ვის ეკისრება პასუხისმგებლობა "ნაციონალების" სპეცსამსახურების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე? - კვირის პალიტრა

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა "ნაციონალების" სპეცსამსახურების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე?

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მ. სააკაშვილს მისი "ფანები" დავით აღმაშენებელს ადარებენ და გაიძახიან: "მიშამ ძველი სისტემა დაანგრია და ახალი საქართველო შექმნაო". თავად ვარ მოწმე, თუ როგორ იწყებდა მიშა საქართველოს უშიშროების სისტემის ნგრევას და სად მიგვიყვანა მ. სააკაშვილის "აღმშენებლობამ" კონკრეტულად ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით. კარგად მახსოვს 2004 წლის თებერვალი, როდესაც საქართველოს უშიშროების სამინისტროს საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი მ. სააკაშვილი ეწვია და სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა წარადგინა. მეც, როგორც კოლეგიის წევრი (აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს კოლეგიის სხდომა, რომელიც ყოველ ორშაბათ დილას იმართებოდა და ხელმძღვანელი თანამშრომლები ესწრებოდნენ, ძალზე ინფორმატიული იყო და ქვეყანაში, ასევე - მის გარეთ, მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენები იხილებოდა), ვესწრებოდი ამ შეხვედრას. მაშინდელი პრეზიდენტი, როგორც ყოველთვის, თვითკმაყოფილი სახით შემოიჭრა და თანმხლებ პირებთან ერთად ე. წ. პრეზიდიუმში განლაგებულ სავარძელში ჩაბრძანდა. ჩანდა, რომ პრეზიდენტი ჩქარობდა: იმ დღეს სხვა მინისტრებიც ჰყავდა წარსადგენი და, საოცრად ეგზალტირებული, სულ ცმუკავდა. ასე, ცმუკ-ცმუკობით წარადგინა ახალი მინისტრი: მომცრო ტანის, სათვალეებიანი, მაშინ ნაკლებად ცნობილი (მომავალში კი შიშის ზარს რომ სცემდა და აყაჩაღებდა მთელი საქართველოს ბიზნესმენებს) პარლამენტარი, უცოდველსახიანი ზურაბ ადეიშვილი.

დღესაც კარგად მახსოვს ახალი მინისტრის მ. სააკაშვილისეული დახასიათება: - ზურა ადეიშვილის გარეგნობამ არ მოგატყუოთ, ის ძალზე საშიში კაციაო, - თან მისებურად ჩაიკისკისა. წლებმა აჩვენა, რომ ამ ნახევრად ხუმრობით ნათქვამი სიტყვები სრული სიმართლე აღმოჩნდა. მაშინ ზურაბ ადეიშვილის საქებარი მეტი არც არაფერი უთქვამს მიშას, იქვე ფაციფუცით ახალი მინისტრის მოადგილეებიც (ასევე, უცნობი გიგი უგულავა და სრულიად უცნობი ამირან მესხელი) წარადგინა და ისევე გავარდა სხდომათა დარბაზიდან, როგორც - შემოიჭრა. სულ რამდენიმე თვეს მომიწია ახალ ხელმძღვანელობასთან მუშაობა. მათი არაპროფესიონალიზმი ყოველ ნაბიჯზე იგრძნობოდა. ერთი შემთხვევა კი დღესაც ანეკდოტად დადის: ერთ-ერთი მინისტრის მოადგილესთან (გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ერთი დონის იყო) მდივანი შევიდა და დოკუმენტები შეუტანა გასაცნობად და რეზოლუციის დასადებად. დაახლოებით, ნახევარი საათის შემდეგ შემომიტანეს საიდუმლო დოკუმენტი, რომელზეც მინისტრის მოადგილის კონკრეტული განკარგულება უნდა ყოფილიყო, დოკუმენტს კი გაკრული ხელით ეწერა: "რეზოლუცია". ასეთივე "რეზოლუციანი" დოკუმენტები მიიღეს სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა თანამშრომლებმაც. მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...

ზ. ადეიშვილმა უშიშროების მინისტრის თანამდებობაზე 2004 წლის ივნისამდე იმუშავა, შემდეგ კი მისმა პატრონმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გადაიყვანა, ზურა კი ვანო მერაბიშვილმა შეცვალა, რომელიც 7 ივნისიდან  18 დეკემბრამდე იყო საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, შსს-სთან გაერთიანების შემდეგ კი - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, 2012 წლის 4 ივლისამდე. ამ წლებში სახელმწიფო უშიშროების ძველი სისტემა მართლაც "დაინგრა", მხოლოდ გამოცდილი კადრების სამსახურიდან დათხოვნის თვალსაზრისით. უშიშროების სამინისტროდან ყოველგვარი ობიექტური კრიტერიუმებისა და შეფასების გარეშე (უმთავრესად ზედა და საშუალო რგოლებიდან) დაითხოვეს პროფესიონალი და პატრიოტი კადრების დიდი უმრავლესობა. მათ მაგივრად კი სრულიად გამოუცდელ, მაგრამ პირადი ერთგულების საფუძველზე შერჩეულ ადამიანებს (რომელთა პირადი ცხოვრება და ძველი კავშირები სრულიად შეუმოწმებელი იყო, ბევრ მათგანს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილიც კი არ ჰქონდა) გაუხსნეს გზა. ისინი მზად იყვნენ "უმაღლესი ქურუმის" - პრეზიდენტ მ. სააკაშვილის ყველა ხუშტური შეესრულებინათ.

"დემოკრატიის შუქურად" წოდებულ ქვეყანას უცხო სპეცსამსახურების აგენტების გამოვლენის მხრივაც მოწინავე პოზიციები უნდა ჰქონოდა და უცხოელ მეგობრებთან თავი მოეწონებინა. "ნაციონალების" ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა რუსეთის გაღიზიანება-გამოწვევაზე ააგო და ამით რაც მივიღეთ, 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა. მშიერ დათვთან მარტო რომ ხარ გალიაში, შენი მომხმარებელ-მშველელი რომ არავინაა და კიდევ ჯოხით დაუწყებ გაღიზიანებას, რას გიზამს ეს დათვი? შედეგი მკითხველის ფანტაზიისთვის მიმინდვია. განვლილ წლებში რამდენი პიროვნება და ოჯახი გახდა მოგონილი ჯაშუშობის ბრალდების მსხვერპლი? სწორედ ამგვარი უკანონობის ბევრი იდეოლოგი, შემოქმედი და ტაშისდამკვრელი დღეს მოსთქვამს: "თავისუფლება მიშას". სასამართლოს გადაწყვეტილება რომ მხოლოდ აღიარებას ემყარებოდა და სხვა მტკიცებულებები არ არსებობდა, ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. "მტკიცებულებების" შექმნა და დანაშაულის "აღიარება" კი წამების გზით მიიღწეოდა - ამაზე კი ახლაც სდუმან "ქურუმის ფანები". "ნაცხელისუფლების" ცხრაწლიანი რეჟიმი განსაკუთრებით იმით გამოირჩეოდა, რომ ისინი ცდილობდნენ ქართული მხედრული სულის ჩაკვლას. ეს შეგნებულად ხდებოდა თუ ქართველი ოფიცრების მიმართ გაუცნობიერებელი შიშის გამო, სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომების დროს ეს "მიშას კოჰორტას" ყმაწვილები, მშობლების მიერ საქართველოს გარიდებულნი, ხან კიეველ ლამაზმანებს დასდევდნენ, ხანაც ჩიზბურგერს მიირთმევდნენ ნიუ-იორკში. ზოგიც, დედიკოს კალთას ამოფარებული, ომის დამთავრებას თბილისში თუ სოფელში ელოდა. ამიტომაც ვერ იტანენ ისინი პატრიოტ და ქვეყნის წინაშე ვალმოხდილ ხალხს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი მათგანი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ სხვა ქვეყნების დავალებით მოქმედებდა. ვითომ მართლა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნავდნენ "ნაციონალები"? მათი მმართველობის ცხრაწლიანი "ჯაშუშომანიის" ანალიზის შემდეგ იკვეთება საქართველოს სპეცსამსახურების ამ დანაშაულებრივი ქმედებების რამდენიმე რეალური მიზანი: კრიზისების გადაფარვა, "ჯაშუშების" გამოვლენა პიარისთვის, "ჯაშუშობის" ბრალდება დაკავებულების ბიზნესის ხელში ჩასაგდებად და ბოლოს, ნებსით თუ უნებლიეთ, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ფარული ამოცანების შესრულება. "ნაციონალების" ხელისუფლება რუსეთის ჯაშუშებს კანცელარიის ჩინოვნკიებში, ექსპერტებში, რიგით მფრინავებსა და ფოტოგრაფებში რომ "პოულობდა", მთავარ მოწინააღმდეგეს რატომღაც ვერ ხედავდა: "აგვისტოს ომმა" კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ რუსეთის აგენტურა ქვეყნის ყველა სახელისუფლებო შტოში, უპირველესად კი - ძალოვან სტრუქტურებში, მართლაც თავისუფლად მოქმედებდა.

"ნაციონალებისთვის" ჯაშუშების აღმოჩენა ქვეყნის გარეთ და შიგნით პიარს ემსახურებოდა. ისე, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ცოტა არ იყოს დააგვიანდათ "ჯაშუშების გამოვლენა "- წელიწად-ნახევარი გავიდა და "ნაციონალების" რეჟიმს ამ მხრივ საამაყო არაფერი ჰქონდა. თუმცა მათმა "ყოჩაღმა სპეცსამსახურებმა" მაინც "ივაჟკაცეს" და რომელიღაც უცხო ქვეყნის (კურიოზია, მაგრამ ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც "სახელმწიფო კანცელარიაში არსებული აგენტი" მუშაობდა, ვერ დაადგინეს) ჯაშუში გამოავლინეს. დღეს ერთად გავიხსენოთ "ნაციონალების" რეჟიმის პირველი "ჯაშუშური საქმე", რომელიც მაშინდელი პრეზიდენტისა და მთლიანად "ნაციონალების" ხელისუფლების უკანონო მოქმედებების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს. 2006 წლის 28 მარტს ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი მრჩეველ-კონსულტანტი დააკავეს. იმ დღეს მოვლენები ელვისუსწრაფესად ვითარდებოდა. ხორვატიაში ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებამდე პრეზიდენტი სააკაშვილი ჟურნალისტებს სპეციალურად შეხვდა და ემოციურად ისაუბრა, როგორც ჯაშუშობასა და სამშობლოს ღალატში ბრალდებულის, ასევე ზოგადად - საქართველოში მომრავლებული სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტურის შესახებ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ოფიციალურად აღიარებდა ჯაშუშების არსებობას. მაშინ პრეზიდენტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ამგვარი კომენტარი გააკეთა: "საქართველოს კონტრდაზვერვის სამსახურს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს წინააღმდეგ ამ კონკრეტული პიროვნების საქმიანობას. საქართველოში, არასოდეს დამოუკიდებლობის შემდეგ, ამ ბრალდებით სახელმწიფო უწყებებში არავინ დაუკავებიათ. ეს პერიოდი დამთავრდა. ვშიშობ, რომ ეს არის ბოლო ადამიანი, ვინც შეიძლება აღმოჩნდეს სახელმწიფო ორგანოებში (იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს), რომელიც დაკავებულია ანალოგიური საქმიანობით".

დაკავებულისთვის კი ქვეყნის პირველი პირის გამოსვლა უფრო საბოლოო განაჩენის გამოტანას ჰგავდა, ვიდრე იურიდიული განათლების მქონე პირის მოზომილ, უდანაშაულობის პრეზუმპციის მოთხოვნების გათვალისწინებით გაკეთებულ განცხადებას. სააკაშვილის ამგვარი ბრალდება ხელქვეითებისთვის პირდაპირ ბრძანებად გაისმა და ისინიც ამოქმედდნენ. სასამართლო პროცესი, რომელზეც ჯაშუშობის ბრალდება უნდა დამტკიცებულიყო, იმდენად კულუარულად და სწრაფად ჩატარდა, თითქოსდა, კაცს სიგარეტის ქურდობას ედავებოდნენ. დახურულ პროცესზე არც მასმედიის წარმომადგენლები დაუშვეს, თავად ბრალდებული კი ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ იძულებული იყო აღიარებითი ჩვენება მიეცა. 2006 წლის აპრილის დასაწყისში სამშობლოს ღალატსა და ჯაშუშობაში ბრალდებულმა "აღიარა", რომ 2004 წლის მაისში ელექტრონულ მისამართზე მიღებული წერილის საფუძველზე (!!!) დაიწყო ჯაშუშობა. გადაბირების ეს მეთოდი ძალზე კურიოზულია და სპეცსამსახურების პრაქტიკაში არ არსებობს შემთხვევა, რომ აგენტი ისე "დაევერბოვკებინათ" და ფულიც ისე გადაეხადათ, რომ მისგან თანამშრომლობის მყარი გარანტიები (თუნდაც ხელწერილის სახით) არ მიეღოთ. საპროცესო გარიგების საფუძველზე ერთ წელიწადში "ჯაშუში" გაათავისუფლეს, თუმცა კონტრდაზვერვის ფარული მეთვალყურების ქვეშ კარგახანს დარჩა. "დაკავების ტელეშოუს" ჩვენებისთანავე გაჩნდა ეჭვი: ხომ არ ხდებოდა ამ სენსაციით 2006 წლის გაზაფხულზე მიმდინარე რაიმე სხვა, "ნაცხელისუფლებისთვის" საზიანო პოლიტიკური პროცესების, გადაფარვა? ამის დასადგებად საკმარისია გადავხედოთ იმ პერიოდის საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ქრონიკას, რა იყო ყველაზე აქტუალური თემატიკა?

მხოლოდ ორ უმნიშვნელოვანეს ფაქტს შევეხები, რომლებმაც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ქვეყანაში ყველაზე დიდი პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია. "ჯაშუშის" დაკავებამდე ზუსტად ორი თვით ადრე, 2006 წლის 28 იანვარს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მოხდა. იმავე წლის მარტის დასაწყისში საპარლამენტო ოპოზიციამ ამ საქმის გამოძიების საკითხი ძალზე მწვავედ დასვა. ამას კი 16 და 17 მარტს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. საქართველოს საზოგადოება ყველა დამნაშავის დასჯას მოითხოვდა. "კანცელარიაში მოქმედი ჯაშუშის" დაკავების წინა დღეს, 2006 წლის 27 მარტს კი, საქართველოს უახლეს ისტორიაში პატიმართა ყველაზე მასშტაბური ამბოხება მოხდა. თბილისის მე-5 ("ორთაჭალის") საპყრობილეში გამთენიისას დაწყებული არეულობა მსხვერპლით დასრულდა - იყვნენ დაღუპულები და დაჭრილები. ეს ფაქტიც უმწვავესი პოლიტიკური დაძაბულობის მიზეზი გახდა. სწორედ ეს ორი მოვლენა უნდა გადაეფარა სახელმწიფო კანცელარიაში "ჯაშუშის გამოაშკარავების" სკანდალურ სპექტაკლს, რომლის მთავარი რეჟისორიც და მთავარი როლის შემსრულებელიც მ. სააკაშვილი იყო. მომავალი მსხვერპლი ადრევე იყო შერჩეული ქართველი პოლიტიკოსების, ექსპერტებისა და სხვადასხვა პროფესიის, "ნაციონალებისთვის" მიუღებელი პირების იმ ვრცელი სიიდან, რომელსაც მიშას სპეცსამსახურები 2005 წლიდან ადგენდნენ.

გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს