გაზეთი "კვირის პალიტრა" - სხვადასხვა

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

რა განწყობილებით უნდა შეეგებოს ახალ წელს მართლმადიდებელი ქრისტიანი?
ახალი წლის დადგომისას კარგად დაფიქრდი გარდასული წლის შესახებ, ვაითუ ვერ ჰპოვო, თუნდ ერთი კეთილი საქმე, შენგნით აღსრულებული. ვინ იცის, ათასობით შემთხვევა გაგახსენდეს, როცა ბოროტებას იქმოდი. იქნებ ენა შენი გინებით გქონდა წაბილწული, ხმა - უხამსი სიმღერებით, თვალები იმით, რისი ცქერაც არ ეგების, ყურები - მაცდუნებელი საუბრებითა და მუსიკით, ხელები - ძარცვით და ჩხუბით, ფეხები - ლოთობისა და მუცელღმერთობის დუქნებში სიარულით, თავი - უკეთური ფიქრებით, გული - ცოდვიანი სურვილებით. იქნებ შენ მთლიანად მოცული და განმსჭვალული ხარ ბილწი აზრებით. იქნებ შენ მთელი წლის მანძილზე დღეები და ღამეები მხოლოდ ცოდვას ცოდვაზე ამატებდი, უკანონობას - უკანონობას და ისეთი სიმძიმე დააგროვე, რომ ჯოჯოხეთის ფსკერამდე გძირავს. ო, თუ ეს ასეა, გამოფხიზლდი, მოხედე უკან - ცოდვებში განვლილ შენს ცხოვრებას, გაიხედე წინ - მოახლოებული სიკვდილისკენ, ახედე მაღლა - მკაცრ მსაჯულს, იფიქრე ჯოჯოხეთის საშინელ უფსკრულზე და იმაზე, თუ რა გელოდება იქ და რა განგემზადება აქ! შენს თავზე უკვე აღმართულია რისხვის მახვილი უფლისა...
შეძრწუნდი! თუ გონი შეგრჩენია, დაუყოვნებლივ მიიქეც ქრისტე მაცხოვრისკენ სინანულითა და ლოცვით. მას შეუძლია გაგიცამტვეროს შენი ყველა ცოდვა, გასწავლოს სიკეთის კეთება, შეგიწყალოს და თავისი მადლითაც აღგავსოს. ოღონდ კი მტკიცედ გადაწყვიტე, ამ დროიდან უფლის შეწევნით შეცვალო შენი ცხოვრება, ცოდვას განერიდო და სიკეთეს ესწრაფვო!
კატეგორია - სხვადასხვა
სხვა კითხვები