ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს - კვირის პალიტრა

ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს

პირველი ნაწილი

1980-იან წლებამდე, მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, პირი, რომელიც საკუთარი სურვილით მოინდომებდა სპეცსამსახურში მუშაობის დაწყებას (არ შეგვეშალოს სპეცსამსახურთან თანამშრომლობაში ანუ აგენტ-ინფორმატორობაში) და პირად ინიციატივას გამოიჩენდა, ყოველთვის დიდ დაეჭვებას იწვევდა და ვერასდროს ეღირსებოდა ამ პატივს. რა მიზნები აქვს? მტრის შემოგზავნილი ხომ არ არის? - ამგვარი კითხვები არ ასვენებდათ სპეცსამსახურის ხელმძღვანელებს. მაგრამ დრო იცვლება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც შეცვალეს კადრების შერჩევისა და მომზადების ძველი მეთოდები. პიონერები, როგორც ყოველთვის, აქაც ამერიკელები იყვნენ. ადვილად წარმოსადგენია ის გაოცება, რაც რიგით ამერიკელებს დაემართათ, როცა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ორასამდე გაზეთსა და ჟურნალში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) სარეკლამო განცხადება წაიკითხეს: "დაზვერვაში სამუშაოდ ვიწვევთ". დღეს კი უკვე პირდაპირ ცსს-ს ვებგვერდი ეპატიჟება და სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეებს ამერიკის დაზვერვის თანამშრომლად გახდომას. "დაიწყე შენი კარიერა: დაეხმარე დავიცვათ ჩვენი ერი ერთობლივი შესაძლებლობით; თქვენ ეხმარებით ჩვენი ერის უსაფრთხოებას; შევინარჩუნოთ ჩვენი ერი უსაფრთხოდ; ყოველი დღე არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობა" - კიდევ სხვა, ამგვარ მოწოდებას წაიკითხავთ ცსს-ს ვებგვერდზე. ერთად გავეცნოთ იქ გამოცხადებულ ვაკანსიებს და გავიგოთ, თუ რა დარგის სპეციალისტებს ეძებს და რა გასამრჯელოს ჰპირდება მათ ამერიკის დაზვერვის ფლაგმანი დღეს, 2021 წლის 19 ნოემბერს:

1. საინფორმაციო ტექნოლოგიების ოფიცერი ("აიტიშნიკი"). ისინი მუშაობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ. საწყისი წლიური ხელფასია (სრული განაკვეთი): 64,137 -დან - 113,362 - მდე აშშ დოლარი.

2. ოპერატიული ოპერაციების ოფიცერი ("ოპერატივნიკი") - უზრუნველყოფენ საიდუმლო ოპერაციების წარმართვის კოორდინაციას ცსს-ს შტაბ-ბინასა და ოპერაციების დირექტორატის საზღვარგარეთ მდებარე (ე.წ. საველე) ოფისებს შორის. წლიური ხელფასია (სრული განაკვეთი): 62,133 -დან - 94,581- მდე აშშ დოლარი, თუმცა შესაძლებელია უფრო მაღალი საწყისი ხელფასი, გამოცდილების მიხედვით. ასევე, გათვალისწინებულია დანამატი უცხო ენის ცოდნაზე. აუცილებელი მოთხოვნაა ბაკალავრის ხარისხი.

3. ოფიცერ-ანალიტიკოსი - ფართო პროფილის (პოლიტიკური და ეკონომიკური მეცნიერებები, ტექნოლოგიები, სამხედრო საქმე და სხვ.) ანალიტიკოსები, რომლებმაც უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ასევე, სხვა ქვეყნების განზრახვები და შესაძლებლობები. წლიური ხელფასია (სრული განაკვეთი): 58,070 - დან - 172,500 -მდე აშშ დოლარი. ასევე, გათვალისწინებულია დანამატი უცხო ენის ცოდნაზე. აუცილებელი მოთხოვნაა ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი.

4. იურისტი - უზრუნველყოფენ იურიდიული კონსულტაციებით დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების სხვადასხვა სამართლებრივ საკითხზე. საწყისი ხელფასი (სრული განაკვეთი): 72,750 -დან- - 172,500 - მდე აშშ დოლარი. აუცილებელი მოთხოვნაა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ან აშშ ადვოკატთა ასოციაციის აქტიური წევრობა. ერთი ან ორი წლის (არჩეული სპეციალობიდან გამომდინარე) საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ფორმდება კონტრაქტი, სადაც დაფიქსირებულია შემდეგი დამატებითი მოთხოვნები: ავტომობილის მართვა დღის და ღამის პირობებში; ასევე, უსწორმასწორო რელიეფის გავლა სხვადასხვა ამინდის პირობებში; არარეგლამენტირებული სამუშაო გრაფიკი და სხვ.

ასევე, ძალზე საინტერესოა ის მინიმალური მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მომავალი მზვერავი: აშშ-ის მოქალაქეობა, ძლიერი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები (სიტყვიერი და წერილობითი); შედეგებზე ორიენტირებული, გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; მოქნილობა, ადაპტირება და ერთგულება ცსს-ს მისიისადმი; ინიციატივისა და შედეგის მიღწევის უნარი; ცსს-სა და აშშ-ის მთავრობას შორის კომუნიკაციის განვითარებისა და შენარჩუნების უნარი; პასუხისმგებლობა და ავტორიტეტის შენარჩუნება ყველა დონეზე და ყველა სიტუაციაში; ექსტრემალურ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი და ა.შ. ცსს-ს, ასევე, გააჩნია სასტიპენდიო პროგრამები ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის (უპირველესად, ეროვნული უმცირესობებისთვის). ცსს-ს სტიპენდია ენიშნებათ იმ აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს, რომლებიც მომავალში მიიღებენ: კიბერ-უსაფრთხოების ანალიტიკოსის; ეკონომიკური ანალიტიკოსის; ლიდერობის ანალიტიკოსის; სამხედრო ანალიტიკოსის; პოლიტიკური ანალიტიკოსის; მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და შეიარაღების ანალიტიკოსისა და სხვ. დიპლომებს. როგორც ცსს-ს ანალიტიკოს-სტაჟიორები, ისინი იმუშავებენ გამოცდილ ანალიტიკოსებთან ერთად, შეისწავლიან და შეაფასებენ ინფორმაციას, როგორც ღია, ასევე - საიდუმლო წყაროებიდან. ბოლოს კი, შესაბამისი ანალიზის შემდეგ, შეადგენენ მოხსენებებს. სტაჟირების მთელ პერიოდში მათ ეძლევათ სტიპენდია წლიურად 46, 300 - 90, 500 აშშ დოლარის ოდენობით. იქნებ, ჩვენი სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმაც გაითვალისწინონ ახალგაზრდა კადრების მოზიდვის ეს, ძალზე ეფექტიანი ფორმა. თუმცა - ძალზე მეეჭვება: მაშინ გამჭვირვალე უნდა გახდეს მთელი საკადრო პოლიტიკა. უნდათ კი ეს მათ? ცსს შტაბ-ბინა, ლენგლი

აშშ-ში სპეცსამსახურის თანამშრომელთა მომზადების ერთგვარ ცენტრად შეიძლება ვირჯინიის შტატი ჩაითვალოს. აქ, პატარა ქალაქ უილიამსბურგთან ახლოს, მდებარეობს ცსს-ს "სპეციალური მომზადების ცენტრი" (კოდური სახელწოდება "ფერმა"), სადაც 18-კვირიან მომზადებას გადიან მომავალი მზვერავები. ამავე შტატში, კუანტიკოს სამხედრო ბაზაზე, განლაგებულია გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) აკადემია, სადაც კონტრდაზვერვის თანამშრომლების მომზადება ხდება. ამერიკის შეიარაღებული ძალები - არმია, ფლოტი და ავიაცია, მზვერავებს ამზადებენ საკუთარ სასწავლო ცენტრებში, რომლებიც სხვადასხვა სამხედრო ბაზაზეა მოთავსებული. ამერიკის ყველაზე გასაიდუმლოებული სპეცსამსახურის - უშიშროების ეროვნული სააგენტოს სასწავლო ცენტრის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით კვლავ მკაცრად გასაიდუმლოებულია.

ზოგადად, სპეცსამსახურის თანამშრომლის მომზადება ძალზე დიდ ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ უცხოეთის სპეცსამსახურებში ცდილობენ, მაქსიმალური დიდი პერიოდით შეინარჩუნონ საჭირო თანამშრომელი, შეუქმნან მათ აუცილებელი მატერიალური და სოციალური პირობები. მაღალი ანაზღაურება კი ის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა, რომელმაც უნდა აამაღლოს სპეცსამსახურის თანამშრომლის მოტივაცია. ამჟამად აშშ-ის სპეცსამსახურებში ხელფასის შემდეგი განაკვეთები მოქმედებს: ოპერატიული თანამშრომელი 5-7, ქვედანაყოფის უფროსი - 8-10, ხოლო ორგანიზაციის ხელმძღვანელები - 12-15 ათასს დოლარს იღებენ თვეში. ხელფასის გარდა, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სამხედრო პირისა და სპეცსამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა. აშშ-ში დაზვერვისა და კონტრდაზვერვის თანამშრომლების პენსიაზე გასვლის ზღვარია - 62 (თუმცა ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია განსაკუთრებულ შემთხვევაში გადაწიოს ეს ვადა), გერმანიაში - 60, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 55 წელი. პენსიაზე გასვლა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: 1. ზღვრული ასაკის მიღწევისას; 2. თანამშრომლის პირადი სურვილით; 3. ადმინისტრაციის ინიციატივით. ცსს-ში მოქმედებს პენსიაზე გასვლის შემდეგი ორი სისტემა: ა. იმ პირებზე, რომლებიც სამსახურს ასრულებენ ქვეყნის შიგნით, ვრცელდება სახელწიფო მოხელის საპენსიო სისტემა; ბ. იმ თანამშრომლებზე, რომლებიც ქვეყნის გარეთ ასრულებენ დავალებებს, ვრცელდება სპეციალური საპენსიო სისტემა. ჯერ კიდევ 1964 წელს მიღებული კანონის თანახმად, ცსს-ს იმ თანამშრომლებს, რომელთაც საზღვარგარეთ მუშაობის 20-წლიანი სტაჟი ჰქონდათ, პენსიაზე გასვლა გაცილებით ადრე - 50 წლის მიღწევის შემდეგ შეეძლოთ. 1977 წელს მიღებული კანონით კი ეს ვადა 45 წლამდე შემცირდა. საპენსიო თანხის მოცულობა დამოკიდებულია: წელთა ნამსახურეობაზე, სამსახურის გავლის ადგილზე, ხელფასის მოცულობასა და სხვა ფაქტორებზე. როგორც წესი, ეს თანხა შეადგენს ცსს-ში მუშაობისას მიღებული ყველაზე მაღალი ხელფასის 70-85 %-ს. პენსიაზე გასვლის შემდეგ ყოფილ თანამშრომლებს სპეცსამსახურები კი არ ივიწყებენ, არამედ - აქტიურად იყენებენ მათ უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას. ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურს კადრების განყოფილებაში გახსნილი აქვს სპეციალური ბიურო, რომელსაც პენსიაზე გასული თანამშრომლების "სამოქალაქო სექტორში" შრომითი მოწყობა ევალება. ზოგიერთ შემთხვევაში, "პენსიონერები" აქტიურად არიან ჩართულნი ოპერატიულ მუშაობაში, ხოლო საკონსულტაციო და სალექციო საქმიანობა მათი ერთ-ერთი სასიამოვნო "მოვალეობა" ხდება. ძალზე საინტერესოა სპეცსამსახურის ვეტერანებთან (ანუ იმ პირებთან, რომლებსაც ასაკის ან ჯანმრთელობის გამო აქტიური მოღვაწეობის გაგრძელება აღარ შეუძლიათ) დამოკიდებულების ტრადიცია. ქვეყნის და სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ცდილობენ, მაქსიმალური მზრუნველობა და ადამიანური ყურადღება გამოიჩინონ მათი და მათი ოჯახების მიმართ (ეს იქნება სადღესასწაულო დღეების მილოცვა თუ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრაში თანადგომა). მიზანშეწონილი იქნება, თუ ჩვენი ხელისუფლება იმ დიდ გამოცდილებას გაითვალისწინებს, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს სპეცსამსახურების თანამშრომლების სახელფასო და საპენსიო უზრუნველყოფის მხრივ აქვთ დაგროვილი. უპირველესად, მხედველობაშია მისაღები, რომ სპეცსამსახურის თანამშრომლის "ოქროს ხანა" 30-60 წლის ასაკია. ამ დროისთვის ყალიბდება კვალიფიკაციის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების ის აუცილებელი რესურსი, რომელიც სპეციფიკური დავალებების შესასრულებლადაა საჭირო. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ "ნორმალურ" ქვეყნებში ერთი ოპერატიული თანამშრომლის სათანადო დონეზე მომზადებას 4-5 წელი სწავლა და პრაქტიკული მეცადინეობები და, სულ ცოტა, 70-80 ათასი დოლარი სჭირდება, მაშინ გასაგები იქნება, თუ რატომ უფრთხილდებიან სხვა ქვეყნებში მაღალი კვალიფიკაციის "ოპერებსა"და ანალიტიკოსებს.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს არერთხელ განუცხადებიათ, რომ თანამშრომელი, რომელიც ყველაზე სახიფათო და ექსტრაორდინარულ დავალებებს ასრულებს, უნდა გრძნობდეს მაქსიმალურ მორალურ და მატერიალურ მხარდაჭერას ქვეყნისა და ამ ორგანიზაციისაგან. მათი სიტყვა და საქმე კი ერთმანეთს არ სცილდება. ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებსა და შეიარაღებულ ძალებში კი, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, 30-40 წლის ასაკზე უფროსი, სათანადო ოპერატიული და ანალიტიკური მუშაობის გამოცდილების მქონე თანამშრომელი თითქმის აღარ დარჩა, მით უფრო, მაღალ და უმაღლესს სამეთაურო პოსტებზე. სპეცსამსახურის სიძლიერე მხოლოდ უახლესი კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილებისა და მოსასმენი აპარატურის შეძენით არ განისაზღვრება (რა თქმა უნდა, ესეც აუცილებელია). ყოფილი თუ ამჟამინდელი თანამშრომლებისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულება, მათი მატერიალური უზრუნველყოფა და სოციალური დაცვა უფრო ზრდის და ამაღლებს სპეცსამსახურის ავტორიტეტსა და პრესტიჟს, ვიდრე - ძვირად ღირებული ოპერატიული ტექნიკა.

გაგრძელება

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს