"აგვისტოს ომი": აწარმოებდა თუ არა სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან?! - კვირის პალიტრა

"აგვისტოს ომი": აწარმოებდა თუ არა სააკაშვილი ფარულ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან?!

(მეორე ნაწილი)

2008 წლის "აგვისტოს ომის" უმძიმესი შედეგი ასეულობით დაღუპული, ათი ათასობით დევნილი, განადგურებული სოფლები და დაკარგული ტერიტორიებია. მ. სააკაშვილი ადრეც აცხადებდა და ამჟამადაც იმავე აზრზეა, რომ რუსეთი წლების მანძილზე ემზადებოდა ამ ომისთვის და "აგვისტოს ომის" თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ლოგიკურია: თუ მტერ-მოწინააღმდეგის ომისთვის მზადების შესახებ უტყუარი ინფორმაცია გაქვს, შენც უნდა მოემზადო ამისთვის და - არა მხოლოდ სამხედრო ძალით. ფაქტია, რომ ომის დაწყებამდე და მის შემდეგაც ჩვენ "საინფორმაციო ომიც" წავაგეთ და დავმარცხდით "დიპლომატიურ ომშიც".

ადეკვატურ ხელისუფლებას წინასწარ ექნებოდა გათვლილი რუსეთის პროვოკაციების შესაძლო ვარიანტები და სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით მოამზადებდა საპასუხო მოქმედებების სიტუაციურ მოდელებს. ერთ-ერთ შესაძლო პროვოკაციად როკის გვირაბით საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 58-ე არმიის ნაწილების შემოსვლა უნდა განხილულიყო. რა საფრთხის შემცველი იქნებოდა რუსეთის ეს პროვოკაცია და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა (ეს რომ რუსეთს დიდად არ ანაღვლებდა, ამას ქვემოთ ვნახავთ) და რა პასუხი უნდა გაეცა საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას? სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას პირადად ვლადიმერ პუტინი იღებდა და იღებს. რით დავიმსახურეთ ეს "დიდი სიყვარული", ეს ცალკე საუბრის თემაა. ამიტომ რუსეთის პროვოკაციების შეფასებისას აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული პუტინის მმართველობის სტილი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და პირადი დამოკიდებულება საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან.

2006 წლიდან გამოიკვეთა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი ტენდენცია - მისი გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო გაცხადდა, უფრო აგრესიული გახდა და ელცინისა და "ადრინდელი პუტინის" პერიოდისთვის დამახასიათებელი "სიმორცხვე" დაკარგა. რუსეთი უკვე აღარ თამაშობდა ცხვრის ქურქში გახვეული მგლის როლს. ეს მას აღარ სჭირდებოდა. მის ქმედებებში მგლურმა ინსტინქტმა იმძლავრა და მოჩვენებითი წესიერება რაღად უნდოდა? მსოფლიო არენაზე ის უკვე ღიად აცხადებდა - "მსურს, ამ რეგიონში ჩემი სტრატეგიული ინტერესები დავაფიქსირო, მსურს, ამა და ამ ქვეყანაში მყავდეს მოკავშირე (რეალურად მარიონეტი - ბ.ა.) ხელისუფლება. ამას მივაღწევ ჩემს ხელთ არსებული ყველა (იგულისხმება: ეკონომიკური, პოლიტიკური, სამხედრო, სპეცსამსახურების და ა.შ. - ბ.ა.) ღია თუ ფარული ბერკეტით". საერთაშორისო სამართალი რუსეთისთვის ფიქციად იქცა. "აგვისტოს ომი" არ იყო მოულოდნელი და წლების მანძილზე (განსაკუთრებით 2006 წლის დასაწყისიდან) ეს ერთგვარ "გამოცხადებულ ომის ქრონიკად" იქცა: ცხინვალის რეგიონში მოსალოდნელ ომზე საუბრობდნენ მოსკოვში, ვაშინგტონში, თბილისში და ევროპის სხვა ქვეყნების დედაქალაქებში. რუსეთის ხელისუფლება დიპლომატიური გზების გამოყენებით, თანმიმდევრულად ცდილობდა აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების დარწმუნებას საქართველოს საომარ მზადებასა და მილიტარისტულ მიზნებში. პირდაპირ ვთქვათ: მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები (რომლებიც სულ რაღაც ორი-სამი წლის მოსულები იყვნენ ქუჩიდან კომფორტულ კაბინეტებში, გამოირჩეოდნენ დიდი არაპროფესიონალიზმით და უფრო დიდი - ამბიციებით) სრულიად მოუმზადებელნი იყვნენ, როგორც კვალიფიკაციით, ასევე - პიროვნული თვისებებით. მათთვის სამშობლოს სიყვარული საკუთარი "კომფორტის ზონიდან" იწყებოდა და მთავრდებოდა. აქ პირად მაგალითს მაშინდელი პრეზიდენტისგან იღებდნენ. განა რუსეთის პროვოკაციებისგან მუდმივად გაწამებულ პატარა ქვეყანას იმის ფუფუნება აქვს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს რგოლებში (ჯარი, უშიშროება და დიპლომატიური სამსახური) ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაპროფესიონალები ჰყავდეს?

კადრების სისტემატური ცვლა მ. სააკაშვილის პირად ხუშტურებზე იყო დამოკიდებული. მაგალითი უამრავია, თუმცა საუბრის თემიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთზე შევჩერდეთ. 2004-2008 წლის აგვისტომდე რუსეთში საქართველოს ელჩები იყვნენ: ზურაბ აბაშიძე (რომელიც მ. სააკაშვილმა გაპრეზიდენტებისთანავე გაათავისუფლა), კოტე კემულარია, ვალერი ჩეჩელაშვილი, ირაკლი ჩუბინიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი. იმ ქვეყანაში, რომელთანაც ყველაზე მეტი პრობლემა გაქვს, ელჩების ასეთი სწრაფად ცვლა პრეზიდენტის არასერიოზულობაზე (რბილად, რომ ვთქვათ) მიუთითებს. ამ პირობებში საელჩოს მუშაობის რა ეფექტიანობაზე შეიძლება საუბარი? რა კრიტერიუმებით ნიშნავდა ან ათავისუფლებდა მაშინდელი პრეზიდენტი მინისტრებსა და ელჩებს, ეს, ალბათ, მხოლოდ მან იცის. ვისთან უხდებოდათ მოსკოვში ღია და ფარული ბრძოლა ახლადგამომცხვარ ქართველ "დიპლომატებს"? ტყუილის თქმის რუს "მგლებთან": ივანოვთან, ლავროვთან, კარასინთან, პოპოვთან და ა.შ. WikiLeaks-მა ბევრი დოკუმენტი გამოაქვეყნდა საქართველოზე. კერძოდ, საიდუმლო მასალები ასახავდა ამერიკელი დიპლომატების (საქართველოში აშშ-ის ელჩების - ჯონ ტეფტის და ჯონ ბასის, ასევე, რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის) მიმოწერას სახელმწიფო დეპარტამენტთან, ასევე, 2006-2008 წლებში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებთან მათი შეხვედრების ანგარიშებს.

განსაკუთრებით საინტერესოა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ამჟამინდელი დირექტორის, 2005-2008 წლის მაისამდე რუსეთში აშშ-ის ელჩის - უილიამ ბერნსის დოკუმენტების გაცნობა, რომლებიც WikiLeaks-მა გამოაქვეყნა. 2006 წლის ივლისში უ. ბერნსმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნა დაშიფრული შეტყობინება, სადაც ამგვარად აღწერს რუსეთში საქართველოს ელჩთან -  ირაკლი ჩუბინიშვილთან გამართული საუბრის შინაარსს:

"ჩუბინიშვილმა გაგვაცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ ... 19 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დენისოვთან შეხვედრაზე, მდგომარეობის განმუხტისთვის, შესთავაზა მუშაობის დაწყება ანტიტერორისტული ცენტრის შექმნისთვის, ეს იდეა რუსეთმა წამოაყენა (13 ივნისს სააკაშვილმა განუცხადა პუტინს, რომ ამისთვის შესაფერისი მომენტი ჯერ არ დამდგარიყო). ანთაძე და დენისოვი ასევე შეთანხმდნენ, რომ 7 სექტემბერს მხარეები დაიწყებენ კონსულტაციებს საქართველოს ნატოში შესვლის სურვილის შესახებ" . უილიამ ბერნსი

რა საფრთხე იმალებოდა "ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის (ატც)" შექმნის მიღმა? რუსეთი ცდილობდა, სამხედრო ბაზები (რომლებიც, სიმართლე რომ ვთქვათ, აღჭურვილობითა და პირადი შემადგენლობის მომზადების დონით გასული საუკუნის საბჭოთა გადმონაშთი იყო) გაცილებით მობილური და ეფექტიანი სტრუქტურით ჩაენაცვლებინა. ბაზების გაყვანის ხელშეკრულების მე-20 მუხლში, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენთვის რეალური საფრთხის შეცველი ჩანაწერი იყო. კერძოდ: მხარეები იღებდნენ ვალდებულებას, გაეგრძელებინათ მუშაობა ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის კონკრეტულ საკითხებზე. შერჩეული იყო სავარაუდო ტერიტორიაც - ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზა, რადგანაც რუსეთისთვის იქიდან უფრო იოლი იქნებოდა ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის წარმოება, როგორც საქართველოს, ისე - თურქეთის წინააღმდეგ. ერთობლივი ატც-ის შექმნით რუსეთს სურდა, საქართველოს ტერიტორიაზე შეექმნა ეს-ვი-ერ - ეფ-ეს-ბეს ფილიალი და უფრო ეფექტიანი გაეხადა ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა. თანაც "ფილიალის" შენახვის ხარჯებიც შეუმცირდებოდა, რადგანაც ამ, საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი "ერთობლივი საწარმოს" დაფინანსება ჩვენც მოგვიხდებოდა. გათვალისწინებული იყო "სრული ციკლის" სპეცსამსახურის ახალი სტრუქტურის შექმნა, რომელიც გააერთიანებდა ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული-ტექნიკური მეთოდებით, მის ანალიზსა და რეალიზაციას. გამოცდილ რუს ანალიტიკოსებთან და მზვერავებთან ერთად იქ სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციების "ასებიც" იქნებოდნენ, რომლებიც ანტიტერორისტულ თუ ტერორისტულ ოპერაციებს იმისდა მიხედვით ჩაატარებდნენ, თუ რა ბრძანება ექნებოდათ მოსკოვიდან.

ფაქტია, რომ რუსეთს სურდა, ტერორიზმთან ბრძოლის კეთილშობილური იდეებით ახალი სადაზვერვო-დივერსიული საბრძოლო დანაყოფის შექმნის მცდელობა შეენიღბა და ანტიტერორისტული ცენტრის სპეციალისტების "კომუფლიაჟით" მზვერავები ჩამოეყვანა საქართველოში. თითქოს ისე გვაკლდა მათი აგენტურა! საქართველოს ნატოში შესვლის საკითხის განხილვაც (გასაგებია, რას მოითხოვდა რუსეთი) უდიდესი დათმობა იყო რუსეთისადმი. საპასუხოდ რას მიიღებდა საქართველო? 2006 წლის პირველ ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს და უშიშროების საბჭოს მდივან იგორ ივანოვს. მეორე დღეს ის რუსეთში აშშ-ის ელჩ უილიამ ბერნსს ეწვია და წინა დღის საუბრის შინაარსი გააცნო.

"რუსეთის მხარემ პირდაპირ განუცხადა ბეჟუაშვილს: ისინი ეჭვობენ, რომ საქართველო აპირებს სამხედრო მოქმედებების ჩატარებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და თუ მსგავსი რამ მოხდებოდა, რუსეთი სამხედრო ძალით უპასუხებდა საქართველოს და ამ შემთხვევაში რუსეთს ნაკლებად ანაღვლებდა საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია. ივანოვმა განუცხადა ბეჟუაშვილს, რომ რუსეთი არ ენდობა ქართულ მხარეს და გარანტიები მოითხოვა უმაღლეს დონეზე, ხოლო კითხვა, იყო თუ არა ბეჟუაშვილის სიტყვები გარანტია მათთვის, ივანოვმა უპასუხა -არა. ბერნსმა განუცხადა ბეჟუაშვილს, რომ რუსები არ ხუმრობდნენ და სიმშვიდის შენარჩუნება იქნება უფრო მეტად მომგებიანი ქართული მხარისთვისო", - აცნობებდა ბერნსი ვაშინგტონს.

უ. ბერნსი იხსენებს, რომ აგვისტოს ომამდე, როდესაც შედგა შეხვედრა კონდოლიზა რაისსა და ვლადიმერ პუტინს შორის, სახელმწიფო მდივანმა საუბარი წამოიწყო საქართველოს შესახებ და მოუწოდა პუტინს, არ დაეშვა სააკაშვილთან არსებული კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, რომელიც დაკავშირებული იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან. მან პუტინისგან ხისტი პასუხი მიიღო: რუსეთის პრეზიდენტმა სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტად მოიხსენია და განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი ძალას გამოიყენებს, ისიც იძულებული იქნება, ძალა გამოიყენოს და აღიაროს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ვხედავთ, რომ დიპლომატიურ კულისებს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებზე სააკაშვილი ცდილობდა ორ უმნიშვნელოვანეს დათმობაზე წასულიყო, თუმცა რუსეთისთვის მთავარ სტრატეგიულ ამოცანად მაინც "ცხინვალის ხაფანგი" რჩებოდა: მათი გათვლებით ამ "ხაფანგში" სააკაშვილის შეტყუებით ნატოში საქართველოს შესვლა გაურკვეველი ვადით გადაიწევდა, ატც აღარც დასჭირდებოდათ (უკვე მთელი აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გახდებოდა მათი სამხედრო ბაზა) და "სეპარატისტულ ნაღმსაც" შეინარჩუნებდნენ. სამი "კურდღელი" ერთი პროვოკაციით . . .

(იხილეთ გაგრძელება)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს