ვინ იყო ესტონელი პოლკოვნიკი, რომელიც წლების მანძილზე რუსეთს ევროკავშირისა და ნატოს ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა? - კვირის პალიტრა

ვინ იყო ესტონელი პოლკოვნიკი, რომელიც წლების მანძილზე რუსეთს ევროკავშირისა და ნატოს ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა?

გუშინ ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია - "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" გაიხსნა, სადაც ევროპული საბჭოს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის გზებს განიხილავენ. ეს კონფერენცია მტერმოყვარის სპეცსამსახურების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. მათგან კი ერთი ქვეყანა ავლენს განსაკუთრებულ დაინტერესებას.

ჯერ კიდევ 2006 წელს რუსეთის საგარეო დაზვერვის მაშინდელმა შეფმა სერგეი ლებედევმა ძალზე მნიშვნელოვანი ოფიციალური განცხადება გააკეთა - მისი სიტყვებით, დსთ-ს ზოგიერთი ქვეყნის (უპირველესად, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა იგულისხმებოდა) ნატოსკენ სწრაფვა რუსეთს აიძულებს, დაიწყოს "მუშაობა" ამ ქვეყნების წინააღმდეგ (თითქოს მანამდე გულხელდაკრეფილები იყვნენ).

ესტონეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი გენერალური პროკურორი იური პიჰლი ოფიციალურად აცხადებდა, რომ ესტონეთის ნატოში შესვლის შემდეგ ამ ქვეყნის შიგნით რუსეთის დაზვერვა ძალზე გააქტიურდა და ტალინში რუსეთის საელჩოში რუსი მზვერავების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.

ნატოს ახალ, პერიფერიულ წევრ ქვეყნებში აგენტურის გადაბირების დიდმა მცდელობამ რუსეთისთვის შედეგი ნამდვილად გამოიღო.

2008 წლის 21 სექტემბერს ესტონეთის კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა, რუსეთის სასარგებლოდ, შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი, 61 წლის ჰერმან სიმმი და მისი მეუღლე, ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ჰეტე სიმმი. თუმცა ქალბატონი სიმმი სამი თვის შემდეგ უდანაშაულოდ სცნეს და გაათავისუფლეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, 1991 წლიდან, როდესაც ესტონეთის მოქალაქეს სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. ცნობილია, რომ ამ პიროვნების წინააღმდეგ სამხილების მოძებნაში აქტიურად მონაწილეობდნენ ნატოს უშიშროების სტრუქტურები, ასევე - აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები. ჯერ კიდევ კომუნისტურ პერიოდში ჰერმან სიმმი წლების მანძილზე მუშაობდა ესტონეთის სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში, 1978 წელს დაამთავრა სსრკ შსს აკადემია, მიღებული ჰქონდა მილიციის პოლკოვნიკის ჩინი. წლების მანძილზე იყო ესტონეთის პოლიციის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი. თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა 1995 წლიდან - ჯერ თავდაცვითი ინფორმაციის ანალიზის ბიუროს, ხოლო 2000 წლიდან -  ამ სამინისტროს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის განყოფილების უფროსად. საინტერესოა, რომ ჰერმან სიმმს ევალებოდა ქვეყნის მასშტაბით სამხედრო საიდუმლოების დაცვის კოორდინაცია, მათ შორის - სპეცსამსახურებშიც. ჰერმან სიმმი სამსახურებრივი მივლინებით რამდენჯერმე იმყოფებოდა საქართველოშიც და შეხვედრები ჰქონდა ქართველ კოლეგებთან. სიმმი ხელმძღვანელობდა ესტონეთის დელეგაციას სხვადასხვა კონფერენციებზე, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საიდუმლოების დაცვის საკითხებს ეხებოდა. თვეში 2-3-ჯერ სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, სადაც, ესტონეთის კონტრდაზვერვის ვარაუდით, ხვდებოდა რუსეთის დაზვერვის წარმომადგენლებს. 2006 წლიდან იყო ზემოაღნიშნული განყოფილების მრჩეველი, თუმცა საერთაშორისო დონის საიდუმლო დოკუმენტებთან დაშვება და დიპლომატიური პასსპორტი მაინც ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ რუსეთის დაზვერვაზე სიმმი 1995-2008 წლებში მუშაობდა. ესტონეთის კონტრდაზვერვამ ოპერატიულ დამუშავებაში იგი 2008 წლის გაზაფხულზე, ნატოსა და ევროკავშირის უშიშროების სტრუქტურების რეკომენდაციით აიყვანა.

ნატოს მთავარი სპეცსამსახური ანუ "ნატოს უშიშროების ბიურო" - "Nato office security" (NOS) - კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს ამ ბლოკის პოლიტიკას უშიშროების საკითხებში. ამ ბიუროს უფროსი არის ნატოს გენერალური მდივნის მთავარი მრჩეველი უშიშროების საკითხებში. იმავდროულად, ის თავმჯდომარეობს უშიშროების საკითხებში კომიტეტს (სწორედ ამ კომიტეტის წევრი იყო რუსეთის ჯაშუში ჰერმან სიმმი). პარალელურად, ხელმძღვანელობს ნატოსს შტაბ-ბინის უშიშროების სამსახურს და ახორციელებს ნატოს მთელი სისტემის უშიშროების უზრუნველყოფის კოორდინაციას. უშიშროების ბიუროს ძირითადი მოვალეობაა: კონტრდაზვერვითი ოპერაციების ჩატარება ნატოს შტაბ-ბინაში, ნაციონალური დელეგაციების დახმარება უცხო ქვეყნების აგენტურის გამოსავლენად, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა და ნატოს ეგიდით ჩატარებული ოფიციალური შეხვედრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნატოს "უშიშროების სამინისტროს" ხელმძღვანელობას ხშირად უხდება საკმაოდ დელიკატური პრობლემების გადაჭრა.

ჰერმან სიმმს პირდაპირი შეხება ჰქონდა ესტონეთის და ნატოს ყველაზე საიდუმლო დოკუმენტებთან. ის ხელმძღვანელობდა "საიდუმლო ინფორმაციის დაცვისა და გაცვლის" ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმებას აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან. როგორც ირკვევა, ჰერმან სიმმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს არა მარტო ესტონეთის არმიისა და სპეცსამსახურების შესახებ მაიწოდა საიდუმლო ინფორმაცია, არამედ - ნატოც "არ დაინდო". ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ განხორციელებული იარაღის შესყიდვები, სამხედრო ობიექტების მშენებლობა, დაშიფვრის სისტემები და კიდევ მრავალი სხვა სრულიად საიდუმლო მონაცემები "კრემლისთვის" უკვე ცნობილია. სიმმა რუსეთის დაზვერვას სამი ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა. გერმანიის სპეცსამსახურებში ეჭვობენ, რომ შესაძლებელია სიმმა რუსეთს გადასცა გერმანელი სპეციალისტების მიერ დამუშავებული დაშიფვრის უახლესი სისტემა ELCRODAT-ი, რომლის დახმარებითაც იშიფრება სატელეფონო საუბრები და ფაქსით გზავნილები ნატოს შტაბ-ბინაში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება, ჩვეულებისამებრ, კატეგორიულად უარყოფს სიმმთან კავშირს. ესტონეთის კონტრდაზვერვის ინფორმაციით, სიმმი საბჭოთა კა-გე-ბემ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, მოსკოვში სსრკ შსს აკადემიაში სწავლის დროს გადაიბირა, თუმცა მალევე "დააკონსერვა". 1995 წელს კი, მის შემდეგ, რაც ჰერმან სიმმა პოლიციაში მაღალი პოსტი დაიკავა, ის კვლავ გააქტიურეს.

სიმმი ცამეტი წელი მუშაობდა რუსეთის სასარგებლოდ. ამ პერიოდში მან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლებს - ვალერი ზენცოვს და სერგეი იაკოვლევს (რომელიც ესპანეთში, როგორც პორტუგალიის მოქალაქე და ბიზნესმენი ანტონიო დე ხესუს ამორეტ გრაფი, "ჰესუსი", მოქმედებდა) სამ ათასზე მეტი საიდუმლო დოკუმენტი გადასცა. ირკვევა, რომ "ჰესუსზე" აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები დიდი ხნის მანძილზე "ნადირობდნენ". ხოლო 2007 წლიდან უკვე მჭიდრო ოპერატიულ დამუშავებაში აიყვანეს - ფიქსირდებოდა მისი ყველა შეხვედრა და სატელეფონო საუბრები. იმ წელს სამხრეთ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში "ჰესუსის" და ცოლ-ქმარ სიმმების შეხვედრა დაფიქსირდა. ამის შემდეგ უკვე ესტონეთის კონტრდაზვერვამ დაიწყო გამოძიება. სიმმს ბრალი დაუმტკიცეს, რუსეთის აგენტობა თავადაც აღიარა და ამიტომ შედარებით მცირე ვადა - 12,5 წელი მიუსაჯეს და 20 მილიონი კრონის გადახდა დააკისრეს. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს ჰერმან სიმმი საპატიმრო ვადაზე ორი წლით ადრე გაათავისუფლეს.

საინტერესოა, რომ 2008 წელს, დაკითხვის პროცესში, სიმმა გამოძიებას განუცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ოფიცრები მას აშანტაჟებდნენ კა-გე-ბესთან მისი ძველი კავშირების გამხელით. ეს ძალზე დამაფიქრებელი ფაქტია. ვინ იცის, ჩვენც რამდენი მაღალჩინოსანი გვყავს სხვადასხვა საჯარო სამსახურში, რომელთა დაშანტაჟებაც შეუძლიათ მამის ან პაპის "საგმირო საქმეებით" და ფარული კავშირებით საბჭოთა სუკთან? რუსეთის მიერ განხორციელებული "ჰიბრიდული ომის" შედეგად უფრო და უფრო ვშორდებით ჩვენს სტრატეგიულ მიზნებს: ევროკავშირსა და ნატოს. ეს კიდევ ერთხელ გუშინ დადასტურდა. "ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს. აი, ეს დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა მეტწილად იქნება თქვენივე ქვეყნის მოსახლეობის სასარგებლოდ" - განაცხადა გუშინ ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა. ერთი თაობა 20-25 წელია, ვერაფერი სასიხარულო პროგნოზია, თუმცა ობიექტურები ვიყოთ: აბა, რას ველოდით 5 ივლისის შემდეგ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს