ჩაის გზა საქართველოში
ჩაის გზა საქართველოში
ჩაის პლანტაცია
ჩაის გზა შორეული ჩინეთიდან საქართველოსკენ საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ჩაის სამშობლო ჩინეთია. ის თანდათან გავრცელდა, ჯერ აზიის ქვეყნებში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. თუ ჩინეთში ჩაის კულტურა დაახლოებით 350 წელს დამკვიდრდა, იაპონიაში მხოლოდ 805-810 წლებში, კორეაში კი - 828 წელს გაჩნდა, ევროპაში კი გამოჩენას თითქმის მთელი ათასწლეული დასჭირდა.
+
ჩაის ბუჩქი მარადმწვანე, მცირე ზომის, მრავალწლიანი (ცოცხლობს 100 წელზე მეტხანს) ბუჩქია. მისი ფოთლები კოფეინს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ტანინებს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს.

ვინ და როდის შემოტანა ჩაის ნერგები პირველად საქართველოში?

პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩენილა, მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ერეკ­ლე მეორეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა. ისე კი, საქართველოში ჩაის ნერგების შემოტანის სხვადასხვა ვერსია არსებობს.

ვერსია პირველი:

ჩაის, ციტრუსების და სურნელოვანი ვარდის ნერგების შემოტანა გურიის უკანასკნელმა მთავარმა მამია გურიელმა (1789 - 1826) მე–19 საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო. 15 წლის განმავლობაში მან ციტრუსებისა და ჩაის ბუჩქების გაშენებით თავის მამულში შესანიშნავი ბაღნარი მოაწყო. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება, სოფლის მეურნეობის სექტორის გარდაქმნა და განვითარება.
+
გურიელმა ბაღის მოსაწყობად მოიწვია შოტლანდიელი მებაღე იაკობ მარი (ცნობილი ენათმეცნიერის ნიკო მარის მამა), რომელსაც სამოსახლოდ და სანერგეს მოსაწყობად ლანჩხუთის ახლოს მისცა ადგილ-მამული 15 ყმა-ოჯახით. თურმე მარმა ყმებზე უარი განაცხადა.

ვერსია მეორე:

პირველად ჩაის ბუჩქი კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ვორონცოვმა იმპერატორის ბაღიდან სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ოზურგეთის მცენარეთა ჯიშსაშენებში გადმორგო. მცენარემ შესანი­შნავად იგუა ადგილობრივი ჰავა. აქედან ჩაის ბუჩქი გადაურგავთ ზუგდიდში, დადი­ანების სასახლეში, მოგვიანებით ჩოხატაურის მახლობლად, ერისთავების მამულში.
+
მიხეილ ვორონცოვი
ფოტოს დასახელება

ვერსია მესამე:

ჩაის ნერგები პირველად ოზურგეთის მაზრის სოფელ გორა-ბერეჟოულში, მიხა ერისთავის მამულში გამოჩნდა, რომელსაც ჩაის კულტურა პირველად ჩინეთში უნახავს და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც ის ცხოვრობდა, ძალიან ჰგავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, გადაუწყვეტია ჩაის საქართველოში შემოტანა და გაშენება. ის ჩაის პრიმიტიული, კუსტარული მეთოდით ამუშავებდა.
+
იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა სასტიკად იკრძალებოდა, ამიტომ თავად მიხა ერისთავს ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩაუწყვია და საზღვარზე ისე გადმოუტანია.

ჩაი, საქართველო და ლაო ჯონჯაო

რაც შეეხება საქართველოში ჩაის კულტურის გაშენების რეალურ მცდელობას, ეს კონსტანტინე პოპოვის სახელს უკავშირდება, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინეთიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა.
ლაომ წელიწადზე მეტი დრო დაჰყო მოსამზადებელი სამუშაოებისთვის. შემდეგ ნახევარი წლით ჩინეთში დაბრუნდა, 1897 წელს კი თავისი ოჯახით ბათუმში გამოემგზავრა. ამჯერად პოპოვმა მგზავრობისთვის მთელი გემი იქირავა. ლაოს ბათუმში მოჰყავდა დედა, ცოლი, და, 5 წლის ვაჟი და ახალშობილი ქალიშვილი, ასევე 12 მუშა ოსტატი მეუღლეებთან ერთად.
ლაო ჯონჯაო
+
პირველი მეჩაიე ქალები
ფოტოს დასახელება
+
1900 წელს პარიზში გამართულ ჩაის მსოფლიო გამოფენაზე პოპოვის ფაბრიკაში ლაო ჯონჯაოს დამზადებული ჩაი წარადგინეს და მსოფლიოში საუკეთესო ჩაისთვის პოპოვი ოქროს მედლით დააჯილდოეს. ამ დროს საქართველოში უკვე ჩაის 23 საცდელი ნაკვეთი იყო.
+
ერთ-ერთი პირველი ჩაის ფაბრიკა ჩაქვში
ფოტოს დასახელება

საბჭოთა მეჩაიეობა

საბჭოთა პერიოდის ჩაის შეფუთვა
დიდი მნიშვნელობა ქართულ ჩაის მე–20 საუკუნის 20–იან წლებში მიენიჭა. მაშინ ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების მიზნით მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა. შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიყვანეს ახალი ჯიშები (ქართული 1, ქართული 2, ლონი, კოლხეთი).
მეჩაიეობის პროპაგანდისთვის პოეტები ჩაის უძღვნიდნენ ლექსებს, კომპოზიტორები სიმღერებს, რეჟისორები კი ფილმებს იღებდნენ.
1980-იან წლებში ქართული ჩაის ინდუსტრიაში 190 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, არსებობდა 70 ათასი ჰექტარზე გაშენებული ჩაის პლანტაციები, 140 პირველადი წარმოების, 25 დაფასოებისა და 3 მექანიკური ქარხანა, ასევე რამდენიმე სამრეწველო ობიექტიც. საქართველოში იწარმოებოდა 600 ათასი ტონა მწვანე ფოთოლი, ანუ 133 ათასი ტონა ჩაი, რამაც ჩვენ მეხუთე ყველა დიდი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა გაგვხადა ინდოეთის, ჩინეთის, იაპონიისა და შრი-ლანკის შემდეგ.
+
+
საბჭოთა მეჩაიე ქალი
საბჭოთა მეჩაიე ქალი
+
საბჭოთა პერიოდში უზარმაზარ ქვეყანას ჩაით საქართველო ამარაგებდა, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე გაიზარდა რაოდენობა, რასაც დამღუპველი შედეგი ჰქონდა როგორც ქართული ჩაის ავტორიტეტისთვის, ასევე მისი გემოსა და არომატისათვის.

გასული საუკუნის 90-იანი წლები და დღევანდელობა

XX საუკუნის 90-იან წლებში ქართული ჩაი განადგურების გზას დადგა. .

ქვეყანაში სამოქალაქო ომთან ერთად, ჩაის პლანტაციების გაჩანაგებაც დაიწყო.
თუმცა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად სტაბილური ცხოვრების პირობების გაჩენამ კვლავ მისცა ბიძგი დარგის განახლებას. ამჟამად, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, კვლავ ხდება გურიასა და სამეგრელოში პლანტაციების გაშენება, ქართული ჩაი ნელ-ნელა ისევ განვითარების გზას დაადგა.
დღეს ჩაის საქართველოში რამდენიმე კომპანია აწარმოებს. მათ პლანტაციები აქვთ გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში.

ჩაის (ქართული/ადგილობრივი) ექსპორტი და უცხოურის იმპორტი

2021 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან ქართული ჩაის (არომატიზებული და არაარომატიზებული) ექსპორტი (ადგილობრივი ექსპორტი) გაიზარდა. კერძოდ, წელს 5 თვეში უცხოეთში 694 ტონა (495 ათასი დოლარის ღირებულების) ქართული ჩაი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 66,4%-ით მეტია. 2020 წლის იანვარ-მაისში 417 ტონა ქართული ჩაის ექსპორტი განხორციელდა, სულ 354,5 ათასი დოლარის ღირებულების.
რაც შეეხება იმპორტს, წელს აქ კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2020 წლია იანვარ-მაისში საქართველომ უცხოეთში 1 061 ტონა ჩაი იყიდა (4,329 მლნ დოლარი), წელს კი მხოლოდ 861 ტონა (3,548 მლნ დოლარი), ანუ კლება 18,8%-ია.11111
საექსპორტო ბაზრები: (2020 წელი)

ქართული ჩაი ძირითადად გადის შემდეგ ქვეყნებში: მონღოლეთი, ყაზახეთი, სომხეთი, თურქმენეთი, რუსეთი. (ჯამში 23 ქვეყანაში)

იმპორტი: (2020 წელი)

იმპორტი კი ძირითადად ხორციელდება შემდეგი ქვყნებიდან: აზერბაიჯანი, თურქეთი, შრი-ლანკა, რუსეთი, ინდოეთი (ჯამში 27 ქვეყნიდან)

ექსპორტიორი კომპანიების top-10

უმსხვილესი კომპანიები, რომლებმაც განახორციელეს არომატიზებული ან არაარომატიზებული ჩაის ადგილობრივი ექსპორტი (2020 წელი)
  • შპს გეოპლანტი
  • შპს შარმ ტრეიდინგი
  • შპს თერნალი-ჩაი
  • შპს ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკა
  • შპს საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია ლაზი
  • სს ქობულეთის ჩაი
  • შპს ემირი
  • შპს ჩაქვის ჩაი-2007
  • შპს რენეგეიდ თიი
  • შპს მანნა
( შენიშვნა: კომპანიები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
(წყარო - სტატისტიკის ეროვნული სამსახური)


პროექტზე მუშაობდნენ
:
ეკა გადახაბაძე, ნათია დოლიძე, ელზა წიკლაური, თამარ ილარიონოვა, ლუკა ჭიღლაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!