აშშ-ის სამხედრო დაზვერვა: ნათან ჰეილიდან სკოტ ბერიერამდე - კვირის პალიტრა

აშშ-ის სამხედრო დაზვერვა: ნათან ჰეილიდან სკოტ ბერიერამდე

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის საქართველოში ვიზიტი ძალზე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის უკანასკნელი ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გავლენა და სამხედრო პოზიციები ძალზე გაიზარდა. ამჟამად უკვე ახალ გეოპოლიტიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ, ჩემი აზრით, ცოტა გვიან გააცნობიერა. ვფიქრობ, ამ კონტექსტში საინტერესო იქნება აშშ-ის სამხედრო დაზვერვის შესახებ ვისაუბროთ.

პირველ ამერიკელ მზვერავად ნათან ჰეილი (1755-1776) ითვლება, რომელიც ინგლისელებმა 1776 წლის სექტემბერში ჩამოახრჩვეს. ამის შემდეგ მოყვარული მზვერავი ამერიკის ეროვნული გმირი გახდა და მისი ძეგლები აშშ-ის მრავალ ქალაქშია აღმართული.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. ამერიკელი კოლონისტები დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. მათი მოწინააღმდეგე კი მაშინ მსოფლიოში უძლიერესი იმპერიის - დიდი ბრიტანეთის არმია იყო. ამერიკელთა ლაშქარს გენერალი ჯორჯ ვაშინგტონი ხელმძღვანელობდა, რომელიც იარაღთან და ფულთან ერთად მზვერავების დიდ ნაკლებობას განიცდიდა. მზვერავის სახიფათო მოვალეობის შესრულებას ამერიკის რიგითი პატრიოტი მოქალაქეები ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი იყო ნათან ჰეილი. ის ცდილობდა ინგლისის არმიის ზურგში ჯორჯ ვაშინგტონის დავალებები შეესრულებინა, თუმცა არ გაუმართლა – მოწინააღმდეგემ ამხილა და სიკვდილით დასაჯეს.

ამის შემდეგ ჯ. ვაშინგტონის გადაწყვეტილებით შეიქმნა "საიდუმლო სამსახურის ბიურო", რომელშიც ათიოდე პატრიოტი იყო გაერთიანებული. ისინი მოქმედებდნენ, ძირითადად, ნიუ-იორკში, სადაც ინგლისის არმიის შტაბი იყო დაბანაკებული. ამერიკელმა მზვერავებმა აგენტურული საქმიანობის შესანიღბად მანჰეტენზე დიდი მაღაზია გახსნეს, რომელიც ფარული გეგმებისთვის მშვენიერ საფარს წარმოადგენდა. აკურატულმა და პედანტმა, ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტებში, რომელიც ასეული წლის შემდეგ გასაჯაროვდა, დააფიქსირა, რომ 1776-1881 წლებში "ბიუროს" საქმიანობისთვის 17 617 დოლარი დაიხარჯა.

აშშ-ში, სამხედრო დაზვერვა, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა, მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს, 1885 წელს შეიქმნა და მას "სამხედრო ინფორმაციის სამმართველო" ერქვა. შტატი სულ ორი თანამშრომლისგან შედგებოდა: ოფიცერი და კლერკი. მათი ძირითადი მოვალეობა იყო სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი, საგაზეთო სტატიების შეგროვება და, სხვა, ღია ინფორმაციის საფუძველზე, მოკლე ანგარიშის შედგენა.

სამხედრო ინფორმაციის მოპოვების წყაროების გაფართოების მიზნით, 1889 წელს აშშ-ის ადმინისტრაციამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში სამხედრო ატაშეები გააგზავნა. თავდაპირველად ატაშეების დაფინანსება ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და მათ ყველა ხარჯის გასტუმრება საკუთარი ჯიბიდან უხდებოდათ.

ეს კურიოზული მდგომარეობა მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს შეიცვალა და სამხედრო ინფორმაციის სამმართველო, როგორც სრულფასოვანი და დამოუკიდებელი სადაზვერვო სტრუქტურა, ისე ამოქმედდა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1903 წელს გენერალური შტაბის შექმნა. სამხედრო დაზვერვის დანაყოფი ახალი სტრუქტურის შემადგენლობაში მე-2 განყოფილების დასახელებით შევიდა. თუმცა სულ მალე, გაურკვეველი მიზეზების გამო, სამხედრო დაზვერვის განყოფილება, რატომღაც აშშ-ის არმიის სამხედრო კოლეჯს შეუერთეს. ეს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, სამხედრო-სახმელეთო დაზვერვის ლიკვიდაციის ტოლფასი აღმოჩნდა.

სამხედრო დაზვერვის სამმართველო, როგორც დამოუკიდებელი დანაყოფი, მხოლოდ 1917 წლის მაისის დასაწყისში, აშშ-ის პირველ მსოფლიო ომში ჩართვიდან ერთი თვის შემდეგ აღდგა. 1918 წლისთვის სამმართველო სამი სტრუქტურული ერთეულისგან (დაზვერვისა და კონტრდაზვერვის განყოფილებები, ასევე - შიფრების ბიურო) შედგებოდა, სადაც 300 სამხედრო და ათასამდე სამოქალაქო პირი მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამხედრო დაზვერვამ მნიშვნელოვანი რეორგანიზაცია განიცადა. შემცირდა შტატები (დარჩა 200-დე თანამშრომელი), შეიცვალა ფუნქციები - სამხედრო დაზვერვის სამმართველო ტოპოგრაფიული რუკების დამზადებით, აეროფოტოგადაღებების ანალიზით და კონტრდაზვერვითი სამუშაოებით შემოიფარგლა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის საჯარისო სამხედრო დაზვერვის როლი და ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, დიდი იყო ამ დანაყოფის წვლილი გერმანიის არმიის დამარცხებაშიც. შემდგომ პერიოდში კი სამხედრო დაზვერვის სამმართველოს სიძლიერე და პრესტიჟი მუდმივად მცირდებოდა. 1945 წელს შეიქმნა არმიის უსაფრთხოების სააგენტო, რომელსაც დაუქვემდებარეს სამხედრო კავშირგაბმულობის ყველა დანაყოფი, პირადი შემადგენლობისა და ინფრასტრუქტურის ჩათვლით. 1952 წელს კი ეს სააგენტო ახლად შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს გადაეცა.

აშშ-ის სახმელეთო სამხედრო დაზვერვის სუსტი მხარეები განსაკუთრებით თვალში საცემი კორეის ომის დროს გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დანაყოფის აგენტებს პარაშუტით გადმოხტომის ვარჯიშები მიწაზე უტარდებოდათ და ისინი, თვითმფრინავების ნაცვლად... სწრაფად მიმავალი ჯიპებიდან ხტებოდნენ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა, დაქუცმაცებული სადაზვერვო დანაყოფის კოორდინაცის მიზნით, 1961 წლის 1 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროსა და შტაბების უფროსების კომიტეტთან შეიქმნა ახალი, ცენტრალიზებული სადაზვერვო ორგანო - თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის სააგენტო (თდდს). ვინაიდან ის არის აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების წევრი, ამიტომ ექვემდებარება, როგორც თავდაცვის მინისტრს, ასევე - ეროვნული დაზვერვის დირექტორს.

სამხედრო დაზვერვის ერთიანი, ცენტრალიზებული ორგანო შეიძლება არც კი შექმნილიყო, რომ არა ამერიკის ახალი, ენერგიული და ამბიციური პრეზიდენტის, ჯონ კენედის დიდი მონდომება. მანამდე აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სადაზვერვო საქმიანობა დუბლირებული იყო და არაკოორდინირებულ რეჟიმში ხორციელდებოდა. სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური ინფორმაციის მოპოვებას შეიარაღებული ძალების ცალკეული დანაყოფები თავისი "გემოვნების" მიხედვით აწარმოებდნენ. ისინი ცალკეულ სადაზვერვო ფრაგმენტებს მოიპოვებდნენ და ქვეყანაში არ იყო სტრუქტურა, რომელიც ამ ფრაგმენტებიდან ერთიან სამხედრო-სადაზვერვო "მოზაიკურ პანოს" შექმნიდა. შეიარაღებული ძალების ყოველ ჯგუფს თავისი სადაზვერვო სამსახური ჰყავდა და უშუალოდ "თავისი" ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. დაზვერვის სამსახურებს შორის არ ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა და ოპერაციების კოორდინირება. ამიტომაც ქვეყნის პირველმა პირმა, თავადაც ყოფილმა სამხედრო ოფიცერმა, ჯონ კენედიმ ახალი უწყების შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ყველა სამხედრო-სადაზვერვო დანაყოფის კოორდინირებას განახორციელებდა.

სამხედრო დაზვერვას საზღვარგარეთ აგენტურული მუშაობა (გადაბირება და ოპერატიული კონტაქტები) აუცილებლად ცსს-სთან უნდა შეეთანხმებინა, თანაც თსდს-ს თანამშრომელთა უდიდესი ნაწილი სამოქალაქო პირები იყვნენ, რაც მნიშვნელოვნად ასუსტებდა საშემსრულებო და საფინანსო დისციპლინას.

ამიტომაც იყო, რომ თდდს-ს ანალიტიკოსები და ოპერატიული თანამშრომლები ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდნენ.

1991 წელს სპარსეთის ყურეში პირველი ომის დროს 2000 ამერიკელი სამხედრო მზვერავი გრილი და კომფორტული კაბინეტებიდან პირდაპირ "უდაბნოს ფრონტის" წინა ხაზზე მიავლინეს. თუმცა, ვეებერთელა "სადაზვერვო დესანტის" მიუხედავად, სამხედრო მეთაურები კვლავ უკმაყოფილოები იყვნენ სადაზვერვო ინფორმაციის საიმედოობითა და ოპერატიულობით.

1996 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი ამერიკის სპეცსამსახურების ფარული ("ჩრდილოვანი") დაფინანსების შესახებ. სამხედრო მზვერავებს ოპერატიული ოპერაციების საფარად და ლეგენდად ქცევისთვის კომერციული ფირმების შექმნის უფლება მიეცათ, რაც მანამდე მხოლოდ ცსს-ს და გამოძიების ფედერალურ ბიუროს ჰქონდათ. აშშ-ის სამხედრო მზვერავები უცხოეთში, ძირითადად, ამერიკის საელჩოს სამხედრო ატაშეს აპარატს "აფარებენ თავს" და "უფროს ძმას" – ცსს-ს რეზიდენტს ემორჩილებიან. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით თდდს ვერ დაიკვეხნის წარმატებული სადაზვერვო ოპერაციების სიმრავლით, ჩავარდნები კი გაცილებით ბევრი აქვს.

ერთ-ერთი დიდი წარუმატებლობა თდდს-ს მზვერავებს ჩვენს მეზობლად, სომხეთის დედაქალაქ ერევანში შეემთხვათ. ამ ოპერაციის ანალიზი გვაფიქრებინებს, რომ ამერიკის სამხედრო დაზვერვა საკუთარი შეცდომების გამო გაება საბჭოთა კონტრდაზვერვის მიერ დაგებულ მახეში.

1970-იანი წლების დასაწყისში ცსს-მ და თდდს-მ ერევანში ერთობლივად ჩაატარეს ოპერაცია და სომხეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მე-7 განყოფილების (გარე თვალთვალი) ოფიცერი - ნორაირ გრიგორიანი და "აეროფლოტის" ერევნის განყოფილების თანამშრომელი კაპოიანი გადაიბირეს და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მოქმედ მცირერიცხოვან აგენტურას მიათვალეს. თუმცა სულ მალე ეს "წარმატებული" ოპერაცია სრული კრახით დასრულდა.

თავიდან კი ყველაფერი კარგად დაიწყო. ამერიკელებს, კერძოდ კი - სამხედრო ატაშე პრიჩარდს, კაპოიანმა პირადად გადასცა წერილი, სადაც თანამშრომლობას სთავაზობდა. 1973 წელს ახალი აგენტების გადმოსაბირებლად ერევანში ამერიკელი სამხედრო მზვერავი ჯონ უაითჰედი მიავლინეს. ამის შემდეგ "აგენტებთან" კონტაქტი მხოლოდ სამალავების საშუალებით ხდებოდა. 1975 წელს სამალავიდან ინფორმაციის ამოღების დროს დააკავეს ამერიკელი სამხედრო მზვერავი ედმუნდ კელი (რომელიც ნორაირ გრიგორიანის მიერ იყო გაცემული), რასაც მოსკოვმა "პროპაგანდისტული ფეიერვერკები" მიუძღვნა.

ნორაირ გრიგორიანი

საბჭოთა კონტრდაზვერვამ თავად დაგეგმა ეს "ოპერატიული კომბინაცია" და ბოლომდე სრულად აკონტროლებდა. ამის შედეგად გამოავლინეს და ქვეყნიდან გააძევეს დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედი ამერიკელი მზვერავები, დაადგინეს ამერიკის დაზვერვის ინტერესთა სფერო, მათი ოპერატიული მუშაობის მეთოდები და ა.შ.

ამჟამად თავდაცვის დეპარტამენტის დაზვერვის სააგენტოს დირექტორი გენერალ-ლეიტენანტი სკოტ ბერიერია.

ათწლეულების მანძილზე სამხედრო დაზვერვა ცსს ჩრდილში რჩებოდა და მეორეხარისხოვან სადაზვერვო დანაყოფად ითვლებოდა. არავინ მალავდა, რომ ამ სტრუქტურაში ინტელექტუალი კადრები სანთლით იყო საძებნელი. თდდს-ში მუშაობა იმდენად არაპრესტიჟულად ითვლებოდა, რომ ახალი, პერსპექტიული კადრები იქ არ მიდიოდნენ. საზღვარგარეთ ყველა აგენტურულ ოპერაციას ცსს ხელმძღვანელობდა და "ნაღებსაც" ის ხდიდა. საინტერესოა, შეიცვალა რამე თუ აშშ-ის სამხედრო დაზვერვა კვლავ "გერის" როლშია?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს