ოცი წელი "11 სექტემბრის" ტერაქტიდან: საფრთხე კი კვლავ რეალურია - ვინ ხელმძღვანელობდა ამ შემზარავ ტერორისტულ ოპერაციას?
ოცი წელი "11 სექტემბრის" ტერაქტიდან: საფრთხე კი კვლავ რეალურია - ვინ ხელმძღვანელობდა ამ შემზარავ ტერორისტულ ოპერაციას?
საერთაშორისო ტერორიზმის ახალი ერა ოცი წლის წინ, 11 სექტემბერს დაიწყო. ალბათ, ბევრს გინახავთ და გახსოვთ იმ დღის შემზარავი კადრები: ცეცხლწაკიდებული და ჩამოშლილი ცათამბჯენები, პანიკაში ჩავარდნილი ნიუ-იორკელები და სრული უმწეობის განცდა, რაღაც ახალი, მანამდე გაუთვითცნობიერებელი ბოროტების წინაშე. იმ დილითაც ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს მაცხოვრებლები ჩვეულებრივ მიიჩქაროდნენ საქმეებზე და არავინ იცოდა, თუ რა საფრთხე მოელოდათ უღრუბლო ციდან...

2001 წლის 11 სექტემბერს, დილით, 19-მა ტერორისტმა აშშ-ის შიდა ავიარეისების შესრულების დროს ოთხი თვითმფრინავი გაიტაცა. ტერორისტების
ოთხივე ჯგუფში იყო პირი, რომელმაც თვითმფრინავის მართვა იცოდა. მათი მიზანი ამერიკის "ძლიერების სიმბოლოებზე" შეჯახება და ადამიანთა მაქსიმალური მსხვერპლის გამოწვევა იყო. პირველ სამიზნედ მსოფლიო სავაჭრო ცენტრის "ტყუპები" - 110-სართულიანი ცათამბჯენები იყო შერჩეული. პირველი თვითმფრინავი 08:46 წუთზე შეეჯახა ერთ-ერთს, ხოლო მეორე ავიალაინერი - 09:03 წუთზე მეორეს. ორივე
შენობას ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა და ორი საათის შემდეგ ისინი მთლიანად ჩამოიშალნენ. შემდეგი სამიზნე აშშ-ის თავდაცვის უწყების შენობა "პენტაგონი" იყო, რომელსაც "მფრინავი ბომბი" 09:37 წუთზე შეეჯახა. მეოთხე თვითმფრინავთან დაკავშირებით ორი ვერსიაა: პირველის მიხედვით, გატაცებული თვითმფრინავის სალონში ტერორისტებსა და მგზავრებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად თვითმფრინავი თავად ჩამოვარდა. მეორე ვერსიის მიხედვით კი, ეს ავიალაინერი, რომელიც, სავარაუდოდ, "თეთრ სახლს" უნდა შეჯახებოდა, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ იქნა ჩამოგდებული, რათა ვაშინგტონის მოსახლეობის დიდი მსხვერპლი არ გამოეწვია.

ტერაქტების პირველივე შედეგები კატასტროფული იყო: სამი ათასამდე დაღუპული და დაკარგული ადამიანი; აშშ-ის პოლიტიკური და სამხედრო პრესტიჟის არნახული დაცემა; პანიკა სამომხმარებლო ბაზრებზე; საფონდო ბირჟების დახურვა; ფასიანი ქაღალდების გაუფასურება; ნავთობსა და ოქროზე ფასების უსწრაფესი ზრდა; საავიაციო, სადაზღვევო და ტურისტული კომპანიების აქციების კურსის მკვეთრი დაცემა და სხვ. მრავალწლიანი თეორიული გათვლების, პრაქტიკული გამოცდილების და, ასევე, მრავალმილიარდიანი ხარჯების მიუხედავად, მსოფლიოს ზესახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა ტერორისტების წინაშე. ტერაქტის შემდგომ, თითქმის ორი კვირის მანძილზე, აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურები პანიკასა და ქაოსში იმყოფებოდნენ.

ვინ ხელმძღვანელობდა ამ შემზარავ ტერორისტულ ოპერაციას?

მის შესახებ ძალზე ბევრი დაიწერა, თუმცა მისი ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი მაინც საინტერსო იქნება მკითხველისთვის. წლების მანძილზე მოუხელთებელი "წვერებიანი ტერორისტი" იმდენად მითიური პიროვნება გახდა, რომ ბევრს არც კი სჯეროდა მისი რეალური არსებობისა. ოსამა ბინ ლადენი საუდის არაბეთში 1957 წელს, მდიდარ ოჯახში დაიბადა. ნავთობის ბუმის პერიოდში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესით მისი ოჯახი ძალზე გამდიდრდა. მუჰამედ ბენ ლადენს 22 ცოლიდან 52 შვილი ჰყავდა, ოსამა მეჩვიდმეტე იყო.
1979 წელს ოსამა ბინ ლადენმა ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი მეფე აბდელ აზიზის სახელობის უნივერსისტეტში დაამთავრა. ამ პერიოდიდან ის აქტიურად ჩაერთო ავღანეთში შეჭრილი საბჭოთა კავშირის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. ის ავღანური წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი გახდა. ბინ ლადენი სხვადასხვა ისლამური დაჯგუფებების ხელმძღვანელებთან ერთად არაბული ქვეყნებიდან მოხალისეებსაც აგროვებდა.

მსოფლიოს ათი ყველაზე ძებნილი ტერორისტის სიაში ბინ ლადენი კენიასა და ტანზანიაში ამერიკული საელჩოების წინააღმდეგ 1998 წელს მოწყობილი ტერაქტების შემდეგ შეიყვანეს. ბოსნიის ომის დროს ოსამა არაბული სამყაროდან დაქირავებული მებრძოლების გადასროლას აფინანსებდა. ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ნაწილების შეყვანის შემდეგ ოსამა ბინ ლადენი, წლების განმავლობაში, ავღანეთის მთებში იმალებოდა. აშშ-ის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ბინ ლადენმა თავის ვიდეომიმართვაში აღიარა "ალ-ქაიდას" მონაწილეობა 11 სექტემბრის ტერაქტებში და დაამატა, რომ თვითონ ჰქონდა ამ ტერაქტებთან პირდაპირი კავშირი. ამის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ გაყინა ოსამა ბინ ლადენის საბანკო ანგარიშები და ხუთ მილიონ დოლარს შეჰპირდა იმას, ვინც მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა.

წლების მანძილზე ჯილდო იზრდებოდა და, სხვადასხვა ინფორმაციით, ბოლოს რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარსაც კი მიაღწია. აშშ-ის სპეცსამსახურებმა დასახული ამოცანა მხოლოდ 2011 წლის 1 მაისს შეასრულეს. მსოფლიოს #1 ტერორისტად შერაცხული ბინ ლადენის ლიკვიდაცია აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ჰოლივუდურ თრილერად და ობამას წინასაარჩევნო პიარაქციად იქცა. აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციას თვალს ონლაინ რეჟიმში ადევნებდა. სპეცდანიშნულების რაზმების მოქმედებები პაკისტანის ქალაქ აბოტაბადიდან ვაშინგტონში პირდაპირი ეთერის რეჟიმში გადაიცემოდა. 2 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ამ სენსაციური განცხადების გაკეთება არავის ანდო და მთელ მსოფლიოს თავმომწონედ ამცნო: "2011 წლის 1 მაისს ამერიკელების სამხედრო ოპერაციის შედეგად განადგურებულია "ალ-ქაიდას" ლიდერი ოსამა ბინ ლადენი". მარტო ამერიკაში სამოცი მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს ტელევიზორის ეკრანებიდან ობამას გამოსვლას. ამ ინფორმაციის შემდეგ ამერიკის დიდი ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა საზეიმოდ, ზოგიერთ მათგანს ხელში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგად დაღუპული ახლობლის სურათი ეჭირა და თვალცრემლიანი იძლეოდა ინტერვიუს: აქებდა სამხედრო სპეცრაზმის სიჩაუქეს და პრეზიდენტ ობამას "მხედართმთავრულ" ნიჭს. თეთრ სახლთან შეკრებილი დემონსტრანტები სკანდირებდნენ: "აშშ! აშშ!".

აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური განცხადებების შემდეგ ამ სპეცოპერაციის დეტალები უფრო ბუნდოვანი გახდა. ბინ ლადენი დაიღუპა ქალაქ აბოტაბადში სროლის დროს, ისლამაბადიდან 100 კმ-ში, გამაგრებულ საცხოვრებელ კომპლექსში. აღსანიშნავია, რომ ეს კომპლექსი მდებარეობს სულ რაღაც 700 მეტრში პაკისტანის სამხედრო აკადემიიდან და დაუჯერებელია, პაკისტანის ხელისუფლებას #1 ტერორისტის ადგილმდებარეობის შესახებ არაფერი სცოდნოდა. ამერიკული სპეცდანაყოფების ოპერაცია დაიწყო 22:30 საათზე ადგილობრივი დროით და 45 წუთს გაგრძელდა. სპეცოპერაცია პაკისტანის ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა და ღამით ამერიკული ვერტმფრენების გადაფრენამ ქალაქში ნამდვილი პანიკა გამოიწვია.

ოპერაციის სამიზნე იყო კომპლექსის შუაგულში მდგარი სამსართულიანი შენობა. კომპლექსი 3000 კვ. მეტრს იკავებდა და სამმეტრიანი კედლითა და მავთულხლართებით იყო შემოღობილი. გავრცელებული ინფორმაციით, კომპლექსში არანაირი სატელეფონო ხაზები არ შედიოდა და ურთიერთკავშირი კურიერების მეშვეობით ხორციელდებოდა. სწორედ ერთ-ერთი მათგანი აწვდიდა ბინ ლადენის შესახებ ამერიკელებს ინფორმაციას (სხვა წყაროებით გავრცელებული ინფორმაციით, ბინ ლადენის ადგილმდებარეობა მისი დაცვის ერთ-ერთი თანამშრომლის მობილური ტელეფონის მიხედვით დაადგინეს). ამერიკელების ოფიციალური ინფორმაციით ოპერაცია ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ჩატარდა, ხოლო ოსამა ბინ ლადენი ურთიერთსროლებისას დაიღუპა. მაშინ "თეთრი სახლის" ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბინ ლადენი ლიკვიდაციის დროს თავად უიარაღო იყო, ხოლო დიდი შეიარაღებული წინააღმდეგობა მასთან ერთად მყოფმა პირებმა გაწიესო.

ამერიკელების ინფორმაციით, ბინ ლადენის ცხედარი ავიამზიდ "კარლ ვინსონის" ბორტიდან ზღვაში ჩაუშვეს, ხოლო ხმელეთზე დამარხვაზე თავი იმიტომ შეიკავეს, რომ დაკრძალვის ადგილი ტერორისტებისთვის ახალ წმინდა ადგილად არ ქცეულიყო. აშშ-ში მოკლული ბინ ლადენის ფოტოს გამოქვეყნების საკითხზე დიდხანს მსჯელობდნენ. მაშინ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოკლული ბინ ლადენის ფოტო იმდენად ამაზრზენია, რომ მისი გამოქვეყნება მართებული არ იქნებაო. ობამას ადმინისტრაცია ამ არგუმენტს ჩაეჭიდა და გადაწყვიტა, რომ მოკლულის ფოტოები არ გამოექვეყნებინა. საინტერესო სიტუაციაა: გვამი ზღვაშია, ფოტო არ არის, აბა, რა დოკუმენტურ მასალას უნდა ენდოს მსოფლიო? მხოლოდ ამერიკელების ზეპირ განცხადებებს დნმ-ის ანალიზის შესახებ? ფაქტია, რომ ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ კითხვები გაცილებით მეტი იყო და არის, ვიდრე პასუხი.

მსოფლიოს #1 ტერორისტის ლიკვიდაციის შემდეგ "ალ-ქაიდას" აქტიურობა მინიმუმადე შემცირდა, თუმცა მალევე ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" გახდა ახალი და უფრო დიდი საფრთხე. აშშ და ევროპის ქვეყნები კი კვლავ მოუმზადებელნი შეხვდნენ ამ გამოწვევას.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
muamar kadafi
10 სექტემბერი 2021 14:24
მესამე ცათამბჯენი რატომ ჩამოიქცა თავისუფალი ვარდნის სიჩქარით?

რუბრიკის სხვა სიახლეები