რატომ ცდილობდა "ალ-ქაიდა" დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში ფარულ შეღწევას? - კვირის პალიტრა

რატომ ცდილობდა "ალ-ქაიდა" დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვაში ფარულ შეღწევას?

პირველი ნაწილი

ათწლეულების მანძილზე "ალ-ქაიდას", "ჰესბოლას", "ჰამასის", "ისლამური სახელმწიფოს" და "თალიბანის" მიერ განხორციელებული ტერაქტები ადასტურებს, რომ რელიგიური ტერორიზმი გაცილებით საშიში, დაუნდობელი და სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა საერთაშორისო ტერორიზმის სხვა (სეპარატისტულ, პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ) სახეებთან შედარებით. საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც რელიგიური იდეოლოგიით სულდგმულობს, ძალზე რთული დასამარცხებელია. ამის მიზეზები კი რელიგიური ტერორიზმის ბუნებაშია ღრმად საძიები. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები პირველი ნიშანი იყო იმისა, რომ ტერორისტებმა რადიკალურად შეცვალეს მოქმედების მეთოდები. ამჟამად წვერებიანი და "კალაშნიკოვით" შეიარაღებული "ბოევიკები" მხოლოდ შემსრულებლები არიან, ხოლო ტერაქტებს სათვალეებიანი ინტელექტუალები გეგმავენ, რომლებიც სულ ახალ-ახალ გზებს ეძებენ თავიანთი საშინელი მიზნების მისაღწევად. საგანგაშო და დასაფიქრებელი მართლაც ბევრია - სახეზეა ტერორისტების მიერ ტერაქტების ჩატარების ფორმებისა და მეთოდების აშკარა დახვეწა. რამდენიმე წლის წინ დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვამ ("მი-5") გამოავლინა "ალ-ქაიდას" ფარული გეგმა, რომლის განხორციელებაც ძალზე უარყოფითი შედეგების მომტანი იქნებოდა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ცდილობდნენ სამუშაოდ მოწყობილიყვნენ... თავად დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ანტიტერორისტულ დანაყოფში.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ტერორისტებს ეს გეგმა რომ შეესრულებინათ და იქ თავიაანთი ხალხი "ჩაენერგათ", მაშინ ყველა ანტიტერორისტული ოპერაციის დეტალები თვით ტერორისტებისთვის გახდებოდა ცნობილი და

უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა "მი-5"-ის შემდგომი საქმიანობის ეფექტიანობა. საბედნიეროდ, სამუშაოდ მისაღები კანდიდატების დეტალური და 6-8-თვიანი სპეცშემოწმების შედეგად, დროულად მოხერხდა ტერორისტების სახიფათო ჩანაფიქრის განეიტრალება.

დღეს ტერორისტები მხოლოდ ფანატიკოსი "ბოევიკები" და თვითმკვლელები აღარ არიან. მათ უკან უკვე სხვადასხვა სახელწიფო, ასევე - მძლავრი საფინანსო და სამხედრო-სამრეწველო ჯგუფი დგას. სხვადასხვა ქვეყანა საერთაშორისო ტერორიზმს უკვე საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად იყენებს. ბოლო დროს ტერორიზმი პრაგმატულიც გახდა და მას, როგორც ძალზე მომგებიან ბიზნესს, ისე უყურებენ.

ათასობით ადამიანის უბედურების ხარჯზე მდიდრდებიან ტერაქტების ორგანიზატორები, რომლებთაც შეუძლიათ, მსოფლიო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე სპეკულაციური გარიგებებით მილიონობით დოლარი იშოვონ.

"ალ-ქაიდა", "ჰამასი", "ჰეზბოლა" და სხვა ტერორისტულ და ექსტრემისტულ ჯგუფებში არსებული ღრმა ნათესაური კავშირი და გადაწყვეტილებების მიმღები ხელმძღვანელი ჯგუფის მცირერიცხოვნობა საერთაშორისო ტერორიზმს კორპორაციულ, ჩაკეტილ ბიზნესად აქცევს. ტერაქტების ჩატარება მყარი და სტაბილური შემოსავლის წყაროდ იქცა თვით შემსრულებლების, მათ შორის - "შაჰიდის" ოჯახებისთვისაც.

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, მსოფლიოში ჯერჯერობით ყველაზე დიდი, "11 სექტემბრის" ტერაქტი "ალ-ქაიდას", სულ რაღაც, 500 000 დოლარი დაუჯდა. ხოლო რამდენი მიიღეს თვითმფრინავების გამტაცებელი ტერორისტების ოჯახებმა, უცნობია. ამ დროს კი თითქმის 3000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო საერთო მატერიალურმა ზარალმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. საინტერესოა, როცა ამ ტერაქტის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ "ალ-ქაიდას" საბანკო ანგარიშები დააყადაღა, ამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ლეგალურ საბანკო ანგარიშებზე რამდენიმე მილიარდი დოლარი აღმოჩნდა.

ამ მოვლენებმა რეალური საფუძველი მისცეს, ერთი შეხედვით, სენსაციური ვერსიის გავრცელებას იმის შესახებ, რომ ტერაქტების ორგანიზატორებმა (რომელთა უკან, შესაძლოა, საუდის არაბეთი იდგა) საკუთარი ტერორისტული მიზნების გარდა, უდიდესი ფინანსური მოგებაც მიიღეს აქციების, ძვირფასი ლითონებისა და ვალუტის სპეკულაციით. მართლაც, 11 სექტემბრის წინა დღეებში შეინიშნებოდა განსაკუთრებული აქტივობა საფონდო ბირჟებზე - თავიდან იცილებდნენ სატრანსპორტო, ტურისტული და სადაზღვევო კომპანიების აქციებს. პარალელურად კი, ყიდულობდნენ ნავთობის, გაზისა და ოქროს მომპოვებელი ფირმების ფასიან ქაღალდებს. ტერაქტის მეორე დღესვე სწორედ ნედლეულის მომპოვებელი კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა რეკორდულად.

უახლესი ტექნიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ უფრო გააიოლა და გაამარტივა ტერორისტების საქმიანობა. 2004 წელს მადრიდში მოწყობილი 13 ტერაქტი, რასაც 200 ადამიანი შეეწირა, 11 000 ევრო დაუჯდათ ტერორისტებს. ხოლო 2005 წლის ივლისში ლონდონში განხორციელებული ტერაქტის მოწყობისთვის, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სულ რაღაც 300 ფუნტი დაიხარჯა.

დიდი ბრიტანეთის "სქოთლანდ იარდის" გამომძიებლების ინფორმაციით, პაკისტანელი "თალიბების" მეთაურმა ბაითულა მეჰსუდმა პაკისტანის ოპოზიციის ლიდერის - ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობაში, რომელიც 2007 წლის 27 დეკემბერს განახორციელეს, სულ 7 ათასი დოლარი გადაუხადა თვითმკვლელ-ტერორისტ ჩოდრი აბდულა მაჯიდს, რომელმაც თავი აიფეთქა ბენაზირ ბჰუტოს მიტინგის დროს.

ტერაქტები, რომლებიც კარგად დაცული ტერიტორიებისა და შენობების ასაფეთქებლად იგეგმება, გაცილებით ძვირი ჯდება. 1998 წელს თბილისში ამერიკის ძველი საელჩოს წინ ვეებერთელა კედელი აღმართეს და საავტომობილი მოძრაობა გადაკეტეს. ეს ღონისძიება კენიასა და ტანზანიაში რამდენიმე კვირით ადრე აშშ-ის საელჩოების აფეთქებების გამოძახილი იყო. აფრიკის ორ ქვეყანაში მოწყობილი ტერაქტები "ალ-ქაიდას" 50 000 დოლარი დაუჯდა.

ისრაელის საგარეო დაზვერვის - "მოსადის" ინფორმაციით, პალესტინურ ტერორისტულ ორგანიზაცია "ჰამასს" ისრაელში ტერაქტის მოწყობა 3500- 5000 დოლარამდე უჯდება. დღეს უმარტივესი "შაჰიდის ქამრის" დამზადების ღირებულება 80-90 დოლარს არ აღემატება, ამას სხვა "ორგანიზაციული" ხარჯებიც (მაგ. ყვავილების თაიგული ან ტორტი, რომელიც თვითმკვლელმა მსხვერპლს უნდა მიართვას) ემატება და, საერთო ჯამში, 110-130 დოლარია "საკმარისი" ათეულობით ადამიანის მოსაკლავად.

ზოგიერთი ქვეყნისთვის ტერორიზმი პოლიტიკური ზეწოლის იარაღადაც იქცა. გავიხსენოთ: 2006 წლის იანვარში რუსეთიდან გაზის მოწოდება სამი კვირით შეწყდა და ლამის მთელი საქართველო გაიყინა. რუსეთის ხელისუფლებამ ამის მიზეზად გაზსადენზე მომხდარი ტერაქტი დაასახელა და ვითომ გამოძიება დაიწყო. საინტერესოა, რომ გაზსადენის აფეთქება რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც თავმოყრილი იყო და არის რუსეთის არმიის გაძლიერებული სამხედრო დანაყოფები და იქ ჩიტიც კი ვერ შეფრინდება. რუსეთის გეგმა მაშინვე გაიშიფრა - ამ ხელოვნურად მოწყობილი ტერაქტით მას საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის გამოწვევა სურდა.

დღეისთვის არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ დიდი ფინანსური რესურსები საშუალებას მისცემს ტერორისტებს, გამოიყენონ უახლესი სამხედრო ტექნიკა და ტექნოლოგიები, კომუნიკაციის და ინფრასტრუქტურის ბოლო მიღწევები. მომავალში პოტენციური საფრთხე ტერორისტების მიერ იმდენად ჩვეულებრივი იარაღის გამოყენება კი არა, არამედ - გაცილებით შეუმჩნეველი და კომპაქტური - ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენება და კიბერტერორიზმი შეიძლება გახდეს.

2006 წლის ზაფხულში ისრაელს ლიბანის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდა, როცა ღაზას სექტორში დაბანაკებულმა პალესტინურმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ("ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადები"), ათასობით მუქარის შემცველი პროკლამაცია გაავრცელა. ეს ფაქტი შეიძლება ისრაელის მიმართ მორიგ შანტაჟად და შეშინების მცდელობად ჩაგვეთვალა, რომ არა ამ პროკლამაციებში გამოთქმული მუქარის შინაარსი. ტერორისტები ირწმუნებოდნენ, რომ მათ ხელთ ჰქონდათ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ოცზე მეტი სახეობა. ისინი იმუქრებოდნენ, რომ, თუ ისრაელი გაბედავდა და ღაზას სექტორში ჯარს შეიყვანდა, მაშინ ისინი ირანულ რაკეტებს - "კასამს" ამ ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით აღჭურვავდნენ და დაბომბავდნენ ისრაელის ტერიტორიას.

ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საყოველთაოდ ცნობილი სახიფათო თვისება ისაა, რომ მათი მოქმედებების მასშტაბები გამოყენების რადიუსზე გაცილებით ფართოა. ამიტომ ამ სახის იარაღით ისრაელის შესაძლო დაბომბვა უმძიმეს შედეგებს მოიტანდა, როგორც მის მეზობელ ქვეყნებში, ასევე - მთლიანად ახლო აღმოსავლეთში და მსხვერპლი უმთავრესად მშვიდობიანი მოსახლეობა იქნებოდა. მაშინ ეს მხოლოდ მუქარად დარჩა, თუმცა საფრთხე იმისა, რომ რომელიმე ტერორისტული ორგანიზაცია ქიმიურ ან ბიოლოგიურ იარაღს გამოიყენებს, ძალზე რეალურია.

"ისლამური სახელმწიფოს" მაგალითი გვიჩვენებს, რომ რელიგიური ფანატიკოსების მიერ რომელიმე უკონტროლო ტერიტორიის ხელში ჩაგდების შემთხვევაში, არაა გამორიცხული სახელმწიფო ტერორიზმის საფრთხეც, რაც ძალზე მძიმე შედეგებს მოიტანს. "თალიბანის" მიერ ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდებამ შესაძლოა ეს ქვეყანა კვლავ საერთაშორისო ტერორიზმის ძირითად ბაზად აქციოს. დღეს სპეცსამსახურებსა და ტერორისტებს შორის დაპირისპირება უკვე ახალ ფაზაში შევიდა და გადამწყვეტი ის ფაქტორი იქნება, თუ რა ადეკვატურ და სწრაფ პასუხს მოძებნიან სპეცსამსახურები.

(მეორე ნაწილის დასასრული)

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს