როგორ შეიქმნა "ჩაშვების ინსტიტუტი" საბჭოთა კავშირში?
როგორ შეიქმნა "ჩაშვების ინსტიტუტი" საბჭოთა კავშირში?
ფოტო:პავლიკ მოროზოვი
2021 წლის 3 სექტემბერს 89 წელი შესრულდა საბჭოთა იდეოლოგიის ერთ-ერთი ფენომენის, "ჩაშვების ინსტიტუტის" შექმნის დღიდან. 1932 წლის ზაფხულში საბჭოთა პიონერმა პავლიკ მოროზოვმა ჯერ საკუთარი ოჯახის წევრები - მამა, ბიძები და პაპა დააბეზღა სტალინის საიდუმლო პოლიციაში (огпу), ხოლო შემდეგ კი - მეზობლებზეც გადავიდა. იმ პერიოდში კულაკობის ბრალდება სიკვდილის ტოლფასი იყო. დაპატიმრებულებს მთავარ ბრალდებად ანტისაბჭოთა მოქმედები და "კულაკობა" წაუყენეს და მათ მიერევე გათხრილ საფლავებში დახვრიტეს.

ამის შემდეგ, 3 სექტემბერს პავლიკ მოროზოვი და
მისი ცხრა წლის ძმა - ფედია, ტყეში მოკლულები იპოვეს. თითქოს ამ ტრაგედიას ელოდნენო და "ჩეკისტებმა" სოფლის ათეულობით მცხოვრები მკვლელობის ბრალდებით დახვრიტეს, ხოლო დანარჩენებს კოლმეურნეობაში შესვლა აიძულეს. ციმბირის მიყრუებულ სოფელ გერასიმოვკაში დატრიალებული ტრაგედია საბჭოთა იდეოლოგიის "დროშა" გახდა "კულაკებთან" და "კონტრრევოლუციასთან" ბრძოლაში. "დიდი ბელადის" მოთხოვნით, "პატარა გმირს"
ნაწარმოებები მიუძღვნეს საბჭოთა პოეტებმა: მაქსიმ გორკიმ, ისაკ ბაბელმა, სერგეი მიხალკოვმა, ხოლო რეჟისორმა სერგეი ეიზენშტეინმა მხატვრული ფილმის გადაღებაც კი სცადა, მაგრამ სტალინმა დაიწუნა - იდეოლოგიურად სრულყოფილი არ არისო.

პატარა ჯაშუშის გმირობის შესახებ უამრავი ლექსი, პოემა და ნახატი შეიქმნა. 1940-იანი წლების ბოლოს მას მოსკოვში ძეგლიც კი დაუდგეს "გმირობისათვის". სტალინის გადაწყვეტილებით, პავლიკა "სოციალიზმის პატარა სიმბოლოდ" იქცა. უფრო მეტიც, პავლიკ მოროზოვით დაიწყო დაბეზღების, როგორც "მოქალაქეობრივი ვალდებულების" საბჭოთა იდეოლოგიის რანგში აყვანა.

საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკას, ქალაქს და სოფელს აუცილებლად უნდა ჰყოლოდა საკუთარი "პავლიკ მოროზოვი", რომელიც მშობლებს, მეგობრებს და მეზობლებს დააბეზღებდა და ტყუილ-მართალს "ოგეპეუს" მიაწვდიდა. სტალინის "პოლიტიკურ პოლიციაში" გეგმაც კი ჰქონდათ დაწესებული:
- რამდენი "პავლიკა" გყავთ? - ცოტაა! ვერ მუშაობთ კარგად! რა, კონტრრევოლუციას უწყობთ ხელს? ... და ბახ, ტყვია კეფაში!
ხშირი იყო ამგვარი საქმის გარჩევები "ოგეპეუს" კაბინეტებში.

"ჩაშვების ინსტიტუტი" საბჭოთა კავშირში, რა თქმა უნდა, ადრევე არსებობდა, თუმცა ამგვარი ამაზრზენი ფორმები არ ჰქონდა. ათწლეულების მანძილზე შავ ზღვაზე მდებარე პიონერთა ბანაკ "არტეკში" ათასობით "პავლიკ მოროზოვი" მიჰყავდათ "დასასვენებლად" და დაბეზღების ინსტრუქტაჟს უტარებდნენ. 1945 წლის შემდეგ, ე.წ. სოციალისტური ბანაკის შექმნის პარალელურად, "პავლიკას ეფექტი" შავი ჭირივით მოედო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც. გერმანელი, ბულგარელი, პოლონელი და ა.შ. ბავშვები იძულებულნი იყვნენ, მისი "გმირობის" ისტორია დაწვრილებით შეესწავლათ და მისთვის მიებაძათ.

სტალინი კმაყოფილი იყო. მთელი სისტემა "რკინის ფარდაში" მოაქცია, შიგნით კი დიდ-პატარა "პავლიკ მოროზოვების" ზეობა იყო. იცოდა ბელადმა, რომ ისე არაფერი უყვარს და უხარია ადამიანს, როგორც სხვისი განქიქება და დაბეზღება. მასვე ეკუთვნის "ჩაშვების ინსტიტუტის" მეორე მძლავრი ინსტრუმენტის - ე.წ. კომუნალური ბინების ურთიერთდაბეზღების "გენერატორად" გამოყენების იდეაც.

აბა წარმოიდგინეთ, ორი, სამი, ოთხი და ზოგჯერ ხუთი ოჯახიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს, ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის და დიდი სიამოვნებით დარბიან "ოგეპეუში" ერთმანეთის დასაბეზღებლად. დაუზარელად უთვალთვალებენ მეზობლებს, განსაკუთრებით - საერთო სამზარეულოში, სულ ზეპირად იციან, ვინ რა სადილს ამზადებს და რისგან: "ქათამს ხარშავენ? საიდან? როგორ?" და "გაფრინდა" ანონიმური წერილი, სადაც საჭიროა. დაბეზღება ცხოვრების წესად იქცა და ამ დროს ვინ გაბედავდა სტალინის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობას?

მხოლოდ ათწლეულების შემდეგ გაირკვა პავლიკ მოროზოვის ნამდვილი ისტორია და დადგინდა მკვლელთა ვინაობა. რუსმა პროზაიკოსმა, ამჟამად კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა იური დრუჟნიკოვმა დიდი ძალა და დრო შეალია "პატარა გმირის" ბიოგრაფიის საიდუმლო ფაქტების კვლევას. გაირკვა, რომ ის არანაირი "მოწინავე პიონერი" არ ყოფილა, მხოლოდ სიკვდილის შემდეგ ჩუმად გაუფორმებიათ სოფლის პიონერული ორგანიზაციის წევრად. მამის დაბეზღების ნამდვილი მიზეზიც სინამდვილეში ოჯახური კონფლიქტი ყოფილა - პავლიკას მამას ოჯახი მიუტოვებია და სხვა ქალთან წასულა. სამაგიეროს გადახდის დიდმა სურვილმა პავლიკა "ჩეკისტებთან" მიიყვანა და მამაზე, ბიძებსა და პაპაზე სულ ტყუილები ალაპარაკა: "ხორბალი თავზე საყრელი გვაქვს, ცოტა რძეც, ხანდახან კი - კარაქიც, ამ დროს კი მსოფლიო პროლეტარიატი შიმშილობს, ამიტომ ჩემმა კულაკების ოჯახმაც უნდა იშიმშილოსო".

"ოგეპეუშიც" მეტი რა უნდოდათ? ბელადის დავალებით კულაკები (სინამდვილეში მშრომელი გლეხები): "უნდა გაენადგურებინათ, როგორც კლასი". მათთვის წართმეული ქონებით კი კოლმეურნეობები უნდა შეექმნათ. ამგვარი იყო ბელადის მიერ გაცემული დირექტივა. რაც ყველაზე მთავარია, იური დრუჟნიკოვის მიერ არქივებში მიკვლეული დოკუმენტებიდან გაირკვა, რომ პავლიკ მოროზოვის და მისი ძმის ნამდვილი მკვლელები "ჩეკისტები" - კორტაშოვი და პოტუპნიკი ყოფილან. ეს საზარელი დანაშაული "ოგეპეუში" დაგეგმილი სისხლიანი სპეცოპერაციის ნაწილი აღმოჩნდა.
ათწლეულები გავიდა, თუმცა პავლიკ მოროზოვი დღესაც ბევრისთვის გმირად რჩება. რუსეთისა და ბელარუსის ხელისუფლება თვალისჩინივით უფრთხილდება ამ ლეგენდას. ამ ქვეყნებში ბევრი სკოლა, ბიბლიოთეკა, ქუჩა, ძეგლი და, თქვენ წარმოიდგინეთ - გემიც, მის სახელს ატარებს.

რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, კვლავ 1932 წელს "ჩეკაში" შექმნილ ისტორიას იმეორებს. 1999 წელს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ, მიუხედავად უამრავი ახალი მტკიცებულებისა, პავლიკ მოროზოვის მკვლელობაში უდანაშაულოდ დასჯილი რუსი გლეხების რეაბილიტაციაზე უარი განაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ 1930-იან წლებში შექმნილი "დაბეზღების ფსიქოზი" და "რკინის ფარდა" რუსეთში დღესაც სჭირდებათ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
06 ოქტომბერი 2021 18:06
მიშა სააკაშვილმა ხომ ამუშავა ჩამშვების ინსტუტი საქართველოში..
ჩორნა
06 სექტემბერი 2021 22:38
ჩაშვებას რა არის?
განმიმარტეთ და მაგალითი მოიყვანეთ.
თან ისიც თქვით როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება? მაგალითად...
ლუარსაბი
04 სექტემბერი 2021 15:20
მოდი, დაანებეთ თავი სსრკ-ს შეცდომების ქექვას და იმათი 1% სიკეთე გააკეთეთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები