გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

უფალი გვასწავლის, რომ მტერი გვიყვარდეს. მე ეს ვერ შევძელი. როგორ უნდა შევიყვარო ადამიანი, რომელიც ყოველთვის სიძულვილით შემომცქერის?
რა თქმა უნდა, ამის მიღწევა ადვილი არ არის... გიყვარდეს შენი მტერი, ნიშნავს ადამიანური ბუნებიდან ამაღლდე და ღვთიურ ბუნებას დაუახლოვდე, ანუ დაემსგავსო უფალს - მას შეურაცხყოფდნენ, გვემდნენ და მაინც ყველა უყვარდა. შეიძლება გვკითხოთ - ის ხომ უფალი იყო და არა ჩემნაირი მოკვდავიო... მაგრამ ჩვენ ხომ სინამდვილეში ყველანი მსგავსნი ვართ უფლისა, - ამიტომ არც ჩვენ გაგვიჭირდება, რომ მოძულე ადამიანში ის ბოროტი სული დავინახოთ და შეგვძულდეს, რომელიც ჩვენ გვებრძვის და არა თვით ადამიანი. მტრების ურთიერთობა იმ ბნელ ოთახს ჰგავს, სადაც ორნი ერთმანეთს ვერ ხედავენ, მოვა მესამე - ასევე უხილავი, გაარტყამს ერთ-ერთს და ერთმანეთს გადაჰკიდებს. სულიერი სიმაღლე ეკლესიაში სიარულით, უფალთან მიახლოებით მიიღწევა. ხანგრძლივი ლოცვები დაგვაფიქრებს იმაზე, რომ ჩვენი მიზანი უფლის გვერდით ყოფნაა და ამას გამუდმებული სიძულვილით ვერ მივაღწევთ, ოდესმე მაინც დავისჯებით ამის გამო. ზოგადად კი, სიძულვილით პირველ რიგში, ჩვენვე ვზარალდებით. მუდმივი მტრობით სავსე გული ადამიანს ამძიმებს და წარმატებებში ხელს უშლის. ამიტომაც შეეცადეთ, მოერიდოთ სიძულვილს. მტერს სიკეთის მიგებებით უპასუხეთ. თუ მაინც ვერ შეძელით მასში სიყვარულის გაღვიძება, ილოცეთ მისთვის. ეს ლოცვა თქვენს სულს სიმსუბუქეს და მადლს მიანიჭებს.
სხვა კითხვები