როგორ უსმენდა სტალინი ამერიკელ დიპლომატებს? - კვირის პალიტრა

როგორ უსმენდა სტალინი ამერიკელ დიპლომატებს?

იხილეთ პირველი ნაწილი

ლევ ტერმენმა (ზოგჯერ ტერემენადაც მოიხსენიებენ) თითქმის საუკუნე იცოცხლა და ძალზე საინტერესო და რთული ცხოვრების გზა გალია. მთელი ეს პერიოდი "ორი მუზის მსახური" იყო: მან 1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორია, შემდეგ კი - პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ფიზიკისა და მუსიკის გამორჩეულმა ნიჭმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მის ბიოგრაფიაში. თავიდანვე რადიოტექნიკით დაინტერესდა და უკვე ახალგაზრდულ ასაკში დიდ წარმატებებსაც მიაღწია. მან 1920 წელს გამოიგონა უკონტაქტო ელექტრონული მუსიკალური ინსტრუმენტი "ტერმენვოკსი", რომელმაც სულ მალე დიდი სენსაცია მოახდინა. 1922 წლის გაზაფხულზე ლევ ტერმენმა კრემლში მოაწყო თავისი გამოგონების დემონსტრირება, რომელსაც საბჭოთა კავშირის მთავრობის მეთაური ვ. ლენინიც დაესწრო. "დიდი ბელადი" აღფრთოვანებული დარჩა "ტერმენვოკსით" და ტერმენის კიდევ ერთი გამოგონებით: ელექტრონული სიგნალიზაციის აპარატით, რომელიც "ტერმენვოკსის" პრინციპით მუშაობდა. ვ. ლენინი ამ მოწყობილობის გამოყენებას კრემლის დასაცავად ფიქრობდა, კერძოდ "ცოცხალი ძალა" - "კრემლის კურსანტები" ელექტროსიგნალიზაციით უნდა ჩაენაცვლებინათ. თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ეს გეგმა არ განხორციელდა. ლევ ტერმენი

მომდევნო წლებში ლ. ტერმენმა აქტიურად განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ 1925 წელს გამოსახულების შორ მანძილზე გადამცემი, თანამედროვე ტელევიზიის წინამორბედი მოწყობილობის დამზადება. თუმცა ტერმენის მთავარი გამოგონება მაინც "ტერმენვოკსი" იყო, რომლის ევროპაში პირველი დემონსტრირება გერმანიის ქალაქ მაინის ფრანკფურტში, 1927 წელს გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე მოხდა. წარმატება ძალზე დიდი იყო, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას გადააწყვეტინა ტერმენი, თავისი "ტერმენვოკსით", უცხოური ვალუტის მიღების წყაროდ ექცია. 1928 წელს ტერმენი საბჭოთა ხელისუფლების დავალებით გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც მან დააპატენტა "ტერმენვოკსი" და სიგნალიზაციის სისტემა. ნიუ-იორკში მოქმედი საბჭოთა სავაჭრო წარმომადგენლობის ("ამტორგი", რომელიც საბჭოთა დაზვერვის ფარული რეზიდენტურაც იყო) მითითებით ლევ ტერმინმა დააფუძნა რამდენიმე კომერციული ფირმა, რომელიც დიდი წარმატებით ასრულებდა ორივე ფუნქციას: კომერციულსა და სადაზვერვოს. 1938 წელს ტერმენი მოსკოვში გამოიძახეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ, "ფაშისტურ ორგანიზაციაში მონაწილეობის" ბრალდებით დააპატიმრეს. თავდაპირველად ტერმენი სასჯელს მაგადანში იხდიდა და მრავალრიცხოვანი რაციონალიზატორული წინადადებებით საკონცენტრაციო ბანაკის ადმინისტრაციას არ ასვენებდა, ამიტომაც 1940 წელს იგი მოსკოვში, ავიაკონსტრუქტორ ტუპოლევის "განსაკუთრებულ ტექნიკურ ბიუროში" გადაიყვანეს, სადაც სხვადასხვა ბრალდებით დაპატიმრებულ საბჭოთა მეცნიერებსა და კონსტრუქტორებს იძულებით ამუშავებდნენ სამხედრო დანიშნულების პროექტებზე. არსებული ინფორმაციით, პატიმარ ტერმენის სამეცნიერო დაინტერესების ერთ-ერთი მიმართულება რადიოკავშირით მართული უპილოტო საფრენი აპარატების განვითარებაც ყოფილა.

თუმცა იმ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უფრო რეალური პროექტები, მათ შორის - ფარული მოსასმენების უახლესი აპარატურის შექმნა იყო. ლ. ტერმენის წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა: მას უნდა დაემზადებინა ისეთი მოსასმენი აპარატურა, რომელსაც სკანირებისას ვერ აღმოაჩენდნენ და კვების წყაროს გარეშე განუსაზღვრელი დროით იმუშავებდა. 1944 წლის დასაწყისისათვის ლ. ტერმენმა შექმნა იმ დროისათვის მართლაც უნიკალური, მაღალი სიხშირის რეზონანსზე დაფუძნებული, კვების წყაროს გარეშე მოქმედი მოსასმენი მოწყობილობა. რთული სამეცნიერო ტერმინებით არ გადავღლი მკითხველს და შევეცდები მარტივად ავხსნა, თუ რა პრინციპით მოქმედებდა "ჟუჩოკი": მოსკოვში აშშ-ის ელჩის რეზიდენციის პირდაპირ მდებარე სახლში განლაგებული იყო საბჭოთა უშიშროების რამდენიმე პოსტი. მოსასმენი აპარატურის გასააქტიურებლად, ერთ-ერთი პოსტიდან აგზავნიდნენ მუდმივ 800 მეგაჰერც რადიოსიგნალს ხის კონსტრუქციაზე, სადაც იყო "ჟუჩოკი" ჩამონტაჟებული. როდესაც ელჩის კაბინეტში საუბრობდნენ, თხელ ფირფიტიანი მემბრანა ვიბრირებდა ხმის ტალღების გავლენის ქვეშ. ეს ვიბრაცია რადიოსიგნალად აისახებოდა და რადიოტალღები ხვდებოდა მეორე პოსტის მიმღებ რადიოანტენაზე, სადაც ხდებოდა მათი ჩაწერა და შემდეგ - გაშიფვრა. უფრო მარტივად რომ ითქვას, ეს "ჟუჩოკი" სინათლის ამრეკლი სარკის მსგავსად მოქმედებდა. სატესტო შემოწმებებმა აჩვენა "ჟუჩოკის" ეფექტიანობა (განსაკუთრებით 200-300 მეტრის მანძილზე) და შემდეგ ეტაპზე საჭირო იყო ფარული მიყურადების მთელი ოპერაციის დაგეგმვა. თუნდაც უნიკალური "ხოჭო", წარმატების გარანტია არაა, ის მხოლოდ დასაწყისია. ოპერაცია რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. ამ დროს წვრილმანები არ არსებობს. მოსასმენი აპარატურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ის უნდა მოთავსებულიყო ისეთ კონსტრუქციაში, რომელიც მუდმივად ერთ ადგილას იქნებოდა და რომელსაც არ გადაადგილებდნენ და არ გახსნიდნენ. ამავე დროს "ჟუჩოკი" აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმ კაბინეტში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები იხილებოდა და საიდუმლო ინფორმაცია "ჰაერში ტრიალებდა", ამგვარი კაბინეტი კი ელჩის სამუშაო ოთახია.

ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის საბჭოთა "ჯადოქრებმა" კარგად იცოდნენ, რომ აშშ-ის ელჩის კაბინეტში არც ერთ ნივთს ისე არ შეიტანდნენ, თუ სკანერებით არ შეამოწმებდნენ. შესაძლებელი იყო ვიზუალური შემოწმებაც, ამიტომ "ჟუჩოკის" კონსტრუქციას თავიდანვე არ უნდა გამოეწვია ამერიკელების დაეჭვება. მას შემდეგ, რაც კუიბიშევიდან მოსკოვში დაბრუნებულმა ამერიკელებმა სამუშაო კაბინეტებსა და საცხოვრებელ ბინებში საბჭოთა უშიშროების მიერ დამონტაჟებული მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს და ამოიღეს, ისინი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდნენ. ელჩის კაბინეტში "ჟუჩოკის" დამონტაჟება ამ ოპერაციის ყველაზე რთული ეტაპი იყო. საბჭოთა სპეცსამსხურების არქივები ხომ დახურული იყო და იყო, ახლა რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს ამ "კარგ ტრადიციას": თითქმის ოთხმოცი წელი გავიდა და კვლავ უცნობია ამ ოპერაციის დეტალები. ამიტომ დღესაც არ ვიცით, პირველად ვინ მოიფიქრა, რომ ამერიკის ელჩისთვის განკუთვნილი "ჟუჩოკი" აშშ-ის გერბში (იგივე "დიდი ბეჭედი") ჩაემონტაჟებინათ და მაშინდელი ელჩისთვის, ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ავერელ ჰარიმანისთვის (1891-1980) საჩუქრად საბჭოთა პიონერების ხელით გადაეცათ? 1945 წლის 4-11 თებერვალს საბჭოთა კავშირში, კერძოდ კი იალტაში, მოკავშირე სახელმწიფოთა (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების: ფრანკლინ რუზველტის, უინსტონ ჩერჩილისა და იოსებ სტალინის შეხვედრა გაიმართა. 1945 წლის 9 თებერვალს კი პიონერული ბანაკ "არტეკის" გახსნიდან ოცი წლის აღსანიშნავად ზეიმი ჩატარდა, რომელსაც აშშ-ის ელჩი მოსკოვში - ავერელ ჰარიმანი და მისი კოლეგა დიდი ბრიტანეთიდან დაესწრნენ. შეხვედრის ბოლოს პიონერებმა შემოიტანეს ხის ლამაზი ნაკეთობა - ამერიკის შეერთებული შტატების გერბი ( "დიდი ბეჭედი") და ჰარიმანს გადასცეს. უკვე შუახანს მიღწეული ჰარიმანი ემოციებს ვერ მალავდა. ასე აღმოჩნდა "ჟუჩოკიანი არწივი" ამერიკის საელჩოში საპატიო ადგილას. ძვირფასი ხისგან დამზადებული ნაკეთობა მართლაც რომ შესანიშნავი გამოვიდა. . . . თუმცა რა იცოდნენ ამერიკელებმა, რომ "ტროას ცხენი" მიაბრძანეს საელჩოში. "ჟუჩოკი" კი მუშაობდა და მუშაობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კორეის ომის დროს "მოხსნილი" ინფორმაცია. "ჟუჩოკი" მხოლოდ შვიდი წლის შემდეგ აღმოაჩინეს. 1952 წელს საბჭოთა კავშირში აშშ-ის ახალმა ელჩმა, ჯორჯ კენანმა მოითხოვა საელჩოს და ელჩის რეზიდენციის უფრო გულმოდგინე შემოწმება. ამერიკიდან ჩამოსულმა ექსპერტებმა მოსასმენ მოწყობილობას აშშ-ის ხის გერბში მიაგნეს. ისინი ამ "ხოჭომ" განაცვიფრა - ასეთი ტექნიკა მათ ჯერ არ ენახათ.

აი ეს, წრის ცენტრში მოთავსებული მოწყობილობა იყო 'ჟუჩოკი' მცირე ზომის ანტენით.

ამერიკელებმა "ჟუჩოკის" აღმოჩენა არ გაახმაურეს და, დიდი ალბათობით, შემდეგ წლებში დეზინფორმაციას აწვდიდნენ კა-გე-ბეს. 1960 წლის 1 მაისს ამერიკული თვითმფრინავი U-2, რომელიც სადაზვერვო დავალებას ასრულებდა საბჭოთა კავშირის ცაში, ჩამოაგდეს და მფრინავი ჰარი პაუერსი დააპატიმრეს. ამის შემდეგ სსრკ-მ გაეროს უშიშროების საბჭოში დააყენა "თავხედი" ამერიკელებისგან მუდმივი ჯაშუშობის საკითხი და მოითხოვა ამ ფაქტის დაგმობა. ამის საპასუხოდ გაეროში აშშ-ის ელჩმა ჰარი კებოტ-ლოჯმა მოიწვია პრესკონფერენიცია და წარადგინა "დიდი ბეჭედი" - "არწივიანი ხოჭო" და პირდაპირ განუცხადა კრემლს, არც თქვენ ხართ ფრთიანი ანგელოზებიო.

გაეროში აშშ-ის ელჩი ჰარი კებოტ-ლოჯი და 'არწივიანი ხოჭო'

ლევ ტერმენის ცხოვრება კი, გასაკვირად, მშვიდად წარიმართა. საბჭოთა ხელისუფლებამ მას დაუფასა უნიკალური მოსასმენი აპარატურის დამზადება და 1947 წელს, ჯერ კიდევ პატიმარს, "პირველი ხარისხის სტალინური პრემია" მიანიჭა. თქვენც კარგად ხვდებით, ეს ვისი გადაწყვეტილება იქნებოდა. ლ. ტერმენი "შარაშკიდან" განთავისუფლების შემდეგაც აგრძელებდა რადიოელოქტრონულ კვლევებს. პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიის ლაბორატორიაში მუშაობდა. ის 1993 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. ოდესმე საბჭოთა სპეცსამსახურების არქივები თუ გაიხსნა, არაა გამორიცხული, გაირკვეს, რომ ამ "დეტექტიური სცენარის" ავტორი თავად იოსებ სტალინი იყო. უყვარდა მას ამგვარი "გართობები". აშშ-ის საელჩო კი კვლავ საბჭოთა სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ დარჩა.

იხილეთ გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს