მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
მორიგი "აურზაური სალხინეთში". საიდუმლო ფაილები: ვინ გვისმენს და ვინ ავრცელებს?
12 სექტემბერს, ღამით, რამდენიმე მედიაორგანიზაციამ მიიღო ვებ-გვერდის ბმული, რომელზეც ათასობით საიდუმლო დოკუმენტი იყო განთავსებული (ტექსტური ფაილები, ვიდეო და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა) ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით "სუს-ის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ". საიდუმლო ფაილების დასახელება (ინფორმაცია სხვადასხვა კრიტერიუმითაა დაყოფილი, მათ შორის, თარიღებით - წლების, თვეების, დღეების მიხედვით. ფაილები, ასევე, დაყოფილია მრავალფეროვანი თემატიკის მიხედვით, მაგალითად: "ვითარების პროგნოზი 18.02.2015", "კონკორდატი", "მრუშები", "ნაცებთან კავშირები", "კომპრები", " "ეპისკოპოსები 11.10. 2019", "ანალიტიკურ დეპარტამენტს", "კრიმინალი და ნარკომანია", "რუსული ორიენტაცია",
"დებულება 2015 სუს", "საპატრიარქოს დაფინანსება", "საპატრიარქოს დაცვა", "გეგმა" და სხვ.

ქართულ სინამდვილეში ერთი ფრაზა დამკვიდრდა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს რომ ვაკვირდებით, ალბათ, კარგა ხანი კიდევ დარჩება. "რა გვეშველება?" - ეს მარადიული კითხვა, რომელიც, ზოგადად, ძალზე სერიოზულია, ჩვენთან, სამწუხაროდ, უკვე სახალისოდ იქცა.
ყველა სფეროში უამრავი პრობლემაა დაგროვილი, წლები გადის, მათ გადაწყვეტას კი საშველი არ დაადგა. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ფარული მოსმენებია.

ჩვენი საზოგადოების დიდი ინტერესი ფარული მოსმენების თემისადმი ყოველთვის დიდი იყო, არის და იქნება. იმიტომ, რომ ეს ყველას გვეხება. კარგად მახსოვს ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს უშიშროების სამინისტროს დიდი ბრძოლა უხდებოდა სასამართლოსთან მოსმენის უფლების მისაღებად _ რიგითი მოსამართლეებიც კი უარს ამბობდნენ გაეცათ მოსმენის თანხმობა, თუ კანონის ყველა მოთხოვნა სრულად არ იყო დაცული. შემდეგ წლებში კი ვინღა ეკითხებოდა მოსამართლეებს? 2004-2012 წლებში მმართველი პარტიის ხელში საქართველოს სპეცსამსახურები პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტად და პოლიტიკური სისტემის ნაწილად იქცა. "ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში უკანონო ფარული ჩანაწერები და მათი მონტაჟის საფუძველზე აგებული "ტელეშოუები" ლამის ერთადერთი მტკიცებულება იყო "ჯაშუშების" თუ სხვა "დამნაშავეების" სასამართლო პროცესებზე.

განვლილ პერიოდში "ნაციონალების" სპეცსამსახურებმა და ძალოვანმა სამინისტროებმა უამრავი მოსასმენი სპეცტექნიკა შეისყიდეს და საჭირო დროს "წარმატებითაც" იყენებდნენ. "სახელმწიფო კანცელარიაში აღმოჩენილი ჯაშუში", "ოპერაცია ენვერი", "კოჭოია ტერორისტები", "ფოტოგრაფების საქმე" - კიდევ მრავალი "საქმის" ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც საქართველოს სპეცსამსახურებმა "გახსნა". ტელევიზიებით გადაცემული "შოუები" თავადვე პროვოცირებული "სამხედრო ამბოხის", არარსებული ჯაშუშობისა და დადგმული ტერაქტების გახსნის "სპეცოპერაციების" შესახებ, სწორედ რომ უკანონო ფარული მიყურადების შემდეგ ხელში ჩაგდებული საუბრების მონტაჟს ეყრდნობოდა. "ნაციონალების" დროს კომპრომატების შეგროვება ხდებოდა აბსლუტურად ყველაზე - პოლიტიკურ ოპონენტებზე, ჟურნალისტებზე და ბოლოს - ერთმანეთს უსმენდნენ, ერთმანეთზე ჰქონდათ კომპრომატები და ასე აშანტაჟებდნენ ერთმანეთს. "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ტოტალური (სანქცირებულიც და არასანქცირებულიც) ფარული მოსმენები რომ ტარდებოდა, ეს, მისდა უნებურად, თავად ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა. 2013 წლის თებერვლის ბოლოს მან განაცხადა: "განცდა, რომ ყველას გვისმენენ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი რამ, რამაც დაგვაზარალა... იმასაც ვნანობ, რომ ბევრი სატელეფონო საუბარი გამოქვეყნდა, მათ შორის - სანქცირებულიც." "ქართული ოცნების" კოალიციის გამარჯვების ერთ-ერთი გადამწყვეტი მიზეზი კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის დაპირება იყო. საქართველოში უნდა აღკვეთილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის დიქტატი და შერჩევითი "სამართალი"; უკანონო მოსმენები, იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებები და, ზოგადად, უკანონობა. სხვებთან ერთად, მეც იმედი მქონდა, რომ ახალი ხელისუფლება რადიკალურად შეცვლიდა არსებულ მდგომარეობას და უმოკლეს პერიოდში გავივლიდით გზას პოლიტიკური პოლიციიდან - ეროვნულ სპეცსამსახურებამდე.

"საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე მეოთხედ გვეძლევა შანსი, განვახორციელოთ ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების რეფორმირება და შევქმნათ ნამდვილად ეროვნული და დემოკრატიულ პრინციპებზე მოქმედი სტრუქტურები. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება... გვჯერა, რომ ჩვენი სპეცსამსახურები უკანონო მოსმენებს აღარ გააგრძელებენ. ამის დასტური კი იქნება საქართველოს სპეცსამსახურების გახსნილობა და მზაობა რეალური საზოგადოებრივი კონტროლისადმი... სპეცსამსახურების ახალმა ხელმძღვანელობამ უნდა შეძლოს რთული ამოცანის გადაჭრა, რადიკალურად შეცვალოს არსებული მდგომარეობა, რათა უმოკლეს პერიოდში გავიაროთ გზა პოლიტიკური პოლიციიდან ეროვნულ სპეცსამსახურებამდე" - ამას ვწერდი 2012 წლის მიწურულს, მოსალოდნელი ცვლილებების ეიფორიაში მყოფი.

თუმცა ფარული მოსმენების ხიბლი ახალ ხელისუფლებასაც მალევე შეეყარა. ირკვევა, რომ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელი ფარული მოსმენების ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსი, რეალური მტრების ნაცვლად, კვლავ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იხარჯება. თითქმის ცხრა წელი გავიდა და მდგომარეობა არ იცვლება. დაფინანსების მრავალჯერად გაზრდას ჩვენს სპეცსამსახურებში ოპერატიულ-აგენტურული მუშაობის დემოკრატიული და პროფესიონალური ცვლილება არ მოუტანია. ამ პირობებში სპეცსამსახურების საზოგადოების მხრიდან კონტროლის მოთხოვნა, უკვე ძველი და მობეზრებული ანეკდოტივით მოსაწყენი მოსასმენი იყო და არის ახალი ხელისუფლებისთვის.

პრობლემები კი ძალზე ბევრი დაგროვდა, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ: მანკიერი საკადრო პოლიტიკა; უშიშროების არქივების გაურკვეველი მდგომარეობა, რაც ლუსტრაციის პროცესს აფერხებს; საზოგადოებრივი კონტროლის არ არსებობა სპეცსამსახურების საქმიანობაზე; საპარლამენტო "ნდობის ჯგუფისა" და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის ფორმალური ფუნქციონირება, სპეცსამსახურების ბიუჯეტების გაუმჭვირვალეობა და ა.შ. უმთავარესი კი იმის მიღწევაა, რომ სპეცსამსახურები რომელიმე მმართველი პარტიის ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში კი არ იყვნენ, არამედ - ეროვნული უსაფრთხოებისთვის იბრძოლონ.

კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა: დღეს, XXI საუკუნის მეორე ათწლეულში, მსოფლიოში სპეცსამსახურების როლისა და მნიშვნელობის არნახული გაძლიერების ხანაში, ჩვენთან ეროვნული სპეცსამსახური, ამ ცნების ტრადიციული გაგებით, ჯერ კიდევ არ არსებობს. ამიტომაც აუცილებელი ცვლილებები, რომლებმაც სპეცსამსახურების მუშაობა უნდა დახვეწოს და უფრო ეფექტიანი გახადოს საკმაოდ ბევრია. საქართველოს სპეცსამსახურების რეფორმირების ძირითადი მიმართულებები აერთიანებს საკანონმდებლო, სტრუქტურული და ფუნქციონალური სახის ცვლილებებს, საკადრო და საფინანსო უზრუნველყოფის არსებული სისტემის დახვეწის საკითხებს და ა.შ.

მაგალითად, ჩავხედოთ კანონს "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ", რომელიც შემდეგს ითვალისწინებს:
"ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს..." (მუხლი 6. პუნქტი 3.)

ეს კანონი არეგულირებს მოსმენაზე აყვანის კონტიგენტს და პროცედურებს, თუმცა ორი ძალზე მნიშვნელოვანი პრობლემა იჩენს თავს: ჯერ ერთი, კანონი ისეა შედგენილი, რომ კარგი მექოთნე ყურს საიდანაც უნდა, იქიდან მიაბამს და მეორე - ხშირად სპეცსამსახურების ბევრი ხელმძღვანელი ვერ უძლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ზეწოლას და ჯაშუშების თუ კრიმინალური სამყაროს ნაცვლად ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ოპონენტებს, კონკურენტ პარტიულ ჩინოვნიკებს უსმენს. ამ კანონით სპეცსამსახურს არა აქვს უფლება, აგენტურა ჰყავდეს რელიგიურ ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებში, უთვალთვალოს და მოისმინოს მათი საუბრები, მაგრამ კანონში ერთი მეტად საინტერესო "ხვრელია". კერძოდ, წერია, რომ მოსმენებისა და აგენტების ჩანერგვის უფლება ზემოხსენებულ უწყებებში არავის აქვს, თუ მათი საქმიანობა არ არის მიმართული სახელმწიფო ინტერესების, ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ისმის კითხვა: როგორ გაიგებ ამა თუ იმ პარტიის საქმიანობის მიზნებს და იმას, არის თუ არა მისი საქმიანობა სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული, თუ შიგ აგენტურას არ შეგზავნი და არც ფარულად მოუსმენ? ამისთვის არსებობს კარგად აპრობირებული ხერხი. საკმარისია, ვიღაცამ ანონიმური წერილი დაწეროს, რომ მაგალითად, პარტია "მოდინახეს" საქმიანობა მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და აღვივებს შუღლს კახელებსა და იმერლებს შორის, რომ სპეცსამსახურს ამ პარტიის წევრების მოსმენის, თვალთვალისა და აგენტურის შეგზავნის უფლება ეძლევა. ასე რომ: არ შეიძლება, მაგრამ თუ ძალიან გინდათ, შეგიძლიათ ყველას მოუსმინოთო.

საიდუმლო ფაილების მოცულობა და თემატიკის მრავალფეროვნება ადასტურებს, რომ მასალა სპეცსამსახურშია მოპოვებული და დამუშავებული. მასმედიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი ფაილის შინაარსის გაცნობის შემდეგ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ესაა სუს-ის მრავალი დანაყოფის კოლექტიური "შრომის" შედეგი. ამ სამუშაოს მხოლოდ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი ვერ შეასრულებდა და აქ სუს-ის სხვა დანაყოფებიც იქნებოდნენ ჩართულნი. პირველ ეტაპზე ფარული მოსმენების შედეგად მიღებული "ნედლი მასალა" გადამუშავდა, გაკეთდა მოკლე ტექსტური რეზიუმეები, დაემატა სხვა ანალიტიკური მასალა და შემდეგ დალაგდა თემატურად ზემდგომი თანამდებობის პირებისთვის წარსადგენად.

ჩემი აზრით, საქართველოში მოქმედ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას ტექნიკურად არ ძალუძს წლების მანძილზე ამ სახის სამუშაოს სუს-ისგან ფარულად წარმოება. ვის შეეძლო გამოეტანა და გაევრცელებინა "საიდუმლო ფაილები": განაწყენებულ სუს-ის რომელიმე მაღალჩინოსანს; ოპოზიციურ პარტიას, თუ მას აგენტურა ჰყავს სუს-ში; სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურას, რომელიც სუს-ში მოქმედებს. ასევე, არ უნდა გამოვრიცხოთ "ჰაკერული შეტევის" ალბათობაც, რადგან ფარული შეღწევა სუს-ის დანაყოფების "ელექტრონულ სეიფებში" სავსებით დასაშვებია (მით უფრო, თუ ჰაკერების უკან სხვა ქვეყნის სპეცსამსახური დგას).
ბოლოს ერთი შეკითხვა სუს-ის ხელმძღვანელებს: თუ თქვენი სისტემის მუშაობის პროდუქტს (ერთს კი არა, არამედ - რამდენიმე ათას საიდუმლო ფაილს) "ფუკასავით" თვალწინ გაცლიან, სახელმწიფოს უსაფრთხოებას (რაც გაცილებით რთული და მრავალკომპონენტიანია), როგორ დაიცავთ?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
ადამიანი
17 სექტემბერი 2021 20:54
პარტია ,,მოდინახე,, მაგარიაა... :)
დანარჩენი,ძალიან რთული თემაა საქართველოში.
xyz
17 სექტემბერი 2021 15:12
რატომ შფოთავთ? ნუ დააშავებთ ნურაფერს, სიბინძურეში ნუ იცხოვრებთ და გისმინონ რა გენაღვლებათ?

რუბრიკის სხვა სიახლეები