ბირთვული იარაღი, "სექსხაფანგი" და. . . ქართული პოეზია - კვირის პალიტრა

ბირთვული იარაღი, "სექსხაფანგი" და. . . ქართული პოეზია

ბირთვული იარაღი, "სექსხაფანგი" და... ქართული პოეზია

ბევრი მკითხველი გამოთქვამს სურვილს, რომ არა მარტო კა-გე-ბესა და რუსეთის სპეცსამსახურების შესახებ ვისაუბროთ, არამედ გავიხსენოთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, გერმანიის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციები.

დღეს ისრაელის საგარეო დაზვერვის (მოსადი) ერთ-ერთ სპეცოპერაციაზე ვისაუბროთ, რომელიც ისრაელის მოქალაქის წინააღმდეგ იყო დაგეგმილი და განხორციელებული. ირანს ბირთვული იარაღი ჯერ არ აქვს და მსოფლიო უკვე დაძაბულობის უმაღლეს ზღვარზეა. დაახლოებით, ამგვარი შოკი განიცადა მსოფლიოს საზოგადოებამ ამ ოცდაათი წლის წინ, როცა დიდი ბრიტანეთის გაზეთებმა დაბეჭდეს ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის დამადასტურებელი სენსაციური ინფორმაცია და ფოტოები. ეს ზესაიდუმლო ინფორმაცია ისრაელის დიმონის ატომური ცენტრის რიგითმა ტექნიკურმა მუშაკმა - მორდეჰაი (მორდი) ვანუნუმ მიჰყიდა ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთს.

მორდეჰაი (მორდი) ვანუნუ

მორდეჰაი ვანუნუ დაიბადა 1934 წელს მაროკოში, ორთოდოქსი ებრაელის ოჯახში. მამამისი საკულტო ნივთებით ვაჭრობდა და ასე არჩენდა ცხრასულიან ოჯახს. 1962 წელს მთელი ოჯახი, მრავალ ათას მაროკოელ ებრაელთან ერთად, "მოსადის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საიდუმლო ოპერაციის შემდეგ ისრაელში დაბრუნდა. 1970-იანი წლების დასაწყისში მორდეჰაი თელ-ავივის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტიდან მოუსწრებლობის გამო გარიცხეს. მორდი შემთხვევითი სამუშაოებით ირჩენდა თავს მანამ, სანამ გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებით, ერთ-ერთ, არაფრით გამორჩეულ პატარა კომპანიას არ მიაკითხა. ალბათ, ბედისწერა იყო - იმ დღიდან შეიცვალა მორდის ცხოვრება. შტატში ჩარიცხვამდე მან მრავალი შემოწმება გაიარა. განსაკუთრებით კი, ისრაელის კონტრდაზვერვის - "შინ-ბეთის" თანამშრომლებთან შეხვედრა დაამახსოვრდა. ამ გასაუბრების შემდეგ, ორი თვის განმავლობაში, მორდის მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა - მან გაიარა ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკისა და ინგლისური ენის გაძლიერებული კურსები და მხოლოდ ამის შემდეგ, 1977 წლის თებერვალში დაუშვეს ის ისრაელის ყველაზე საიდუმლო ობიექტზე - დიმონის ბირთვული კვლევის ცენტრში.

პირველივე დღეს, მორდის ხელი მოაწერინეს სახელმწიფო საიდუმლეობის გაცნობის შესახებ სპეციალურ დოკუმენტზე, სადაც განსაკუთრებით ხაზგასმული იყო, რომ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისათვის მას 15-წლიანი პატიმრობა ელოდა. მორდი, ტექნიკურ მუშაკად მიიღეს და ღამის ცვლაში გაამწესეს. შემდგომ განვითარებულ მოვლენებში ამ ფაქტორმაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების კვალდაკვალ, თანდათანობით იცვლებოდა მორდის პატრიოტული და რელიგიური შეხედულებები. მან ჯერ არაბების დაცვა მოინდომა, ხოლო შემდეგ - იუდაიზმსაც განუდგა და ქრისტიანობა მიიღო. მორდი აქტიურად ჩაერთო ისრაელის მემარცხენე წრეების მუშაობაში. "შეწყვიტეთ არაბების ჩაგვრა" - ამ მოწოდებით ის ხშირად გამოდიოდა სტუდენტებთან ერთად დემონსტრაციებზე. ასე გრძელდებოდა ერთ წელზე მეტხანს და ბოლოს, როგორც იქნა, ისრაელის კონტრდაზვერვამ "გამოიღვიძა".

დიმონის ბირთვული კვლევის ცენტრი

1985 წლის ბოლოს ვანუნუ ატომური ცენტრის შიდა უსაფრთხოების თანამშრომლებმა ოფიციალურად გააფრთხილეს. მაგრამ "შეაყარე კედელს ცერცვიო", ასე მოუვიდა მორდისაც და იმდენი ქნა, რომ "კატა გამოთხარა" - იმავე წლის ნოემბერში, შტატების შემცირების ნეიტრალური მიზეზით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. განაწყენებულმა მორდიმ, რაც ებადა, ყველაფერი გაყიდა და თავგადასავლების საძიებლად აღმოსავლეთის ქვეყნებს მიაშურა. ამ გადაწყვეტილებით, მან ყოველგვარი (სულიერი და ფიზიკური) კავშირი გაწყვიტა ისრაელის სახელმწიფოსთან. ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, თუ რა ფაქტორმა - პატივმოყვარეობამ, ფულმა თუ ისრაელის ხელისუფლებისთვის სამაგიეროს გადახდის სურვილმა ითამაშა გადამწყვეტი როლი ვანუნუს შემდგომ მოქმედებებში. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურმა (ცსს-მ, "მი-6"-მა და ჩინეთის დაზვერვამ), რომლებიც ერთმანეთის და სხვების საელჩოებს ყველა ქვეყანაში დღედაღამ უთვალთვალებენ (პარალელურად, ფოტოვიდეოზე აფიქსირებენ ყველა შემსვლელსა და გამომსვლელს).

პირველად მორდი ნეპალში, საბჭოთა საელჩოში შესვლისას დააფიქსირეს. საელჩოს მორიგემ "კა-გე-ბეს" რეზიდენტურის ოფიცერი მოძებნა და მოახსენა: "ვიღაც ებრაელია მოსული და თქვენთან შეხვედრას ითხოვსო". ამის გაგონება და ოფიცრის "კივილიც" ერთი იყო: "იქიდან ძლივს მოვიცილეთ და ახლა, აქ, ნეპალშიც არ გვასვენებენ ეს ებრაელები? გააგდე სასწრაფოდ!" მისაღებში დაბრუნებული მორიგის სახის გამომეტყველებაზე მორდი პასუხს უსიტყვოდ მიხვდა, ერთი ამოიოხრა, ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაც დაწერა, მას გადასცა და სიბნელეში გაუჩინარდა. მხოლოდ მეორე დღეს, რეზიდენტის დაბრუნების შემდეგ გაგზავნეს შიფრ-დეპეშა მოსკოვში და იქიდან მიღებული პასუხის შემდეგ შემოირტყეს თავში ხელი და მიხვდნენ, თუ რა "ჩიტი გაუფრინდათ" ხელიდან.

1986 წლის მაისში ვანუნუ გულის გადასაყოლებლად კენგურუების სამშობლოში ჩავიდა. ერთ-ერთ ბარში შემთხვევით კოლუმბიელი "ჟურნალისტ-ავანტიურისტი" - ოსკარ ჰერერო გაიცნო, რომელიც მუზის მოსვლამდე ლუკმაპურს მღებავად მუშაობით შოულობდა. ახალგაცნობილი "ძმაკაცები" ბარ-ბარ დადიოდნენ და მორდის ფულებით დროს ატარებდნენ. ერთ-ერთ ასეთ საღამოს მორდის სევდა მოეძალა და ოსკარს საიდუმლო გაუმხილა. მან კოლუმბიელს დაუფარავი სიამაყით განუცხადა, რომ თითქმის ათი წელი მუშაობდა ისრაელის საიდუმლო ატომურ ცენტრში, სადაც ფარულად ორი "კატუშკა" ფოტოფირი გადაიღო, რომელიც "შინ-ბეტის" ჯინაზე, დაუბრკოლებლივ გამოიტანა ობიექტიდან. შეზარხოშებულმა მორდიმ თან წაიტრაბახა: "მაგათი მთელი საიდუმლო ხელის გულზე მიდევსო". მომენტალურად გამოფხიზებული ოსკარი, მშიერ კობრასავით "დააცხრა" მორდის და ფოტოფირების გაყიდვა და დიდი ფულის შოვნა შესთავაზა. ორი ავანტიურისტი ავსტრალიის გაზეთების რედაქციებში დადიოდნენ და საიდუმლო ფოტოებს სთავაზობდნენ. ამ სერიოზული საქმისათვის ორივე იმდენად კარიკატურულად გამოიყურებოდა, რომ მათი არავის სჯეროდა. თუმცა ამ მომენტიდან მოვლენებში უკვე ავსტრალიის სპეცსამსახური ჩაერთო. მათ აგენტურას არ გამოჰპარვია ორი "ძმაკაცის" აქეთ-იქით ხეტიალი და "მოსადს" შეატყობინეს: "თქვენს ებრაელს, რომელიც სიდნეიში დაბოდიალობს და ისრაელის ატომურ იარაღზე რაღაცას "ბჟუტურებს", თქვენვე მიხედეთო".

მანამდე მსოფლიოში სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ ისრაელის ატომურ იარაღზე ლაპარაკი და, თუ ვანუნუს ხელთ არსებული ინფორმაცია გამჟღავნდებოდა, მას, შესაძლოა, გაუთვალიწინებელი საერთაშორისო პოლიტიკური შედეგები მოჰყოლოდა.

იოსებ ჰარმელინი

ამასობაში, ვანუნუს და ჰერეროს, როგორც იქნა, მსოფლიოს უდიდესი საგაზეთო მაგნატის - რუპერტ მერდოკის გამოცემა - "სანდი თაიმსში" გაუმართლათ. ამ გაზეთის რედაქციამ სიდნეიში თავისი წარმომადგენელი - ჟურნალისტი (განათლებით ფიზიკოსი) მიავლინა. გაზეთის ექსპერტმა, ადგილზე დარწმუნდა რა, ფოტოფირების დიდ მნიშვნელობაში, მორდის 50 ათასი აშშ დოლარი (ამ სახის ინფორმაციისათვის მართლაც უმნიშვნელო თანხა) შესთავაზა, თანაც, მხოლოდ ერთი აუცილებელი პირობით - კოლუმბიელი ავანტიურისტი ოსკარი ამ საქმიდან უნდა "მოეტეხათ". მორდი დათანხმდა და გაზეთის წარმომადგენელთან ერთად ლონდონში გაფრინდა. მათ განაწყენებული ოსკარ ჰერეროც ფარულად "ჩაუდგა კვალში". ამ სამეულს "მოსადის" ორი აგენტიც მიჰყვა. აი ასეთი "ესკორტით" ჩავიდა მორდი ლონდონში, სადაც "სანდი თაიმსის" რედაქციას 60 ფოტოფირი გადასცა.

დაიწყო ინფორმაციისა და ფირების მრავალკვირიანი ექსპერტიზა. სანამ "სანდი თაიმსის" რედაქცია ბჭობდა, მისმა დაუძინებელმა კონკურენტმა, საგაზეთო მაგნატ რობერტ მაქსველის "სანდი მირორმა" გაბრაზებული კოლუმბიელის მონაყოლზე დაყრდნობით, ამ ფაქტის საკუთარი ვერსია დაბეჭდა. ეს უკვე მსოფლიო სენსაცია იყო.

1986 წლის ზაფხულის ცხელი დღე იდგა, როდესაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შიმონ პერესმა (1923-2016) კაბინეტის საიდუმლო სხდომა გახსნა. ის აღელვებას ვერ მალავდა. ყველაზე მეტი ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურის (კონტრდაზვერვის) - "შინ-ბეთის" ახალდანიშნულ შეფს, იოსებ ჰარმელინს (1922-1994) "მოხვდა". პერესის მონოლოგი დიდხანს გრძელდებოდა: "როგორ გამოგეპარათ და ასეთი არასაიმედო კაცი ჩვენი ქვეყნის ყველაზე საიდუმლო ობიექტზე სამუშაოდ დაუშვით? ამის შემდეგ კი კომუნისტების და პალესტინელების მხარდამჭერ დემონსტრაციებს რომ მართავდა, ვერ ამჩნევდით? ან ქვეყნიდან ოფიციალურად რომ გაემგზავრა, ატომურ ცენტრში გადაღებული ფოტოებით, მაშინ რას მიკეთებდით? აქამდე ავსტრალიაში იყო, გაზეთების რედაქციებში დაძვრებოდა და ყველას ისრაელის ატომური პროგრამის დამადასტურებელი ფოტოების ყიდვას სთავაზეობდა, ახლა ლონდონშია და რუპერტ მერდოკის გაზეთ "სანდი თაიმსისთვის" აპირებს ფოტოების მიყიდვას. ეს არ უნდა დაუშვათ, თორემ დიდი სირცხვილი იქნება, დიდი!" პრემიერმა "მოსადის" დირექტორს ნაუმ ადმონს ვანუნუს დაპატიმრება და გასასამართლებლად ისრაელში ჩაყვანა დაავალა. "მოსადის" აგენტებს არ გასჭირვებიათ ლონდონში მორდის ადგილსამყოფელის დადგენა, მაგრამ მთავარი პრობლემა მისი სხვა ქვეყანაში ჩატყუება იყო. ეს ოპერაცია ლონდონში არ უნდა ჩატარებულიყო, რათა "რკინის ლედის" - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ თეთჩერის რისხვა არ გამოეწვიათ.

შიმონ პერესი

დიდი ფიქრის შემდეგ "მოსადმა" "სექსოპერაციის" ჩატარება გადაწყვიტა. ამ ოპერაციაში მთავარი გმირის "პარტიას" ამ საქმეების "ფრიადოსანი", მაღალი, ქერათმიანი, "შხვართი" გოგონა, სახელად სინდი (ნამდვილი გვარი - ჩერილ ბენთოი) ასრულებდა. არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, რომ არა "სანდი თაიმსის" რედაქციის "მაღალზნეობრიობა", რომელმაც, სანამ ვანუნუს მიერ გადაცემულ ფოტოებს ექსპერტიზას უტარებდნენ, მორდი "სრული კომფორტით" ვერ უზრუნველყო. ამიტომ, ქალის ალერსს მოწყურებულმა მორდიმ 1986 წლის 24 სექტემბერს ლონდონის ერთ-ერთ ბარში პირველსავე ლამაზმანზე მიიტანა იერიში და თითქმის გაუმართლა - მხურვალე ცეკვის შემდეგ, გოგონაც მზად იყო მასთან ერთად ალერსში გაეტარებინა დღე და ღამე... ვნებააშლილმა მორდეჰაიმ პირველივე საღამოს წაიტრაბახა სინდისთან და დაწვრილებით მოუყვა თავისი თავგადასავალი. გოგონა ყოველმხრივ თანაუგრძნობდა, მაგრამ ალერსში "შორს" არ უშვებდა. ამან უფრო გააშმაგა მორდი. სინდის საკმაოდ ლოგიკური არგუმენტები ჰქონდა: "აქ სულ გვითვალთვალებენ, ჯობია იტალიაში, ჩემი დის სახლში წავიდეთ და იქ..." სინდიმ ისე აუბნია თავგზა მორდის და იმდენი ჰქნა, რომ გაცნობიდან მეშვიდე დღეს, "სათაფლაოდ" რომში წაიყვანა. გახარებული მორდი მეცხრე ცაზე იყო და თვითმფრინავში ლამაზ ოცნებებს მიეცა. მან, ბუნებრივია, არ იცოდა ერთი "უმნიშვნელო" ფაქტი - ეს გრძელფეხება ლამაზმანი - სინამდვილეში "მოსადის" "აგენტი-მერცხალი" იყო, რომელიც მორიგ "სასიყვარულო" ოპერატიულ დავალებას ასრულებდა. "შეყვარებულთა ბუდეში" (სინამდვილეში "მოსადის" მიერ რომში დაქირავებულ კონსპირაციულ ბინაში) შევიდნენ თუ არა, "მოსადის" ორმა "ოპერმა" ძლიერი დარტყმით უცებ გათიშა მორდი, შემდეგ, ძლიერმოქმედი ნარკოტიკი გაუკეთეს და რომიდან იტალიის ერთ-ერთ საზღვაო პორტში წაიყვანეს, იქიდან კი იახტით ისრაელში გადაიყვანეს.

1988 წლის 24 მარტს სასამართლომ მორდეჰაი ვანუნუ დამნაშავედ სცნო სახელმწიფო ღალატისა და საიდუმლეობის გამხელის მუხლებით და 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2004 წლის აპრილში, პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ, ვანუნუ გაათავისუფლეს. ასე გაატარა ამ გზააბნეულმა კაცმა თვრამეტი წელი ციხეში, "მცირე ალერსის საფასურად". თუმცა აღმოჩნდა, რომ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა - 2007 წლის ზაფხულში ის კვლავ დააპატიმრეს, სასამართლო გადაწყვეტილებების დარღვევის გამო. 2010 წელს კი მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. დღემდე მორდეჰაი ვანუნუ უშედეგოდ ცდილობს ისრაელიდან გამგზავრების უფლების მიღებას. ჩანს, რომ მორდის ქართველი პოეტის - მურმან ლებანიძის გენიალური ლექსი "ციცო", სამწუხაროდ, წაკითხული არ ჰქონდა და არც ამ სტროფებს იცნობდა: "წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო"... თორემ უფრო ფრთხილად იქნებოდა და არ გაებმებოდა "სექსხაფანგში".