გაზეთი "კვირის პალიტრა" - ტაძარი, სულიერი დარიგებები

მართლმადიდებელ მამათა სწავლების მიხედვით, კითხვებს პასუხობს ისტორიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, დეკანოზი ლევან მათეშვილი

როგორ უნდა მოვიქცე, როცა მამცირებენ და ზოგჯერ ცილსაც მწამებენ სამსახურში?
პასუხად შეგახსენებთ ერთ ამბავს.
ერთ მონასტერში იყო ბერი, რომელიც სხვა ხუთ მოხუც ბერს უყვარდა, მაგრამ არ მოსწონდა ერთს და ყოველნაირად ცდილობდა შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის. ბერმა დაკარგა მოთმინება, დატოვა მონასტერი და წავიდა სხვა მონასტერში. იქ რვა კაცი ეპყრობოდა მეგობრულად, ორს კი ეჯავრებოდა. ბერმა ეს სავანეც დატოვა და სხვა მონასტერში გადავიდა. იქ შვიდი კაცი ეპყრობოდა კარგად, ხუთი კი უკმაყოფილოდ შეჰყურებდა. ბერმა ისევ გადაწყვიტა ადგილის შეცვლა. გზაზე ფიქრობდა, როგორ დაემკვიდრებინა სამყოფელი და ბოლოს მიხვდა: ეს იყო მოთმინება! ნათელი აზრით გახარებულმა აიღო გრაგნილი, ზედ დაწერა: «მოითმინე!» და შევიდა პირველივე მონასტერში, რომელიც შეხვდა. იქ ის ხშირად ითმენდა შეურაცხყოფას, ზოგჯერ ყველასაგან, მაგრამ უფლის წინაშე დადებული პირობის დარღვევა არა თუ უცდია, არც კი უფიქრია შეეცვალა მონასტერი. როდესაც ძალიან გაუჭირდებოდა, ამოიღებდა უბიდან გრაგნილს და კითხულობდა: «ვითმენ ღრმთის შვილის იესო ქრისტეს რწმენისათვის» და ამის შემდეგ მშვიდდებოდა.
ასე გაატარა სათნო ბერმა ცხოვრება სულიერ სიმშვიდეში.
სხვა კითხვები