ოპერაცია "შტორმი-333": როგორ მოკლეს ავღანეთის პრემიერ-მინისტრი ჰაფიზულა ამინი? - კვირის პალიტრა

ოპერაცია "შტორმი-333": როგორ მოკლეს ავღანეთის პრემიერ-მინისტრი ჰაფიზულა ამინი?

ავღანეთი საუკუნეების მანძილზე იპყრობდა დიდი იმპერიების ყურადღებას. უკანასკნელი სამასი წლის განმავლობაში სამმა იმპერიამ (დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი და აშშ), დიდი მცდელობისდა მიუხედავად, ვერ შეძლო ამ ქვეყნის დამორჩილება.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი აქტიურად იყო ჩართული ავღანეთის შიდაპოლიტიკურ ორომტრიალში, რათა პროსაბჭოთა ხელისუფლებისთვის გაეხსნა გზა. ამ მიზნის მისაღწევად საბჭოთა ხელისუფლება არაფერზე იხევდა უკან. 1970-1990-იან წლებში საბჭოთა სპეცსამსახურების მონაწილეობით ავღანეთში რამდენიმე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, დღეს ერთ-ერთი გავიხსენოთ.

1979 წელს ავღანეთში რთული შიდაპოლიტიკური ვითარება იყო. პრემიერ-მინისტრი ამინი, რომელიც ქვეყნის სათავეში "თანამოაზრის", პრემიერ-მინისტრ ნურ მოჰამედ თარაკის ლიკვიდაციის შემდეგ მოვიდა, საკუთარი ძალაუფლების გამყარებას საბჭოთა არმიის დახმარებით გეგმავდა. მისი არაერთი თხოვნა ჯარის შეყვანის შესახებ საბჭოთა პოლიტბიურომ მხოლოდ 1979 წლის 25 დეკემბერს დააკმაყოფილა. ამინის პიროვნების ირგვლივ სერიოზული დაპირისპირება იყო საბჭოთა ხელმძღვანელობაში. თავდაცვის სამინისტრო და სამხედროები მას უჭერდნენ მხარს, ხოლო კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვი ამინს "ამერიკის აგენტად" მიიჩნევდა და მის ლიკვიდაციას, ხოლო პრემიერ-მინისტრის ადგილზე ბაბრაქ ქარმალის (რომელიც საბჭოთა საგარეო დაზვერვასთან 1960-იანი წლებიდან თანამშრომლობდა და იმ დროისათვის ჩეხოსლოვაკიაში ავღანეთის ელჩის პოსტი ეკავა) მოყვანას მოითხოვდა. ანდროპოვმა შეძლო ბრეჟნევის დარწმუნება და პოლიტბიურომ ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანის აუცილებელ წინაპირობად პრემიერ-მინისტრ ამინის ლიკვიდაციისა და სახელმწიფო გადატრიალების საიდუმლო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესრულება კა-გე-ბესა და გე-ერ-უს ხელმძღვანელებს დაევალათ.

ჯერ კიდევ 1979 წლის მაისის დასაწყისში გე-ერ-უს უფროსის, არმიის გენერალ ივაშუტინის დავალებით პოლკოვნიკმა კოლესნიკმა დაიწყო 154-ე ცალკეული სპეციალური დანიშნულების რაზმის ("სპეცნაზი") ფორმირება. ჯარისკაცთა და ოფიცერთა საერთო შემადგენლობა 520-ს აღწევდა, რომლებიც იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე საბჭოთა იარაღით იყვნენ აღჭურვილნი. ამ დანაყოფის მთავარი თავისებურება ის იყო, რომ პირადი შემადგენლობა ნაციონალურ-რელიგიური ნიშნით შეირჩა და, ძირითადად, უზბეკი, ტაჯიკი და თურქმენი ეროვნების მებრძოლებით დაკომპლექტდა. ამიტომაც ავღანეთის ომის ისტორიაში ეს რაზმი "მუსლიმანური ბატალიონის" სახელწოდებით შევიდა. მის მეთაურად დაინიშნა მაიორი ჰალბაევი. ავღანეთის არმიის ფორმაში ეკიპირებული, შესაბამისი ავღანური დოკუმენტებით უზრუნველყოფილი ბატალიონი 1979 წლის 19-20 ნოემბერს "ან-12"-ის ტიპის თვითმფრინავებით ბაგრამში გადაიყვანეს, ხოლო მძიმე ტექნიკა ("ბმპ-1" და "ბტრ-60პბ") "ან-22"- "ანთეით" გადაიტანეს. "მუსლიმანური ბატალიონი" ქაბულის შემოგარენში ავღანეთის პრემიერ-მინისტრის, ჰაფიზულა ამინის რეზიდენციის "გასაძლიერებლად" (სინამდვილეში კი, მისი სასახლის -"თაჯ-ბეკის" შტურმით ასაღებად) გადაისროლეს. 'თაჯ-ბეკის' სასახლე

საინტერესოა, რომ თავის დროზე "თაჯ-ბეკის" სასახლის დაცვის სისტემა საბჭოთა კა-გე-ბეს მე-9 სამმართველოს (ე.წ. სამთავრობო დაცვა) სპეციალისტებმა შეიმუშავეს და მაქსიმალურად გამოიყენეს რთული რელიეფი და ადგილმდებარეობა. სასახლისკენ მიმავალი ერთადერთი სერპანტინი და სპირალური გზა იმდენად ვიწრო იყო, რომ მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით შეიძლებოდა, გარდა ამისა, ზედა წერტილიდან შესაძლებელი იყო გზის სრული გაკონტროლება. ამ ფუნქციას ამინის პირადი დაცვის მიერ მიწაში ჩაფლული და კარგად შენიღბული "ტ-55" მოდელის ორი ტანკი ასრულებდა.

1979 წლის 21 დეკემბერს "მუსლიმანურმა ბატალიონმა", ავღანელებთან შეთანხმებით, დისლოკაციის ადგილი პრემიერ-მინისტრ ამინის დაცვის ორ ბატალიონს შორის დაიკავა და შტურმისთვის ფარულ მზადებას შეუდგა. სამხედრო ოპერაციაში აქტიურად მონაწილეობდა კა-გე-ბეს "სპეცნაზი" - "გრომი" (მეთაური მაიორი სემიონოვი) და "ზენიტი" (მეთაური - მაიორი რომანოვი), საერთო ხელმძღვანელობა პოლკოვნიკ ბოიარინოვს ევალებოდა. ოპერაციას კოდური სახელწოდება "შტორმი-333" შეურჩიეს.

ოთხი-ხუთი დღის მრავალმხრივი დეზინფორმაციული მუშაობის შედეგად, საბჭოთა სპეცსამსახურებმა შეძლეს ავღანეთის პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვისა და მისი ერთგული საჯარისო ნაწილების მეთაურთა ყურადღების მოდუნება.

ამინს იმდენად სჯეროდა "რუსი ძმების", რომ მხოლოდ საბჭოთა სამხედროების და ექიმების რჩევებს და მკურნალობის მეთოდებს ენდობოდა. 1979 წლის 27 დეკემბრს ამინი ახალ რეზიდენციაში - "თაჯ-ბეკის" სასახლეში ნებივრობდა თავის მრავალრიცხოვან ცოლებთან და ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოიდგენდა "რუსი ძმების" ამგვარ ვერაგობას.

აღსანიშნავია, რომ ამინის ლიკვიდაცია ჯერ მოწამვლით სცადეს. მის ახლო წრეში ჩანერგილი იყო უზბეკი ეროვნების კა-გე-ბეს აგენტი, რომელიც პირადი მზარეულის ფუნქციებს ასრულებდა. მან 27 დეკემბერს სადილის დროს სცადა ამინის, მისი ოჯახის წევრებისა და სტუმრების მოწამვლა და საჭმელში საწამლავი ჩაყარა. თუმცა ავღანეთის პრემიერ-მინისტრი და მისი ახლობლები მხოლოდ შეუძლოდ შეიქმნენ და სასწრაფოდ ექიმები გამოიძახეს. ამიტომაც იყო, რომ შტურმის მომენტში ამინთან საბჭოთა მედპერსონალი იმყოფებოდა. საბჭოთა ექიმებმა, რომლებიც დაგეგმილი ოპერაციის კურსში არ იყვნენ, შეძლეს ამინის და სხვა მოწამლულების გადარჩენა. შემდეგი შტურმის დროს კი ერთ-ერთი საბჭოთა ექიმი, პოლკოვნიკი კუზნეჩენკოვი, "სპეცნაზის" ნასროლი ტყვიით გარდაიცვალა: ეს შემთხვევით მოხდა, თუ განზრახ, დღემდე უცნობია. 'თაჯ-ბეკის' სასახლე შტურმის შემდეგ

საბჭოთა სპეცსამსახურებს ხელთ ჰქონდათ რეზიდენციის დეტალური გეგმა (ოთახების და კომუნიკაციების განლაგება) და ინფორმაცია დაცვის რაოდენობისა და საცეცხლე წერტილების განლაგების შესახებ.

შტურმის წინ "სპეცნაზის" მებრძოლებს პოლიტსწავლებები ჩაუტარეს და ყოველგვარი ეჭვის გასაფანტავად "საიდუმლოდ" გაანდეს, რომ პრემიერ-მინისტრი ამინი ავღანელი ხალხის მოღალატე და "ამერიკის აგენტი" იყო და ამიტომაც მისი და მისი ოჯახის ლიკვიდაცია საბჭოთა კავშირის "ინტერნაციონალური ვალია". თუმცა ეს ვერსია მხოლოდ "სპეცნაზელების" გაოცებას იწვევდა და მათ კონტრშეკითხვაზე, "თუ ამინი ამერიკის აგენტია, მაშინ საბჭოთა ჯარების შემოყვანას რატომ გვთხოვსო?", საბჭოთა "კომისრები" პასუხს ვეღარ პოულობდნენ.

შტურმი 27 დეკემბერს, საღამოს დაიწყო. პრემიერ-მინისტრი ამინი და ავღანელი სამხედროები კარგა ხანს ვერ იჯერებდნენ, რომ მათ "რუსი ძმები" დაესხნენ თავს. კავშირგაბმულობის არხების მწყობრიდან გამოყვანის გამო, რაც კა-გე-ბეს სპეციალისტებმა შტურმამდე ნახევარი საათით ადრე მოახერხეს, ამინმა ვერ შეძლო დახმარების გამოძახება. ყველაფერი 43 წუთში დამთავრდა. ამინი და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის ხუთი და რვა წლის ვაჟები, დაუნდობლად ამოჟლიტეს.

საბჭოთა "სპეცნაზში" მსხვერპლი მნიშვნელოვანი იყო, რაც ავღანელების "დამსახურება" ნაკლებად იყო. სიბნელეში საბჭოთა სამხედროები შეცდომით თავად ესროდნენ ერთმანეთს.

ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალების და ამინის ლიკვიდაციის გეგმები იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამის შესახებ საბჭოთა ელჩმა ავღანეთში და გე-ერ-უს რეზიდენტმა მხოლოდ მეორე დღეს - 28 დეკემბერს, უკვე მომხდარი ფაქტის შემდეგ შეიტყვეს. საბჭოთა ჯარების შეყვანა ავღანეთში ის საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდა, რომელმაც დააჩქარა საბჭოთა იმპერიის დანგრევა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს