გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

ყველიერის მარხვაში ქრისტიანს რამე განსაკუთრებული წესის დაცვა ხომ არ ევალება?
 ყველიერის კვირით (16-22 თებერვალი), მთავრდება სამზადისი დიდი მარხვისთვის. მთელი კვირის განმავლობაში (ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით) შეგიძლიათ იხმიოთ რძის ნაწარმი და კვერცხი. ამ კვირას ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს. გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს მორწმუნეებმა დილას და საღამოს უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმინდა ეფრემ ასურისა «უფალო და მეუფეო», რომელიც იკითხება მხოლოდ დიდ მარხვაში. კვირას, 22 თებერვალს მოსამზადებელი პერიოდი მთავრდება ე.წ. შენდობის, ანუ მიტევების კვირით. დილის წირვაზე ეკლესია მოიხსენიებს ადამის განდევნას სამოთხიდან, საღამოს კი სრულდება მწუხრის ლოცვა, რომლის დროსაც ყველა ფერადი შესამოსელი უნდა შეიცვალოს შავით. ლოცვის ბოლოს მრევლის წინ გამოდის უპირატესი მღვდელი და ყველასაგან ითხოვს შენდობას, ანუ პატიებას თავისი ნებსითი თუ უნებლიე შეცდომების გამო. ამის შემდეგ თითოეული მორწმუნე მიდის ჯერ მღვდელთან, შემდეგ ეკლესიის სხვა წევრებთან და თვითონაც პატიებას ითხოვს. ასეთი სინანულით უნდა იწყებდეს ყოველი ქრისტიანი მარხვას.
სხვა კითხვები