ვინ იყენებს "აკუსტიკურ იარაღს" ამერიკელების წინააღმდეგ? - კვირის პალიტრა

ვინ იყენებს "აკუსტიკურ იარაღს" ამერიკელების წინააღმდეგ?

2021 წლის ზამთრის ცივი დღეები იდგა, როდესაც ბერლინში აშშ-ის საელჩოს რამდენიმე თანამშრომელმა და მათი ოჯახის წევრმა თავი შეუძლოდ იგრძნო. თაბრუსხვევის, უძილობის, თავის ტკივილისა და სმენის დაქვეითების ჩივილებით მათ ექიმებს მიმართეს. პირველივე დიაგნოზი ძალზე საგანგაშო იყო: ტვინის შერყევა და დაზიანება. ამიტომ მათ მალევე მოუწიათ ბერლინის დატოვება. ვაშინგტონთან ახლოს მდებარე აშშ-ის სამხედრო მედიცინის ეროვნულ ცენტრში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ თავის ტვინის დაზიანებების მიზეზი მექანიკური ზემოქმედება არ იყო. ეს პიროვნებები არც ავტოავარიაში მოყოლიან და არც თხილამურებით დაშვებისას მიუღიათ რაიმე ტრამვა. აბა, სად და როგორ მიიღეს თავის ტვინის დაზიანება?

ამერიკელი დიპლომატების "საოცარი თავგადასავალი" ჯერ კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაიწყო, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში გაგრძელდა. აშშ-კუბის ურთიერთობებში ისტორიული გარდატეხა მოხდა, როდესაც ბარაკ ობამას "დათბობის პოლიტიკის" შედეგად, 2015 წლის აგვისტოში კვლავ გაიხსნა ამერიკის საელჩო კუბაში. 2016-2017 წლებში ჰავანაში მდებარე აშშ-ის საელჩოს 40-ზე მეტმა თანამშრომელმა და მათი ოჯახის წევრმა მიმართა ექიმებს თაბრუსხვევის, უძილობის, თავის ტკივილისა და სმენის დაქვეითების ჩივილებით. ეს ყველაფერი ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია.

ეს ფაქტები ერთეული შემთხვევა რომ ყოფილიყო, შეიძლება გვეფიქრა, რომ ამერიკელებს "დაუსრულებელი დღესასწაულები" აქვთ და ისევ ნაბახუსევს არიანო... თუმცა თვეობით გაგრძელებული ბახუსი თვით ამერიკელებისთვისაც კი ნამეტანია. ჰავანაში უკანასკნელი შეტევა 2017 წლის 21 აგვისტოს მოხდა, როდესაც 21 ამერიკელი დიპლომატი დაზარალდა. აშშ-ის ხელისუფლებამ ოფიციალურად მხოლოდ აგვისტოს ბოლოს აღიარა ეს სერიოზული პრობლემა. უცნობი მიზეზებით დაზარალებულ ამერიკელ დიპლომატებს ამერიკელმა ექიმებმა "თავის ტვინის მსუბუქი დაზიანების" და "ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების" დიაგნოზი დაუდგინეს. აშშ-ის ადმინისტრაციამ ისიც აღიარა, რომ დიპლომატების და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პირველი სიმპტომები ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში დაფიქსირებულა. დადგენილია, რომ ეს ზემოქმედება-შეტევა ამერიკელ დიპლომატებზე საელჩოსა და სასტუმროს შენობების გარედან, დისტანციურად ხორციელდებოდა. დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებს ღამღამობით მწერების ზუზუნის მაგვარი უცნაური ხმა აღვიძებდათ, რაც შემდეგ მხედველობით და სმენით ჰალუცინაციებს იწვევდა. ამერიკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მათი დიპლომატების წინააღმდეგ ჰავანაში "აკუსტიკურ იარაღს" იყენებდნენ, ადამიანის ფსიქიკაზე და მის ჯანმრთელობაზე დისტანციურად ზემოქმედების მოხდენის მიზნით. კუბის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა და უარყოფს ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ რაიმე სპეცოპერაციების ჩატარებას. ამის დასამტკიცებლად 2017 წლის სექტემბერში კუბის მაშინდელი ლიდერი, რაულ კასტრო აშშ-ის ელჩს, ჯეფრი დე ლაურენტის შეხვდა და აღნიშნულ საკითხზე ესაუბრა. უფრო ადრე კი, 2017 წლის გაზაფხულზე, კუბის ხელისუფლებამ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (ეფ-ბი-აის) სპეციალისტებს ნება დართო, ჰავანაში ჩასულიყვნენ და დიპლომატების სამუშაო კაბინეტები და სასტუმროს ოთახები შეემოწმებინათ. თუმცა მათ შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობებით შემოწმების შედეგად შენობების შიგნით საეჭვო ვერაფერი იპოვეს და გარედან ზემოქმედების წყაროც ვერ დაადგინეს.

თავიდანვე გამოითქვა ვარაუდი, რომ დიპლომატების წინააღმდეგ "აკუსტიკურ იარაღს" იყენებდნენ. ეფ-ბი-აის ვერსიით, ეს მასობრივი ზემოქმედება-შეტევა საელჩოებისა და სასტუმროს შენობების გარედან, დისტანციურად ხორციელდება. თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, რა ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ და ვინ შეიძლება იდგეს ამ ინციდენტების უკან? საკამათო არაა, რომ ჰავანაში ამერიკელ დიპლომატებზე ზემოქმედების მიზანი აშშ-კუბის ურთიერთობების გამწვავება და "დათბობის" პოლიტიკის ჩაშლა იყო. ვის ინტერესებშია ეს? - უპირველესად, კუბის ხელისუფლების იმ კონსერვატორულ ნაწილს, რომელიც "ფიდელის იდეების" ერთგული რჩება და "საზიზღარი იანკები" მათთვის კვლავ #1 მტრები არიან. არ უნდა გამოვრიცხოთ გარე ძალებიც, რომელთაც ეს "დათბობა" გულზე არ ეხატებათ. ამ შემთხვევაში სამხრეთ ამერიკის "მოწითალო" ქვეყნების (ვენესუელა, ბოლივია, პერუ, ნიკარაგუა და სხვ.) პრეზიდენტ-დიქტატორები მყავს მხედველობაში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ამ ფაქტების გამოძიება გრძელდება და კუბის ხელისუფლებაც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. თუმცა მალევე ამერიკელი დიპლომატების წინააღმდეგ "აკუსტიკური იარაღის" გამოყენებას აშშ-ის ახალი ხელისუფლების კონკრეტული მკაცრი სანქციები მოჰყვა. უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდა კუბასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. 2017 წლის ნოემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა, თითქოს საბაბს ელოდებაო, ხელი მოაწერა ახალ სანქციებს კუბის მიმართ. ეს ცვლილებები ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა და მთელი რიგი ახალი შეზღუდვები დააწესა კუბასთან ექსპორტ-იმპორტის, საფინანსო და ტურისტულ სფეროებში. თავის მხრივ კუბის ხელისუფლებამ უმალ დაგმო აშშ-ის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. მივიღეთ ის, რაც "აკუსტიკური შეტევების" ორგანიზატორებს სურდათ: აშშ-კუბის ურთიერთობები კი არ გაუმჯობესდა, არამედ - უკან ორმოცდაათწლიან "გამყინვარების ეპოქას" დაუბრუნდა.

XX საუკუნეში დაწყებულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა და ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კაცობრიობის განვითარებისთვის აუცილებელ ბევრ ახალ აღმოჩენას მისცა სტარტი. მათმა უმრავლესობამ ერთნაირი გზა გაიარა: სამეცნიერო აღმოჩენები ჯერ მშვიდობიანი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი და ადამიანების ცხოვრების პირობები უნდა გაეუმჯობესებინა, თუმცა შემდეგ ხელისუფლება ამ აღმოჩენებს სამხედრო მიზნებისთვის და ადამიანთა საზიანოდ იყენებდა. ანალოგიური ბედი ეწია იმ აღმოჩენებსა და გამოგონებებს ფიზიკაში, რომლებიც ინფრა და ულტრა ბგერებთან, რეზონანსულ რხევებთან და, ზოგადად, აკუსტიკურ კვლევებთან იყო დაკავშირებული. ამ მიმართულებით სამეცნიერო მიღწევები იმდენად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო, რომ სწრაფადვე ჰპოვა გამოყენება სამხედრო-საჰაერო და საზღვაო შეიარაღებაში. შემდეგ კი საქმეში სპეცსამსახურები ჩაერთვნენ და "აკუსტიკური იარაღით" ფსიქოლოგიური ზემოქმედება მათი საიდუმლო ოპერაციების ერთ-ერთი მეთოდი გახდა. "აკუსტიკური იარაღი" არალეტალური დანიშნულებისაა და მისი ძირითადი მიზანი, როგორც წესი, მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებების გარეშე ზემოქმედების ობიექტის განეიტრალებაა. ეს გარკვეული სიხშირის ბგერითი და ულტრაბგერითი ტალღების გამოსხივებით ხორციელდება. შორ მანძილზე მოქმედი აკუსტიკური მოწყობილობები (ე.წ. ფსიქოგენერატორები) მრავალ ქვეყანაში დღესაც გამოიყენება, პოლიციის მიერ არასანქცირებული დემონსტრაციების დაშლის მიზნით.

მთავარი კითხვა კი ისაა, თუ ვის აქვს ამერიკელების წინააღმდეგ "აკუსტიკური იარაღის" ფარულად გამოყენების ტექნიკური შესაძლებლობა და დიდი სურვილი? ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-წლებში აშშ-ის სპეცსამსახურები აფრთხილებდნენ თავის თანამშრომლებს, რომ საბჭოთა კავშირში და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში ყოფნისას შესაძლოა, ისინი "აკუსტიკური იარაღის" ზემოქმედების მსხვერლნი გამხდარიყვნენ.

დღეს კი პუტინის ხელისუფლებამ, რომელიც პირდაპირ აგრესიაზე და ოკუპაციაზე არ ამბობს უარს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არად აგდებს (როგორც საქართველოსა და უკრაინის მწარე გამოცდილება გვიჩვენებს), სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე ამერიკელი დიპლომატები მსუბუქად რომ "დააწიოკოს", რა გასაკვირი იქნება?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს