დავით აღმაშენებლის აღმოსავლელი მასწავლებლები: ვისგან ისწავლა დავით IV-მ მსტოვრობის ხელოვნება? - კვირის პალიტრა

დავით აღმაშენებლის აღმოსავლელი მასწავლებლები: ვისგან ისწავლა დავით IV-მ მსტოვრობის ხელოვნება?

დავით აღმაშენებლის მემატიანის ათასი წლის წინ ნათქვამი სიტყვები დღესაც საჭირბოროტოა: "ნათესავი ქართველთა... რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოონ და განსვენება, იწყებენ განზრახვად ბოროტისა..."

დავით აღმაშენებელი სამართლიანად ითვლება იმ დიდ ეროვნულ მოღვაწედ, რომელმაც საქართველოში მსტოვრობის საქმე, მანამდე უყურადღებოდ მიტოვებული, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძლიერ ბერკეტად აქცია.

არც ერთ მის წინამორბედს და მემკვიდრეს მსტოვრობისადმი ისეთი ყურადღება არ გამოუჩენია, როგორც დავითს. ჭაბუკობაში გამეფებულს, ერთბაშად უამრავი საფიქრალ-საზრუნავი დააწვა მხრებზე და, ფაქტობრივად, შეუსვენებლად უხდებოდა მამის და წინაპრების მიერ დატოვებული პრობლემების გადაჭრა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დავით IV-ის მეფობის მთელ პერიოდში ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და მიღწეულ წარმატებას მსტოვართაგან მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი და რეალიზაცია ედო საფუძვლად.

თექვსმეტი წლის ყმაწვილს იმდენი ცხოვრებისეული გამოცდილება ნამდვილად არ ექნებოდა, რომ მარტოს, სხვათა რჩევა-დარიგების გარეშე გადაეწყვიტა ის ურთულესი საკითხები, რაც მსტოვრობის ინსტიტუტის ორგანიზებასთან იყო დაკავშირებული. საინტერესოა, ვისგან ისწავლა მეფემ მსტოვრობის საქმე?

თუ გავითვალისწინებთ, რომ მანამდე ქართველი მეფეები დიდად არ იწუხებდნენ თავს მსტოვრობის საქმის ორგანიზებით, უეჭველია, მსტოვარ-მზვერავთა მნიშვნელობა და აუცილებლობა დავით მეფეს თურქ-სელჩუკებისაგან ან ბიზანტიელებისგან უნდა შეესწავლა.

XI-XII საუკუნეებში ბიზანტიის იმპერია საკმაოდ მძიმე დღეში იყო და მისაბაძ მაგალითად, მით უფრო - მსტოვრობის საქმეში, ნამდვილად არ გამოდგებოდა. ჩემი ვარაუდით, დავით აღმაშენებელს "მსტოვრობის ხელოვნება" სელჩუკიანთა სულთნებისა და ვეზირებისგან უნდა გადმოეღო.

X-XI საუკუნეებში ისლამურ სამყაროში ორი დიდი მმართველი მოღვაწეობდა, რომლებიც შეიძლება თანამედროვე ჯაშუშობის ფუძემდებლადაც ჩავთვალოთ. ესენი იყვნენ სულთანი ადუდ ად-დაულა და სელჩუკიანთა გამოცდილი და ეშმაკი ვეზირი ნიზამი ალ-მულქი.

მეათე საუკუნის მეორე ნახევარში თურქ-სელჩუკთა ხალიფატი, ფაქტობრივად, დაიშალა და ჩამოყალიბდა ცალკე სამთავროები, რომლებიც ბაღდადის ხალიფას ნომინალურად თუ ემორჩილებოდნენ. დიდი იმპერიის ერთ-ერთ ასეთ "ნატეხს" - დასავლეთ ირანს, ბუიდების დინასტია აკონტროლებდა. ამ დინასტიის ყველაზე გამოჩენილმა წევრმა - სულთან ადუდ ად-დაულამ (გარდაიცვალა 982 წელს) შეძლო თავისი სამფლობელო კასპიის ზღვიდან ომანამდე გაეფართოებინა და თან ისე განავითარა ჯაშუშობა, რომ არაბი ისტორიკოსის - იბნ ალ-ჯაუზის ცნობით, ეგვიპტეში გადაჩურჩულება ბაღდადში ესმოდა და ხალხი უკვე თავის ცოლებთან და მონებთან ერიდებოდა ღიად საუბარსო.

ეს სულთანი სახელმწიფოს მმართველობაში სიახლეების შემოტანით გამოირჩეოდა. მსტოვრობის ყოვლისმოცველი ქსელის შექმნის გარდა, ვეზირად დანიშნა ქრისტიანი (ნასრ იბნ ჰარუნი); სახელმწიფო სტრუქტურებიდან განთავისუფლებულ ჩინოვნიკებს უმუშევრობის პერიოდში ხელფასს უნიშნავდა, ხოლო მუშაობის დაწყების შემდეგ კი გადახდილ თანხას ხელფასიდან უქვითავდა; განაახლა სპილოების ბრძოლის დროს გამოყვანა; ააშენა ხიდები; შექმნა იმ დროისათვის უმდიდრესი ბიბლიოთეკა; აფინანსებდა მეცნიერებს, მწერლებსა და პოეტებს. მეცნიერებისა და წიგნის დიდი თაყვანისმცემელი, ყოველი წაკითხული წიგნის შემდეგ უხვად ასაჩუქრებდა ღატაკებს. იმ პერიოდის არაბი და სპარსი ისტორიკოსები (იბნ-მასკავეიჰი, იბნ ალ-ჯაუზი და სხვ.) დაწვრილებით აღწერდნენ ად-დაულის წარმატებებს სახელმწიფო მმართველობის (მათ შორის - მსტოვრობის ორგანიზების) კუთხით. შესაძლებელია თუ არა, რომ ისტორიკოსთა ეს თხზულებები დავით IV-ის ან რომელიმე მისი უახლოესი მრჩევლის (თუნდაც გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის) ხელში აღმოჩენილიყო? ეს სავსებით რეალურად მესახება. თანაც, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ, როგორც ივანე ჯავახიშვილი წერს: "დავით აღმაშენებელს საუცხოვოდ შესწავლილი ჰქონია მარტო ქართული მწერლობა კი არა, არამედ მაჰმადიან მეცნიერთა და პოეტების თხზულებებიც " და "მეზობელთა ერების ენები, არაბული და სპარსულიც საფუძვლიანად იცოდა", ეს ვარაუდი ჭეშმარიტებასთან ახლოს უნდა იყოს. უფრო მეტიც, დავით მეფის მემატიანის ის სტრიქონი, სადაც აღნიშნულია, რომ დავითის დროს მსტოვართა შიშით მეუღლესაც ვერ უმხელდნენ საიდუმლოსო ("ორგულებასა და ზაკვასა და ღალატსა რასამე ვერვინ დიდთა ანუ მცირეთაგანი იკადრებდა მოგონებადაცა, არა თუ თქმად ვისდა, არცა თუ მეუღლესა და ცხედრეულსა თვისსა თანა"), აზრობრივად ძალზე ახლოსაა არაბი ისტორიკოსის - იბნ ალ-ჯაუზის ზემოთ მოყვანილ ციტატასთან.

სპეციფიური შედარებების ამგვარი თანხვედრა შემთხვევითი არ უნდა იყოს. აქედანაც ჩანს, რომ დავით აღმაშენებლის უახლოესი გარემოცვა კარგად იცნობდა და პრაქტიკულად იყენებდა უცხოელი ისტორიკოსების ნაშრომებს.

სელჩუკიანთა მეორე მმართველი, რომლის თხზულებითაც შეიძლება დავით მეფეს ესარგებლა და მსტოვრების ფართო ქსელი შეექმნა, სელჯუკიანთა სულთნების უცვლელი ვეზირი, ჯაშუშობის თეორეტიკოსი და ხელმძღვანელი ნიზამი ალ-მულქი (1018-1092 წწ.) იყო. ნიზამი ალ-მულქის ნამდვილი სახელი ჰასან იბნ-ალია. დაიბადა ხორასანში 1018 წელს. ახალგაზრდა ასაკიდან მსახურობდა სულთნების: თოღრულ-ბეგის (1038-1063), ალფ-არსლანის (1063-1072) და მალიქ-შაჰის (1072-1092) კარზე. მონაწილეობდა ქართველი მეფეების წინააღმდეგ ომებში. თურქ-სელჩუკების იმპერიაში ალფ-არსლანის და მალიქ-შაჰის დროს პირველი ვეზირის პოსტი ეკავა და განაგებდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის - ჯაშუშობასაც. მალიქ-შაჰის დავალებით დაწერა ტრაქტატი "სიასეთ ნამე"- "წიგნი XI საუკუნის ვეზირის მმართველობის შესახებ". ნიზამი ალ-მულქი 1092 წელს მოკლეს. ეს ტრაქტატი, როგორც მკვლევარები (მაგ. ჰაჯი-ჰალფი, "ბიბლიოგრაფიული ენციკლოპედიის" შემდგენელი XVII საუკუნეში) ფიქრობენ, დაწერილია 1076-77 ან 1091-92 წლებში.

დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი, როდესაც დავით აღმაშენებლის საშინაო პოლიტიკას აანალიზებს და ხაზს უსვამს მეფის მიერ დიდგვაროვან აზნაურთა მზაკვრობის და შეთქმულებების სწრაფი გამოცნობის უნარსა და "ყოვლისმცოდნეობას", საკმაოდ სარკაზმულად აღნიშნავს: "რასაკვირველია, ამგვარი გულთმისნობის გამოჩენა მეფეს მხოლოდ ჯაშუშთა დახმარებით შეეძლო. ეტყობა დავით აღმაშენებელს ჯაშუშები ყოლია: ამ მხრივ სელჯუკიანთა შაჰების და კეისრების ჩვეულებას აყოლია. ჯაშუშების დახმარებით მეფე სპობდა "ორგულობასა და ზაკვასა და ღალატს". შემდეგ კი წერს: "ამგვარი წესი ბიზანტიაშიც და სპარსეთშიც იყო მიღებული და მელიქ-შაჰის სახელგანთქმული ვეზირი ნიზამ-ულ-მულკი თვითოეულ ხელმწიფეს ურჩევდა ჯაშუშები უეჭველად ჰყოლოდა".

მაინც რისი სწავლა შეეძლო დავით მეფეს სელჩუკიანთა ვეზირის ამ თხზულებიდან?

"სიასეთ-ნამე" არის ტრაქტატი მსტოვრობის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ.

ამ ტრაქტატში ნიზამი იძლევა სახელმწიფოს მართვის საკუთარ ხედვას და კონკრეტულ რჩევებს აძლევს მმართველს. ერთ-ერთი რჩევაა ცენტრალიზებული მართვის აპარატის, პირადი გვარდიის და მსტოვართა ფართო ქსელის შექმნა.

ის ურჩევდა სულთანს, მსტოვრები ("აინი" – ანუ "თვალები") მიეჩინა ვეზირებისთვის, რელიგიური პირებისთვის, მხედართმთავრებისთვის, გადასახადის ამკრეფთათვის და, ფაქტობრივად, ყველა ხელქვეითისთვის, ასევე, გამოერკვიათ ჯარისა და ხალხის განწყობა - ფაქტობრივად შეექმნა ყოვლისმომცველი შიდა პოლიტიკური დაზვერვა. გარდა ამისა, მსტოვრები უნდა გაეგზავნათ სხვა ქვეყნებშიც - ვითომ ვაჭრები, მოგზაურები და ექიმები იყვნენ. ნიზამი ურჩევს სულთანს, აუცილებლად იყოლიოს საჰიბ-ჰაბარები - ინფორმაციის მინისტრის და საჰიბ-ბერიდი - საკურიერო სამსახურის უფროსის პროტოტიპები. ისინი უნდა ყოფილიყვნენ სულთნის სპეცსამსახურის ოფიციალური აგენტ-თანამშრომლები. ნიზამის აზრით, განსაკუთრებით საჰიბ-ჰაბარის ყოლა იყო აუცილებელი, რაც სასულთნოს არსებობის საფუძველს წარმოადგენდა. თავის ტრაქტატში ნიზამი საინფორმაციო-აგენტურული საქმიანობისთვის კადრების შერჩევას დიდ ყურადღებას უთმობს. ისინი უნდა ყოფილიყვნენ მორწმუნეები, გამოცდილები და პატიოსნები. საგარეო დაზვერვის კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქცია ენიჭებოდათ ელჩებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში უნდა შეეგროვებინათ მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაცია: სხვა ქვეყნების ჯარის რაოდენობაზე, შეიარაღებაზე, პოლიტიკურ ინტრიგებზე, ხელმწიფე-მმართველის კარზე ძალთა თანაფარდობაზე, წოდებრივ განსხვავებებზე, ცალკეული სახელმწიფო მოხელეების შესახებ არსებულ კომპრომატებზე და ა.შ

"მმართველის ძლიერი გონება ძლიერ ჯარზე უკეთესია" – ურჩევდა დიდი ვეზირი ყველას. ნიზამი ალ-მულქის ტრაქტატი, ფაქტობრივად, ჯაშუშობის მზა ინსტრუქციას წარმოადგენდა და მის საფუძველზე დავით აღმაშენებელს აღარ გაუჭირდებოდა მზვერავ-მსტოვართა ძლიერი და ყოვლისმომცველი ქსელის შექმნა.

ბოლოს კი, ნიზამის იმ სიტყვებს მოვიყვან, რომელიც დღესაც აქტუალურია:

"მეფეს არ ეპატიება ოთხი ყველაზე მძიმე შეცდომის დაშვება: სახელმწიფო ღალატი, ქვეშევრდომების მიერ მეფის ჰარამხანის ხელყოფა, საიდუმლოების გაცემა და მოღალატეების გვერდით ყოლა".

დავით აღმაშენებლის უცნობი ისტორიკოსი, მეფის თაოსნობით, მსტოვართა მწყობრი სამსახურის ჩამოყალიბების და მისი გამართული საქმიანობის მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოსთვის ამგვარად აფასებს:

"ნუ ამას ეძიებ, მკითხველო, თუ ვითარ იქმნებოდა ესე, არამედ ამას სცნობდი, თუ რა სარგებელი პოვის ამათ მიერ, რამეთუ არა თუ ცუდად რადმე და განსაკითხავად საგიობელთა საქმეთად, ანუ საკიცხელად ვიეთთათვისიმე იქმოდის. ნუ იყოფინ ესე, წარვედ.

არამედ დიდნი საქმენი და ფრიად სასწრაფონი წარმართა ამით, და მრავალთა კეთილთა მიზეზ იქმნა ესე . . . "

ეს სიტყვები დღესაც აქტუალურად ჟღერს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს