე წლებიდან საბჭოთა საგარეო დაზვერვამ ("ინო"), საქართველოს სსრ ჩეკას ქვედანაყოფის მონაწილეობით საზღვარგარეთ გატანილი ქართული (ისევე, როგორც სხვა ეროვნების) ემიგრაციის სახელმწიფო, პოლიტიკური პარტიების და ცალკეული პოლიტიკოსების პირადი არქივების ხელში ჩასაგდებად დაიწყო სპეციალური ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციების დაგეგმვა-ჩატარება. "ემიგრაციის არქივით" დაინტერესება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ იქ ინახებოდა საქართველოსა და კავკასიის პოლიტიკურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ისტორიული დოკუმენტები, გეოგრაფიული რუკები, ასევე - ემიგრაციის ფოტოარქივი და კიდევ მრავალი, მტერ-მოყვრისთვის საინტერესო მასალა. საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის განსაკუთრებულ ოპერატიულ ინტერესს "ემიგრაციის არქივის" ყველაზე საიდუმლო ნაწილი წარმოადგენდა, კერძოდ:

- ემიგრაციის ანტიბოლშევიკური ბრძოლის ამსახველი დოკუმენტები: საიდუმლო მიმოწერა, ფარულად მოქმედი ანტიბოლშევიკების ფსევდონიმები, დაშიფრული წერილები და შიფრები;

- ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მთავრობისა და სამშობლოში დარჩენილი და ფარულად მოქმედი პოლიტიკური პარტიების კონტაქტების ამსახველი დოკუმენტები;

- გრიგოლ ვეშაპელისა და ნოე რამიშვილის მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტები;

- ემიგრაციაში მოქმედი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენლობების საიდუმლო კორესპონდენციები;

- რადიო "თავისუფლების" სამსახურებრივი დოკუმენტები;

- ქართული ემიგრაციის ლიდერების პირადი არქივები და სხვა.

საქართველოს "ემიგრაციის არქივის" ხელში ჩაგდება არც შემდგომ წლებში, თვით საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში კარგავდა აქტუალურობას საბჭოთა სპეცსამსახურებისთვის. ეს იყო საბჭოთა ხელისუფლების მიერ სპეცსამსახურებისთვის მიცემული სრულიად საიდუმლო, უვადო დავალება, რომელიც უცილობლად უნდა შესრულებულიყო. "ემიგრაციის არქივის" დასაბრუნებლად საბჭოთა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ორგანოების მრავალწლიანი მცდელობა, მათ მიერ დაგეგმილი და ჩატარებული მრავალჯერადი და მრავალფეროვანი ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციები კვლავაც გასაიდუმლოებულია. უფრო მეტიც, საქართველოს დამოუკიდებლობის მეორედ მოპოვების შემდეგაც კი, ეროვნული არქივის დაბრუნების მხოლოდ ოფიციალური ვერსიაა ცნობილი, ხოლო რეალური ისტორია ტაბუდადებული იყო და არის. ამ პროცესებში მონაწილე ყველაზე აქტიური წევრების (შალვა და მამია ბერიშვილები, ლევან ფაღავა, აკაკი რამიშვილი და სხვა.) პირადი მიმოწერა და, რაც ყველაზე მთავარია - საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის დანაყოფების შესაბამისი დოკუმენტები კვლავ გასაიდუმლოებულია.

არ არის გამორიცხული, რომ "ემიგრაციის არქივის" ხელში ჩასაგდებად ფარული სპეცოპერაციები გრძელდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, მხოლოდ უკვე რუსეთის სპეცსამსახურების მონაწილეობით. ამ მოსაზრებას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ "ემიგრაციის არქივში" იყო დოკუმენტები, რომლებიც არა მარტო XX საუკუნის 20-40-იანი წლების პოლიტიკურ პერიპეტიებს, არამედ - 1990-იანი წლების დასაწყისის ქართული ემიგრაციის მეორე და მესამე თაობებს შორის შიდა დაპირისპირებასაც ასახავდა. ბევრი ქართველი ემიგრანტის შთამომავლობა იმ პერიოდში ცოცხალი იყო და, მათზე ზემოქმედების მიზნით, არქივში არსებული დოკუმენტების გამოყენება მოსკოვის მიერ სავსებით რეალურია. საბჭოთა სპეცსამსახურების ფარულ "ოპერატიულ კომბინაციებში" ჩართულნი იყვნენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი - ზოგი საკუთარი ნება-სურვილით, ზოგიც - კომპრომატებით დაშინებული. უმცირესი ნაწილი კი, შესაძლებელია, ვერც კი ხვდებოდა, ისე იყენებდა მათ საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი. საბჭოთა პერიოდში საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენლების (ხშირად ყველაზე გამორჩეული ნაწილის) სუკთან თანამშრომლობა მათი დანაშაული კი არა, არამედ - დიდი პირადი ტრაგედია იყო. ამიტომაა აუცილებელი არსებული ოფიციალური დოკუმენტებისა და ქართველი მეცნიერების, ასევე, იმ მოვლენებში მონაწილე საქართველოს სუკის ყოფილი თანამშრომლების მოგონებების შესწავლისა და ობიექტური ანალიზის საშუალებით, ოდნავ მაინც მოეფინოს ნათელი იმ შორეულ, ისტორიულ ფაქტებს.

დიდი ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: "აღდგენა ისტორიისა ერის გამოცოცხლებაა, გამომხნევებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა, მერმისის გამორკვევაა სიბნელისგან". ვიცი, რომ ამ ბლოგის მკითხველთა შორის საქართველოს სუკის ვეტერანი თანამშრომლებიც არიან, არაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანი პირადად მონაწილეობდა ზემოაღნიშნულ ისტორიულ მოვლენებში ან აქვს საკუთარი შეხედულება მათთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველას, ვისაც კი სურს, წვლილი შეიტანოს საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ კიდევ არსებული "შავი ლაქების" აღმოფხვრაში.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს