სპეცსამსახურების ოლიმპიური თამაშები - კვირის პალიტრა

სპეცსამსახურების ოლიმპიური თამაშები

სპორტი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ შეჯიბრისა და რეკორდების სფეროს. ის დღეს უდიდეს ბიზნესად და საგარეო-პოლიტიკური მიზნების მიღწევის მნიშვნელოვან ბერკეტად იქცა. ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიც, რომლებიც დღეს გაიხსნა, არაა გამონაკლისი: დიდი ბიზნესი და დიდი პოლიტიკა იქაც ერთად მიაბიჯებენ. თუმცა ყველაფერი არც მთლად ისე უღრუბლოდაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს ოლიმპიური საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ძალზე მიმზიდველი "მსუყე ლუკმა".

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ ქვეყნის პოლიციისა და სპეცსამსახურების თავის ტკივილად იქცა. ორ კვირაში მილიონზე მეტ მაყურებელში პოტენციური ტერორისტების გამოვლენა სპეცსამსახურების ურთულესი ამოცანაა, რომელსაც წინასწარ დიდი ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის ჩატარება სჭირდება.

ოლიმპიური თამაშების წინ ბევრი ქვეყნის სპეცსამსახური განსაკუთრებით ემზადებოდა, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური, ისე -  აგენტურულ-სადაზვერვო მიმართულებებით. ეს აუცილებელია, რადგან წარსულში ოლიმპიურ თამაშებზე უკვე იყო ტრაგიკული შემთხვევები.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ყველაზე დიდი ტრაგიკული ფაქტი 1972 წელს მიუნხენში მოხდა: 5 სექტემბერს ორგანიზაცია "შავი სექტემბრის" ტერორისტები შეიჭრნენ ისრაელის სპორტული დელეგაციის რეზიდენციაში, ორი სპორტსმენი იქვე მოკლეს, ხოლო თერთმეტი (ოთხი მწვრთნელი, ხუთი სპორტსმენი და ორი მსაჯი) მძევლად აიყვანეს. ტერორისტები ითხოვდნენ ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინის განთავისუფლების ორგანიზაციის წევრების, აგრეთვე, ორი გერმანელი ტერორისტისა და ევროპის ქვეყნების ციხეებში მყოფი 16 პატიმრის გათავისუფლებას. ისრაელის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ამ მოთხოვნების შესრულებაზე, რის შემდეგაც მიუნხენის პოლიციამ სპეცოპერაცია დაიწყო, რომელიც კატასტროფული შედეგით დამთავრდა: ყველა მძევალი დაიღუპა ერთ გერმანელ პოლიციელთან ერთად. რვა ტერორისტიდან ხუთის ლიკვიდაცია მოხერხდა. საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ გაეუქმებინა ოლიმპიადის თამაშები. შემდგომში თითქმის ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა ტერაქტის დაგეგმვასა და მძევლების აყვანაში, ლიკვიდირებული იყვნენ ისრაელის სპეცსამსახურების მეშვეობით.

ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობდა "მოსადის" გამოცდილი აგენტი მაიკ ხარარე, რომელსაც "სველი ოპერაციების" (ანუ ლიკვიდაციის) ჩატარების სანქცია პირადად ისრაელის პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირისგან ჰქონდა მიღებული. ლიკვიდაციის ობიექტი, პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "შავი სექტემბრის" ლიდერები და წევრები, სულ 34 პალესტინელი იყო, რომელთა სია ისრაელის მთავრობის სრულიად საიდუმლო "კომიტეტმა X"-მა შეადგინა, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრმა სასიკვდილო განაჩენი დაამტკიცა.

ეს ტრაგედია დღემდე რჩება ყველაზე შავ ფურცლად ოლიმპიადების ისტორიაში. ყველა ოლიმპიადის წინ ისრაელის ხელისუფლება მიუნხენის ტრაგედიას იხსენებს და ეროვნული გუნდის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ფიქრობს. ტოკიოს ოლიმპიადის დროს ისრაელის სპეცსამსახურებში მიაჩნიათ, რომ ძირითადი საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს თვითმკვლელი-ტერორისტისგან, რომელიც დაკავშირებულია ლიბანურ დაჯგუფება "ჰეზბოლასთან" და "ჰამასის" პალესტინელ ტერორისტებთან.

ასევე, შემორჩა ისტორიას "ცივი ომის" ოლიმპიური თამაშებიც 1980 და 1984 წლებში, როდესაც მასშტაბური ბოიკოტის შედეგად ზაფხულის 22-ე და 23-ე ოლიმპიური თამაშები არასრულყოფილი აღმოჩნდა. მოსკოვში ჩასვლაზე უარი განაცხადა რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ (მათ შორის: აშშ, გფრ, იაპონია და სხვ). ამ სახელმწიფოებმა ასე გამოხატეს პროტესტი საბჭოთა ჯარების ავღანეთში შესვლაზე.

საინტერესო კი ისაა, რომ ერთი წლით ადრე, 1979 წლის ზაფხულში მოსკოვის XXII ოლიმპიადის ბოიკოტირებას არავინ გეგმავდა, საუბარი იყო მხოლოდ ეროვნულ უმცირესობათა და ადამიანის უფლებების დაცვაზე. უფრო მეტიც, აშშ-ის ადმინისტრაციამ ანტიტერორისტულ სფეროში თანამშრომლობაც კი შესთავაზა საბჭოთა ხელისუფლებას. როგორც არქივებიდან ირკვევა 1979 წლის ოქტომბერში აშშ-ის იუსტიციის მინისტრი სიველიტი შეხვდა საბჭოთა კავშირის ელჩს აშშ-ში - ანატოლი დობრინინს და ოლიმპიადის პერიოდში კა-გე-ბესა და გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის მჭიდრო კონტაქტების დამყარება შესთავაზა. ამისთვის კი ამერიკელები მოსკოვს სთავაზობდნენ სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც ოპერატიულად გაცვლიდნენ ინფორმაციას ტერორისტების გადაადგილებისა და მათი გეგმების შესახებ. თუმცა ერთობლივი ანტიტერორისტული თანამშრომლობა საბჭოთა ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა და აი რატომ: 1979 წლის 30 ოქტომბერს კა-გე-ბეს შეფმა იური ანდროპოვმა საიდუმლო წერილი გაგზავნა სკკპ პოლიტბიუროში, სადაც ის აღნიშნავდა:

"როგორც ცნობილია, ჩვენ და ამერიკელებს ტერორიზმის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მიდგომები გვაქვს. ეს ნათლად ვლინდება მაგალითად, ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობებთან და ორგანიზაციებთან დამოკიდებულებაში... ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს აშშ-ის იუსტიციის მინისტრის წინადადებას ამერიკის სამსახურებთან სსრკ-ის ადმინისტრაციული ორგანოების ხაზით კონტაქტების დამყარების შესახებ".

აშშ-ის ადმინისტრაცია, მაგალითად, "პალესტინის გამათავისუფლებელ ორგანიზაციას" ტერორისტულ დაჯგუფებად თვლიდა, საბჭოთა კავშირი კი - ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების მებრძოლად. დღესაც ანალოგიურადაა: "თალიბანს", "ჰეზბოლას" და "ჰამასს" მთელი მსოფლიო ტერორისტულ ორგანიზაციებად თვლის, რუსეთი კი... "თავისუფლებისთვის მებრძოლ რაინდებად" მიიჩნევს . რუსეთის ხელისუფლების ფარისევლობა და ორმაგი სტანდარტებია, აგრეთვე, ისიც, რომ მათთვის ჩეჩენი მებრძოლები ტერორისტები იყვნენ, ხოლო აფხაზი და ოსი სეპარატისტ-ბოევიკები კი - "თავისუფლებისთვის მებრძოლი პარტიზანები". დავუბრუნდეთ 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის ბოიკოტის მიზეზებს. 1979 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ჯარი შეიყვანა, რაც გახდა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმრავლესობის მიერ მოსკოვის ოლიმპიადის ბოიკოტირების მთავარი მიზეზი. 1984 წელს საბჭოთა კავშირმაც ანალოგიურად უპასუხა მოწინაღმდეგეებს და უარი განაცხადა საკუთარი სპორტსმენების გაგზავნაზე ლოს-ანჯელესში. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა სპორტსმენების უსაფრთხოება. საბჭოთა დელეგაციასთან ერთად ოლიმპიადაზე არ გაემგზავრნენ სხვა სოციალისტური ქვეყნების წარმომადგენლებიც. ოლიმპიადების ისტორიას დიდი ტრაგედიებიც ახსოვს და დიდი სკანდალებიც. 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების კორუფციული გარიგებების სკანდალური ისტორია კვლავ მასმედიის ყურადღების ცენტრშია. ზამთრის ოლიმპიური თამაშების სოჭში (ისევე, როგორც ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის - რუსეთში) ჩატარება ვლადიმერ პუტინის სერიოზული პიარგამარჯვება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულ მსოფლიო სპორტში, რისთვისაც რუსეთის ხელისუფლებამ "შავი" ათეულობით მილიონი დოლარი დახარჯა კორუფციული გარიგებებისთვის.

ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადის დაცვას იაპონიის სპეცსამსახურებისა და პოლიციის, დაახლოებით, 20 ათასი თანამშრომელი უზრუნველყოფს. უსაფრთხოების ამოცანას ართულებს ის გარემოებაც, რომ ოლიმპიური თამაშები 42 სპორტულ ობიექტზე უნდა ჩატარდეს. ცალკეული ქვეყნების ოლიმპიურ დელეგაციებში სპეცსამსახურების თანამშრომლებიც მრავლად იქნებიან: ამჯერად მათი მთავარი ამოცანა, აგენტურის გადაბირებასთან ერთად, საკუთარი დელეგაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფაც იქნება. ერთი წლით გადატანილი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიადა ისტორიაში დარჩება, როგორც "კოვიდ-19"-ის პანდემიის პირობებში ჩატარებული უდიდესი სპორტული ღონისძიება. ვიმედოვნოთ, რომ ტოკიოში ყველა ღონისძიება უსაფრთხოდ ჩაივლის. საქართველოს ოლიმპიურ გუნდს კი წარმატებები და შინ მშვიდობით დაბრუნება ვუსურვოთ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს