როგორ უგებენ ხაფანგს მოღალატეებს: "ელისის" წარუმატებელი ჯაშუშობის ისტორია - კვირის პალიტრა

როგორ უგებენ ხაფანგს მოღალატეებს: "ელისის" წარუმატებელი ჯაშუშობის ისტორია

თითქმის ერთი კვირაა, რაც ამერიკისა და ევროპის მასმედია ახალ ჯაშუშურ სკანდალს განიხილავს. 10 ოქტომბერს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) თანამშრომლებმა დააკავეს ამერიკის ორი მოქალაქე, ცოლ-ქმარი, 42 წლის სამხედრო ინჟინერი ჯონათან ტოიბი და მისი 45 წლის ცოლი, პროფესიით პედაგოგი - დაიანა. მათ ბრალად ედებათ აშშ-ის ბირთვული ტექნოლოგიების ინფორმაციის დაცვის კანონის დარღვევა, კერძოდ კი - "ვირჯინიის" კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავების პროგრამის საიდუმლო დოკუმენტების სხვა სახელმწიფოსთვის მიყიდვის მცდელობა. ჯონათან ტოიბი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცერია, ბირთვული წყალქვეშა ნავების ძრავების მომსახურების დიდი გამოცდილებით. საზღვაო ძალების დატოვების შემდეგ ის მუშაობდა კონტრაქტორად პიტსბურგში, კვლევით ლაბორატორიაში, ბირთვული წყალქვეშა ნავების თემატიკის პროგრამაში, სადაც მსახურობდა ბირთვული ინჟინრის თანამდებობაზე. 2020 წლის 1 აპრილს ტოიბიმ ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოში ფოსტით პაკეტი გაგზავნა, სადაც საიდუმლო დოკუმენტების ასლები და ფარულად თანამშრომლობის დაწყების წინადადება იყო. მან დაწერა, რომ ის დაინტერესებული იყო ინფორმაციის გაყიდვით "ვირჯინიის" ტიპის ატომური წყალქვეშა ნავების ბირთვული ძრავის სისტემის შესახებ.

'ვირჯინიის' ტიპის ატომური წყალქვეშა ნავი

სწორედ ამ ტექნოლოგიების თაობაზე გააფორმეს ახლახან ავსტრალიასთან შეთანხმება აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა, რამაც საფრანგეთის ხელისუფლების პროტესტი გამოიწვია იმიტომ, რომ ავსტრალიამ გააუქმა საფრანგეთთან დადებული 40 მილიარდი დოლარის მოცულობის ხელშეკრულება წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ. ტოიბი წერდა: "ბოდიშს გიხდით თქვენს ენაზე ცუდი თარგმანისთვის. გთხოვთ, ეს წერილი გადაგზავნოთ თქვენს სამხედრო დაზვერვაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია თქვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ხუმრობა არ გეგონოთ". პირველი აპრილი იყო და ტოიბიმ ამიტომ მიამატა ბოლო წინადადება: არ ეგონოთ, რომ ვეხუმრებიო. აშშ-ის სპეცსამსახურებმა შეძლეს ამ პაკეტის ხელში ჩაგდება. მათ საფოსტო მარკის საშუალებით დაადგინეს გამომგზავნის მისამართი (პიტსბურგი, პენსილვანია), საიდუმლო დოკუმენტების შინაარსის მიხედვით კი - გამომგზავნის პიროვნება და "ოპერატიული თამაში" დაიწყეს პოტენციურ მოღალატესთან. ტოიბის (გფბ-მ მას ფსევდონიმი "ელისი" შეარქვა) დაშიფრული ელექტრონული ფოსტის საშუალებით კავშირი ჰქონდა იმ პირთან (ფსევდონიმი "ბობი"), რომელსაც იგი სხვა სახელმწიფოს სამხედრო დაზვერვის თანამშრომლად თვლიდა. ფაქტობრივად კი, წერილები გფბ-ში ხვდებოდა. პარალელურად, ცოლ-ქმარზე თვალთვალი და ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიმოწერა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა (შემდეგ ელექტრონული წერილები გფბ-მ სასამართლოს წარუდგინა), რის შემდეგაც შეთანხმნდნენ საიდუმლო დოკუმენტების ფასზე და მიწოდების პირობებზე.

"ელისმა" "მყიდველებს" გაანდო, რომ ის რამდენიმე წელი ფიქრობდა, თუ როგორ ჩაეტარებინა საიდუმლო დოკუმენტების "გადაცემის ოპერაცია": მან დოკუმენტები დაჰყო 51 პაკეტად (თითოეულში ასი ფურცელი იყო) და სურდა 100.000 აშშ დოლარის მიღება კრიპტოვალუტა "მონეროში" თითო პაკეტისთვის. სულ 5 მილიონი დოლარი გამოდიოდა. ვერაფერს იტყვი, კარგი მადა ჰქონია ბატონ ჯონათანს! საინტერესოა, რომ "ელისმა" შეარჩია "მონერო", მისი აზრით ყველაზე ანონიმური და დაცული კრიპტოვალუტა. "მონერო" კრიპტოვალუტის ბაზარზე 2014 წლის 18 აპრილს გამოჩნდა და მალევე გახდა პოპულარული, რის მიზეზადაც მისი მაღალი ანონიმურობა სახელდებოდა. სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებში მიაჩნიათ, რომ "მონერო" შეიძლება გამოყენებულ იქნას ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის, ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების, ასევე - ტერორისტული ორგანიზაციების ფულადი ნაკადების დამალვისათვის. თუმცა "მონეროს" ანონიმურობის დონე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, ამჟამად რუსეთს თავშეფარებულმა ედუარდ სნოუდენმა დაიწუნა და მას "ბავშვების კრიპტოვალუტა" უწოდა.

ტოიბი-"ელისი" მზად იყო, გადაეცა დოკუმენტები შესაბამისი ანაზღაურების საფასურად და გფბ-მ 2021 წლის 8 ივნისს მას წინასწარ 10 000 აშშ დოლარის "მონერო", კრიპტოვალუტა ჩაურიცხა. მიმდინარე წლის 26 ივნისს ჯონათან და დიანა ტოიბები გაემგზავრნენ დასავლეთ ვირჯინიაში. უცხო ქვეყნის სამხედრო დაზვერვისთვის განკუთვნილი საიდუმლო ინფორმაცია ჯონათან ტოიბიმ დაშიფრა და შეინახა მეხსიერებათა ბარათში, რომელიც მოათავსა წინასწარ დათქმულ სამალავში. უცხო ქვეყნის "აგენტებმა" (რეალურად კი - გფბ-ს თანამშრომლებმა) ამოიღეს "ფლეშკა" და ტოიბის ჩაურიცხეს შეთანხმებული თანხის კიდევ ერთი ნაწილი (10 000 დოლარი კრიპტოვალუტით), მან კი შიფრის კოდი გამოუგზავნა. აღმოჩნდა, რომ მეხსიერების ბარათი შეიცავდა საიდუმლო მონაცემებს ბირთვული წყალქვეშა ნავების რეაქტორების შესახებ. ცოლ-ქმარი წარმატებით აგრძელებდა "ოჯახურ ბიზნესს" და 2021 წლის აგვისტოში ახალი "ფლეშკისთვის" 70 ათასი დოლარი "მონერო" კრიპტოვალუტით მიიღეს. ტოიბიმ ინფორმაციის ბოლო გადაცემაში აღნიშნა, რომ მას იმედი ჰქონდა, თუ პრობლემები შეიქმნებოდა, საიდუმლო დოკუმენტების შემსყიდველი სახელმწიფო გასაჭირში არ მიატოვებდა მას და მის მეუღლეს. 9 ოქტომბერს სამალავში ახალი "ფლეშკის" ჩადების დროს კი ორივე დააკავეს. დღეს, 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს სასამართლო სხდომა, მანამდე კი ისინი საპატიმროში იმყოფებიან.

გფბ არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყანას უკავშირდებოდა "ელისი". ჩემი აზრით ეს შეიძლება იყოს ის სახელმწიფო, რომელსაც უკვე აქვს ატომური წყალქვეშა ნავები (დღეისათვის აშშ-ის გარდა, ოფიციალურად ასეთი ქვეყნებია: რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ინდოეთი) ან ის ქვეყანა, რომელიც ატომური წყალქვეშა ნავების ფარულად დამზადებას აპირებს (ბრაზილია, ისრაელი, ირანი და პაკისტანი), რადგანაც, უპირველესად, სწორედ ისინი (დიდი ბრიტანეთის გარდა) არიან დაინტერესებულნი აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებით და ამისთვის ფულსაც არ დაიშურებენ. ტოიბების "ოჯახური ბიზნესის" წინააღმდეგ გფბ-მ სპეცსამსახურებში კარგად აპრობირებული, "ოპერატიული კომბინაციების" მეთოდი გამოიყენა, "ხაფანგი" დაუგო პოტენციურ მოღალატეს და შეძლო ქვეყნიდან საიდუმლო ინფორმაციის გადინების აღკვეთა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ პირველ ეტაპზე შესანიშნავად იმუშავა აშშ-ის დაზვერვამ და "ელისის" წერილი ხელში ჩაიგდო, საიდანაც დაიწყო დანაშაულის პრევენცია. სწორედ ესაა დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახურების კოორდინირებული მუშაობის ქრესტომათიული მაგალითი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს