როგორ ემზადებოდა რუსეთი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციისთვის?
როგორ ემზადებოდა რუსეთი 2008 წლის აგვისტოს პროვოკაციისთვის?
"აგვისტოს ომის" შემდეგ ცამეტი წელი გავიდა, თუმცა პასუხგაუცემელი კითხვები კვლავ მრავალია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც კვლავ ბურუსითაა მოცული, დღევანდელი საუბრის მთავარი თემაა: როგორი იყო საქართველოს სპეცსამსახურების მოქმედების ეფექტიანობა "აგვისტოს ომის" წინ და ომის პერიოდში? უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი, ისევე, როგორც მრავალი სხვა მტკივნეული თემა, უყურადღებოდაა მიტოვებული.

წინა ხელისუფლების მოტივი გასაგებია: ოთხი წელი იძახდნენ "ჩვენ გავიმარჯვეთო" და სიმართლის დადგენა რაში აწყობდათ? თუმცა გასაკვირი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებაა - ცხრა წელი
ისე გაილია, "აგვისტოს ომის" პროვოცირების წინაპირობების, ომის მიმდინარეობის და ასე ტრაგიკულად დასრულების ღრმა შესწავლა არ მომხდარა. მოდი, ერთად შევეცადოთ, არსებული ფაქტების ანალიზის საფუძველზე განვიხილოთ საქართველოს სპეცსამსახურების (საგარეო დაზვერვის, სამხედრო დაზვერვის და კონტრდაზვერვის სტრუქტურების) მოქმედებების ეფექტიანობა "აგვისტოს ომის" დროს. სათანადოდ გაართვეს თუ არა მათ თავი საკუთარ
მოვალეობას შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებამდე? რა დონეზე იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მზადების შესახებ ინფორმაციის მოპოვება? რა ღონისძიებები ტარდებოდა რუსეთის აგენტურის გასანეიტრალებლად? იყო თუ არა დამუშავებული მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები?

სამხრეთ კავკასიაში დაკარგული გეოპოლიტიკური პოზიციების დასაბრუნებლად რუსეთი ძალზე გააქტიურდა 2006 წლიდან. შეტევის მთავარი ობიექტი საქართველო იყო. რასაც ჯერ მოსამზადებელი სადეზინფორმაციო-პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა, ბოლოს კი - 2008 წლის "აგვისტოს ომით" დასრულდა. ჯაშუშობის "სამზარეულოში" ჩახედულთათვის კარგადაა ცნობილი, რომ სპეცსამსახურები რეალური ფაქტების შესანიღბად, როგორც წესი, ოფიციალურად ერთს აცხადებენ, მეორეს ფიქრობენ და მესამეს აკეთებენ.

ამიტომაც ყოველთვის სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გავრცელებულ "ოფიციალურ" ინფორმაციას, უფრო ზუსტად - დეზინფორმაციას. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსეთის ეფ-ეს-ბემ, რომელიც ამ ქვეყანაში კონტრდაზვერვით ოპერაციებზეა პასუხისმგებელი, მთელ მსოფლიოს მოსდო: ათი ქართველი ჯაშუში დავაკავეთ, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებდნენო. მას მხარი აუბეს რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. 10 აგენტის ჩავარდნა დიდი დარტყმა იყო საქართველოს დაზვერვისთვის - აცხადებდა მაშინ რუსეთის სათათათბიროს უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ეფ-ეს-ბეს ყოფილი პოლკოვნიკი, ამჟამად კი პუტინის რეჟიმისგან შერისხული გენადი გუდკოვი.

მოგვიანებით, რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორმა, ალექსანდრე ბორტნიკოვმა 2008 წლის დეკემბრის შემაჯამებელ მოხსენებაში აღნიშნა, რომ იმ წელს რუსეთის კონტრდაზვერვის მთავარი წარმატება ათი ქართველი აგენტის გამოვლენა ყოფილა. მაშინ ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელი ამტკიცებდა, რომ საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლების და აგენტების მთავარი მიზანი რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში სამხედრო-პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება და ტერაქტების მოწყობა იყოო. ასახელებდნენ რუსეთის ცხრა და საქართველოს ერთ მოქალაქეს. დღეს თავს შევიკავებ მათი გვარების დასახელებისაგან, რათა ტკივილი არ მივაყენო მათ ოჯახებს. ჩემი აზრით, "აბაშიძე-კარასინის" შეხვედრების ფორმატის ყველაზე დიდი შედეგი სწორედ ამ პირების მძიმე ხვედრის შემსუბუქება იყო. 2013 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, მოხდა ზოგიერთი მათგანის გაცვლა საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პირებზე. თუმცა ამით ჩვენმა ხელისუფლებამ ირიბად დაადასტურა რუსეთის ბრალდება. მაშინ კი საქართველოს სპეცსამსახურების ხელმძღვანელობისთვის საგანგაშო უნდა ყოფილიყო უკვე ის ფაქტი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ "აგვისტოს ომამდე" ორი თვით ადრე გაანეიტრალა საქართველოს "აგენტურული ქსელი", რომელიც, ეფ-ეს-ბეს მტკიცებით, რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა და რომელსაც საქართველოდან წარგზავნილი რეზიდენტი, საგარეო დაზვერვის ოფიცერი ხელმძღვანელობდა. მისი ჩავარდნა უკავშირდებოდა ვლადიკავკაზში რუსეთის მოქალაქის ყალბი პასპორტის შეძენას. თუ ეს ასეა, მაშინ სახეზეა საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის იმდროინდელი ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმი და უდიდესი შეცდომა: როდესაც მზვერავს არალეგალურად, სათანადო დოკუმენტების გარეშე აგზავნი მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე და იძულებულს ხდი, იქ შეიძინოს ყალბი საბუთები, რა დროსაც ჩავარდნის შანსი ერთ ასად იზრდება, ეს ან დაზვერვის ანბანის უცოდინარობაა, ანდა ღალატი.

რამდენად სანდო იყო ყალბი რუსული პასპორტი და მისი გამყიდველი? 2006 წლის სექტემბრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის და რუსეთში ანტიქართული ისტერიის ფონზე, ჩემი აზრით, სერიოზული შეცდომა იყო მზვერავის ლეგალიზების ამგვარი ფორმა, რადგანაც რუსული პასპორტის "გამყიდველის" სანდოობა საჭვო უნდა ყოფილიყო. ასევე, სავსებით შესაძლებელია, ის "საქართველოს ცხრა აგენტი" უკვე რუსეთის მიერ იყო გადაბირებული და ეს სადაზვერვო მისია თავიდანვე იყო განწირული. ისიც არაა გამორიცხული, რომ საქართველოს საგარეო დაზვერვის ოფიცერი ვლადიკავკაზში ჩასვლის პირველივე დღიდან რუსეთის კონტრდაზვერვის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. არაა გამორიცხული, რომ ქართველი მზვერავები უკვე აქედან, თბილისიდან იყვნენ გაყიდულნი. ხომ არ იყო ამ ჯგუფებში თავიდანვე "ორმაგი აგენტი"? როგორ მოხდა მათი გაშიფრვა ასე ერთბაშად და ერთ თვეში, 2008 წლის ივნისში, მათი დაკავება? თუ რუსეთის მიერ "საქართველოს მზვერავების" გამოვლენის ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, ეს იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის სერიოზული ჩავარდნა. რა დასკვნები გაკეთდა? გაირკვა კი ჩავარდნის რეალური მიზეზი?

მაშინ ეფ-ეს-ბე ხაზს უსვამდა, რომ საქართველოს დაზვერვის აგენტურის გამოვლენა და დაკავება შესაძლებელი გახდა, ვლადიკავკაზში დაკავებული პირების ჩვენებების საფუძველზე. ეს, სპეცსამსახურებისთვის ნაცადი, ძალზე შორს გამიზნული ხერხია. სავსებით შესაძლებელია, დაკავებულთათვის საიდუმლოს გაცემის დაბრალება ეფ-ეს-ბე მორიგი სპეცოპერაცია იყო, რომლის მიზანიც გახლდათ, ეჭვი აეცილებინა იმ, უფრო სერიოზული აგენტისგან (ან აგენტთა ჯგუფისგან), რომელიც, შესაძლებელია, თბილისში, კომფორტულ კაბინეტში ნებივრობდა და ეს ოპერაცია დასაწყისშივე აცნობა ეფ-ეს-ბეს. ჩრდილო-კავკასიაში აგენტურის ერთბაშად ჩავარდნის ფაქტი რუსეთის სერიოზულ სამხედრო მზადებაზე მიუთითებდა და ეს გარემოება ხომ უნდა ყოფილიყო მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტისა და მისი გარემოცვისთვის საგანგაშო? თუმცა რუსეთის მხარეს რამდენჯერმე ტრაბახით წამოსცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში საკუთარი აგენტურა ადრეც მრავლად ჰყავდა (და, ალბათ, ახლაც ჰყავს!). "აგვისტოს ომმა" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის აგენტურა ქვეყნის ყველა სახელისუფლებო შტოში, უპირველესად კი - ძალოვან სტრუქტურებში, მართლაც მოქმედებდა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
პატრიოტი 2
04 აგვისტო 2021 11:50
კულუმბეკოვის განცხადება კადრებად მახსოვს, ჩვენ ვეღარ ვაკონტროლებთ, ხელისუფლება თქვენ ხართ და მიხედეთო!!!
ჩემი თანამშრომელი 6 აგვოსტოს ჩამოვიდა ცხინვალის მიმდებარე სოფლიდან ბავშვებთან ერთად და მითხრა,იქ ომი გაჩაღებულია, ყოველ ღამე ვიბომბებოდით ცხინვალიდანო!!! ქართველი გლეხები აღარ გახსოვთ, რახან ვერ გვიცავთ, იარაღის მაინც დაგვირიგეთო. დიახ სულ რომ ერთი ტყვია არ გავარდნილიყო საქართველოს მხრიდან, თვითონ მოკლავდნენ
თავის სამშვიდობოებს და ჩვენ დაგვაბრალებდნენ. რა, არ უკადრიათ ასეთი რამ თუ რამედ უღირთ ადამანის სიცოცხლე.
პუტინის ზიზღი საქართველოს და ქართველების მიმართ უსაზღვროა სამწუხაროდ.
"ა ლ ბ ა თ " !
03 აგვისტო 2021 20:18
"რუსეთის მხარეს რამდენჯერმე ტრაბახით წამოსცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა მნიშვნელოვან სტრუქტურაში საკუთარი აგენტურა ადრეც მრავლად ჰყავდა (და, ა ლ ბ ა თ , ახლაც ჰყავს!)."
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ახლა რაღა აგენტი სჭირდებათ
მთელი ხელისუფლება როცა რუსეთზე მუშაობს!
ვახტანგ
03 აგვისტო 2021 17:55
მტავარი აგენტი იქნებოდა ის, ვინც მიშა დაარწმუნა, რუსეთი აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერევაო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები