რუსეთის აგენტურისა და "სასარგებლო იდიოტების" ერთობლივი მოქმედებები "აგვისტოს ომში"
რუსეთის აგენტურისა და "სასარგებლო იდიოტების" ერთობლივი მოქმედებები "აგვისტოს ომში"

რა ინფორმაციასა და გათვლებს ეყრდნობოდა "უმაღლესი მთავარსარდალი" მ. სააკაშვილი, როდესაც 2008 წლის 7 აგვისტოს, დღის 14 სთ-ზე, შეიარაღებულ ძალებში გამოაცხადა "მზადყოფნა #1", ხოლო 23.35 სთ-ზე შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცა? იქნებ 6 ან 7 აგვისტოს რამე სანუგეშო საიდუმლო-დიპლომატიური ინფორმაცია ჰქონდა "უმაღლეს მთავარსარდალს", რუსეთთან ფართომასშტაბიან ომში ჩართვის ბრძანება სანამ გასცა? თავად განსაჯეთ: სააკაშვილი რუსეთის იმდროინდელ "პრეზიდენტს" - მედვედევს ურეკავდა, თუმცა არ აერთებდნენ; რუსი დიპლომატი პოპოვი თბილიში
იყო და იმალებოდა;
"სამშვიდობო ძალების" სარდალი კულახმეტოვი (რომელიც წინა დღეებში ხელებს ასავსავებდა: რა ვქნა ოსები ჩვენი ზურგიდან ისვრიან და ვერ ვაჩერებო) ბორის ჩოჩიევს ვითომ "ვერ პოულობდა". თანაც, პეკინში ოლიმპიური თამაშები იხსნებოდა და აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების მეთაურების ყურებამდე, სადღაც საქართველოში დაწყებული "ბათქაბუთქის" ხმა როდის მიაღწევდა, კაცმა არ იცის. იყო თუ არა ეს ყველაფერი საგანგაშო ნიშანი იმისა, რომ რუსეთს სერიოზული მზაკვრული ჩანაფიქრი ჰქონდა?

უზომოდ ეგზალტირებული მ. სააკაშვილი 6 და 7 აგვისტოს ურეკავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, ნატოს ხელმძღვანელობას, მეგობარი ქვეყნების მეთაურებს და ქართული სოფლების დაბომბვისა და როკის გვირაბთან რუსული სამხედრო ნაწილებისა და ტექნიკის კონცენტრაციაზე ინფორმაციას აწვდის. პასუხი ერთია: ცხინვალის რეგიონში რუსების ძალების შემოსვლა გამიზნული პროვოკაციაა და მაქსიმალურად ეცადე, არ წამოეგო, თორემ ჩვენ ვერ დაგეხმარებით! 2008 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტში შემნილი "აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომაზე" საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა: "რუსული ძალები საქართველოს საზღვართან იქნენ მობილიზებული და მათ მიეცათ სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანება "დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში" - მე, თითქმის, ციტირებას ვაკეთებ - მაგრამ ამ ესკალაციისთვის ყველაფერი კეთდებოდა ამ ბოლო წლების განმავლობაში... ჩვენ - დაზვერვის სამსახური - ველოდით, რომ რუსეთი დაძაბულობის ესკალაციას სექტემბერში, ოქტომბერში ან ნოემბერში დაიწყებდა. სხვა სტრუქტურები უფრო ადრინდელ ვადებს ვარაუდობდნენ და, როგორც აღმოჩნდა, ის სტრუქტურები მართლები ყოფილან. 2 აგვისტოდან მივლინებაში ვიმყოფებოდი [მან არ დააკონკრეტა სად იმყოფებოდა] - ამ მივლინების დეტალებს დახურულ სხდომაზე მოგაწვდით - საქართველოში 8 აგვისტოს საღამოს დავბრუნდი" (სტენოგრამის დასასრული).

ასე რომ, საგარეო დაზვერვის ინფორმაცია პირდაპირ მიანიშნებდა, რომ რუსეთი ფართომასშტაბიანი ომისთვის ემზადებოდა, ხოლო თავად "პირველი მზვერავი" შემოდგომამდე სერიოზულ გართულებებს არ ელოდა და მივლინებაში ბრძანდებოდა. აგვისტოს ცხელ დღეებს შვებულებებში გარიდებოდნენ "სააკაშვილის გუნდის" ძირითადი წევრებიც, რასაც თავად მაშინდელი პრეზიდენტიც ადასტურებს: "7 აგვისტოს, შუადღისას, უშიშროების წევრების შეკრება გვქონდა. უშიშროების ბევრი წევრი იმყოფებოდა შვებულებაში. გელა ბეჟუაშვილი იყო ამერიკაში, დათო ბაქრაძე იყო თურქეთში და მოუხდა სამი თვითმფრინავის გამოცვლა, სანამ აქ ჩამოვიდა. გიგა ბოკერია იყო სადღაც გადაკარგულში, იმიტომ, რომ იქიდან აქ ჩამოყვანას სამი დღე დასჭირდა. არა მარტო მთავრობის წევრები, ბევრი სამხედრო მეთაური იყო შვებულებაში" (სტენოგრამის დასასრული).

სამხედრო მეთაურები თუ შვებულებაში არიან, არ აქვთ კონტაქტი გენერალურ შტაბთან და არ იცნობენ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას, სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიზნებსა და ამოცანებს - რა შეტევაზე გადადიხარ, შე ოჯახაშენებულო? თან ჩასაფრებულ "დათვთან", რომელიც ამას ელოდება? მ. სააკაშვილს, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, "ჩვენ ომისთვის არ ვემზადებოდით, შვებულებაში ვიყავითო", თუმცა რეალურად, ექსტრემალურ სიტუაციაში ქვეყნის მართვის სრული უცოდინარობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. როგორც შემდეგ გამოჩნდა, დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას, თემურ იაკობაშვილისა და გიგა ბოკერიას არყოფნა შესაძლოა, უკეთესიც კი ყოფილიყო.

ეს ხალხი (მაშინდელი თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის დამატებით) სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის "სამხედრო-სამოქალაქო შტაბი" იყო, რომელიც, სხვადასხვა მიზეზთა გამო, მას უსწრაფეს გამარჯვებაში არწმუნებდა (ალბათ, უფრო ერთმანეთს არწმუნებდნენ) და ცხინვალში საზეიმო აღლუმის გამართვისთვის ერთად ემზადებოდნენ. ისე, სხვათა შორის, თავად "უმაღლესი მთავარსარდალი" ივლისის ბოლოს წონის დასაკლებად ძვირადღირებულ პროცედურებზე იტალიაში ბრძანდებოდა და თბილისში აგვისტოს დასაწყისში ჩამოვიდა... საინტერესოა, ის მაინც თუ იცოდა საქართველოს პრეზიდენტმა, რა ძალებით აპირებდა რუსეთი სამხედრო ოპერაციის დაწყებას? თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით, სცოდნია. 2008 წლის 28 ნოემბერს მან პარლამენტში განაცხადა: "საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა რუსეთის ბრძოლისუნარიანი სამხედრო ძალების 95 %- ... ლარსზე მოყენებული იყო 500-დან 700-მდე ჯავშანტექნიკა. მე მერაბიშვილმა მითხრა ამის შესახებ და თქვა, რომ, პრაქტიკულად, ისინი შეეცდებიან ამის გაჩერებას, მაგრამ დიდხანს ეს ვერ მოხერხდება... 3 000-ზე მეტი ჯავშანტექნიკა შემოვიდა, ასობით დანადგარი "გრადი" და სხვა საარტილერიო დანადგარი, "ურაგანები" და ეს რაკეტები, რომელსაც ისინი ისროდნენ. აი ამ სიტუაციაში, და 200-მდე თვითმფრინავი მონაწილეობდა ამ ოპერაციაში" (სტენოგრამის დასასრული).

მ. სააკაშვილს "მარჯვენა ხელიც" თუ "ხერხემალიც" (ვ. მერაბიშვილი ხან რა იყო მისთვის და ხან რა) აფრთხილებდა: "მიშა, დიდხანს ვერ გავაჩერებთ და რა ვქნა?!". მაშინ იქნებ რამე სრულიად-სრულიად საიდუმლო ინფორმაცია ჰქონდა "უმაღლეს მთავარსარდალს" ქართული ჯარის მომზადებისა და ულტრათანამედროვე შეიარაღების ("ტოიოტა ჰაილუქსების" გარდა) შესახებ, რომ რიცხოვნობით მეტსა და უკეთესად შეარაღებულ მტერს ეკვეთა? ვინმემ არაობიექტურობა რომ არ დამწამოს, ისევ პარლამენტში წარმოთქმულ მ. სააკაშვილის სიტყვებს გაგაცნობთ: "სიტუაცია ჩვენ უნდა რეალისტურად შევაფასოთ. ჩვენი ჯარის შესაძლებლობები. ჩვენი ჯარი, რომელზეც ჩვენ აქ დავხარჯეთ რამდენი ფული (სულ მცირე 4 მილიარდი ლარი სამ-ნახევარ წელიწადში - ბ.ა.), იყო გათვლილი იმაზე, რომ, ვთქვათ, იმ ტიპის ოპერაციას, რომელსაც რუსეთი ატარებდა 90-იან წლებში აფხაზეთში, როცა თან ბომბავდა, თან გვესროდა და თან მშვიდობისმყოფელს და გამშველებელს თამაშობდა. ამ პირობებში მათ ამის შანსი, ამ პირობებში ჩვენი ჯარი ამას ადვილად გაანეიტრალებდა. სხვადასხვა ე.წ. მოხალისეებს, ჩრდილო-კავკასიელებს ჩვენი ჯარი ადვილად გაანეიტრალებდა. ადგილობრივ, ამ ბანდიტურ ფორმირებებზე მე არც არაფერს არ ვამბობ და მე, მარტო ისინი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ მათთან შეიარაღებული ბრძოლა არ დაგვჭირდებოდა. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ჯარი იყო გამზადებული შესაკავებლად, სტრატეგიულად დედაქალაქის დასაცავად ჯარი მაშინაც და ახლაც იყო გამზადებული" (სტენოგრამის დასასრული) .

ანუ რა გამოდის: თუ ქართული ჯარი მხოლოდ დედაქალაქის დასაცავად და სეპარატისტ-ბოევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად იყო მზად, მაშინ რუსეთის რეგულარულ, ახალწვრთნაგავლილ სამხედრო ნაწილებთან წინასწარ უთანასწორო ბრძოლებში რატომ დავკარგეთ ამდენი ტექნიკა, სოფლები და შევაკალით ჩვენი მებრძოლები, ქალები, მოხუცები და ბავშვები? თუმცა არა, "უმაღლესი მთავარსარდალი" 2008 წლის 28 ნოემბერს გვაჯერებდა, რომ "აგვისტოს ომი" ჩვენ მოვიგეთ და "... გადავარჩინეთ ჩვენი საბრძოლო ტექნიკის და ჯარის აბსოლუტური, აბსოლუტური კი არა, პრაქტიკულად, ყველაფერი. სწორად თქვა გუშინ ვანო მერაბიშვილმა. მაგალითად, ბორჯომის ხეობაში ყველა მაცხოვრებელმა იცოდა, სად იყო ქართული ტანკები ჩაფლული და ნუ, აი, ყველა ცალ-ცალკე დაკითხეს, ფულს სთავაზობდნენ, ყველაფერს და არავინ არ გაგვთქვა" (სტენოგრამის დასასრული).

მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: ვაი, უბედურო საქართველოვ, ამგვარი "მთავარსარდლის" ხელში! "პრეზიდენტ მიუნჰაუზენი" შემდეგ თითქოს "გამარჯვების ღრუბლებიდან" გამოვიდა და ისეთი "მარგალიტი აზრები" აფრქვია, რომ თქვენც სრულად უნდა გაეცნოთ: "ათასობით ზარალი მიადგა, ათასობით ადამიანში გამოხატული, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, მოკლულებით და დაჭრილებით. 17-მდე საფრენ აპარატამდე არის ჩამოვარდნილი. ეს დადასტურებულად, არადადასტურებულად, უფრო სწორად, ჩვენი მონაცემებით, მათ შორის, სტრატეგიული ბომბდამშენი, რამდენიმე ვერტმფრენი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ, მოდი, ვთქვათ, 58-ე არმია, რუსეთის, მე-4 ბრიგადამ, საქართველოსი, პრაქტიკულად, გაანადგურა, მე-4 ბრიგადამ, ჩვენი შეიარაღებული ძალების... როცა 58-ე არმია დამარცხდა და, როცა სრულიად ნათელი იყო, რომ კამერული ოპერაციის ჩატარება აქ ვეღარ მოხერხდებოდა, რუსეთმა აამოქმედა ის, რაც წინასწარ ჰქონდა ყოველი შემთხვევისთვის მომზადებული, მთელი მათი სახმელეთო და საჰაერო ძალები და საზღვაო ძალები, მათი მთავარი ფლოტი, შავი ზღვის ფლოტი, ყველა სამხედრო მფრინავი იყო მობილიზებული, მათ შორის - სტრატეგიული ავიაცია. ყველა სარაკეტო ჯარი იყო მომზადებული და, მე ვფიქრობ, რომ მათ გაისროლეს თავისი "ისკანდერების" მარაგის ნახევარზე მეტი, 60-ზე მეტი ტაქტიკური რაკეტა და "ისკანდერი" იქნა საქართველოში გამოყენებული და გასროლილი. ჩვენ ვიპოვეთ მხოლოდ 7 თუ 8, დანარჩენები სადღაც მთებშია გაბნეული (სტენოგრამის დასასრული)."

აქ იმდენი ტყუილია, რომ ბარონ მიუნჰაუზენსაც კი შეშურდებოდა! ადრე უკვე ვთქვი: "აგვისტოს ომის" დაწყების და დამდგარი შედეგების გამოძიება სააკაშვილის ხელისუფლებას არც უცდია და გასაგებია - რატომ. დღევანდელ ხელისუფლებას კი ეს, 2012 წელს გაცემულ ბევრ სხვა დაპირებასთან ერთად, "გადაავიწყდა". მხოლოდ 2008 წლის 28 ნოემბერს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე წარმოთქმული სიტყვა შეიძლება გამხდარიყო სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. იმიტომ, რომ ეს მისი აღიარება და თვითლუსტრაცია იყო: აბსოლუტურად მოუმზადებლად (როგორც სამხედრო კუთხით, ასევე, სამოქალაქო სექტორებში), ყოველგვარი სტრატეგიული გეგმისა (როცა გათვლილი არ გაქვს, რა იქნება შემდეგ) და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე, ერთვები ომში რიცხოვნობით ჭარბ მტერთან - არ არის ეს სახელმწიფო დანაშაული?
"ცხინვალის ხაფანგის" შემდეგ დავკარგეთ საქართველოს ის ტერიტორიები, რომელზეც კონტროლი გვქონდა (ახალგორის რაიონი და კოდორი), ასევე, ცხინვალის რეგიონის ის ქართული სოფლები, რომლებიც შიშის ზარს სცემდნენ ოს სეპარატისტებს. "ცხინვალის ხაფანგში" სააკაშვილს "მწვანე შუქი" თავად რუსეთმა აუნთო და იქ შეტყუება, მისი უზომო პატივმოყვარეობიდან გამომდინარე, არც გასჭირვებია. "აგვისტოს ომის" უმძიმესი შედეგები საომარი მოქმედებების მოუმზადებლობამ და სპონტანურობამ, საჯარისო დანაყოფების ერთიანი მართვის არქონამ და სრულმა ქაოსმა განაპირობა. დრო გადის, შესაბამისი დოკუმენტაცია (თუ საერთოდ ხდებოდა დადგენილი წესით დოკუმენტწარმოება!) უკვე განადგურებული იქნება, "აგვისტოს ომის" უშუალო "შემომქმედნი" (ჩემი აზრით, სულ 10-15 ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას) კი ჯერ კიდევ ჩვენს გვერდით არიან (თან კვლავ "ქვეყნის გადარჩენას" გვპირდებიან) და თუ არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, უნდა მოხდეს "აგვისტოს ომის" გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების თუნდაც ჯერ საპარლამენტო დონეზე (აუცილებლად საპარლამენტო ოპოზიციის მონაწილეობით) შესწავლა. უნდა დაეკისროს თუ არა პასუხისმგებლობა პრეზიდენტს, რომელსაც კონსტიტუციით ავალია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და საკუთარი შეცდომების გამო პირიქით, კარგავს მათ? მტრის პროვოკაციას შეუგნებლად წამოეგნენ თუ წინასწარი განზრახვით შეიყვანეს ქვეყანა "ცხინვალის ხაფანგში" და ქართული ჯარი უთანასწორო ბრძოლებში ჩააბეს? ვინ იყვნენ ეს პირები: რუსეთის აგენტები თუ რუსეთის სასარგებლოდ მოქმედი "იდიოტები"? ამ კითხვებზე პასუხი შესაბამისმა სტრუქტურებმაც უნდა გაგვცენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
mmm
15 სექტემბერი 2021 12:23
რუსეთი ყოველთვის იმპერიალისტი და აგრესორი იყო და იქნება, ასევე ჩვენზე მრავალრიცხოვანი და უკეთ შეიარაღებული არმიით. ანუ ავიღოთ ხელი ქართულ მიწაწყალზე? იმედი მაქვს ქართველთა უმრავლერსობა ასე არ ფიქრობს.
დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და გავითვალისწინოთ. სტატიებით და კომენტარებით გულგატეხილობა და პესიმიზმი კი არ უნდა დავთესოთ. აგვისტოს გმირებმა ვისი სახელებიც ვიცით და უკვდავია, თუ ვის გმირობაზეც ვერ გავიგეთ, ჩვენს შვილებს 2000 წლიან თაობას ახალი ტკივილით შეახსენეს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველო იყო არის და იქნება!
პ.ს. ჩვენს წინაპრებს მტრის მრავალრიცხოვნების და შეიარაღების გამო რომ უარი ეთქვათ ბრძოლაზე, დღეს ნახევარი ქვეყანა თურქულად, ნახევარი კი სპარსულად მოსაუბრე იქნებოდა. თუ იარსებებდა როგორც ქვეყანა.
ადამიანი
20 აგვისტო 2021 19:29
ლაშას -- ანუ გამოდის რომ პატრიოტთა ალიანსი, ვასაძის პარტია, ქართველ ვაჟკაცთა საძმო რომლებმაც ევრობის დროშა ჩამოგლიჯეს,ფალავანდიშვილის ორგანიზაცი, იგორ გიორგაძე და სააკაშვილი ერთ საქმეს აკეთებენ.ანუ ესენი ერთად არიან, ერთი მიზანი და ფასეულობა აქვთ.
gio
20 აგვისტო 2021 19:13
პუტინმა აჭარა რომ დაუთმო მაგან იფიქრა ოსეთშიც შევალ არაფერს იტყვის გამარჯვებული გამოვალო.გამოვიდა გამარჯვებული ოღონდ ფოფხვით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები