გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი


როდის იკურთხება კოლიო, რასთან არის ეს დაკავშირებული?
კოლიოს კურთხევა დაკავშირებულია წმინდა მოწამე თეოდორე ტირონთან. «ტირონი» მხედარს ნიშნავს. წმინდა თეოდორე პონტის სამხედრო პოლკში მსახურობდა მე-4 საუკუნის დასაწყისში. ამ დროს გამოიცა იმპერატორის ბრძანება დაესაჯათ ყველა, ვინც კერპებს მსხვერპლს არ შესწირავდა. ახალგაზრდა ჯარისკაცმა კი ამის საპასუხოდ კერპების ტაძარი გადაწვა. თეოდორე დილეგში ჩააგდეს. ერთ ღამეს ციხის დარაჯებს ზეციური გალობა შემოესმათ და ფანჯრიდან დაინახეს თეოდორესთან ერთად ანგელოზები როგორ გალობდნენ. თუმცა თეოდორე მაინც რკინის სამთითებით დაჯიჯგნეს. კოცონში დაწვის წინ ძვლებგაშიშვლებულმა ჭაბუკმა ცეცხლში შეაბიჯა და უფალს სული შეავედრა. ერთმა ღვთისმოსავმა ქალმა მისი ცხედარი სუფთა ტილოში შეახვია და თავის ეზოში დაკრძალა. შემდეგ მისივე სახელობის ტაძარში გადააბრძანეს, თავი კი იტალიის ქალაქ გეატშია დაბრძანებული.
წმინდანის მიცვალებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ (361-363წ) იმპერატორმა ივლიანე განდგომილმა კონსტანტინოპოლის გამგებელს დაავალა დიდმარხვის ყოველ დღეს ბაზარში გასაყიდი სანოვაგისთვის კერპების სისხლი ესხურებინათ. ძილში მთავარეპისკოპოს ევდოქსის წმინდა თეოდორე გამოეცხადა და უბრძანა მართლმადიდებლები გაეფრთხილებინა, ბაზრის სანოვაგე არ ეყიდათ. მხოლოდ კოლიო - თაფლთან შეზავებული მოხარშული ხორბალი იხმიონო - ბრძანა თეოდორემ. ამ მოვლენის აღსანიშნავად დიდმარხვის პირველი შვიდეულის პარასკევს ეკლესია კოლიოს აკურთხებს, ხოლო შაბათს თეოდორე ტირონის ხსენებას დღესასწაულობს.
სხვა კითხვები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა