როდის და სად გარდაიცვალა "ჰიბრიდული ომების" ერთ-ერთი შემოქმედი? - კვირის პალიტრა

როდის და სად გარდაიცვალა "ჰიბრიდული ომების" ერთ-ერთი შემოქმედი?

რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (სამხედრო დაზვერვა - გე-ერ-უ) უფროსი იგორ სერგუნი 2016 წლის დამდეგს გარდაიცვალა. გარდაცვალების დღე, ადგილი და მიზეზი დაზუსტებით ცნობილი დღესაც არაა. იგორ სერგუნი 1957 წლის 28 მარტს დაიბადა. 1973 წლიდან საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების სუვოროვის სასწავლებლის კურსანტი გახდა. სერგუნი რუსეთის გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოში 1984 წლიდან მსახურობდა. 1998 წელს იმყოფებოდა ალბანეთში, რუსეთის საელჩოში, ოფიციალურად - სამხედრო ატაშეს რანგში, პოლკოვნიკის ჩინით, სინამდვილეში კი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის ლეგალური რეზიდენტი იყო.

მომდევნო ათ წელიწადში საკმაოდ სწრაფი სამხედრო კარიერა ჰქონდა გე-ერ-უს ცენტრალურ აპარატში: იყო ერთ-ერთი მიმართულების უფროსი, სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი - მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შლიახტუროვის მოადგილედ დააწინაურეს.

2011 წლის 26 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგორ სერგუნი გე-ერ-უს უფროსად დანიშნა. 2012 წლის 31 აგვისტოს მას გენერალ-ლეიტენანტის, ხოლო 2015 წლის 21 თებერვალს - გენერალ-პოლკოვნიკის წოდება მიენიჭა. მკითხველს მოკლედ შევახსენებ, თუ რას წარმოადგენს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ფლაგმანი - მთავარი სადაზვერვო სამმართველო (იგივე გე-ერ-უ), რომელიც 100 წელზე მეტია, შიშის ზარს სცემს მსოფლიოს. გე-ერ-უ სხვა ქვეყნების ანალოგიური სპეცსამსახურებისაგან ბევრი კომპონენტით (აქ დადებითიც იგულისხმება და უარყოფითიც) იყო და არის გამორჩეული. რუსეთის (ადრე საბჭოთა) გე-ერ-უ არასდროს განიცდიდა დაფინანსების ნაკლებობას და კომუნისტური ხელისუფლება სამხედრო დაზვერვისთვის მატერიალურ, საკადრო და ფინანსურ რესურსებს არ იშურებდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ხშირად გე-ერ-უს მუშაობის ეფექტიანობისა და მისი საბოლოო "სადაზვერვო პროდუქტის" ხარისხი ბევრად ჩამორჩებოდა მასზე გაწეულ დანახარჯებს. აშშ-ისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნების სამხედრო დაზვერვებისგან განსხვავებით, გე-ერ-უ არასდროს იყო საშინაო თუ საერთაშორისო ნორმებისა და კანონების მორჩილი სპეცსამსახური. მისი მთავარი დევიზი იყო და არის: "მიზანი ამართლებს საშუალებას".

ამჟამად გე-ერ-უს რიცხოვნობა 12-15 ათას შორის მერყეობს. მისი სადაზვერვო რესურსები - რეზიდენტურები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, კონსპირაციული ბინები მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქში, ახალი თანამედროვე შტაბ-ბინა მოსკოვის ცენტრში, ორ ათეულამდე სამეცნიერ-კვლევითი ინსტიტუტი, სასწავლო ცენტრები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე - მართლაც რომ შთამბეჭდავია. საგარეო დაზვერვის ხშირ მარცხს მიჩვეული რუსეთის ხელისუფლება "დაუმარცხებელი" და "შეუდარებელი" სამხედრო დაზვერვის - გე-ერ-უს ბოლოდროინდელ ჩავარდნებს ძალზე მწარედ აღიქვამს. ათწლეულების მანძილზე იქმნებოდა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი - რუსეთის სამხედრო დაზვერვის უძლეველობის მითი. იმპერიული აზროვნების რუსი პოლიტიკოსები არც ამჟამად მალავენ ამ საეჭვო სიამაყეს. თუმცა ქვემოთ დავრწმუნდებით, რომ საამაყო არაფერი აქვთ. კურიოზული ფაქტი, რის შესახებაც ახლა მოგითხრობთ, სცილდება უბრალო შეცდომას და დღევანდელი რუსეთის ხელისუფლების ღრმა სისტემურ პრობლემებს გვიჩვენებს. 2012 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე "გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი" გაიმართა, სადაც, ტრადიციისამებრ, მოქმედი და ვეტერანი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

ზოგადად, რუს ფოტოჟურნალისტებს უყვართ ჩინ-მედლებით დახუნძლული პერსონების გადაღება. ერთ-ერთ ამგვარ საზეიმო კადრში ხუთი სამხედროფორმიანია აღბეჭდილი. საპატიო სტუმრების ტრიბუნის წინა რიგში ორი გენერალ-მაიორია: ერთი შუახნის მამაკაცი, მეორე კი - მოხუცი ქალბატონი, რომელიც, ასევე, საბჭოთა კავშირის გმირისა და სოციალისტური შრომის გმირის ვარსკვლავებითაა დამშვენებული. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რა იდილიური სურათია: რუსეთის წარსული დიდება და ამჟამინდელი "ძლევამოსილება" ერთადაა აღბეჭდილი! თუმცა არ ვიჩქაროთ! ამ ფოტოს გამოქვეყნებიდან მეორე დღესვე რუსმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ეს ქალბატონი ცნობილი ავანტიურისტი და თვითმარქვია "გენერალი", ხოლო ორდენები კი - ყალბი იყო. ცრუ ქალბატონ-გენერალი წინა, 2011 წლის აღლუმზე მხოლოდ "პოლკოვნიკი" და ერთგზის "გმირი" ყოფილა. ეს, ალბათ, ეცოტავა და ჩამოიკიდა, რაც კი იშოვა... მის გვერდით მდგარი შუახნის მამაკაცის ვინაობა კი ვერანაირად დაადგინეს. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ის თავად გამოვიდა კავშირზე.

რუსული გაზეთის - "კომსომოლკაია პრავდას" სამხედრო მიმომხილველი, ვიქტორ ბარანეცი იხსენებდა, რომ სწორედ მას დაურეკა ფოტოზე აღბეჭდილმა, გენერალ-მაიორის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა და დარცხვენილმა ფოტოსურათის დაბლოკვა სთხოვა. აი, მაშინ გაირკვა, რომ ეს კაცი, არც მეტი და არც ნაკლები, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გე-ერ-უს) უფროსი, გენერალ-მაიორი იგორ სერგუნი ყოფილა. როგორ დაუშვეს შეუმოწმებელად ეს "ავანტიურისტკა" სერგუნის გვერდით? აქ კი კომენტარი ნამდვილად ზედმეტია, რადგანაც სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ფაქტი გე-ერ-უს არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია! როდის და სად გარდაიცვალა "რუსეთის მთავარი სამხედრო მზვერავი"?

რუსულ მედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, იგორ სერგუნი 2016 წლის 3 იანვარს რუსეთში, გულის შეტევით გარდაიცვალა. რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვაში გადაღლილმა გულმა ვერ გაუძლოო - დაახლოებით, ამგვარად "მოსთქვამენ" რუსეთის საინფორმაციო საშუალებები. ამერიკული ანალიტიკური კომპანია "სტრატფორის" ინფორმაციით კი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამხედრო დაზვერვის უფროსი იგორ სერგუნი სინამდვილეში 1-ელ იანვარს, ლიბანში მოკლეს. იგორ სერგუნი აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ჰიბრიდული ომების კონცეფციის შემუშავებასა და მის პრაქტიკაში გატარებაში. ყირიმის ანექსია, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, "ფსიქოლოგიური ომი" და დივერსიები მთელი უკრაინის ტერიტორიაზე - ესაა სწორედ იმ "ჰიბრიდული ომის" არასრული შედეგი, რომელმაც ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელებს მრავალი თავსატეხი გაუჩინა. იგორ სერგუნი, ვლადიმერ პუტინის პირადი დავალებით, აქტიურად იყო ჩართული სირიაში მიმდინარე მოვლენებში. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკ ფლინმა, მოგვიანებით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებისთვის ჩვენების მიცემისას დაადასტურა რუსეთის სამხედრო დაზვერვის უფროსის ლიბანში მკვლელობა. რუსეთის ხელისუფლება კი სერგუნის გარდაცვალებას კვლავ "საახალწლო გადაღლილობით" ხსნის, თუმცა ყველამ ვიცით, რომ: "კვამლი უცეცხლოდ არ იქნებაო".

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს