სად იკარგება ეროვნული ენერგია?! - კვირის პალიტრა

სად იკარგება ეროვნული ენერგია?!

თომას მანის "დოქტორ ფაუსტუსში" არის ასეთი სცენა, მიუნჰენის ქალაქური ცხოვრებისაგან მოშორებით, პფაიფერინგში გადასახლებული ადრიან ლევერკიუნი, საკუთარ შემოქმედებით ცხოვრებას და დროს მყუდრო გარემოში, სახლის მასპინძლის მზრუნველობის ქვეშ ატარებს და თხზავს მუსიკას. შაკიკით შეწუხებული კომპოზიტორი, ავადმყოფობის შემოტევისას, დროს სახლის ერთ ნაწილში ატარებს, რომელსაც აბატის პალატი ჰქვია და იქ ფარდებჩამოფარებულ ოთახში, ბნელ სივრცეში შედარებით ადვილად უმკლავდება თავის ტკივილს.

ადრიანს მონატრებული მნახველი ბევრი ჰყავს. ის ამით დიდად აღფრთოვანებული არ გახლავთ, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები მისგან ამგვარ ხარკს ითხოვს. ერთ დღეს ლევერკიუნს ესტუმრება ცნობილი მევიოლინე რუდოლფ შვერტფეგერი, რომლის პფაიფერინგში ჩასვლის მიზანი თითქოს ადრიან ლევერკიუნის მონახულება იყო, თუმცა ამ შესაძლებლობას რუდი პირადი მიზნებისთვის იყენებს. კერძოდ, მევიოლინე კომპოზიტორს სთხოვს საგანგებოდ და პირადად მისთვის დაწეროს სავიოლინო კონცერტი. ამ ამბის მთხრობელი ზერენუს ცაიტბლომი კიცხავს რუდი შვერტფეგერს იმისთვის, რომ მევიოლინე თითქოს ამაღლებული საკითხებიდან, ერთგვარად მერკანტილური და ასე ვთქვათ ფილისტერული საკითხებისაკენ ეშვება. თომას მანი ამას ხატოვნად, "სიბნელის ბოროტად გამოყენებას" უწოდებს.

ადამიანი იმდენადაა თავისი თავით გართული და მოცული, რომ ასე მხოლოდ გერმანელი კლასიკოსის ნაწარმოებებში არ ხდება. ხშირია ასეთი რამ ჩვენშიც. დასამალი რა არის და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა, საზოგადო და ამაღლებული იდეალების საფარქვეშ, ნაკლებად არსებითის გათრევის მცდელობის ტენდენცია და იმ ეტრატის უკანა გვერდზე, რომელზეც ამოტვიფრულია საგანგებო ტექსტი ამაღლებული იდეალებისა, ხელგაკვრით ამოშანთვა თავსმოხვეული, უსარგებლო დეკლარაციებისა.

ხშირად ამ ტენდენციით განპირობებულია საჯარო მსჯელობებიც, ტექსტები და ქვეტექსტები სავსეა ერთმანეთით. საჯაროდ წარმართული კამათის მიზანი კი თითქმის არასდროს არის კონსესუსის ძიება და ამიტომ ჩვენს საზოგადოებაში კამათს ძირითადად შეხედულებებს შორის არსებული უფსკრულის კიდევ უფრო გაღრმავება სდევს თან.

კამათი განწირულია ღვარძლიანი და გაბოროტებული სიტყვა-პასუხისთვის, მტრობისთვის ერთმანეთისგან კიდევ უფრო დაშორებისა და ერთმანეთის სიხლოვეს კედლების შენებისთვის და ამაში ვცოდავთ ყველა, ვინც თვლის რომ სხვაზე მაღლა დგას, მისი აზრი უფრო ღრმა ან რაციონალურია, ყოვლისმომცველი ან მართალია და ეს ყველაფერი აფიქრებინებს, რომ პირობითი მეორე მხარის მიღმა ყველა დანარჩენი ან "ბნელი" ან "ცოდვილი" ან "ჩამორჩენილი" ან "უღირსია".

კამათის კულტურაში კი ვჩანვართ ჩვენ, საზოგადოება. და რა უცნაურია, ის თუ არაჩვეულებრივი ყოფითი სიახლოვის გამო, ხშირად ერთმანეთის სუნთქვაც რომ გვესმის, რანაირად გამოგვდის თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე დავიყოთ მტრულად განწყობილ უამრავ ქვეჯგუფად?!

არადა, არ არის კონფრონტაცია პატარა საქმე, რადგან სიბრაზეში ხორცს ისხამს სიძულვილი, პირველი მეორეში მზადდება და მათი გამონაბოლქვი საშინლად ხრჩოლავს, საშინლად ხუთავს ჰაერს, რომელსაც მთელი საზოგადოება სუნთქავს.

აი რად იქცევა თითქოს არაფრისმთქმელი, "რასაც მინდა იმას დავწერ და იმას ვიტყვი" ოპუსები. და ეს გვეხება ყველას, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა ნათქვამი სიტყვა რამდენი ადამიანის გულის სიღრმემდე მიაღწევს და გზად რას დააზიანებს, რას დაწვავს, ვის შეურაცხყოფს და დაამწუხრებს.

ჩვენი გამოწვევების ქვეყანას კი თითქოს ამისთვის არ უნდა გვეცალოს. ეს ენერგია თავისუფლად შეიძლება შევკრათ და გავაერთიანოთ მავთულხლართების, მართლაც მტრული პოლიტიკის, ადამიანთა გაჭირვების და ტკივილის წინააღმდეგ. იმ ამოცანებისთვის, რომელთა გადაჭრა ისევე გვეხება ყველას სათითაოდ, როგორც ქვეყანას მთლიანად.

პალეონტოლოგს თუ მუსიკოსს, ექიმს თუ სპორტსმენს, არქიტექტორსა და კონდუქტორს, პედაგოგსა და ხელოსანს ერთნაირად ეკუთვნის ეს ქვეყანა და აქ აზრის გამოთქმის უფლება. არავინაა არავისზე მეტი, არავინაა პატრიცი და არავინაა პლებეი, არავინაა მონა და არავინ ბატონი, არავინაა მორალურ და ინტელექტუალურ ვალში ერთმანეთთან, არავის არაფერი მართებს სიცოცხლის ან სიკვდილის ფასი.

ამიტომ, მოვიშორებთ რა გამრუდებულ წარმოდგენას ერთმანეთზე, უფრო მორიდებით, უფრო კრძალვით, უფრო პატივისცემით მოვიხსენიებთ ერთმანეთს, მეტი თავაზიანობით დავუსვამთ კითხვას ადრესატს და დაველოდებით პასუხს.

კაცობრიობა მიდის წინ და ამას ის განსხვავებული აზრის პირობებში, ცივილიზებული თანაცხოვრებით ახერხებს. თორემ სხვა შემთხვევაში, განსხვავებული აზრის მიუღებლობისა და მუდმივი ჯგუფური დაპირისპირების პირობებში ერი და საზოგადოება თვითლიკვიდაციისა და გამოლევისთვის, სულიერი და ფიზიკური გამოფიტვისთვის წირავს თავს. ამიტომ არ არის ეს უბრალო და მარტივი საკითხი,  არ არის აუცილებელი ნათქვამ სიტყვას მაინც და მაინც პოეტური ძალა ჰქონდეს, მაგრამ აუცილებელია ის პატივისცემით იყოს წარმოთქმული და ამის გაკეთება კრიტიკული შინაარსის გამოხატვისასაც შეიძლება. შესაძლებელია რომ ის აღბეჭდილი იყოს წინააღმდეგობრივი აზრით, მაგრამ აუცილებლად ახლდეს ტაქტი და კორექტულობა, რადგან სწორედ მხოლოდ ასეთ სიტყვას შეუძლია გზა გაიკვალოს ადამიანთა გონებიდან მათი გულებისაკენ და განსაზღვროს ქცევა. ბოროტი დაუნდობლობით გამსჭვალული სიტყვა კი დამანგრეველია, უნაყოფოა.

როცა ჩვენ შემგუებლური ვხდებით ურთიერთლანძღვის ატმოსფეროსთან, ასეთ დროს რაღა მნიშვნელობა აქვს ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, ვინ ჟირონდისტი, ვინ იაკობინელი, ვინ ებერტისტი და ვინ დანტონელი. ეს ისტორიული ალუზია საფრანგეთის რევოლუციის ქრონიკებიდან არც მთლად ალუზიაა, რადგან დაჯგუფებების დასახელებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ აზრთა სხვადასხვაობიდან კამათის გავლით ყველაფერი მართლაც ცივსისხლიან რევოლუციურ გარჩევებს და მართალია სიტყვიერ, მაგრამ მაინც ხოცვა-ჟლეტას ემსგავსება.

სწორედ ამიტომ, საჯარო სივრცეში დიალოგის სტანდარტი ითხოვს დახვეწას და ამაღლებას და ამაში თანაბარი როლი გვაქვს ყველას, რესპონდენტსაც და მედიასაც და თუ მაინც მოხდა ისე, რომ შევცდით და შეურაცხვყავით თანამოსაუბრე, მერე შევაქოთ მაინც, აი როგორც დიოგენემ ალექსანდრე მაკედონელი, მასთან შეხვედრისას.

ძალმომრეობა ჭეშმარიტების ანტაგონიზმია, ამ სინამდვილით არის აღსავსე კაცობრიობის ისტორია. იქ სადაც იწყება ჩაგვრა ინდივიდისა, მისი თავისუფალი აზრისა, უწყლოვდება და უდაბურდება, უდაბნოვდება გარემო და იქ სადაც პატივისცემით ეკიდებიან მოსაზრებებს, ერი და საზოგადოება გიგანტურ ნაბიჯებს დგამს განვითარებისკენ. კამათი და ოპონირება აზრისა, შეხედულებისა, არის აუცილებელი, მაგრამ ფატალურ უაზრობამდე დადის ნებისმიერი კამათი თუ მას შედეგად შეთანხმება არ მოსდევს.

ვინც სუბიექტურად არ მოგვწონს, მისი ენერგიაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. სათანადო ადგილიდან ყველას აქვს პოტენციალი თავისი გავლენით გააძლიეროს ქვეყანა და ეს გავლენა სწორედ იმ ენერგიაში გამოიხატება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანთა კამპანიურ ლანძღვაში იკარგება.

დიახ, ადამიანთა დეკლასირება, თანასწორობის იდეის გაპამპულავება, სნობური თვალთახედვის დამკვიდრება, აძლიერებს სიცარიელეს და აკნინებს ენერგიას. ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, დიდი პრინციპულობით დავიცვათ ჩვენი აზრები, ეს აუცილებელია, მაგრამ ამავე დროს აუცილებელია ამ პროცესში დავიცვათ ერთმანეთიც, რადგან ამით ეროვნული ენერგიის კვლავწარმოქმნა ხდება. ეროვნულ ენერგიას კი შეუძლია გადადგას მთები, ააშენოს ჩინეთის და დაანგრიოს ბერლინის კედლები, ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მომავალშიც.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს