უფრთხილდით არქივარიუსებს: ვინ იყო კაცი, რომელმაც სპეცსამსახურების ისტორიის მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა - კვირის პალიტრა

უფრთხილდით არქივარიუსებს: ვინ იყო კაცი, რომელმაც სპეცსამსახურების ისტორიის მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა

1992 წლის შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს მოსკოვი-რიგის მატარებლიდან მოხუცი მამაკაცი ჩამოვიდა, თან გორგოლაჭებიან ჩანთას მიაგორებდა. ალბათ, სახელგანთქმული ბულგარელი ნათელმხილველი ვანგაც ვერ მიხვდებოდა, თუ რა ტვირთი მიჰქონდა მოხუცს და როგორ შეცვლიდა ეს კაცი მსოფლიოს უახლეს ისტორიას. მომავალ წელს სრულდება ოცდაათი წელი მას შემდეგ, რაც კა-გე-ბეს საგარეო დაზვერვის მთავარი სამმართველოს საარქივო განყოფილების ყოფილი ოფიცერი, სამოცდაათი წლის პენსიონერი ვასილ მიტროხინი გორგოლაჭებიანი ჩანთით დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიადგა. მაშინ არავინ იცოდა, თუ რა "სწრაფი მოქმედების  ნაღმს" ფლობდა შეუმჩნეველი, სათვალიანი, ჩია მოხუცი.

გავეცნოთ მასალებს ვასილი მიტროხინის და კრისტოფერ ენდრიუს 1999 და 2005 წლებში ორ ტომად გამოცემული წიგნიდან The Mitrokhin Archive 1-2, "The KGB and the world"..

მცირე დოსიე: ვასილი მიტროხინი დაიბადა 1922 წელს რიაზანის ოლქში.

დაამთავრა ალმა-ათის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1948 წლიდან საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების სისტემაში მუშაობდა - ჯერ კურიერად, შემდეგ -  საზღვარგარეთ, 1950-იანი წლების დასაწყისიდან კი საბჭოთა დაზვერვის არქივში გადაიყვანეს. ის არეგისტრირებდა უცხოეთში მოქმედი საბჭოთა აგენტურის საარქივო დოკუმენტებს. ალბათ, ვეღარასოდეს გავიგებთ, თუ რამ უბიძგა მიტროხინს, ფაქტობრივად, თავი გაეწირა - სასიკვდილო ნაბიჯი გადაედგა და არქივიდან, ყველასგან ფარულად, ხელით ამოეწერა სრულიად საიდუმლო ინფორმაცია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ათასობით არალეგალურად მოქმედი საბჭოთა აგენტისა და საიდუმლო ოპერაციის შესახებ. ეს ფაქტი რომ გამჟღავნებულიყო, მიტროხინს, უკეთეს შემთხვევაში, ციმბირის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში მოუწევდა დარჩენილი სიცოცხლის გატარება. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მიტროხინი 1972 წლიდან შეუდგა არქივებიდან ამონაწერების გაკეთებას. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

1972 წელს კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველო (საგარეო დაზვერვა) "ლუბიანკიდან" მოსკოვთან ახლოს მდებარე იასენოვოში ახალ, თანამედროვე კომპლექსში გადადიოდა. სხვა საიდუმლო დოკუმენტებთან ერთად დაზვერვის არქივიც (დაახლოებით, 300 000-მდე საქაღალდე) უნდა გადაეტანათ. ამისთვის კი აუცილებელი იყო არქივის აღწერა, ინდექსაცია და სპეციალურ ყუთებში მოთავსება, რომლებიც შემდგომ უნდა დალუქულიყო.

იასენოვოში საქაღალდეები სპეციალურ სტელაჟებზე თავსდებოდა. უზარმაზარი არქივის გადატანის რთული პროცესი რამდენიმე წელს გაგრძელდა. წიგნის გარეკანი

სწორედ ამ სამუშაოებში მონაწილეობდა საგარეო დაზვერვის არქივის ერთ-ერთი თანამშრომელი -  ვასილ მიტროხინი.

უნდა ითქვას, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებში საიდუმლო დოკუმენტებთან მუშაობა განსაკუთრებით გამკაცრებული იყო. გამონაკლისი არც არქივი გახლდათ, სადაც დაშვების უფლების მიღებაც კი ურთულეს პროცედურებთან იყო დაკავშირებული.

მიტროხინი თავდაპირველად პოლიტბიუროს საიდუმლო სხდომების, საბჭოთა კომუნისტური პარტიისა და მთავრობის სრულიად საიდუმლო გადაწყვეტილებების და კა-გე-ბეს თავმჯდომარის, იური ანდროპოვის ბრძანებების ტექსტს იმახსოვრებდა და სახლში დაბრუნებულს, ქაღალდზე გადაჰქონდა. შემდეგ მიტროხინი, დარწმუნდა რა "ლუბიანკის" ცენტრალური კორპუსის საკონტროლო-გამშვებ პოსტზე მყოფი ჯარისკაცების გულარხეინობაში, საარქივო მასალებს კაბინეტშივე იწერდა და სახლში წინდებში დამალული მიჰქონდა, იქ კი საწოლი მატრასის ქვეშ მალავდა. შაბათ-კვირას მიტროხინი აგარაკზე მიემგზავრებოდა და არქივიდან ამონაწერებს ჯერ რძის ბიდონში ათავსებდა, შემდეგ კი მიწაში ღრმად ფლავდა. ასე გრძელდებოდა მთელი 12 წელი. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, მიტროხინი 1984 წელს წყნარად გავიდა მაიორის ჩინით პენსიაზე და, ძირითადად, მოსკოვის მახლობლად მდებარე, პატარა საბაღე ნაკვეთში თავისთვის ფუსფუსებდა, პარალელურად, საარქივო დოკუმენტებიდან ამონაწერებს ახარისხებდა და შემდეგ კვლავ მიწაში ფლავდა.

არავინ ელოდა, რომ მიტროხინი კარტოფილის და პომიდორის მოსავალთან ერთად რამდენიმე წლის შემდეგ სხვა, გაცილებით ძვირფას "მოსავალსაც" აიღებდა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისების გამომწვევი მიზეზი გახდებოდა.

მიხეილ გორბაჩოვის "პერესტროიკამ" და 1991 წლის მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში განვითარებულმა კრიზისულმა მოვლენებმა მიტროხინს მშვენიერი "ამინდი შეუქმნა" ყველაზე ძვირფასი "მოსავლის" ასაღებად და მან კა-გე-ბეს აგენტურის კართოტეკის მყიდველთა ძებნა დაიწყო. წინდახედული არქივარიუსი ლატვიის დედალაქ რიგაში ჩავიდა და იქ, აშშ-ის საელჩოში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) რეზიდენტთან შეხვედრა მოითხოვა. ამერიკელმა მზვერავებმა ქედმაღლურად მიიღეს "ვიღაც პენსიონერი" და "ბიბლიოთეკარი", რომელიც ხელნაწერებით სავსე ჩანთით მიადგა მათ, ხოლო მიწაში ჩაფლული არქივების ამბავი სასაცილოდაც არ ეყოთ. ბუნებრივია, მიტროხინის ხელით გადაწერილი ფურცლები ორიგინალურ დოკუმენტების ასლებს წარმოადგენდა და თავისუფლად შეიძლებოდა ყალბი აღმოჩენილიყო. ადგილობრივ ცსს-ს ოფიცრებს ისედაც თავზე საყრელად ჰქონდათ საქმე ასობით საბჭოთა მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტიკურ თავშესაფარ ეძებდნენ აშშ-ში და დანგრეული საბჭოთა კავშირიდან გაცლას გეგმავდნენ. დღესდღეობით, ცსს-ში თვლიან, რომ ეს მათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

ამერიკელებისაგან გაწბილებული მიტროხინი შორს აღარ წასულა და იქვე, რიგაში, ბრიტანელებს მიადგა. "ჯეიმს ბონდის" თანამემამულეებმა ყურადღებით მოუსმინეს მოხუცს, ვისკიც დაალევინეს და 1992 წელს ოჯახთან ერთად ინგლისში პოლიტიკური თავშესაფარიც გაუხერხეს. მაგრამ მთავარი კა-გე-ბეს არქივების დიდი ნაწილი კვლავ მოსკოვთან ახლოს, მიწაში ღრმად ჩაფლული რჩებოდა. ბრიტანეთის საგარეო დაზვერვამ (მი-6) ოპერაციაში მოსკოვის რეზიდენტურა ჩართო და მალევე არქივები უკვე ლონდონში იყო. საინტერესოა, რომ მიტროხინის არქივის გატანის დეტალები დღესაც გასაიდუმლოებულია.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა შვიდი წლის მანძილზე გულდასმით სწავლობდა "მიტროხინის არქივს", პარალელურად კი, ზოგიერთ მასალას იმ ქვეყნებს უწილადებდა, სადაც საბჭოთა აგენტურა მოქმედებდა. ასე მიიღეს აშშ-ის, საფრანგეთის, იტალიის და სხვ. ქვეყნების სპეცსამსახურებმა შესაბამისი საარქივო ამონაწერები. 1995 წელს, დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, "მიტროხინის არქივის" გამოსაცემის მოსამზადებლად შეირჩა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, სპეცსამსახურების ისტორიის ცნობილი ექსპერტი კრისტოფერ ენდრიუ. 1980-იანი წლების ბოლოს მსოფლიოს სენსაცია სწორედ კრისტოფერ ენდრიუსა და საბჭოთა კავშირიდან გაქცეული საგარეო დაზვერვის პოლკოვნიკ ოლეგ გორდიევსკის ერთობლივად დაწერილმა წიგნმა მოახდინა. რობერტ ლიპკა

მიტროხინისა და ენდრიუს პირველი წიგნი 1999 წელს გამოიცა და დაიწყო ხმაურიანი სკანდალები. ყველაზე შთამბეჭდავი მაინც კა-გე-ბეს ყოფილი აგენტის, 80 წლის მელიტა ნორვუდის გამოააშკარავება იყო. ნორვუდი 1937 წლიდან დაწყებული, 40 წლის განმავლობაში ბრიტანული ბირთვული საიდუმლოებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა საბჭოთა კავშირის საგარეო დაზვერვას.

მიტროხინის დოკუმენტებმა ამხილეს აგენტი "რომეო", ლონდონის პოლიციის გამომძიებელი სერჟანტი ჯონ საიმონდსი, რომელიც ქვეყნიდან კორუფციის ბრალდების წაყენების შემდეგ გაიქცა და კა-გე-ბემ ის მაროკოში გადაიბირა. მომზადების სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, მას უნდა მოეხიბლა უცხოურ საელჩოებში მომუშავე ქალები და მათგან საიდუმლო ინფორმაცია მიეღო. "მიტროხინის არქივიდან" გაირკვა, აგრეთვე, 1969 წელს კა-გე-ბეს მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა სპეცოპერაციას დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წინააღმდეგ და "მი-5"-ის მიერ დაგეგმილ შეთქმულებად ამის წარმოჩენას. მიტროხინის დოკუმენტებიდან გაირკვა, აგრეთვე, აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა საიდუმლო ადგილების შესახებაც. ამ საიდუმლო საწყობებში იარაღი იყო დამალული, რომლის გამოყენებას ომის შემთხვევაში აგენტები და მათი პროსაბჭოურად განწყობილი თანამოაზრეები შეძლებდნენ.

"მიტროხინის არქივში" ამერიკელ პოლიტიკოსთა სახელებიც უხვად იყო: დაწყებული აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰენრი კისინჯერიდან, რომლის საუბრები პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან, თურმე, ისმინებოდა კა-გე-ბეს მიერ და დამთავრებული პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველ ზბიგნევ ბჟეზინსკით, რომლის გადაბირებასაც კა-გე-ბე გეგმავდა. "მიტროხინის არქივის" შესწავლის შემდეგ ბევრი საბჭოთა ჯაშუში იქნა გამოააშკარავებული, მაგალითად: რობერტ ლიპკა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს კლერკი, რომელიც 1960-იან წლებში საბჭოთა კავშირისათვის ჯაშუშობდა. მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფელიქს ბლოხი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, რომელიც გამოძიებისას ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად მიიჩნეოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება ვერ მოხერხდა და მას ბრალდებაც ვერ წაუყენეს, ბლოხი სამსახურიდან დაითხოვეს და პენსიაც ჩამოართვეს.

კიდევ უფრო სენსაციური იყო 2005 წელს გამოცემული მეორე წიგნი, საიდანაც მრავალი ფაქტი გაირკვა. კერძოდ, აღსანიშნავია კა-გე-ბეს შეფის - იური ანდროპოვის სრულიად საიდუმლო მოხსენება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საბჭოთა სპეცსამსახურმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩილეში 1970 წელს სოციალისტ სალვადორ ალიენდეს გაპრეზიდენტებაში. ასევე, საინტერესოა 1980 წლით დათარიღებული დოკუმენტი, სადაც კუბის ლიდერი ფიდელ კასტრო საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელებს სთავაზობს კუბაზე საბჭოთა ბირთვული იარაღის კვლავ განთავსებას. "მიტროხინის არქივის" გამოქვეყნებამ საბჭოთა საგარეო დაზვერვის მრავალ დეზინფორმაციულ სპეცოპერაციას ახადა ფარდა. ვასილი მიტროხინი კი 2004 წლის იანვარში, 81 წლის ასაკში, წყნარად გარდაიცვალა ლონდონში. ასე ააწრიალა ერთმა რიგითმა არქივარიუსმა მთელი მსოფლიო და სპეცსამსახურების ისტორიის მრავალ საიდუმლოს ახადა ფარდა.

მიტროხინისა და ენდრიუს ორივე წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და კიდევ მრავალი საინტერესო ფაქტია აღწერილი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველანაირად ბლოკავს ამ წიგნების რუსულ ენაზე თარგმნას და გამოცემას, რათა მოსახლეობისთვის ხელმისწვდომი არ გახდეს საბჭოთა სპეცსამსახურების "გმირობები". კარგი იქნებოდა ეს პუბლიკაციები ქართულ ენაზე გამოცემულიყო, რათა კიდევ ერთხელ გავეცნოთ კა-გე-ბეს მუშაობის იმ მეთოდებსა და ხერხებს, რომლებსაც დღეს უკვე რუსეთის სპეცსამსახურები წარმატებით იყენებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს