ვის სურს კრიზისი და სად ვართ ახლა - კვირის პალიტრა

ვის სურს კრიზისი და სად ვართ ახლა

მე-20 საუკუნეში აშშ-ში ცხოვრობდა და საკმაოდ ნაყოფიერ სამწერლო საქმიანობას ეწეოდა კაცი, სახელად, უინსტონ ჩერჩილი, რომელიც უფრო ადრე გახდა ცნობილი და პოპულარული, ვიდრე მისი ბრიტანელი სეხნია. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ამერიკელი ჩერჩილის სამწერლო შემოქმედებაა.

მწერალ უინსტონ ჩერჩილის ნაწარმოებები 1897 წლიდან რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში სისტემატიურად იბეჭდებოდა, ქვეყნდებოდა და მკითხველთა დიდ აუდიტორიასაც ხიბლავდა.

ერთ-ერთი ასეთი წიგნი, რომლის სახელწოდებაა "კრიზისი" 1901 წელს დაიბეჭდა და იმავე წლის საუკეთესოდ გაყიდვადი წიგნიც კი გახდა. იგივე წიგნი 1916 წელს უხმო ფილმადაც ადაპტირდა.

ცხადია, ეს პოლიტიკური მოვლენების პროზაული გააზრებაა, სადაც გვხვდება მძაფრსიუჟეტიანი პასაჟებიც.

თხრობა სამხრეთისა და ჩრდილოეთის დაპირისპირების ფონზე და მის შინაარსზე მიმდინარეობს, სადაც, ბუნებრივია, არის აქცენტები ემოციასა და ანტაგონიზმზე, ამიტომ ამ რომანისთვის შეიძლება გასაგები იყოს ეს სიტყვა, რომელიც ზემოთ ნახსენებ ისტორიულ მოვლენას ცხადია ვერანაირად ვერ აჯამებს და ვერც ასათაურებს სრულფასოვნად, თუმცა მაინც გასაგებია.

ცხადია, კრიზისი არ ნიშნავს მაინც და მაინც ეგზისტენციალურ ბრძოლას სიძულვილის თანხლებით, არც მხოლოდ სამოქალაქო ომს და არც ექსტაზში შესულ კონფრონტაციულობას, თუმცა გასაგებია ის, თუ აქ ეს ტერმინი რატომ არის გამოყენებული, განსაკუთრებით ტექსტის მხატვრულობის გათვალისწინებით.

აი სრულიად გაუგებარია ტერმინ "კრიზისის" გამოყენება მაშინ და იქ, სადაც ამ სიტყვას ნამდვილ შინაარსზე მეტად, სურვილების გადმოსაცემად იყენებენ, რადგან ამ ტერმინის გალეგიტიმურების შესაძლო პროცესს ნიადაგი მეტად მყიფე აქვს.

ცხადია, მე არ ვაპირებ ასეთი პოლიტიკოსები, კომენტატორები თუ ექსპერტები ზედაპირულობასა ან მით უმეტეს კრიზისის პროვოცირებაში დავადანაშაულო, თუმცა ისინი არ არიან მართლები ტერმინ "კრიზისის" გამოყენებისას.

ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ ქვეყანაში კრიზისულია ვითარება, რადგან ერთი საპროტესტო მიზეზი მეორეს ცვლისო და მე სწრაფადვე გამიჩნდა სურვილი შევახსენო საპროტესტო მიზეზები განვითარებულ დემოკრატიებში, თუმცა ეს სხვა დროს იყოს.

ახლა კი უნდა ითქვას, რომ ხალხის ხმა არ ნიშნავს კრიზისს სახელმწიფოში. სიტუაციის ამგვარად შეფასება უფრო მეტად არის იმის მცდელობა, რომ ქუჩაში გამოსული მოქალაქეები გამოიყენონ კრიზისის თემის პოპულარიზაციისთვის.

ვფიქრობ, მოქალაქეებს ხელისუფლების კრიზისი არ სურთ!

საკუთარი უფლების რეალიზებისთვის ქუჩაში გამოსული მოქალაქისთვის პროტესტი არის არა თვითმიზანი, არამედ საშუალება შედეგის მისაღწევად და არა ფორმა ხიდების დასაწვავად და კონფრონტაციის გასაღრმავებლად ან კრიზისის გამოსაწვევად, ამიტომ, კრიზისზე ხალხის სახელით საუბარი შეცდომაა!

მეორე საკითხი, რის გამოც ზოგიერთი დღემდე კრიზისზე მიუთითებს, მთავრობაში მომხდარი ცვლილებებია. ამ საკითხს კრიზისზე სასაუბროდ ძირითადად ის ადამიანები იყენებენ, რომელთათვისაც გაუგებარია ის, რომ ერთი მმართველი პარტიის რიგებიდან შესაძლებელია ქვეყანას, სხვადასხვა დროს, რამდენიმე უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი ჰყავდეს. ასეთი კომენტატორებისთვის პოლიტიკური ენიგმა გახლავთ ის, რომ მემკვიდრეობითობა შესაძლებელი და დასაშვებია, რომ ადამიანებმა შეიძლება მაღალ თანამდებობრივ დონეზე ისე იმოღვაწეონ, რომ სკამს არ შეესისხლხორცონ და რომ მმართველ გუნდს შეიძლება აღმოჩანდეს პოტენციალი მართებული საკადრო განახლებებისთვის. ასე რომ, სამთავრობო ცვლილებებს და სახელისუფლებო კრიზისს შორის ტოლობის ნიშნის დასმა, ვფიქრობ, ძალიან არასერიოზულია.

დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისის არსებობაში ხალხის დარწმუნებისათვის დამაშვრალ ადამიანებს, წაკითხული აქვთ გლენ შნაიდერი, პოლ დიზინგი ან სხვათა ტექსტები, სადაც კრიზისს სულ სხვა თეორიული ახსნა აქვს იმასთან შედარებით, ვიდრე ვითარება გვაქვს ქვეყანაში.

არ არის კრიზისი, რადგან ხელისუფლებას აქვს მართვის სრული რესურსი, დგამს ნაბიჯებს, მათ შორის რთულს და ინტეგრირებულს ე.ი. ხელისუფლება უნარიანია მიიღოს გადაწყვეტილებები და რადგან ეს სახეზეა ე.ი. არ არის კრისიზიც!

სად ვართ ახლა?

ახლა ვიმყოფებით იმ ეტაპზე, სადაც საქართველოში დემოკრატიული სტანდარტები ასრულებს დროში მოგზაურობას და არაერთჯერადად და ვოიაჟურად, არამედ საბოლოოდ ირჩევს და იმკვიდრებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს ამ კონსტიტუციურ გარემოში.

ამას კი თავისი რაციონალური საფუძვლები აქვს დროში და სივრცეში და მათ შორის მოთხოვნილებების თვალსაზრისით. ასე იყო დასავლეთ ევროპაში და ასეა ჩვენთანაც.

ევროპაში რეპრესიული პოლიტიკის დისკრედიტაციის შემდეგ, ძირითადად ყველგან იწყებოდა გადასვლა დემოკრატიულ გარემოზე დემოკრატიული კომპრომისებით.

ასე იყო 70-იანი წლების სამხრეთ ევროპული გამოცდილებით, 1974 წელს საბერძნეთსა და პორტუგალიაში და 1976 წელს ესპანეთში. საბერძნეთში ეს ზღურბლი სამხედრო მილიტარისტული საშიშროების გადალახვა იყო, პორტუგალიაში კოლონიური ომი, ხოლო ესპანეთში ფრანკო.

ეს იმდენად ძლიერი რეზონანსის მქონე პროცესია, რომ, მაგალითად, სამხრეთ ევროპულმა გამოცდილებამ გავლენა იქონია ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაზე, კერძოდ, სომოზას ნიკარაგაუსა და ხუან ველასკოს პერუზე.

ჩვენს შემთხვევაში ასეთი იყო კაცთმოძულე რეჟიმის გადალახვა, რასაც ისტორიული, სამეცნიერო თუ ემპირიული ლოგიკის გათვალისიწინებით, უნდა მოყოლოდა ორი აუცილებელი ნაბიჯი - დემოკრატიული ტრანზიცია, რაც განხორციელდა ამომრჩევლის მეშვეობით (სწორედ ამიტომ ტრანზიცია ნამდვილად დემოკრატიული იყო) და დემოკრატიის კონსოლიდაცია. ამას კი სჭირდებოდა პრაქტიკული სავარჯიშოების გავლა და შესრულება - აი, ამ პრაქტიკულ სავარჯიშოებს გავდივართ ახლა. ამის გარეშე კი დემოკრატიული ტრანზიცია დაკარგავდა მნიშვნელობას.

შედეგად, ვართ იმ ეტაპზე, სადაც სიტყვისა და გამოხატვის ფორმების გამრავალფეროვნების მომსწრე ვართ, არ არის რეგლამენტირებული სოციალური ჯგუფები, არ არის შეზღუდული ლოზუნგების თემატიკა, მედია პლურალისტულია, დემოკრატია მუშაობს ინსტიტუტების მეშვეობით, ხელისუფლების კავშირი მოსახლეობასთან არსებობს.

ეს უდაოდ საერთო მიღწევებია, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური და სოციალური საკითხები მოსაგვარებელი არ არის ან დემოკრატიის მიმართულებით სამუშაო დასრულებულია, მაგრამ დემოკრატიული ტრანზიციიდან დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ, მთელი საზოგადოების მონაწილეობით, კვალის დამამჩნეველი ნაბიჯები ნამდვილად გადადგმულია.

ამ გზაზე მნიშვნელოვანია მივაღწიოთ პოლიტიკურად ტოლერანტულ გარემოს, სადაც მორალური კრედიტის მქონე პარტიების მონაწილეობით, შეჯიბრებითობის და კონკურენტულობის პირობებში, გაიმარჯვებს იდეები და ძალიან ძველმოდურად და რეგრესულად ჩაითვლება კრიზისის შესაქმნელად ან კრიზისის ხელოვნურად პროექცირებისთვის ჩატარებული პროვოკაციული სამუშაო.

ზაზა გაბუნია პარლამენტის წევრი

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს