როგორ მალავენ პრეზიდენტების ავადმყოფობას: რატომ აღმოჩნდა "არაბეთის ლომი" წყალტუბოში? - კვირის პალიტრა

როგორ მალავენ პრეზიდენტების ავადმყოფობას: რატომ აღმოჩნდა "არაბეთის ლომი" წყალტუბოში?

დღეს მკითხველს საკმაოდ დელიკატური საკითხის განსჯა მინდა, შევთავაზო. საკამათო არ უნდა იყოს, რომ პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების გავრცელების უფლება, თავად ამ პიროვნების თანხმობის გარეშე, არავის აქვს. ამგვარი ქმედება კანონითაც ისჯება. ამიტომ, ამგვარი ლოგიკური კითხვა ჩნდება: რამდენად ეთიკურია სახელმწიფოს მეთაურის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის გასჯაროება, ისიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანია? ნებისმიერი სახელმწიფოს პირველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელმწიფო საიდუმლოების რანგშია აყვანილი. თუმცა, რამდენად გამართლებულია ამგვარი მიდგომა ქვეყნის უმაღლესი საჯარო პირის ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობის მიმართ? რიგითმა ამომრჩევლებმა უნდა იცოდნენ თუ არა საპრეზიდენტო ან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობა? ეგვიპტის ლეგენდარული ლიდერის მაგალითზე ერთად ვნახოთ, თუ რატომ და როგორ ასაიდუმლებდნენ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

გამალ აბდელ ნასერის (1918-1970) პიროვნება არაერთგაროვან შეფასებას იმსახურებს: ერთი მხრივ, ეგვიპტისა და მთლიანად არაბული სამყაროს ეროვნული გმირი, "არაბეთის ლომად" წოდებული, იმავდროულად კი - პოლიტიკური ინტრიგების ოსტატი, ეჭვიანი ავტორიტარული მმართველი, რომელიც უახლოეს თანამებრძოლებსაც არ ინდობდა. ნასერმა ოთხ წელიწადში შეძლო ეგვიპტის არმიის პოლკოვნიკობიდან - ქვეყნის პრეზიდენტობამდე მიეღწია! 1952 წლის 23 ივლისს რადიკალურად განწყობილი "თავისუფალი ოფიცრების" ჯგუფმა, მუჰამედ ნაგიბისა და გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით (რომელთაც ფარულად საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს) ეგვიპტეში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, რომლის შედეგადაც დაამხეს ეგვიპტის მეფე ფარუკი და გამოაცხადეს რესპუბლიკა. 1953 წლის 18 ივნისს გენერალი ნაგიბი ეგვიპტის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნასერი კი - პრემიერ-მინისტრი გახდნენ. 1954 წლის 14 ნოემბერს ნასერმა აიძულა ნაგიბი, გადამდგარიყო და ის, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში ჩაკეტა (სადაც ნაგიბი განთავისუფლებამდე ანუ 1982 წლამდე იყო გამოკეტილი).

ნაგიბი და ნასერი. 1954 წ.

1955 წლის იანვარში ნასერი რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა, 1956 წლის ივნისში კი ის ეგვიპტის პრეზიდენტი გახდა და ქვეყანაში "ნასერის ერა" დაიწყო. იმავე წელს ნასერმა სერიოზული გეოსტრატეგიული არჩევანი გააკეთა და მთავარ სამხედო-პოლიტიკურ მოკავშირედ საბჭოთა კავშირი აირჩია. მისი ერთ -ერთი პირველი გადაწყვეტილება სუეცის არხის ნაციონალიზაცია იყო, რასაც მალე უცხოური ბანკების, სავაჭრო და სამრეწველო ფირმების ნაციონალიზაცია მოჰყვა. ეგვიპტის მთავარი მოკავშირე საბჭოთა კავშირი გახდა, რომელიც დიდ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდა ნასერს. ამავე დროს, ეგვიპტის პრეზიდენტი ძალზე მჭიდროდ თანამშრომლობდა... ყოფილ გერმანელ ნაცისტებთან, რომლებმაც მისი ნებართვით შეაფარეს თავი ეგვიპტეს. მათ შორის იყვნენ სამხედრო მფრინავები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები და ა.შ. მათი დახმარებით, ნასერი ცდილობდა თანამედროვე სარაკეტო სისტემების შექმნას. ასე რომ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ათიოდე წლის შემდეგ ყოფილი მოწინააღმდეგეები, საბჭოთა და გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორები და სპეციალისტები მხარდამხარ იღწვოდნენ ეგვიპტის გასაძლიერებლად და ისრაელის დასამარცხებლად. ეს ფაქტი საბჭოთა (ამჟამად კი რუს) ისტორიკოსებს "რატომღაც" ავიწყდებათ. ნასერი ძალზე ფრთხილი და ინტრიგების ნიჭით დაჯილდოებული პოლიტიკოსი იყო. მან თანდათანობით, სხვადასხვა მეთოდებით ჩამოიცილა ძველი თანამებრძოლები და გასული საუკუნის 60-იან წლებში უკვე ერთპიროვნულად მართავდა არა მარტო ეგვიპტეს, არამედ - არაბული სამყაროს ლიდერიც გახდა.

ნასერი და კადაფი

ნასერის პირველი ვიზიტი მოსკოვში 1958 წელს შედგა, ზორბა ტანის ეგვიპტის პრეზიდენტი ტანმორჩილ საბჭოთა ლიდერებთან - ნიკიტა ხრუშჩოვთან და კლიმენტ ვოროშილოვთან შედარებით ისე გამოიყურებოდა, როგორც გულივერი ლილიპუტების ქვეყანაში. საბჭოთა რეჟიმი ყველანაირად ცდილობდა ნასერის გულის მოგებას, რათა მას დასავლეთისკენ არ "გაეხედა". ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით, 1964 წლის მაისში პრეზიდენტ ნასერს და მარშალ ამერს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭათ. ამ გადაწყვეტილებამ ხრუშჩოვს პოლიტბიუროში მოწინააღმდეგენი მოუმრავლა და დააჩქარა მის წინააღმდეგ შეთქმულება, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში წარმატებით განხორციელდა. ეს სხვა, ძალზე საინტერესო საკითხია (განსაკუთრებით ამ შეთქმულებაში ვ. მჟავანაძისა და ა. ინაურის მონაწილება) და მას სხვა დროს მივუბრუნდეთ. 1967 წელს, ისრაელთან "ექვსდღიან ომში" განცდილი მარცხის შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტის ჯანმრთელობა ძალზე გაუარესდა: ნასერი ორმოცდაათი წლისაც არ იყო, თუმცა იმდენად იყო დასუსტებული, რომ დამოუკიდებლად კიბეზე ასვლაც კი აღარ შეეძლო. ეგვიპტის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობდა ამ ფაქტის დამალვას. ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა, როგორც ყოველთვის, უკიდურესად დაძაბული იყო, ამიტომაც ეგვიპტის მხარეს ნასერის დაავადების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის პანიკურად ეშინოდა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სპეცსამსახურები კი, თავის მხრივ, დიდ ყურადღებას უთმობდნენ ეგვიპტის პრეზიდენტის ჯანმრთელობის რეალური მდგომარეობის დადგენას, რათა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო მისი დიდი პოლიტიკიდან წასვლა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა (მი-6), ისრაელის "მოსადი", საფრანგეთის და დასავლეთ გერმანიის დაზვერვის სამსახურები თავს არ ზოგავდნენ, რათა ხელში ჩაეგდოთ ინფორმაცია პრეზიდენტ ნასერის ავადმყოფობის შესახებ... 1968 წლის ივლისის ცხელი დღე იდგა. სსრკ- ის ჯანდაცვის სამინისტროს მეოთხე მთავარი სამმართველოს (ე.წ. ლეჩკომბინატი) უფროსის, საბჭოთა პოლიტბიუროს მესაიდუმლის, ევგენი ჩაზოვის კაბინეტში სამთავრობო ტელეფონის ("ვე-ჩე") ზარი გაისმა. "კრემლის მთავარი ექიმი" გაოცებული დარჩა, როდესაც პირადად საბჭოთა კავშირის კომუნისტების ლიდერისა და ქვეყნის პირველი პირის, ლეონიდ ბრეჟნევის ხმა მოესმა. ბრეჟნევი მინიშნებებით ლაპარაკობდა: "ჩვენს ერთ-ერთ უცხოელ მეგობარს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და საჭიროა კონსილიუმის მოწვევა. გამოკვლევის შედეგები არ გააცნოთ არავის, მათ შორის ჩემს კოლეგებსაც". მეორე დღეს გაირკვა, რომ საუბარი ეგვიპტის პრეზიდენტის ჯანმრთელობას ეხებოდა. ნასერი იმდენად არ ენდობოდა საკუთარი ქვეყნის ექიმებს და ისე ეშინოდა ინფორმაციის გაჟონვის, რომ სამკურნალოდ მხოლოდ საბჭოთა კავშირში ჩამოდიოდა. ეგვიპტის ხელმძღვანელები (უპირველესად კი - ვიცეპრეზიდენტი ანვარ სადათი) შველას მხოლოდ საბჭოთა კავშირში ხედავდნენ და 1968 წლის ივლისის დასაწყისში საბჭოთა ლიდერს ლეონიდ ბრეჟნევს დახმარება სთხოვეს.

6 ივლისს ეგვიპტის პრეზიდენტი მოსკოვში ჩაფრინდა, ნასერი ისე იყო გატანჯული მძიმე ტკივილებით, რომ სიარულიც აღარ შეეძლო. საინტერესოა, რომ ნასერის თანმხლებ პირებთან ერთად "ამინის" ფსევდონიმით მოსკოვში პირველად ჩავიდა პალესტინის გამანთავისუფლებელი ფრონტის ლიდერი, ზოგისთვის ტერორისტი და ზოგისთვის "თავისუფლებისთვის მებრძოლი პარტიზანი" იასერ არაფატი. ევგენი ჩაზოვი მოგონებებში იხსენებს, რომ საბჭოთა ექიმების კონსილიუმმა შემდეგი დიაგნოზი დასვა: ქვედა კიდურების სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი (რაც იმხანად ქირურგიულად არ იკურნებოდა) და განგრენის სიმპტომები. ექიმების გადაწყვეტილებით, გამალ აბდელ ნასერის მკურნალობის კურსი საქართველოში, კერძოდ კი, წყალტუბოს ბალნეოლოგიურ კურორტზე უნდა ჩატარებულიყო. საკითხის დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე საქმეში კა-გე-ბეს შეფი იური ანდროპოვიც ჩაერთო, რომელმაც პირადად განიხილა ევგენი ჩაზოვთან ეგვიპტის პრეზიდენტის მკურნალობის ორგანიზაცია. საქართველოში ეგვიპტის პრეზიდენტის ჩამოსვლას ვერ დამალავდნენ, ამიტომ საბჭოთა გაზეთებმა უმალ გაავრცელეს მოწინააღმდეგისთვის გათვლილი დეზინფორმაცია: გამალ აბდალ ნასერი ისევ "ლომივითაა" და საქართველოში დასასვენებლად ჩავიდაო.

თბილისში კი დიდი გაწამაწია იყო. უმაღლეს დონეზე იხილებოდა, თუ როგორ უნდა დახვედროდნენ ნასერს და მაქსიმალურად საიდუმლოდ შეენახათ მისი ავადმყოფობის ამბავი. მდგომარეობის დასაზვერად წყალტუბოში "დესანტი" მოსკოვიდანაც ჩავიდა: ექიმები და კა-გე-ბეს მე-9 (ე.წ. სამთავრობო დაცვის) სამმართველოს ოფიცრები ადგილობრივ პირობებს ამოწმებდნენ. აღმოჩნდა, რომ წყალტუბოს სანატორიუმებში არ იყო არცერთი "საპრეზიდენტო ნომერი", ამიტომაც ეგვიპტის პრეზიდენტის და მისი დაცვისთვის სტანდარტული 12-14 კვ.მ. ზომის სამი პალატა გამოყვეს. საბჭოთა ექიმების გასაკვირად, სამი კვირის შემდეგ ნასერის მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდა: ტკივილები აღარ ჰქონდა და თანდათანობით განგრენის სიმპტომებმაც დაიწყო გაქრობა. ეგვიპტის პრეზიდენტი გაოცებული დარჩენილა ქართველების სტუმართმოყვარეობით და მომდევნო წლის შემოდგომაზეც აპირებდა, თურმე, "დასასვენებლად" წყალტუბოში ჩამოსვლას. თუმცა ნასერის მდგომარეობა მოულოდნელად იმდენად გაუარესდა, რომ 1969 წლის სექტემბერში იური ანდროპოვმა ევგენი ჩაზოვს ეგვიპტეში სასწრაფოდ ჩასვლა დაავალა, თან დაამატა: "ისრაელის დაზვერვა კაიროში ძალიან კარგად მუშაობს, ამიტომ თქვენ, რომ არ გიცნონ, შავი სათვალით და ქუდით იარეთო". ორი კვირის მანძილზე ჩაზოვი ეგვიპტის სპეცსამსახურების მეთვალყურების ქვეშ იყო, ფარულად რამდენჯერმე მოინახულა ნასერი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მძიმე ავადმყოფობის დამალვას, უპირველესად კი - თავისი "თანამებრძოლებისგან". ერთი წლის მანძილზე ნასერი გაჭირვებით ახერხებდა პრეზიდენტის ფუნქციების შესრულებას, საბჭოთა ექიმებიც თავს ევლებოდნენ, თუმცა არაფერმა უშველა და ის 1970 წლის სექტემბრის ბოლოს გარდაიცვალა. ბოლოს კი ვიტყვი: ქვეყნის პირველი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა დემოკრატიული პრინციპების მოთხოვნაა. უმაღლესი მთავარსარდალი იქნება თუ "რიგითი" მინისტრი, მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ მათი ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობის ადეკვატურობა დაკავებულ თანამდებობასთან, რათა მომავალში უსიამოვნო "სიურპრიზები" თავიდან იყოს აცილებული.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს