სამთავროს ეზოში ერთმანეთს შეხვდა ორი პატრიარქი - უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე და იმ დროს 3 წლის ირაკლი შიოლაშვილი... - კვირის პალიტრა

სამთავროს ეზოში ერთმანეთს შეხვდა ორი პატრიარქი - უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე და იმ დროს 3 წლის ირაკლი შიოლაშვილი...

უთვალავი ცნობილი თუ დაფარული წმინდანი ჰყავს სამყაროს. ისინი რომ არა, დედამიწა დიდიხნის წინ დაკარგავდა სიცოცხლეს... ჩვენდა ნუგეშად, უფალს არძალუძს, მათი გულიდან ამოსული მადლიანი ღაღადისი არ შეისმინოს...

ზოგი მათგანი სამონაზვნე მანტიით შემოსა განგებამ, ზოგი - მღვდელმთავრისა, ზოგი კი - გარეგნულად არავისგან გამოარჩია... ერთნი უკვე ზეცად არიან, სხვანი - ჩვენ გვერდით ცხოვრობენ და ხშირად ვერც კი წარმოვიდგენთ, თუ რაოდენ ვალში ვართ მათთან.

ყოველ მათგანს უხილავად დააქვს აუწონელი ზეციური მარგალიტები, თუმც თავადვე არიან სამყაროს საგანძურნი...

ეს მადლიანი ამბები მხოლოდ მცირე ნაწილია საქართველოს წმინდა ისტორიისა, რომლებსაც კრიალოსნად აკინძულს გთავაზობთ...

ჩვენი პატრიარქის ნათლიის, იღუმენია ზოილე დვალიშვილის სხეულს სამთავროს წმინდა მიწა ინახავს...

დიდი მცდელობის მიუხედავად, სამწუხაროდ, მასზე მხოლოდ რამდენიმე მოგონება და საარქივო დოკუმენტი მოვიძიე, მაგრამ შემდეგ მივხვდი, - დედა ზოილეს სრულყოფილი მატიანე მისივე უღრმესი, მანათობელი თვალები იყო, - უხმო მოწმობა ღვთისთვის მიძღვნილი სიცოცხლისა...

პატრიარქი თურმე ყრმობიდანვე ხშირად სტუმრობდა სამთავროში თავის ნათლიას...

ამ შეხვედრებს უწმინდესი შემდეგ ასე იგონებდა: «სულ პატარა ვიყავი, იქ რომ დავდიოდი ჩემს ნათლიასთან, დედა ზოილე დვალიშვილთან. იგი იყო უკანასკნელი წინამძღვარი ბედიის მონასტრის, რომლის დროსაც ხსენებული მონასტერი დახურეს, ღამით დედები იქიდან გამოიქცნენ და დაიფანტნენ. უწმინდესმა კალისტრატემ (ცინცაძემ) კი ისინი სხვადასხვა, ჯერ კიდევ მოქმედ მონასტრებში გაანაწილა, ზოგი მათგანი კი ოჯახებს დაუბრუნდა და იქ დაიწყო მოღვაწეობა»...

ღვთის განგებით და დედა ზოილეს წყალობით სწორედ სამთავროში შეხვდნენ ერთურთს საქართველოს ორი პატრიარქი - უწმინდესი კალისტრატე (ცინცაძე) და იმ დროს ჯერ კიდევ 3 წლის ირაკლი შიოლაშვილი, რომელსაც ნათლიის შემწეობით, ლოცვა-კურთხევაც მიუღია პატრიარქისგან.

დედა ზოილეს უთქვამს, - ეს გიორგი და ნატო შიოლაშვილების შვილიაო, რაზეც უწმინდეს კალისტრატეს უპასუხია, - ვიცნობ ამ ოჯახს და ვლოცულობ მათთვისო...

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელიანი), რომელსაც კარგად ახსოვს პატრიარქის ნათლია, იგონებს: დედა ზოილე იტყოდა ხოლმე, - ყმაწვილქალობიდან მონაზონი ვარ, მამაკაცის ხელი არ შემხებია, მაგრამ ღმერთს იმ მეძავივით ვთხოვ ხოლმე შენდობას, მირონი რომ სცხო და ცრემლით დაულტო ფეხებიო...

ახალგაზრდობაში, როდესაც ვნებები მებრძოდა, საღამოობით, ლოცვის შემდეგ უჩუმრად ავდიოდი ზედაზენზე, მის კედელთან ვლოცულობდი, დილით კი სამთავროში წირვისთვის ვბრუნდებოდი... იქ ცრემლით ავდიოდი და სიხარულით ვბრუნდებოდი, თითქოს ჩემს იარებს ღირს მამა იოანე ზედაზნელთან ვტოვებდიო...

ერთხელ დაეკითხნენ, - საერო პირებთან ურთიერთობა შინაგან ლოცვას ხომ არ გაკარგვინებთო, რაზეც უპასუხა: - ამ დროს მოსაუბრეს ვუსმენ და თავად ვლოცულობ, ვცდილობ, ნაკლები ვილაპარაკო. თან ჩემთვის, ჩუმად მისთვის ვლოცულობ, ჩემთან ერიდან ამოსული ადამიანი რომ არ მივიღო და გაწბილებული უკან გავუშვა, ეს ხომ დიდად შემაბრკოლებს ლოცვაშიო...

იმის მაგალითად, თუ რაოდენ ამშვენებს ადამიანს თავმდაბლობა და მოკრძალება, მცხეთელი მებაღის მიხეილ მამულაშვილის ამბავი მოჰყავდა: ის ჩვენს მონასტერში არ შემოდიოდა და ჩვენც საერო საქმეებში პირთამდე ჩაფლულ ადამიანად მივიჩნევდით...

როდესაც მონასტრიდან გამოგვაძევეს, მამულაშვილი მოულოდნელად გამოჩნდა... მილიციას ალყაში ჰქონდა მოქცეული სამთავროს ეზო, ხელისუფლების ნაწილიც იქ იყო... გვემუქრებოდნენ, თუ რომელიმე შეყოვნდებით, ციხეში გიკრავთ თავსო... სიწმინდეები და ნივთები კელიებიდან გადმოგვიყარეს... მამულაშვილმა სთხოვა, - მონაზვნებს ხელი არავინ ახლოს, ჩემთან მიმყავს სამუშაოდო, შემდეგ თავადვე გაიტანა ჩვენი ნივთები, ხატები და წიგნები... ყველა ჩვენგანი შეიფარა, მამასავით და ძმასავით გვივლიდა და გვპატრონობდა, რისთვისაც შეეძლოთ, ციმბირს ეკრათ თავი...

რამდენიმე თვეში, დღემდე არ ვიცი, ვისი შეწევნით, ჩვენს კელიებში დაბრუნების უფლება მოგვცეს (მათი ნაწილი ტუბდისპანსერს გადაეცა). გადასვლაში მამულაშვილი ისევ დაგვეხმარა და ამის შემდეგ აღარც გვინახავს, თუმცა უჩუმრად ვიღაცის ხელით გვიგზავნიდა ხოლმე შესაწირსო.

დედა ზოილე ხშირად ამბობდა, - მონასტრის იღუმენია ღვთისმშობელია, მე მხოლოდ ტრაპეზარი ვარ, რომელიც დედებს პურს უნაწილებს. როდესაც ჰკითხეს, - თქვენს შემცვლელად ვის ამზადებთო, მიუგო: - სიკვდილის წინ იღუმენიას კვერთხს კელიასთან ავაყუდებ, ჰოდა, ვინც ისურვებს, მივიდეს და აიღოსო.

დედა ზოილეს დროინდელი სამთავროს მონაზვნები დიდი სითბოთი იხსენიებდნენ წილკნელ ეპისკოპოსს, უსათნოეს ტარასის (კანდელაკს), რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ქართულ ეკლესიას და მეცნიერებას. სწორედ მას აღუსრულებია ნათლობის საიდუმლო ჩვენი პატრიარქის ნათლისღებისას ვლადიკავკაზის ქართულ ტაძარში...

ალბათ, ეს ფაქტიც იკმარებდა მამა ტარასის უკვდავსაყოფად, მაგრამ იგი თითქოს ცოცხალი მატიანე იყო იმდროინდელი ქართული სინამდვილისა. სწორედ მამა ტარასი ახლდა ნებაყოფლობით შორეულ გადასახლებაში, სინაქსარის უდაბნოში პატრიარქ კირიონ II-ს (აწ წმინდანად შერაცხილს) და დევნილობის მთელი სიმძიმე მასთან ერთად დაითმინა.

მონასტერში უწმინდესი კირიონისთვის ერთი ცივი სენაკი მიუციათ, ფიცრის ტახტზე სქელი ყინული ყოფილა დაკრული,M რომელიც მამა ტარასის დიდი წვალებით, თითქმის ფრჩხილებით აუფხეკია, შემდეგ ანაფორა გაუხდია და უფლებააყრილი პატრიარქი მასზე დაუწვენია...

წმინდა კირიონის უმდიდრეს არქივსაც მეუფე ტარასიმ უპატრონა და გადაარჩინა... იგი 1951 წელს უკვე მხცოვანი აღესრულა და სვეტიცხოვლის გალავანში განისვენებს...

P.S გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.

- მყავს ორი შვილი. ვცდილობთ ორივე შვილს ერთნაირად მივაგოთ როგორც მატერიალური, ასევე სულიერი კეთილდღეობა. მაგრამ ხანდახან ორივე მძახალს ხან რა ეჩვენება და ხან რა. მე ვცდილობ ვილოცო. არ ვიცი, დაველაპარაკო მათ ამ თემაზე თუ არა?!

- თქვენს მძახლებს არ მოეჩვენებოდათ არაფერი თუკი ვინმე (რძალი, სიძე) არ დაანახვებდა მათ, რძალდედამთილობა, სიძესიდედრობა კი ის პრობლემაა, რაც კაცობრიობა არსებობს. უბრალოდ, თქვენ უნდა იყოთ "თქვენი გაგებით" სამართლიანი კი არა, არამედ ობიექტურად სამართლიანი და რაც მთავარია მძახლებს კი არ უნდა დაელაპარკოთ ამ საკითხზე (სხვაზე რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ), არამედ თქვენს შვილებს, როგრც წესი, ეს პრობლემები წარმოიშვება მაშინ, როცა შვილები თავის სიმაღლეზე (განსაკუთრებით ბიჭები) არ დგანან!

- შეიძლება თუ არა ნათლია იყოს მღვდელი?

- გარდა იმისა, რომ მღვდელი ნათლობის საიდუმლოს აღასრულებს, ასევე შეიძლება ნათლიაც  თავად მღვდელიც იყოს.

- გთხოვთ განმიმარტოთ: ტაძარი, მონასტერი და ეკლესია (ცალ-ცალკე).

- ტაძარი არის ნაგებობა, სადაც აღესრულება ღვთისმსახურება, ეკლესიის სინონიმური მნიშვნელობა აქვს ტაძარს, მაგრამ აქვს უფრო ფართო მნიშვნელობებიც, "ეკლესიოს" არის ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მორწმუნეთა კრებულს, საზოგადოებას. ასევე ეკლესიით მოიხსენიება კონკრეტულ მორწმუნეთა საზოგადოება. მაგ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ანტიოქიის ეკლესია, რუსეთის ეკლესია და სხვა. მონასტერი არის ადგილი, რომელშიც აუცილებლად არის ტაძარი, ან ტაძრების კომპლექსი, სადაც ღვთისმსახურება სრულდება, ოღონდ მონასტერი არის განკუთვნილი არა ზოგადად მრევლისთვის, არამედ ბერ-მონაზვნებისთვის, რომლებმაც ქრისტესთან მისასვლელი განსხვავებული ცხოვრების გზა აირჩიეს.

- დიღმის გზაზე, გორაკზე, დგას წმ. ნინოს ქანდაკება. მის წინაშე პირჯვარს იწერენ. სწორია?

- მართლმადიდებელი სამყარო ქანდაკების თაყვანისცემას კრძალავს და ნამდვილად არასწორი იქნებოდა, თუკი ვინმე მივიდოდა ამ მონუმენტთან და თაყვანს სცემდა, ეამბორებოდა და სხვ. მაგრამ თუკი ტრანსპორტში ყოფნისას ვინმეს ეს ქანდაკება მოციქულთა სწორ ნინოს გაახსენებს, მას შემწეობას სთხოვს და შესაბამისად პირჯვარს გადაიწერს, ვფიქრობ, ეს არასწორი არ იქნება!

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით მკითხველთა შეკითხვებზე უპასუხებს მღვდელი ლევან მათეშვილი.

თქვენთვის საინტერესო კითხვები მოგვაწოდეთ "კვირის პალიტრის" ყუთების საშუალებით.