"რუსეთის ინტერესი საქართველოსა და კავკასიის ჩაკეტვა... მოწინავე ქვეყნებისათვის გზის გადაღობვაა" - ასე გვაფრთხილებდა საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი ასი წლის წინ - კვირის პალიტრა

"რუსეთის ინტერესი საქართველოსა და კავკასიის ჩაკეტვა... მოწინავე ქვეყნებისათვის გზის გადაღობვაა" - ასე გვაფრთხილებდა საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი ასი წლის წინ

მიმდინარე წლის აპრილში შესრულდა 140 წელი ნოე რამიშვილის დაბადებიდან. ალბათ, ძნელია მოიძებნოს პირველი რესპუბლიკის სხვა ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, რომლის პიროვნება და განვლილი გზა ამგვარ, განსხვავებულ, რადიკალურად საპირისპირო შეფასებას იმსახურებდეს. ზოგისთვის ის ეროვნული გმირი იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა საქართველოს ინტერესებისთვის, ზოგისთვის კი - მხოლოდ მენშევიკების ერთ-ერთი ლიდერი, რომლის უნიათობამაც გამოიწვია 1921 წლის თებერვლის ოკუპაცია, 1924 წლის "აგვისტოს აჯანყების" სასტიკი დამარცხება და ქართული პოლიტიკური ემიგრაციის საბოლოო დაქუცმაცება და დაუძლურება. საინტერესოა, რომ ამ პიროვნების პოლიტიკური მოღვაწეობისადმი ამგვარი, კარდინალურად განსხვავებული შეხედულებები დღესაც ხშირია. ნოე რამიშვილი ოჯახთან ერთად

თუმცა ამ ფაქტში რაიმე განსაკუთრებული არ უნდა ვეძიოთ, რადგანაც, მიუხედავად უკანასკნელ წლებში ქართული ემიგრანტული ლიტერატურის მოზღვავებისა, მრავალი ისტორიული წყარო და საარქივო დოკუმენტი მკვლევრებისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი არის და, ამის გამო, ბევრი ისტორიული მოვლენა კვლავ ძველი სტერეოტიპებით აღიქმება და ფასდება. ბუნებრივია, ბლოგის ფორმატში შეუძლებელია ამ, რთული და წინააღმდეგობით აღსავსე ისტორიული ფიგურის სრული ბიოგრაფიის გადმოცემა. საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე, შემდეგ, რამდენიმე ხანს, ერთდროულად შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების სამინისტროების ხელმძღვანელი ნოე რამიშვილი, 1881 წელს დაიბადა. სხვადასხვა წლებში სწავლობდა ტარტუსა და ლაიფციგის უნივერსიტეტებში, თუმცა პროფესიად მაინც პოლიტიკოსობა (იმდროინდელი ტერმინოლოგიით - რევოლუციონერობა) აირჩია.

ნ. რამიშვილი, 1902 წლიდან მოყოლებული, სიკვდილის ბოლო წუთამდე აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ პროცესებში. იგი პირადად იცნობდა რუსეთის, როგორც მენშევიკების, ასევე - ბოლშევიკების ლიდერებს, უპირველესად კი - იოსებ ჯუღაშვილს, მომავალ საბჭოთა ბელადს იოსებ სტალინს, რომელთანაც შეურიგებელი იდეურ-პიროვნული დაპირისპირება ჰქონდა და სწორედ ეს გახდა ნ. რამიშვილის ტრაგიკული აღსასრულის მთავარი მიზეზი. ნოე ჟორდანია თავის მოგონებებში ("ჩემი წარსული"), რომელიც პირველად, 1953 წელს დაიბეჭდა პარიზში, საკმაოდ გაკვრით და ისიც - ორაზროვნად აღნიშნავს ნოე რამიშვილის დამსახურებას 1918-1921 წლებში: "ყველა ქვეყანაში მთავრობის წევრობას სანთლით ეძებდნენ... ჩვენში კი მთავრობაში შესვლა მიჩნეული იყო დიდ უბედურებათ. ყველა მას გაურბოდა, როგორც ჭირს. რამდენი ხვეწნა მჭირდებოდა, რამდენი კალთის გლეჯა, პირდაპირ წარმოუდგენელია. ძლივს ვახერხებდი შემადგენლობის მოკრებას... - გაურბოდნენ პასუხისმგებლობას. მხოლოდ ორ პირს არ სჭირდებოდა ხვეწნა - ნოე რამიშვილს და ევ. გეგეჩკორს, სხვები კი ყველა ძალით შემოთრეულია მთავრობაში".

ნოე რამიშვილი და ნოე ჟორდანია

აი, სულ ესაა ნოე რამიშვილის შესახებ ჟორდანიას მოგონებებში. არც "პატარა ნოეს" ღვაწლი პირველი რესპუბლიკის მთავრობაში, არც მისი მოღვაწეობა ემიგრაციაში (სადაც ორი ნოე, ფაქტობრივად, გვერდიგვერდ ცხოვრობდა, ოჯახებით), არც რამიშვილის მკვლელობის შესახებ - არც ცუდს და არც კარგს იხსენებს ჟორდანია, მხოლოდ სრული სიჩუმე და თანამებრძოლის დამსახურების საოცარი იგნორირება. ალბათ, საკამათოა არ უნდა იყოს, რომ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში ნოე რამიშვილი მართლაც გამოირჩეოდა აზროვნების სიღრმით, ორატორული ნიჭით და ენერგიულობით. ნოე რამიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო. მისი პოლიტიკური ოპონენტებიც კი (მაგ. რევაზ გაბაშვილი და შალვა მაღლაკელიძე) მაღალ შეფასებას აძლევდნენ რამიშვილის ორგანიზატორულ ნიჭს და ბრძოლის ჟინს. "დაუვიწყარი, გაუტეხელი და შეუდრეკელი" - ასე ახასიათებს მას ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელი თამარ პაპავა ("გაბნეული საფლავები"). მისი შეურიგებელი პოლიტიკური მოწინააღმდეგე რევაზ გაბაშვილი მრავალი ათეული წლის შემდეგ იხსენებდა: "ღვთის მადლით, იმ ღამეს, სრულიად მოულოდნელად, რაღაცა სხვა საქმეებზედ ჩამოვიდა ნოე რამიშვილი და, როგორც კი გაეგო საქმის მდგომარეობა, ცეცხლივით დატრიალდა, შეაგროვა სადღაც გვარდიელები და განთიადისას, შორიდან უყურებდით, როგორ თოფის გაუსროლელად ქართველებმა ჩაიგდეს ხელში პირველად და პირველი ჩვენი ჯავშნიანი გემი". აქ ლაპარაკია 1918 წელს ბათუმში რუსი ბოლშევიკებისთვის სამხედრო გემ "კაროლ კარლის" კონფისკაციაზე. რ. გაბაშვილის აზრით, საქართველოს მომავალი უკეთესად წავიდოდა, რომ: " ...თუნდა ნოე ჟორდანიას უხერხემლობის მაგიერ, პატრონად ნოე რამიშვილის ნებისყოფას გაემარჯვნა". რევაზ გაბაშვილი საკმაოდ ობიექტურად აფასებს ნოე რამიშვილის ღვაწლს: "ბ-ნი ნ. რამიშვილი, შეიძლება ითქვას, ერთად ერთი კაცი იყო, რომელიც მიხვდა, რომ "რევოლუციასაც" პატრონობა უნდა, და, რამდენადაც შეეძლო, თავის ყაჩაღანა ამხანაგებს თავს უჭერდა. მართალია, ვერაგ საშუალებათაც არა ზოგავდა, მაგრამ, შედარებით, ადმინისტრაციის საქმე კარგად ჰქონდა აწყობილი, შინაგან საქმეთა მინისტრობისას; ტელეფონების გაყვანა და გადაბმა პროვინციებთან; მუდმივი (საუბედუროდ - უშედეგო) ბრძოლა გეგეჩკორ-ჯუღელ-ჟორდანიას შვილობილ გვარდიის წინააღმდეგ,- ჯარის დაცვით... სპობდა და სჯიდა ყაჩაღებს, მაგრამ რა ექნა? სულ რომ მოესპო, საკუთარი პარტიიდან ნახევარი მაინც უნდა გაენადგურებინა..."

ემიგრაციის პირველივე დღეებიდან ნოე რამიშვილი აქტიურად ჩაება ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ორგანიზებაში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში ნ. რამიშვილი ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა, არა მხოლოდ ბოლშევიკებისადმი იდეოლოგიური შეურიგებლობით, არამედ - კონკრეტული ანტისაბჭოთა საინფორმაციო და სამხედრო-სადაზვერვო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებით. ნოე რამიშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ეტაპი 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ დაიწყო. გარდა აქტიური პოლიტიკური და ორგანიზაციული მუშაობისა, ის ნაყოფიერ პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1924 წლის დეკემბერში ნოე რამიშვილმა პარიზში გამოსცა მცირე მოცულობის წიგნი: "საქართველო და რუსეთი". გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაშრომი სერიოზულ გეოპოლიტიკურ გამოკვლევას წარმოადგენს, რომელიც დღესაც საინტერესოდ იკითხება.

ქვემოთ შემოგთავაზებთ რამდენიმე ამონარიდს და მკითხველი დარწმუნდება, რომ ნოე რამიშვილი საბჭოთა ხელისუფლების აქტიური და ყველაზე საშიში მტერი იყო ემიგრაციაში. "...მოსკოვის ხიშტებზე დაყრდნობილი საოკუპაციო ძალაუფლება ცდილობს ქართველთა სიმტკიცე გასტეხოს, მთლიანი ეროვნული ფრონტი დაფუშოს, ჩვენი ძალები დაქსაქსოს და მით საქართველოს ოკუპაცია გაახანგრძლივოს. ამ მიზნისათვის არავითარ ოინს არ ერიდებიან. აბა თვალი გადაავლეთ ოკუპანტების პრესას, სადაც ვარჯიშობენ რუსეთის აშკარა იმპერიალისტები, გაწითლებული სომხის ნაციონალისტები, ერთი მუჭა ქართველი მოღალატენი და მოსკოვის აგენტთა მიერ მოსყიდული და ჩეკას მიერ "მორჯულებული" კალმოსნები" (გვ.4) - სამწუხაროდ, ეს მდგომარეობა თითქმის ასი წლის შემდეგაც არ შეცვლილა. ნოე რამიშვილმა, ჯერ კიდევ 1920-იანი წლების დასაწყისში, დაუსვა ზუსტი დიაგნოზი იმ ავადმყოფობას, "ბოლშევიზმი" რომ ერქვა: "რუსული კომუნიზმი სუსტ ერთა გადაყლაპვით საზრდოობს. პატარა ერი დიდ სახელმწიფოთა ეკონომიკურ და ფინანსიურ გავლენას განიცდის და ამიტომ ის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც უნდა გამოეთხოვოს და დიდ სახელწიფოს შეუერთდესო - ასეთია კომუნისტთა სამოქმედო პროგრამა" (გვ. 11).

გლობალიზაციის ნიშნებს ნოე რამიშვილი ჯერ კიდევ მაშინ ხედავდა: "...თანამედროვე კაპიტალისტურ ხანას ახასიათებს ერთი ქვეყნის მეორესთან დაკავშირება. მოისპო ფეოდალური კარჩაკეტილობა და ცხოვრება გარეშე სახელმწიფოებთან მჭიდრო სავაჭრო-სამრეწველო კავშირზე აიგო... კაპიტალმა გადალახა საზღვრები, შეიჭრა მსოფლიოს მივარდნილ კუნჭულებშიც კი და ის ჩაითრია საყოველთაო მოძრაობაში" (გვ.13).

საინტერესოა ნოე რამიშვილის მოსაზრება საქართველოს ეკონომიკური განვითარების თაობაზე, მაშინ ტერმინი "ინვესტიციები" არ იხმარებოდა, თუმცა აზრი დღესაც ყველასთვის გასაგებია: "...საქართველოს არ შეუძლია საკუთარი ძალღონით ამ ბუნებრივ სიმდიდრეთა დამუშავება. მას ესაჭიროება უცხო კაპიტალის დახმარება და გამოყენება" (გვ.22). ნოე რამიშვილის წიგნიდან ქვემოთ მოტანილი ციტატა დღესაც არ კარგავს აქტუალობას: "რუსეთის ინტერესია საქართველოსა და კავკასიის ჩაკეტვა. მხოლოდ ამ გზით შესძლებს ის კავკასიასა და აზიის მახლობელ ქვეყნებში უცხოელთა კონკურენციის მოსპობას და თავის ნაწარმოებთათვის ხელოვნური ბაზრის მოპოვებას. საქართველოს ინტერესია პირიქით - დასავლეთის ქვეყნებთან მჭიდრო ეკონომიური კავშირი. შუა და სამხრეთ აზიის ქვეყნებთან სატრანზიტო გზა მას დიდ ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭებს და მის პოლიტიკურ განმტკიცებას ხელს უწყობს. საქართველოსა და საერთოთ კავკასიის დამოუკიდებლობა მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების იარაღია, ხოლო რუსეთის ბატონობა კავკასიაში პირიქით, მოწინავე ქვეყნებისათვის გზის გადაღობვაა. რუსეთი ეკონომიკური პარაზიტის როლში გვევლინება და მსოფლიოს უკანდახევას ემსახურება" (გვ.25).

ეს ანალიზი კარგად გვიჩვენებს ნ. რამიშვილის აზრის სიღრმეს და რუსეთის იმპერიულ მოსწრაფებებს ასი წლის წინათ და - დღესაც. ჯერ კიდევ 1924 წელს ნ. რამიშვილი მსოფლიოს მომავალ საფრთხედ ბოლშევიზმისა და ფაშიზმის გავრცელებას ხედავდა: "ბოლშევიზმი და ფაშიზმი მსოფლიო ომით გამოწვეული არევ-დარევით სულდგმულობს. მათი სტიქია ანარქიაა... ბოლშევიზმა ხელი შეუწყო ფაშიზმის წარმოშობა-განვითარებას, ხოლო უკანასკნელი ახალ ნიადაგს უმზადებს კომუნიზმს. ძალდატანება და ტერორი - ასეთია მათი საერთო გზა" (გვ. 40). ზემოთ მოყვანილი ციტატების გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება, თუ რატომ იყვნენ ბოლშევიკები და, პირადად, იოსებ სტალინი ნოე რამიშვილის ლიკვიდაციით დაინტერესებული. "საქართველოს მოწინააღმდეგენი ეყრდნობიან ჩეკას, ხოლო ქართველი ერი - ისტორიის ულმობელ და უძლეველ კანონს" (გვ. 56) - ასე იმედიანად იყო განწყობილი ნ. რამიშვილი. მისი ნატვრა მხოლოდ ნაწილობრივ ახდა: სამწუხაროდ, "მოსკოვის აგენტთა მიერ მოსყიდული და "ჩეკას" მიერ "მორჯულებული" მოხელე-პოლიტიკოსები დღესაც მრავლადაა ჩვენთან.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს