მკვლელობა ლონდონში: კვალი კვლავ კრემლისკენ მიდის. ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით მოკლეს?
მკვლელობა ლონდონში: კვალი კვლავ კრემლისკენ მიდის. ლიტვინენკო პუტინის ბრძანებით მოკლეს?
ფოტო:ალექსანდრე ლიტვინენკო, ვლადიმერ პუტინი
მალე თხუთმეტი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2006 წლის 1 ნოემბერს ლონდონში რუსეთის ხელისუფლების ოპოზიციონერი და პირადად ვლადიმერ პუტინის კრიტიკოსი ალექსანდრე ლიტვინენკო მოწამლეს, რის შედეგად ის 23 ნოემბერს გარდაიცვალა. ეს შემთხვევა ჯერჯერობით XXI-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პოლიტიკური მკვლელობაა. ალექსანდრე ლიტვინენკო რადიოაქტიური ნივთიერება "პოლონიუმ-210"-ით (ეს ერთ-ერთი უიშვიათესი რადიოაქტიური ნივთიერებაა და მისი მიღება, ასევე, კომპაქტურ მომწამვლელ იარაღად გამოყენება ურთულესი საქმეა) მოწამლეს.

ვინ იყო ალექსანდრე ლიტვინენკო და რატომ გახდა პუტინის ხელისუფლების მსხვერპლი?
1990 იანი წლების ბოლომდე ალექსანდრე ლიტვინენკოს სახელი რუსულ
და მსოფლიოს მასმედიაში სრულიად უცნობი იყო.

საბჭოთა კა-გე-ბეს სამხედრო კონტრდაზვერვისა და შემდეგ რუსეთის ეფ-ეს-ბეს ოპერატიული თანამშრომელი, პოდპოლკოვნიკი ლიტვინენკო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, როდესაც 1998 წლის 20 მარტს ბიზნესისა და პოლიტიკის "ბოროტ გენიად" შერაცხულ ბორის ბერეზოვსკის ესტუმრა და აცნობა, რომ ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელობამ მას და კიდევ რამდენიმე თანამშრომელს ბერეზოვსკის ლიკვიდაცია დაავალა. ამ ინფორმაციამ დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსულ და უცხოურ მასმედიაში. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო: რუსეთის სპეცსამსახური გეგმავდა სახელმწიფო მოხელის, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, შემდეგ კი - დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის ლიკვიდაციას. ლიტვინენკოს ამ პირდაპირი ბრალდების შემდეგ რუსეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე კი აღძრა, მაგრამ ცხრა თვის მანძილზე ხელი არ გაუნძრევია. სწორედ ამის შემდეგ, 1998 წლის 13 ნოემბერს ბერეზოვსკიმ გაზეთი "კომერსანტიდან" ძალზე კრიტიკული წერილით მიმართა ეფ-ეს-ბეს შეფს - ვლადიმერ პუტინს. ბერეზოვსკი-პატარკაციშვილის ჯგუფსა და მათ მიერ დაწინაურებულ, მაშინ უკვე რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორ ვლადიმერ პუტინს შორის "შავმა კატამ" სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გაირბინა. 1998 წლის 17 ნოემბერს ეფ-ეს-ბეს ხუთმა ოფიცერმა: პოდპოლკოვნიკმა ლიტვინენკომ, პოლკოვნიკმა შებალინმა, მაიორებმა შჩეგლოვმა და პონკინმა, ასევე, უფროსმა ლეიტენანტმა ლატიშონოკმა მოსკოვში პრესკონფერენციაზე პირდაპირ განაცხადეს, რომ მათ დავალებული ჰქონდათ ბერეზოვსკის და ეფ-ეს-ბეს ყოფილი ოფიცრის - ტრეპაშკინის ლიკვიდაცია.

ამის საპასუხოდ პუტინმა ნადირობა დაიწყო ჯერ ლიტვინენკოზე, შემდეგ კი - თავად ბერეზოვსკიზე. 1999 წლის მარტში ლიტვინენკოს ხელოვნურად საქმე "შეუკერეს" და "ლეფორტოვოს" ციხეში უკრეს თავი. ის მხოლოდ ათი თვის შემდეგ, ბორის ბერეზოვსკის დიდი მცდელობის შედეგად გაათავისუფლეს გაუსვლელობის ხელწერილით. პროვოკაციები ლიტვინენკოს წინააღმდეგ შემდეგაც არ შეწყვეტილა. ამის გამო 2000 წლის სექტემბერში ის, ოჯახთან ერთად, ჩამოვიდა საქართველოში და ბადრი პატარკაციშვილის დახმარებით გაემგზავრა თურქეთში, იქიდან კი - ლონდონში და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. სწორედ ამის შემდეგ იწყება ლიტვინენკოს ღია ბრძოლა რუსეთის სპეცსამსახურებისა და პირადად - ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ. 2001 წლის ზაფხულში მან გამოსცა წიგნი - "ეფ-ეს-ბე აფეთქებს მოსკოვს", რომელმაც დიდი სკანდალი გამოიწვია მსოფლიოში, რადგანაც რუსეთში 1998-2000 წლებში მომხდარ ტერაქტებში ლიტვინენკომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის სპეცსამსახურები დაადანაშაულა.
მოწამლული ლიტვინენკო
2006 წლის 12 ოქტომბერს ლიტვინენკოს დიდი ბრიტანეთის მოქალაქეობა მიანიჭეს და ის ედვინ კარტერი გახდა. ა. ლიტვინენკო რუსეთის სპეცსამსახურების ნადირობის ობიექტი რომ იყო, ეს მრავალი წელია, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, თუმცა მისი მოწამვლა ლონდონის ცენტრში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ პირობებში დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ("მი-5") ხელმძღვანელობას განსაკუთრებული ყურადღება (უპირველესად, გარე მეთვალყურეობა და ფარული მიყურადება) და სიფრთხილე უნდა გამოეჩინა უკვე დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ლიტვინენკო-კარტერის მიმართ. თუმცა ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც დღისით-მზისით, ლონდონის ცენტრში რუსეთის სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელს საშუალება მისცა ლიტვინენკოს (ედვინ კარტერის) ლიკვიდაცია მოეხდინათ. წლების მანძილზე ბრიტანეთის ხელისუფლება ამ მკვლელობაში მოსკოვს ადანაშაულებდა და მთავარ ეჭვმიტანილებად საბჭოთა და შემდეგ - რუსეთის სპეცსამსახურების "ყოფილ" თანამშრომლებს - ანდრეი ლუგოვოისა და დიმიტრი კოვტუნს ასახელებდა. სწორედ მათ შეხვდა ლიტვინენკო 2006 წლის 1 ნოემბერს, დღის ოთხ საათზე ლონდონის სასტუმრო "მილენიუმის" ბარში. ანდრეი ლუგოვოის წლების მანძილზე ახლო კავშირი ჰქონდა, როგორც ბერეზოვსკისთან და ლიტვინენკოსთან, ასევე - პატარკაციშვილთან და ერთი პერიოდი მისი დაცვის უფროსიც იყო.

ფაქტია, რომ ლიტვინენკო მას ენდობოდა. ამ შეხვედრის შემდეგ ლიტვინენკომ თავი ცუდად იგრძნო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სამ კვირაში გარდაიცვალა. წლების მანძილზე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ამაოდ ითხოვდა ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის, ანდრეი ლუგოვოის დასაკითხად წარდგენას. თუმცა მოსკოვი ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა. რუსეთის ხელისუფლებამ აშკარა თვითლუსტრაცია მაშინ მოახდინა, როცა "უდანაშაულო" ლუგოვოი სასწრაფოდ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს შეაფარა და რუსეთის სათათბიროს უშიშროებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გაამწესა. 2015 წლის მარტში კი ანდრეი ლუგოვოი "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის" სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვეს. გაერთიანებული სამეფოს საგამოძიებო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ 2016 წელს განაცხადეს, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ იყო სანქცირებული. თუმცა ეს მაინც ნახევრადოფიციალური განცხადება იყო და რუსეთს არაფერს ავალდებულებდა.
ლუგოვოი და კოვტუნი
ოთხი დღის წინ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კი ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმა განახორციელეს ოპერაციის ფარგლებში, რომელსაც, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ეფ-ეს-ბე) ხელმძღვანელობდა. სასამართლომ რუსეთს ა. ლიტვინენკოს ქვრივისთვის - მარია კარტერისთვის (ლიტვინენკო) მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 100 000 ევროს, სხვა ხარჯებისთვის კი - 22 500 ევროს გადახდა დააკისრა. თუმცა ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ სიმართლის ბოლომდე თქმა მაინც ვერ გაბედა: რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური ლიტვინენკოს ლიკვიდაციას დამოუკიდებლად, ქვეყნის პრეზიდენტის სანქციის გარეშე ვერ განახორციელებდა. სიმართლე კი ისაა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ფიგურის გაძლიერების პარალელურად, განსაკუთრებით იმატა "ტრაგიკულმა შემთხვევებმა" და პუტინის პოლიტიკური ოპონენტები და ყველაზე რეალური კონკურენტები უკვე ორი ათეული წელია, რუსეთშიც და მის საღვრებს გარეთაც საიდუმლო ვითარებში იღუპებიან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები